fbpx

UNESCO და ქართული ძეგლები: 22 წელი სიახლეების გარეშე


გააზიარე სტატია


ავტორი: გიორგი კაკაბაძე

 

1992 წლის 7 ოქტომბერს საქართველო UNESCO-ს სრულუფლებიანი წევრი გახდა. 1994 წელს მცხეთის ისტორიული ძეგლები,  აგრეთვე გელათის მონასტერი და ბაგრატის ტაძარი “იუნესკოს” მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში მოხვდნენ. ორი წლის შემდეგ იგივე სტატუსი მიიღო ზემო სვანეთმა.

 

ფოტო: უშგული – ჩაჟაში / mapio.net


მას შემდეგ  მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხას საქართველოდან  ერთი ძეგლიც კი არ დამატებია. უფრო მეტიც, ბაგრატის ტაძარი რეკონსტრუქციის შემდეგ, 2017 წელს “იუნესკომ” მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიიდან ამოიღო (გელათის მონასტერი „იუნესკომ“ ნუსხაში დატოვა „საზღვრების მნიშვნელოვანი შემცირების“  შემდეგ, გელათის მონასტერი ხელახლა წარადგინეს და მან მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი შეინარჩუნა).

 

ფოტო: გელათი / Famous Wonders

 

ფოტო: გელათი / Lonely Planet

“იუნესკოს” წევრობის კანდიდატ ე.წ. საცდელ სიაში საქართველოდან 15 ისტორიული და ბუნებრივი ძეგლია: ალავერდი, ანანურის ციხე, კოლხეთის ეკოსისტემა, დავითგარეჯა, დმანისი, გრემი, კვეტერა, თუშეთის დაცული ტერიტორია, ნიკორწმინდა, სამთავისი, შატილი, ძველი თბილისი, უფლისციხე, ვანი, ვარძია- ხერთვისის ციხე. სწორედ ამ სიიდან უნდა მოხდეს შემდეგ ნომინაციების წარდგენა ძეგლის  მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში მოსახვედრად. ბოლოს ნომინაციისას საქართველომ  1999 წელს ძველი თბილისის და ვარძია-ხერთვისის ისტორიული არეალი წარადგინა. მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრმა აღიარა ორივე ძეგლის გამორჩეული უნივერსალური ღირებულება, მაგრამ სტატუსის მიცემაზე უარი განაცხადა და მოითხოვა ხარვეზების აღმოფხვრა ამ ძეგლების მართვის სისტემაში.

ფოტო: მცხეთის ჯვარი / ვიკიპედია

 

ფოტო: სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარი / პინტერესტი

ICOMOS საქართველოს გენერალური მდივნის, ნატო ცინცაბაძის განმარტებით, „ზოგადად ორივე ძეგლის შემთხვევაში რეკომენდაცია მოითხოვდა გამართული მართვის სისტემის შექმნას, კანონქვემდებარე გარემოს გაუმჯობესებას და კონსერვაციული პრინციპების (მეთოდოლოგიური რეგლამენტები) განვითარებას. პროცედურულად ასეთ სიტუაციას ჰქვია გადავადება. ქვეყანამ 1 წლის განმავლობაში უნდა აღმოფხვრას ხარვეზი და თუ ამ პერიოდში ვერ მოახერხა, მაშინ ძეგლი ბრუნდება წინასწარ ნუსხაში. როცა ხარვეზი გამოსწორდება, უკვე ახალი ნომინაცია უნდა მომზადდეს.

 

ფოტო: სვეტიცხოველის ტაძრის ინტერიერი / ფრანს სელიესი


მას შემდეგ თითქმის 20 წელი გავიდა და ვითარება არ შეცვლილა. საქართველოს ვერც ერთმა მთავრობამ ვერ მოახერხა “იუნესკოს” მიერ მითითებული კრიტერიუმების შესრულება, ამიტომ კულტურული მემკვიდრეობის სიაში საქართველოდან ახალი ობიექტების დამატება კვლავ პრობლემატურია.

 

ფოტო: თბილისის მე-19 საუკუნის გრავიურა / The Architechtural Review

 

ICOMOS-ის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ეს არა მხოლოდ ამ ორი ძეგლის (ძველი თბილისი და ვარძია-ხერთვისი), არამედ ზოგადად მთელი კულტურული მემკვიდრეობის დარგის პრობლემაა: „თბილისის ისტორიულ ნაწილთან დაკავშირებით სიტუაცია არ არის შეცვლილი. მოთხოვნები იგივე იქნება: შეიქმნას შესაბამისი (იგულისხმება ისტორიული ქალაქებისთვის შესაფერისი და მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის მოთხოვნების შესაბამისი) მართვის სისტემა, დაიხვეწოს საკანონმდებლო გარემო, დაწესდეს კონტროლი განვითარების პროცესებზე და შეიქმნას რეაბილიტაცია/რესტავრაციის სახელმძღვანელო პრინციპები.“

 

ფოტო: ძველი თბილისი / mysiesta.ru


მიუხედავად  პრობლემებისა, ე.წ. საცდელი სიიდან რამდენიმე ობიექტს მაინც აქვს შედარებით უკეთესი შანსი, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში  მოხვდეს.

