fbpx

დაფა, რომელიც მარინა აბრამოვიჩს თავში მოხვდა


გააზიარე სტატია

 

ავტორი: სალომე დადუნაშვილი

აი, წარმოიდგინეთ, არტისტი ხართ, დიდი, აღიარებული არტისტი და ფლორენციაში გამოფენა გაქვთ. აბა სად გექნებათ გამოფენა, თუ არა ფლორენციაში, თუკი აღიარებული არტისტი ხართ, რა თქმა უნდა. ჰოდა ხართ, ხართ არტისტი, ხართ ფლორენციაში და საკუთარი გამოფენის გახსნაზე მიდიხართ.

გარშემო თაყვანისმცემლები თქვენ სახელს ჩურჩულებენ, ფოტოგრაფები და ოპერატორები წინ გისწრებენ, რომ თქვენი ყოველი გამოხედვა აღბეჭდონ და  შესანიშნავად გრძნობთ თავს, როგორც არტისტი, როგორც ცნობილი და როგორც ფლორენციაში მყოფი.

ჰოდა აი უცებ, გიახლოვდებათ აღელვებული თაყვანისმცემელი (აბა სხვა ვინ უნდა იყოს?), ხელში დიდ ხის დაფაზე დამაგრებული ნახატი უჭირავს. ნამდვილად თქვენთვის მორთმევას აპირებს (ღმერთო, სად უნდა შეჩურთოთ ეს ნაგავი), რა საყვარელია, ალბათ რამდენი იშრომა, ინერვიულა, როცა ემზადებოდა.

თქვენც კეთილად უღიმით და უკვე მზად ხართ ჩუმი მადლობა ჩაიჩურჩულოთ, რომ ეს თქვენი მხატვარი-თაყვანისმცემელი ამ თავის ხის დაფას პირდაპირ თავში, დამიზნებით გთხლეშთ, გითავაზებთ, ჩაგარტყამთ.

 

 

აი როგორც გნებავთ, მაგრამ მტკივნეული კია. ჰოდა ახლა, უკვე ტკივილისგან გაბრუებულს, ბარბაცით რომ ცდილობთ დატოვოთ ბრძოლის ველი, თვალწინ მთელი თქვენი არტისტული კარიერა გაგიელვებთ და ფიქრობთ – რა იყო ეს?

ეს იყო არტი, ხელოვნება!!! – ამტკიცებს თავდამსხმელი. მე მხოლოდ ხელოვნებას ვემსახურებოდი, როცა სხვა არტისტს თავში ნახატი ვუთავაზეო.

აი  რა აბსურდია ახლა ეს, ფიქრობს მკითხველი, რას აღარ მოიფიქრებენ ეს ჟურნალისტები.

როგორ გეკადრებათ? სად შეგვიძლია ამდენი? ვინ მოგვცა ჩვენ, ჟურნალისტებს ამდენი ფანტაზია, მაშინ ხომ მწერლები ვიქნებოდით?

ეს ამბავი სრული სინამდვილეა და ამაში მარინა აბრამოვიჩის გახეთქილი თავი დამემოწმება.

მარინა აბრამოვიჩს, რომელიც თავისუფლად შეგვიძლია პერფორმანსის დედად თუ არა, დედოფლად მაინც გამოვაცხადოთ, თავისი თავი და სხეული არაერთხელ მიუძღვნია ხელოვნებისთვის.

ასე იყო 1974 წელს, როცა მან საგამოფენო დარბაზში, მაგიდაზე სხვადასხვა საგნები დააწყო – ვარდი, ჭიქა წყალი, დანა, სამართებელი და თქვენ წარმოიდგინეთ, პისტოლეტი და ტყვიაც კი. პერფორმანსის არსი შემდეგი იყო: 6 საათის განმავლობაში დამთვალიერებელს მარინა საკუთარ  სხეულს უთმობდა. არტისტი აცხადებდა, რომ ის, როგორც ობიექტი ისე უნდა აღიქვან და უფლება აქვთ სურვილისამებრ მოექცნენ. პასუხისმგებლობას მომხდარზე არტისტი საკუთარ თავზე იღებდა.

