„ჩებურაშკას“ ებრაული კონსპირაცია
საბჭოთა ანიმაციის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი, მიკი მაუსის საბჭოური ეკვივალენტი, უცნობი წარმოშობის “ჩებურაშკას” შესახებ შექმნილი სერიალია. მულტსერიალი ასახავს მისი შემქმნელი გუნდის პირად პრობლემებს, რომელიც თითქმის თავიდან ბოლომდე იდიშზე მოსაუბრე ებრაელებისგან შედგებოდა, და რომლებმაც თავიანთი ოჯახები მეორე მსოფლიო ომის დროს მომხდარი გენოციდისას დაკარგეს.
თუ მეცნიერულმა ლიტერატურამ უგულებელყო ჩებურაშკას ეთნიკური ებრაული ხასიათი და მისი სპეციფიკური ებრაული ბუნება, რეჟისორმა ელის კოგანმა და მხატვარმა ტანია ლევინამ ისინი ერთმანეთს დაუკავშირეს და სწორედ ეს პერსონაჟი გამოიყენეს პოსტსაბჭოთა ამერიკული სოციალური ორგანიზაციის „Cheburashka Project“-ისთვის.
ტიპური საბჭოთა ებრაელების თაობის ჩებურაშკათი განსახიერება პირველ რიგში მისთვის ზუსტი ადგილის მიჩენას გულისხმობს. „ნიანგი გენას“ მულტფილმის პირველი ეპიზოდი ძირითადად ჩებურაშკას სტატუსზე, როგორც „უცნობი წარმოშობის ქმნილებაზე“ საუბრობს – იმ მდგომარეობაზე, რომლის გამოც იგი (ჩებურაშკა) ვერ პოულობს ადგილს საბჭოთა ცხოვრებაში. ჩებურაშკა მემწვანილეს დახლამდე, იმპორტული ფორთოხლის ხის ყუთით ჩამოდის, რომელიც მეცნიერ მაიკლ ორენის მტკიცებით, “სიონიზმის აშკარა სიმბოლოა, რომელიც ებრაელთა შრომასა და მათ ფესვებს განასახიერებს”.
ჩებურაშკას შემქმნელი ლევ შვარცმანი მინსკის სიონისტური ახალგაზრდული კულტურის ცენტრში გაიზარდა. მიუხედავად იუდეველთა სახელმწიფოს მიმართ მტრული დამოკიდებულებისა, მან 1967 წლის ომის შემდეგ სახელი “ისრაელით” შეიცვალა. ვის, თუ არა მას უნდა სცოდნოდა ფორთოხალსა და ისრაელს შორის კულტურული კავშირის შესახებ. 1948 წელს, ქვეყნის ჩამოყალიბების შემდეგ, ფორთოხალი ისრაელის უმსხვილესი და კომერციული საექსპორტო პროდუქტი იყო, ხოლო საბჭოთა კავშირმა „ჯაფა“ – ფორთოხლის იმპორტირება 1952 წელს დაიწყო. ისრაელის ახლად შექმნილი ციტრუსის მარკეტინგული საბჭო ისრაელის მზარდ მეწარმეებთან პარტნიორობდა, რათა აგრესიულად წარმოეჩინა თავი საერთაშორისო ბაზრებზე და ფორთოხალი „ჯაფას“ ეტიკეტთან დაეკავშირებინა. მიზნის მიღწევას ისინი ცდილობდნენ რეკლამების, პოსტერების, საფოსტო ბარათების და თოჯინების მეშვეობით, რომლებზეც ფორთოხალი და „ჯაფას“ სავაჭრო ნიშანი იყო გამოსახული.
