fbpx

განათლება არ არის კარგი შემოსავლის საწინდარი


გააზიარე სტატია


 



ახალი კვლევა ცდილობს დაანგრიოს მითი იმის შესახებ, რომ განათლების ხარისხი ეკონომიკური კეთილდღეობის მისაღწევად გადამწყვეტი ფაქტორია.

ამერიკელ სკოლის მოწაფეებს ყველაზე ხშირად ასწავლიან ჰორაციო ალგერის მე-19 საუკუნის ისტორიას Ragged Dick-ის შესახებ.  ნიუიორკელმა ამბიციურმა ახალგაზრდა ბიჭმა იმდენი იმუშავა, რომ საბოლოოდ რესპექტაბელურ საშუალო ფენის ცხოვრებას  მიაღწია. წარმატების ეს ისტორია ნათლად ასახავს ამერიკის ერთ-ერთ უმთავრეს ნარატივს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ხარ, ან ვინ არიან შენი მშობლები, ან თუნდაც სად დაიბადე და გაიზარდე – საკმარისი განათლებითა და შრომით ისედაც ბევრს მიაღწევ.

მას შემდეგ არაერთი კვლევა  ჩატარდა, რომელიც დაუპირისპირდა ამ ხედვას და დაასკვნა, რომ წარმატებისთვის მნიშვნელობა აქვს უფრო საცხოვრებელ ადგილსა  და საზოგადოების სხვადასხვა ფენებზე დოვლათის თანაბარ გადანაწილებას.

ერთ-ერთი ასეთი კვლევა ეკონომისტთა ერთმა ჯგუფმა 2014 წელს გამოაქვეყნა. ჯგუფს ხელმძღვანელობდა ტაჯ ჩეთი, რომელიც ამჟამად ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორია.

მილიონობით ადამიანის ფედერალური საშემოსავლო გადასახადის ანალიზითა და, პირველად ისტორიაში, შვილებისა და მათი მშობლების შემოსავლებს შორის კავშირის შესწავლით დადგინდა, რომ: თუ ბავშვი ცხოვრობს დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახში, მისი შანსები ფინანსური თვალსაზრისით წინსვლაში გეოგრაფიულ მდებარეობაზეა დამოკიდებული.

მაგალითად, გაჭირვებაში გაზრდილ ბავშვს სან-ხოსეში ან სოლტ-ლეიკ-სიტიში წარმატების მიღწევის უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე ბავშვს ბალტიმორიდან ან შარლოტიდან. მკვლევარებმა ვერ ახსნეს ამის ზუსტი მიზეზი, თუმცა ისაუბრეს 5 მნიშვნელოვან ფაქტორზე: სეგრეგაცია, ოჯახის სტრუქტურა, შემოსავლის უთანასწორობა, ადგილობრივი სკოლის ხარისხი და სოციალური კაპიტალი.

სხვა კვლევა, რომელზეც ბერკლის უნივერსიტეტის ეკონომისტი ჯესი როთშტეინი მუშაობდა, ამ ფაქტორებიდან ერთ-ერთზე – სკოლების ხარისხზე ამახვილებს ყურადღებას. იდეა, რომ სკოლის ხარისხი იქნება მნიშვნელოვანი ელემენტი თაობებს შორის მობილობისთვის, ანუ ალბათობა იმისა, რომ  ბავშვები კარგი სკოლის წყალობით ერთ დღესაც მშობლებზე მეტს გამოიმუშავებენ, როგორც ჩანს, საკმაოდ ინტუიციურია: ლიდერები ხშირად აღნიშნავენ, რომ ეკონომიკურ კიბეზე ასვლის საუკეთესო გზა სკოლასა და უნივერსიტეტში სწავლაა, სადაც ადამიანები იღებენ იმ უნარ-ჩვევებს, რომლებიც საჭიროა კონკრეტულ სამყაროში წარმატების მისაღწევად. “21-ე  საუკუნეში საუკეთესო პროგრამა სიღარიბის წინააღმდეგ მსოფლიო დონის განათლებაა,” – განაცხადა ბარაკ ობამამ 2010 წელს.