პერფორმანსი სიკეთის გამოვლინებით დაიწყო – მარინას ჯერ წყალი მიაწოდეს, მერე ვარდიც აჩუქეს. ცოტა ხანში დაძაბულობამ იმატა, რადგან ვიღაცამ მაკრატლით მარინას, ანუ ობიექტის კაბის გაჭრა გაბედა, მერე ხელოვნებისთვის უფრო გახსნილმა დამთვალიერებელმა სამართებელს სტაცა ხელი და არტისტს ყელზე მიაბჯინა. მარინას კვლავაც აჩნევია ნაიარევი. ვიღაცამ ვარდს ეკლები მოაძრო და პერფორმერს მუცელში ჩაარჭო.

 

 

ასევე არტისტულად მოაზროვნე  ქალი მამაკაცს აქეზებდა, რომ მარინა იქვე, დარბაზში გაეუპატიურებინა. ბოლოს საქმეში პისტოლეტიც ჩაერთო და მოკლედ, ადამიანებმა თავიანთი “საუკეთესო” თვისებები გამოავლინეს.

საგამოფენო დარბაზი სამხეცედ იქცა, სადაც ადამიანის მანკიერების ყველა გამოვლინება ვიხილეთ. რა დამტკიცდა ამით? რა მიიღო მარინამ არტისტული აღიარების გარდა? როცა ნაცემი, დახეულ კაბაში, დასერილი კიდურებითა და ფეხებს შორის გაჩრილი დანით  მიყენებული ტკივილით სასტუმროს ნომერში აღმოჩნდა. როგორც თავად ამბობს, თმა გაუჭაღარავდა.

არ ვიცი, არ ვიცი… მეცნიერები ამტკიცებენ, რომ თმის ერთ საღამოში გაჭაღარავების ამბავი მითია, მაგრამ ვაღიაროთ, ამ ისტორიას უხდება.

თუმცა მთავარი რაც ამ საღამოზე მოხდა, ალბათ მაინც ის იყო, რომ პერფორმანსის დასრულების შემდეგ, როცა მარინამ ლეგიტიმურად დაიბრუნა ადამიანის წოდება და პუბლიკისკენ გაემართა  ჩამოხეული ტანსაცმლითა და დასისხლიანებული სხეულით – ადამიანები გაიფანტნენ, გაიქცნენ. მათ პასუხისმგებლობის კი არ შეეშინდათ, მათ შეეშინდათ საკუთარი თავის, რადგან ამ ნაცემ და გატანჯულ ქალში ირეკლებოდა მათი სულები. აბა ვის მოეწონება ასეთი „თავისი თავი“?!

პერფორმანსი შედგა, რადგან თუ მარინას დავუჯერებთ, ეს აქტი არაფერია, თუ არა ენერგიის გაცვლა-გამოცვლა პერფორმერსა და პუბლიკას შორის.

მარინას მერეც არაერთხელ გამოუცდია ბედი, როცა შეყვარებულთან ერთად მართავდა პერფორმანსებს, რომელთა აზრიც, მათ შორის სრული ნდობა იყო. ორი ადამიანი მშვილდ-ისარს ექაჩებოდა აქეთ-იქით. ერთი წამით აკანკალებული ხელი და მარინას გულს ისარი განგმირავდა.

 

პერფორმანსის დროს მისი გული გადარჩა. მერე  სიყვარული დამთავრდა. რას აკეთებენ ადამიანები, როცა გული უტყდებათ? ჩხუბობენ, ყვირიან, სხვა საგნებსაც ამტვრევენ.

მარინამ და მისმა შეყვარებულმა სიყვარულის დასასრულის  არტისტულ ენერგიად ტრანსფორმაციაც მოახერხეს. ჩინეთის კედლის ორი ბოლოდან ერთმანეთის შესახვედრად ორი ადამიანი დაიძრა. ქალი და კაცი. მიდიოდნენ დიდხანს, თვეები.

კედელი ხან ქვების გროვად ხვდებოდათ წინ, ხან მოკირწყლულ გზად. ბოლოს შეხვდნენ და აქ, მარადისობის ამ სიმბოლოს ხერხემალზე დაემშვიდობნენ ერთმანეთს.

 

მერე მარინამ ნიუ-იორკის ელიტის საყოველთაო აღიარება დაიმსახურა. გალერეაშიც იჯდა საჭმლისა და მოსვენების გარეშე დღეების განმავლობაში. „სექსი და ქალაქიც“ კი მივიდა მასთან.