მულტფილმში ბოსტნეულის გამყიდველი გაოცებულია უცნობი წარმოშობის არსებით, რომელიც ნაწილობრივ რუსული დათვია და ნაწილობრივ იმპორტული ტროპიკული ხილი და იგი მიჰყავს ისეთ დაწესებულებაში, სადაც მას სავარაუდოდ ყველაზე შესაფერის ადგილს მოუძებნიან: ქალაქის ზოოპარკში. ბოსტნეულის გამყიდველი ზოოპარკის დაცვას ჩებურაშკას პასპორტის ნაცვლად ფორთოხლის ყუთის შეფუთვას აჩვენებს. უსახლკარო და ეთნიკურად ბუნდოვანი წარმომავლობის არსების ოფიციალურ სტატუსს – „ფორთოხალი“ მძლავრი ემოცია უნდა გამოეწვია იმ ადამიანებში, რომლებსაც პასპორტის ეროვნების გრაფაში საბჭოთა კავშირის მულტი-ნაციონალისტურ სქემაში უმიწო უმცირესობის გამომხატველი სიტყვა “ებრაელი” ეწერათ. დაცვის თანამშრომელი უსახლკარო ჩებურაშკასა და მის დოკუმენტაციასთან ერთად ბრუნდება და იუწყება, რომ ზოოლოგიის ექსპერტებმა მისი „ამოცნობა“ სამეცნიერო საფუძვლებზე დაყრდნობით ვერ შეძლეს. „არა, ასე არ გამოვა, – ამბობს ზოოპარკის დაცვა არნახულ ნარინჯისფერ პასპორტზე: „ეს მეცნიერებისთვის უცნობი ცხოველია. არ იციან სად შეიძლება მისი ჩასმა“.
ჩებურაშკას უსახლკარო, მოკვეთილი სტატუსი, ყველაზე ნათლად ნიანგ გენასთან ურთიერთობაში ჩანს, რომელიც იმავე ზოოპარკში მუშაობს, სადაც ჩებურაშკა ცოტა ხნის წინ არ მიიღეს. ნიანგი გენა პარკის მსგავს ვოლიერში შრომობს, რომელიც მოსკოვის ზოოპარკის მოდელზეა დაფუძნებული, როცა 1920-იან წლებში გალიები უფრო მიმზიდველმა, თვალწარმტაცმა „ცხოველთა კუნძულებმა“ ჩაანაცვლა. ნიანგი გენას ძალიან მარტივი სამუშაო ზოოპარკში გახდა ებრაელი რეჟისორის, რომან კაჩანოვის პროექტში ჩართვის მიზეზი: „წარმოგიდგენიათ? – კაჩანოვი ხშირად იმეორებდა სტუდიაში, – ნიანგი, რომელიც ზოოპარკში ნიანგად მუშაობს?!”
მულტსერიალის განმავლობაში აქცენტი კეთდება ამორფულ სოციალურ კოდებზე, რომლებიც ზღუდავენ ჩებურაშკას ისე იმუშაოს, როგორც “თავისი თავი”. ერთ-ერთ ეპიზოდში ჩებურაშკა გამოხატავს იმედს, რომ მას შემდეგ, რაც იგი ისწავლის რუსულს და დაამთავრებს სკოლას, შეძლებს თავის მეგობარ ნიანგთან ერთად ზოოპარკში მუშაობას. ნიანგი გენა თავს აქნევს და გააზრებულად პასუხობს: „არა, ჩებურაშკა, არავითარ შემთხვევაში. შენთვის ჩვენთან მუშაობა არ არის ნებადართული“. როდესაც უდანაშაულო ჩებურაშკა ითხოვს ახსნას, ნიანგი გენა მას პასუხობს: „როგორ თუ რატომ?! ისინი შენ შეგჭამენ.”
უწარმომავლო ჩებურაშკასგან განსხვავებით, ორმოცდაათი წლის ნიანგი რევოლუციის ადრეულ წლებში დაიბადა და „ამხანაგის“ წოდებასთან ერთად, რომელიც ადამიანებს მათ სამუშაო ადგილებზე ეძლევათ, იგი სახელის წინ „ნიანგის“ პატივსაცემ წოდებას ატარებს. ნიანგი გენა ძველი ბოლშევიკია, რომელიც სტალინის სტილში – პირში გარჭობილი ჩიბუხით დადის, თუმცა დღის ბოლოს, როდესაც ნიანგი ტოვებს ზოოპარკს, ის უფუნქციოდ ზის მარტო სახლში. თავისივე საზოგადოების მიერ დემორალიზებული ნიანგი გენა ფრთხილად ადგენს რეკლამებს მეგობრების საძიებლად და მათ მთელი ქალაქის გარშემო აკრავს.
