fbpx

ვირუსი


გააზიარე სტატია

ფოტო: geomigrant.com

ავტორი: გაგა ნახუცრიშვილი

სოხუმს ბომბავდნენ, ცეცხლში გახვეულიყო და შველას ელოდა. შველას ელოდა ზღვისპირა ქალაქი, მხიარული ქალაქი, ლაღი ადამიანების ქალაქი.

რა თქმა უნდა, რუსეთმა ისევ დაარღვია შეთანხმება. და როდის იყო, რომ არ არღვევდა?! თუმცა ისევ ხავსს მოვეჭიდეთ. ხავს ეჭიდები, როცა სხვა გზა არ ჩანს. იცი, რომ ჩაიძირები, ვერ გადარჩები, მაგრამ მაინც ეჭიდები.

ქვეყანაში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. სოხუმამდე ჩაღწევა შეუძლებელი იყო. ამ სამოქალაქო დაპირისპირების, სიძულვილის შედეგი იყო ეს „აფხაზეთის ომიც“. ხო, ამით ისარგებლა რუსეთმაც, უფრო სწორედ უკვე მერამდენედ შევუწყვეთ ხელი რომ ესარგებლა. მტკივნეულია როცა შენი ქალაქი იწვის და ვერ ეხმარები. როგორც ეგზიუპერი წერდა, სამოქალაქო ომი ავადმყოფობაა, ვირუსია, რომელიც ძალიან ძნელად იკურნება. და ეს ვირუსი შეგვეყარა. მგონი, ბოლომდე დღესაც ვერ განვიკურნეთ. წარამარა იჩენს ხოლმე თავს.

თითქოს, თბილისში ცხოვრება ჩვეულებრივად გრძელდებოდა. კი, გვტკიოდა, ვღელავდით, ვგლოვობდით, მაგრამ ქალაქს მაინც არაფერი ეტყობოდა. ასეთია სამოქალაქო ომი.

25 წელი გავიდა. მესიზმრება ხოლმე სოხუმი, გაგრა… სულ უცნაურად. თან ახლობელია და თან უცხო. თან ისევ ჩემია და თან აღარც არის. ასე დავდივარ ჩემი ბავშვობის, ახალგაზრდობის ქუჩებში, მაგრამ ნაცნობი აღარავინ მხვდება, საერთოდ აღარავინ. ყველაფერი ცარიელია და უდაბური.  ქუჩის ძაღლებიც კი აღარ სჩანან და იძულებული ვარ, გავიღვიძო.

25 წლის წინ სოხუმი დაეცა. და მეც ვარ პასუხისმგებელი. ამ პასუხისმგებლობას ვერაფრით მოვიხსნი, სანამ არ დავბრუნდები. მაგრამ ჯერ ადამიანებმა უნდა დავიბრუნოთ ერთმანეთი, სამოქალაქო ომის ვირუსიც საბოლოოდ  დავამარცხოთ. მხოლოდ მაშინ ისევ გაივსება ქუჩები ადამიანებით. მომღიმარი, კეთილი, ლაღი ადამიანებით. მხოლოდ მაშინ გათენდება და გავიღვიძებთ.


რეკომენდებული სტატიები
„გატეხილი ზღვა“ - ფოტოპროექტი სოხუმისა და თბილისის კვეთაზე

„გატეხილი ზღვა“ - ფოტოპროექტი სოხუმისა და თბილისის კვეთაზე

„გატეხილი ზღვა“ - ფოტოპროექტი სოხუმისა და თბილისის კვეთაზე
ნატა სოფრომაძემ და ირინა სადჩიკოვამ სოხუმსა და თბილისში გადაღებული ფოტოების ორმაგი ექსპოზიციით უნიკალური ერთობლივი ფოტოპროექტი შექმნეს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.