ბოლოს, იმჟამად  „ჟივანშის“ არტისტულ დირექტორთან, რიკარდო ტიშისთან  ერთად სახლი იყიდა, მათ სართულები გაიყვეს. ტიშისვე შეკერილ წითელ კაბაში კიდევ ერთხელ შესთავაზა ადამიანებს თავისი თავი, როგორც არტ-ობიექტი. მის თვალებში ჩასახედად ადამიანები საათობით იდგნენ რიგში.

გალერისტი თავიდან ბორგავდა, ამბობდა, რომ ამ სისულელისთვის ნიუიორკელები გალერეაში არ მოვლენ, რომ აქ ამდენი დრო არავის აქვს. მოიცალეს, მივიდნენ, რიგშიც კი დადგნენ და მერე დიდხანს უყურებდნენ თვალებში წითელკაბიან ქალს. ზოგი ტიროდა, ზოგი იცინოდა, მაგრამ მარინა თავად მაშინ ატირდა, როცა მისმა ყოფილმა სიყვარულმა გაუყარა თვალი თვალში.

 

 

მარინა აბრამოვიჩმა მას შემდეგ ბევრი რამ მოასწრო – ლედი გაგასთან თანამშრომლობა, საკუთარი მუზეუმის იდეის კონცეფციის ჩამოყალიბება და ახლა მართალია, თავგატეხილი, მაგრამ არტისტულად განხორციელებული ელოდება დაფინანსებას, რომ ამ იდეას ხორცი შეასხას.

 

გაინტერესებთ რა იქნება ეს?  

 

აი, ისევ წარმოიდგინეთ. ადამიანი ხართ, ჩვეულებრივი ადამიანი და მიდიხართ მუზეუმში. გაინტერესებთ, კიდევ რა ჯანდაბა მოიფიქრა ამ გიჟმა ქალმა.  მან კი გადაწყვიტა გვაჩუქოს წამიერი შეგრძნება, რომ ჩვენი უბადრუკი ცხოვრება შეიძლება არტი იყოს. დაგვარწმუნოს, რომ შექმნის პროცესი ბიბლიურ დროს არ დასრულებულა და შემოქმედმა ჩვენ, ამ პროცესის სიამოვნება დაგვითმო.

მოგვცა საშუალება  ვიყოთ, ვიარსებოთ და შევქმნათ ჩვენი თავი, ჩვენი არტი და  დავიჯეროთ, რამდენიმე წუთით მაინც, რომ ჩვენ თავად ხელოვნება  ვართ. ამის შესახსენებლად და თანაშემწედ კი მარინა აბრამოვიჩი გამოგვიგზავნა.

 

პერფორმანსი იმისთვის არსებობს, რომ ჩვენ, თუნდაც რამდენიმე წამით, თვალებში ჩავხედოთ საკუთარ თავს და დავინახოთ ჩვენი სიმახინჯეც და სილამაზეც. ყველაფერი – რაც ვართ.

 

ჰოდა,  თუ ასეა, იმ პატიოსანი კაცის დაფა, მარინას თავზე რომ დაეშვა,  არტი იყო – აბა რა იყო.


რეკომენდებული სტატიები
ტრეისი ემინი - არტისტი უკიდურესად პირადული ნამუშევრებით

ტრეისი ემინი - არტისტი უკიდურესად პირადული ნამუშევრებით

ტრეისი ემინი - არტისტი უკიდურესად პირადული ნამუშევრებით
ემინი „ახალგაზრდა ბრიტანელი არტისტების“ (YBAs) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წევრი ან ბრიტანული ხელოვნების ცუდი გოგონა
ავსტრალიელი მხატვარი შენობების გამაოგნებელ ასლებს აკეთებს

ავსტრალიელი მხატვარი შენობების გამაოგნებელ ასლებს აკეთებს

ავსტრალიელი მხატვარი შენობების გამაოგნებელ ასლებს აკეთებს
მის ნამუშევრებში ისეთი უმნიშვნელო დეტალებიცაა გათვალისწინებული, როგორებიცაა, მაგალითად, კედლებზე დატანილი გრაფიტი, გაფენილი სარეცხი და სხვა შეუმჩნეველი ელემენტები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.