ეს რეკლამა ნიანგი გენას ჩებურაშკასთან დაკავშირებას ემსახურება. განცხადებაზე გამოსახმაურებლად ქალაქში მორბენალი ჩებურაშკა სკოლის მოწაფე გალიას ხვდება, რომელმაც ასევე ნახა განცხადება და გენას ბინასთან მოვიდა. გალია გულწრფელად ეკითხება ჩებურაშკას: „ვინ ხარ?“ ჩებურაშკა თავისთვის დამახასიათებელ სტილში პასუხობს: „მე… არ ვიცი“. გალია გაოცებული კითხულობს: „შემთხვევით პატარა დათვი ხომ არ ხარ?“ გალიას იმედიანი შეკითხვა ჩებურაშკას რუსეთთან იდენტიფიცირებას ისახავს მიზნად, სულ ცოტა სიმბოლურ დონეზე მაინც, რადგან დათვი რუსეთისთვის ფართოდ გავრცელებული სიმბოლოა. შეხვედრა საკმაოდ დრამატულად ვითარდება, ჩებურაშკა იმედიანი თვალებით ახედავს გალიას, თუმცა შემდეგ ყურებს ჩამოყრის და ჩუმად იმეორებს: „შეიძლება… არ ვიცი“.
საზრიანი ნიანგი გენა ერთვება ჩებურაშკას წარმომავლობის დადგენაში – ცდილობს მოძებნოს ჩებურაშკა სქელტანიან ლექსიკონში და სიტყვებს ხმამაღლა კითხულობს: “ჩაი, ჩემოდანი, ჩებურეკი, ჩებოკსარი“. იქ, სადაც შესაძლოა გენას ჩებურაშკა ამოეკითხა, იგი მხოლოდ ადგილობრივ რუსულ საჭმელებს და ქალაქებს აწყდება, და თითქოს კონტექსტიდან ამოვარდნილ სიტყვა “ჩემოდანს”, რომელიც იმიგრაციის საკმაოდ მძიმე სიმბოლოა. რუსულ ლექსიკონში სიტყვა “ჩებურაშკას” არყოფნა და იქვე სიტყვა “ჩემოდანის” არსებობა საკმაოდ დიდი აზრის მატარებელია. კიდევ ერთხელ… გაურკვეველი წარმოშობის ჩებურაშკას ადგილი როგორც ზოოპარკში, ისევე რუსული ენის ლექსიკონშიც კი არაა. დამწუხრებული ჩებურაშკა ერთადერთ აზრიან დასკვნას აკეთებს: “ანუ, თქვენ ჩემი მეგობრები არ იქნებით“.
მოსკოვის ზოოპარკი ჩებურაშკას პირადობის კრიზისისთვის მზა ისტორიულ, სოციო-პოლიტიკურ ასოციაციებს სთავაზობს. უფრო მეტიც, ვიდრე ბავშვთა გართობის ადგილად იქცეოდა, მოსკოვის ზოოპარკი იყო სამეცნიერო ორგანიზაცია, რომელიც ეძღვნებოდა სოციალისტური საზოგადოების ძირითადი პრინციპების გამოვლინებას. 1933 წელს ზოოპარკის ახალგაზრდა ბიოლოგის, ვერა ჩაპლინას ხელმძღვანელობით გაიხსნა გამოფენა, რომელიც მიზნად ისახავდა ეჩვენებინა, რომ აგრესიის ინსტინქტური ნიმუშები მკაცრი ტრენინგის საშუალებით შეიძლება გამოსწორდეს.
1936 წელს ჩაპლინა კვლავ აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში, როდესაც დედისგან მიტოვებული ლომის ბოკვერი ზოოპარკიდან კომუნალურ ბინაში წაიყვანა და ძაღლთან ერთად ზრდიდა. ცნობილ მემუარებში ჩაპლინა ხაზს უსვამს ლომის და ძაღლის ახლო ურთიერთობას და ლომის კარგ დამოკიდებულებას კომუნაში მცხოვრები ხალხის მიმართ, განსაკუთრებით პატარა სკოლის მოსწავლე გალიას მიმართ, რომელიც მედგრად იდგა მხეცის გვერდში, როდესაც მისმა ბებიამ მიტოვებული ლომის გამოსასახლებლად სამეზობლოში კამპანია წამოიწყო.
ამ ვითარებაში, ჩებურაშკას მოსკოვის ისტორიული ზოოპარკის მხრიდან უარყოფა, სადაც ცხოველებს კოლექტიური სოციალიზაციის უპირატესობის დემონსტრირებასთვის ერთად, მშვიდობიანად ცხოვრებისთვის წვრთნიდნენ, კაჩანოვმა და შვარცმანმა ამ სიტუაციის გაქილიკებისთვის ერთგვარ ცინიკურ ხუმრობად გამოიგონეს. ჩებურაშკას ოფიციალური უარყოფა ზოოპარკიდან გვეუბნება, რომ მიუხედავად გენეტიკური მრავალფეროვნების საკითხში სოციალისტების ვითომდა გახსნილობისა, ზოგიერთ „ტროპიკულ“ პერსონაჟს უბრალოდ არ ეძლეოდა ბარიერის გადალახვის საშუალება.