ნატო ცინცაბაძე: „შექმნილ ვითარებაში მხოლოდ თეორიულ შანსზე შეიძლება ლაპარაკი, თუმცა მთელი რიგი კომპონენტების გათვალისწინებით (როგორიცაა კონსერვაციული მდგომარეობა, მართვის გეგმები, რეგლამენტები და რაც მთავარია, გამორჩეული უნივერსალური ღირებულება – ე.წ. OUV) შეიძლება დასახელდეს თუშეთის დაცული ტერიტორია და დმანისი.“

“იუნესკოს” მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 167 სახელმწიფოდან  1092 ძეგლია შესული. მათგან – 845 კულტურული, 209 ბუნებრივი და 38 შერეული. სიაში ყველაზე მეტი ობიექტი იტალიიდანაა (54), შემდეგ მოდიან ჩინეთი (53), ესპანეთი (47), გერმანია (44), საფრანგეთი (44), ინდოეთი (37), მექსიკა (35) და დიდი ბრიტანეთი (31). იმ ევროპულ სახელმწიფოებს შორის, რომლებიც ფართობით დაახლოებით საქართველოს ზომის არიან, ჩეხეთს 12 ძეგლი აქვს, ხორვატიას 10, სერბეთს 5,  ლიეტუვას 4, ლატვიასა და ირლანდიას მხოლოდ 2-2.

კრიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ ნუსხაში ევროპიდან გაცილებით მეტი ძეგლია წარმოდგენილი, ვიდრე სხვა კონტინენტებიდან და რომ სხვა რეგიონებს შედარებით ნაკლები ყურადღება ეთმობა. ასევე  აღნიშნავენ, რომ ამა თუ იმ ძეგლის UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანა ხშირად ზედმეტად პოლიტიზირებულია და ჩრდილავს მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის იდეალებს.

ნატო ცინცაბაძის შეფასებით, „ქვეყნის UNESCO პრესტიჟისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ, როგორც წესი, მთავრობებს პოლიტიკურ დღის წესრიგში შეაქვთ ეს თემა. ხშირად ეს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის ტურისტულ პოტენციალთან კავშირის გამო ხდება. რაც მეტი ძეგლი აქვს ქვეყანას სიაში, მით უფრო იზრდება მისი ტურისტული პოტენციალი და შესაბამისად იზრდება  საერთაშორისო ინვესტიციები და ეკონომიკაც. ერისთვის კი ეს თავდაჯერებულობისა და სიამაყის მნიშვნელოვანი ფაქტორია. “იუნესკო” საერთაშორისო პოპულარიზაციას უწევს ძეგლებს, უზრუნველყოფს მათთვის ტექნიკურ (საექსპერტო) დახმარებას და აფინანსებს სტრატეგიული დოკუმენტების დამუშავებას, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა საქართველოს შემთხვევაში. თუ საჭიროა,  კონკრეტული საფრთხის წინაშე მყოფი ძეგლისთვის აწარმოებს საერთაშორისო კამპანიას და ფონდების მოძიებას.“

 

ფოტო: ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარი, სომხეთი / ვიკიპედია

 

მთლიანობაში სამხრეთ კავკასიის რეგიონი “იუნესკოს” მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შედარებით ნაკლები რაოდენობის ძეგლებითაა წარმოდგენილი.  

 

ფოტო: შირვანშაჰის სასახლე ბაქოში, აზერბაიჯანი / Dook International


საქართველოდან შესულ სამ ძეგლს (მცხეთა, გელათი, ზემო სვანეთი) ემატება კიდევ სამი სომხეთიდან და ორი აზერბაიჯანიდან. თბილისისგან განსხვავებით ბაქომ მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის მიღება შეძლო. ბაქოს ისტორიული ნაწილი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 2000 წელს შეიტანეს.


რეკომენდებული სტატიები
საბჭოთა სიმბოლიკის ონლაინ კოლექციები

საბჭოთა სიმბოლიკის ონლაინ კოლექციები

საბჭოთა სიმბოლიკის ონლაინ კოლექციები
ინტერნეტში მრავლად მოიძებნება ისეთი ბლოგები, რომლებიც საბჭოური ვიზუალების გამოყენებით გვიამბობს წარსულის ამბებს. ჩვენ ავარჩიეთ 10 ასეთი რესურსი Tumblr-ის პლატფორმიდან.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.