მართლაც,  კვლევითი და პოლიტიკური ძალისხმევა სწორედ ამ იდეის გარშემო იყო მთლიანად მიმართული. ფართო ცნებებით რომ ვისაუბროთ, იდეა მდგომარეობს შემდგომში: რაც უფრო მეტი ბავშვი დაამთავრებს სკოლას და რაც უფრო მაღალ ქულებს მიიღებენ სტანდარტულ ტესტებში,  მით უფრო მეტ ახალგაზრდას ექნება შანსი ჩააბაროს უმაღლესში და შემდგომში იპოვოს სამსახური, რომელიც მას საშუალო ფენაში ადგილს დაუმკვიდრებს.

როთშტეინის ახალი ნაშრომი ამ ნარატივს ართულებს. არაერთ ეროვნულ გამოკითხვაზე დაყრდნობით, როთშტეინი ჩაუღრმავდა ჩეთის გუნდის ნაშრომს და განიხილა ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ ბავშვის განათლების ხარისხს დიდი გავლენა აქვს მის სოციალურ ფენაში დაწინაურებაზე.

როთშტეინმა ამის არცთუ ისე ბევრი მტკიცებულება მოიპოვა. სანაცვლოდ, მან დაადგინა ადგილობრივი შრომის ბაზრებისა და ქორწინების გავლენა ადამიანის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. აღმოჩნდა, რომ მარტოხელა მშობლების ოჯახების პრობლემები უფრო უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვზე, ვიდრე ცუდი განათლება. მისი თქმით, ისეთი  ფაქტორები, როგორიც არის მინიმალური ხელფასი, ძლიერი პროფკავშირების არსებობა და ადგილობრივ ინდუსტრიებში კარიერული განვითარების მკაფიოდ ჩამოყალიბებული შესაძლებლობები, მეტ გავლენას ახდენს გაჭირვებული ბავშვის პერსპექტივებზე მიაღწიოს ეკონომიკურ სტაბილურობას სრულწლოვან ასაკში.

როთშტეინისთვის არ არსებობს არანაირი გარანტია იმისა, რომ კარგი განათლება საკმარისი იქნება ადამიანების ეკონომიკური შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად.

მსგავსად ჩეთის ნაშრომისა, მისი ნაშრომიც არ არის მიზეზშედეგობრივი, რაც  იმას ნიშნავს, რომ როთშტეინი ვერ ახერხებს ზუსტად განსაზღვროს ძირითადი ვარიაციის მიზეზები მის ეკონომიკურ მოდელში. მიუხედავად ამისა, მისი ნამუშევარი მკვლევრებსა და პოლიტიკოსებს აწვდის დამატებით ფაქტებსა და ინფორმაციას შესწავლისთვის, და უგზავნის მათ სიგნალს, რომ შესაძლოა მოვიდა  არსებული იდეების გადახედვის დრო.

ხოსე ვილსონი, მათემატიკის მასწავლებელი ნიუ-იორკიდან, ამბობს, რომ განათლების სფეროში მომუშავე ადამიანებმა უკვე წლებია იციან, რომ სკოლის გარეთ არსებული ფაქტორები, მაგალითად,  საკვებსა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა, როგორც წესი, უფრო მეტ  გავლენას ახდენს ადამიანის წარმატებაზე, ვიდრე სკოლის შიგნით არსებული ფაქტორები.