ჩებურაშკას სერიებმა ახალი სიცოცხლე შთაბერეს ჯიშების აღრევის ექსპერიმენტს და მოსკოვის ზოოპარკს მთლიანობაში, კერძოდ კი ჩაპლინას საყვარელ ისტორიას მიტოვებული ლომის ბოკვერის, ერთგული ძაღლისა და გალიას შესახებ. ჩაპლინამ მწერლობას მიჰყო ხელი და თავისი ცხოვრებისეული იგავები იგივე სტუდიაში მიიტანა, სადაც ჩებურაშკას ისტორია დაიბადა, რაც იმის ეჭვს ბადებს, რომ პროექტზე მომუშავე გუნდმა პერსონალურად იცოდა ჩაპლინას ცნობილი ექსპერიმენტის შესახებ „ხალხთა მეგობრობის“ სახელით. ჩებურაშკას პირველ ეპიზოდში ნაჩვენებია სკოლის მოწაფე გალია, ლომი და ძაღლი, რომლებიც ნიანგი გენას სახლში აღმოჩნდებიან და მიუხედავად მათ შორის სხვაობისა, მალევე პოულობენ საერთო ენას.
ჩებურაშკას კომპლექსური პერსონაჟის გარდა, ყველაზე ებრაული პერსონაჟი გრძელთმიანი ინტელექტუალი ლომი – ლევ ჩანდერია. ძალიან მარტივია დაინახო მსგავსება ლომის პერსონაჟსა და შალომ ალეიხემის ცნობილ საბჭოურ სურათებს შორის. მსგავსებას ნახავთ როგორც სახის გამომეტყველებაში, ისევე უკან გადაწკეპილ თმასა და ფორმალურად ჩაცმის სიყვარულში. კაჩანოვმა და შვარცმანმა კარგად იცოდნენ იდიში და ლომს „ლეიბ ჩანდერი“ დაარქვეს. არასლავური ჟღერადობის სახელი, რომელიც თარგმანში „ლომის სირცხვილს“ ან „დიდ სირცხვილს“ ნიშნავს. ლომის ებრაული ხასიათი კიდევ უფრო იკვეთება, როდესაც ლეიბ შანდარი თავს ხრის და ნელი და მელანქოლიური ვიოლინოს მელოდიის თანხლებით შემოდის. მუსიკა ებრაელ კომპოზიტორს, ვლადიმერ შინსკის ეკუთვნის – სცენა ბარიტონით და მისი ნოსტალგიური აკომპანემენტით სრულდება.
ტობიკი (რაც ნიშნავს კარგს) და ლეიბ შანდარი (დიდი სირცხვილი) კადრს რომანტიკულად ჩამობინდული შუქის ფონზე ერთად ტოვებენ და ამ დროს ნიანგი გენა მძიმე, ფილოსოფოსის ხმით ამბობს: „იცოდი ტობიკის და ლეიბის მსგავსი რამდენი მარტოსული ადამიანი ცხოვრობს ჩვენს ქალაქში და მათ არავინ თანაუგრძნობს, როდესაც ისინი მოწყენილები არიან?“
ნიანგი გენას სიტყვაში ნახსენები ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებსაც სხვების თანაგრძნობა არ შეუძლიათ, ჩებურაშკა და გალია ფიცს დებენ, მარტოსული ადამიანებისთვის ააშენონ სათემო ცენტრი, რომელსაც „მეგობრების სახლს“ უწოდებენ. მცირე პრობლემების მიუხედავად, ახლად შექმნილი მეგობრების ჯგუფი მაინც ახერხებს ცენტრის აშენებას. კიდევ ერთი მწარე, ისტორიიდან გამომდინარე ეპიზოდი სათემო ცენტრის გახსნას უკავშირდება, როდესაც ნიანგი გენა საუბრობს თავის განზრახვაზე – გააკეთოს ყველა იმ ადამიანის „სია“, ვინც მეგობრების სახლში მივიდა. გენას სურვილი პირდაპირ უკავშირდება „სიებს“, რომლებსაც კაგებეს აგენტები ებრაელების შეკრების ადგილებში გამუდმებით ადგენდნენ.
