fbpx

ვენაში საქართველოს არქიტექტურული გამოფენა გაიხსნა


გააზიარე სტატია

 

10 ოქტომბერს, ვენაში, რინგტურმის საგამოფენო სივრცეში, “ჯიპიაი ჰოლდინგისა” და “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” ორგანიზებით, საქართველოს არქიტექტურული გამოფენა – “საქართველო – კავკასიასა და შავ ზღვას შორის” გაიხსნა. გამოფენის მიზანი ფართო საზოგადოებისთვის საქართველოს მრავალფეროვანი არქიტექტურის გაცნობაა და მასში საქართველოს 5 ქალაქში არსებული მნიშვნელოვანი და გამორჩეული არქიტექტურული ნაგებობების ფოტოები არის გამოფენილი.

„ვენის სადაზღვევო ჯგუფი“, რომლის წევრიც „ჯიპიაი ჰოლდინგი“ 2006 წლიდანაა,  პარტნიორი ქვეყნების მხარდასაჭერად კულტურულ და სოციალურ პროექტებს აქტიურად ახორციელებს, საქართველოს არქიტექტურული მემკვიდრეობის გამოფენაც ერთ-ერთი მათგანია.

ქვეყნის არქიტექტურული გამოფენა მეორე ექსპოზიციაა, რომელსაც აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ლიდერი სადაზღვევო ჯგუფი საქართველოს შესახებ მართავს.  2016 წელს რინგტურმის საგამოფენო დარბაზმა თბილისის არქიტექტურის გამოფენას უმასპინძლა. წელს კი ჯგუფის ინიციატივით გამოფენის კურატორები დედაქალაქის ფარგლებს გასცდნენ და სხვადასხვა ქალაქები მოიარეს.

 

 

 

გამოფენისთვის საბოლოოდ თბილისში, გორში, ქუთაისში, წყალტუბოსა და ბათუმში არსებული მე-20 საუკუნის არქიტექტურის გამორჩეული შენობები შეირჩა.  დამთვალიერებელს საშუალება ექნება ნახოს საბჭოთა კავშირის პერიოდში აშენებული არქიტექტურულად ღირებული ნაგებობები, რომლებიც სიდიდით, დიზაინითა და გამოყენებული მასალებით დამოუკიდებლად განვითარების თავ-თავიანთ ისტორიას ჰყვებიან. გამოფენაზე წარმოდგენილია აგრეთვე  უახლესი წარსულის, თანამედროვე არქიტექტურის შენობები და მიმდინარე პროექტები.

 

 

საქართველო  – კავკასიასა და შავ ზღვას შორის“ – ექსპოზიციის დათვალიერება ნებისმიერ მსურველს ვენაში  30 ნოემბრამდე შეეძლება.

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.