Teaching for Change-ის აღმასრულებელი დირექტორი დებორა მენკარტი ეთანხმება როთშტეინის კვლევას და ამბობს, რომ ის ასახავს რეალობას, რომელიც მასწავლებლებისთვის ფრონტის წინა ხაზზე მრავალწლიანი ბრძოლის შედეგად უკვე დიდი ხანია ცნობილია. “ჩემი აზრით, ამით ჩვენ ვსვამთ სწორ აქცენტებს. ბავშვები განათლებას უნდა უყურებდნენ არა მხოლოდ როგორც სიღარიბისგან თავის დაღწევის გზას, არამედ როგორც საშუალებას მოახდინონ ცვლილება თავიანთ საზოგადოებაში.” მისივე თქმით, “პრობლემა ნაწილობრივ მდგომარეობს იმაში, რომ განათლებას ჩვენ ვუყურებთ, როგორც ინდივიდუალური ადამიანისთვის ცუდი ვითარებიდან თავის დაღწევის გზას, და არ შთავაგონებთ ახალგაზრდებს, რომ თავად გადაწყვიტონ ეს პრობლემები”.

როთშტეინი ამბობს, რომ მისი ახალი აღმოჩენები არ გულისხმობს, რომ ამერიკელებმა უნდა შეწყვიტონ ინვესტიციის განხორციელება სკოლების გასაუმჯობესებლად, ან თუნდაც, იფიქრონ, რომ განათლებას კავშირი არ აქვს შესაძლებლობების გაუმჯობესებასთან. “კარგი იქნება, თუ ჩვენ ვიპოვით ადამიანების უფრო მეტად და უკეთესად განათლების გზებს. ეს დაეხმარება ჩვენს შრომის ბაზარს, სამოქალაქო საზოგადოებასა და კულტურას”. თუმცა ამერიკელები უფრო ნათლად უნდა ხედავდნენ, თუ რატომ ახორციელებენ ინვესტიციას განათლებაში. მისი კვლევის თანახმად, მსგავსი ინვესტიციით შანსი, რომ მომავალი თაობა მათ მშობლებზე მეტის გამომუშავებას შეძლებს, ძალიან მცირეა, რადგან საგანმანათლებლო სისტემა არცთუ ისე უღმავდება იმ მნიშვნელოვან ფაქტორს, როგორიცაა განსხვავება მაღალ და დაბალშემოსავლიან რეგიონებს შორის.

პოლიტიკოსები არცთუ ხშირად ეთანხმებიან როთშტეინის დასკვნებს, თუმცა მისი კვლევა არ არის პირველი, რომელიც იუწყება, რომ უნარ-ჩვევების გაზრდა და საგანმანათლებლო მიღწევები ხშირად არასაკმარისია ეკონომიკური ტრაექტორიების ცვლილებისთვის.

რუზველტის ინსტიტუტის კვლევის ცენტრის დირექტორის, მარშალ სტეინბაუმის თქმით, ეკონომისტებს დიდი ხნის განმავლობაში სწამდათ, რომ სხვაობა ადამიანების უნარ-ჩვევებსა და განათლებას შორის (რასაც ისინი თავიანთ ენაზე “ადამიანურ კაპიტალს” უწოდებენ) გახლდათ ყველაზე მნიშვნელოვანი ახსნა იმისა, თუ რატომ აღწევდნენ ადამიანები ასეთ განსხვავებულ ეკონომიკურ შედეგებს. გავრცელებული იდეის საწინააღმდეგოდ, რომ დაბალშემოსავლიან ადამიანებს უბრალოდ არ გააჩნიათ სათანადო უნარ-ჩვევები, რათა იყვნენ წარმატებულნი დღევანდელ ეკონომიკურ წყობაში, სტეინბაუმი ამბობს, რომ:  “ყოველდღიურად უფრო რთული და მიუღებელი ხდება ყველაფრის ახსნა ადამიანების უნარებს შორის სხვაობით”.

თავისი თეორიის გასამყარებლად სტეინბაუმი ახსენებს “ფირმებს შორის უთანასწორობას,” ფენომენს, რომლის თანახმადაც, მსგავსი განათლების, წარსულის, ასაკისა და პროფესიის მქონე ადამიანები, დამსაქმებელი ფირმიდან გამომდინარე, საკმაოდ განსხვავებულ  თანხებს გამოიმუშავებენ.