შენობის გახსხნაზე მისული ჟირაფი ნეგატიურად ეხმიანება გენას იდეას, „რაში გვჭირდება ამ სიების შედგენა?“ – კითხულობს ის. საბოლოოდ, ლენტის გაჭრის ცერემონიაზე ჩებურაშკა გამოდის მოკლე სიტყვით, რაც შემდგომში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საბჭოთა იდიომად იქცა: „ჩვენ ვაშენეთ, ვაშენეთ და ავაშენეთ. ვაშა!“
თუ მულტფილმის ეს „ებრაული ინტერპრეტაცია“ ცოტა თითიდან გამოწოვილი გგონიათ, მაშინ გეტყვით, რომ სტუდიის შიდა რედაქტორების ინიციატივით მოუწვევიათ სამხატვრო საბჭო, რათა დაუყოვნებლივ განეხილათ ფილმში წამოჭრილი უცნაური სოციალური ქვეტექსტები. საბჭოს წევრებს არ მოსწონდათ, რომ ნიანგი გენა და გაურკვეველი წარმომავლობის მხეცი ნაციონალური კუთვნილების საკითხზე საუბრობდნენ. სამხატვრო საბჭოს და კინემატოგრაფიის კომიტეტის წევრები ეჭვქვეშ აყენებდნენ პერსონა ნონ გრატა ჩებურაშკას პიონერულ აქტივობას, განსაკუთრებით კი მის ინდივიდუალურ მეთოდებს თემის ცენტრის მშენებლობისას, რომელიც ამავდროულად ოფიციალური ბრძანების ან დოკუმენტაციის გარეშე აშენდა. „გოსკინოს“ ერთ-ერთი რედაქტორი აგდებულად მოიხსენიებდა ნიანგ გენას, ხოლო მის მეგობრებს – „სახლის მეგობრებად“. ვეტერანი ანიმატორი ივანოვ-ვანო სკეპტიკურად უყურებდა ლომის პერსონაჟის მძიმე სერიოზულობას და ამბობდა, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ იგი ახალგაზრდა აუდიტორიასთან კავშირის დასამყარებლად უფრო ღია ფერის ტანსაცმელს ატარებდა. მან აგრეთვე ეჭვქვეშ დააყენა ის „ფუფუნება“, რომელშიც ნიანგი გენა ცხოვრობდა და საბოლოოდ მთავარი შეკითხვაც დასვა: „საერთოდ რატომაა ეს „მეგობრობის სახლი?“
ივანოვ-ვანო ზუსტად ჩასწვდა ფილმში არსებულ ებრაულ ქვეტექსტს. ბოლოს და ბოლოს, ჩებურაშკა ხვდება თავის მეგობრებს და გენას სახლში ხელნაწერი რეკლამების დახმარებით პატარა საზოგადოებას აყალიბებს. ინფორმაციის ზეპირად გავრცელება, საიდუმლო შეხვედრები ანარეკლია იმისა, თუ როგორ ცდილობდნენ ებრაელები ორგანიზებას და თავიანთი თემების ჩამოყალიბებას 1960-იანი წლების ბოლოს და 70-იან და 80-იან წლებში.
მიუხედავად სამხატვრო საბჭოს შეშფოთებისა, სერიალი ეკრანებზე უცვლელად გავიდა. ებრაულმა კრეატიულმა ჯგუფმა გააორმაგა სემიოტიკური სისტემები იმისთვის, რომ თავიანთი ეთნიკური წარმომავლობის მარიონეტებზე გადატანა და მათთვის მნიშვნელოვანი თემების საბჭოთა კულტურის ენაზე გამოხატვა შესაძლებელი გამხდარიყო. ჩებურაშკას გაორებული ბუნება (ტროპიკული ფორთოხლის და მურა დათვის) და მისი სახიფათო წამოწყებები მეგობრებთან ერთად კარგად ასახავდა მისივე შემქმნელების ცხოვრების მნიშვნელოვან ასპექტებს.
რეპრესიული პოლიტიკის გამო ებრაელებისთვის არცთუ პროდუქტიულ პერიოდში საბჭოთა ებრაელმა ანიმატორებმა მოახერხეს ებრაული კინემატოგრაფის ისტორიაში ყველაზე ექსპრესიული ფილმების შექმნა.
ავტორი: მაია ბალაკირსკი კატც
წყარო: https://thelehrhaus.com