ამავდროულად, სხვა კვლევების თანახმად,  ადგილობრივ შრომის ბაზრებზე არსებული სხვაობები გავლენას ახდენს ეკონომიკურ შედეგებსა და მობილობაზე. მაგალითად, 2015 წელს მემარცხენე “ამერიკის პროგრესის ცენტრმა” (Center for American Progress), ეკონომისტ რიჩარდ ფრიმანთან და იუნის ჰანთან ერთად, ჩეთის ნაშრომზე დაყრდნობით გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმადაც, პროფკავშირების წევრობა სიღარიბისგან თავის დაღწევისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა. მკვლევრები გასცდნენ ჩეთის რეგიონულ დონეზე გაკეთებულ ანალიზს და ერთმანეთს ინდივიდუალურად შეადარეს პროფკავშირების წევრი და არაწევრი ოჯახების შემოსავლები. მათ აღმოაჩინეს, რომ დაბალშემოსავლიანი ოჯახების ბავშვები, რომლის მშობლებიც პროფკავშირების წევრები იყვნენ, ზრდასრულობაში გამოიმუშავებდნენ მეტს, ვიდრე არაწევრი მშობლების შვილები. მათ დაასკვნეს: სამუშაო პირობებზე მოლაპარაკებების კოლექტიურად წარმოების საშუალება ხელს უწყობს ეკონომიკური მობილობის ზრდას.

როთშტეინის ნაშრომი ასევე ეხმაურება კანადაში ჩატარებულ კვლევებს, სადაც შედარებით მაღალია თაობათა შორის მობილობის მაჩვენებელი – გაცილებით მაღალი, ვიდრე აშშ-სა და ბრიტანეთში. გასულ წელს მაილს ქორაკმა, ეკონომისტმა ოტავას უნივერსიტეტიდან, აღმოაჩინა, რომ აშშ-ს მსგავსად, ადამიანის ეკონომიკურ წარმატებას მნიშვნელოვნად განაპირობებს იმ ქვეყნის  გეოგრაფიული მდებარეობა, სადაც ცხოვრობს.

ეკონომისტმა კვებეკის უნივერსიტეტიდან, მერი კონოლიმ, რომელიც ქორაკთან თანამშრომლობს, განაცხადა, რომ კანადაში გეოგრაფიული მობილობის შესწავლის შემდეგ, მათ როთშტეინის აღმოჩენის მსგავს მოდელს მიაკვლიეს. მისი თქმით, “აქ განათლების როლი არცთუ ისე მნიშვნელოვანია. შრომის ბაზრის სტრუქტურა კი ამ სქემაში ბევრად უფრო დიდი მამოძრავებელი ძალაა”.

რა თქმა უნდა, როთშტეინის კვლევა არ არის საბოლოო ვერდიქტი ამ საკითხთან დაკავშირებით. საბოლოოდ, ადამიანების უმეტესობა თანხმდება, რომ ლიდერებმა უნდა შექმნან „კარგი სკოლები“ და რომ შრომის შედეგად ადამიანებს უნდა შეეძლოთ თავიანთი შემოსავლის გაზრდა. თუმცა, როგორც კვლევები გვიჩვენებს, წარმატების მიღწევის აღნიშნული ხედვა დროულ განახლებას საჭიროებს.




ავტორი: რეიჩელ კოენი
წყარო: https://theatlantic.com


რეკომენდებული სტატიები
„მასწავლებლები, როგორც რეპეტიტორები“ - განათლების დინამიკა საქართველოში

„მასწავლებლები, როგორც რეპეტიტორები“ - განათლების დინამიკა საქართველოში

„მასწავლებლები, როგორც რეპეტიტორები“ - განათლების დინამიკა საქართველოში
ნუცა კობახიძის ნაშრომს Gail P. Kelly-ის საერთაშორისო ჯილდო მიენიჭა, როგორც წლის საუკეთესო დისერტაციას განათლების სფეროში
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.