fbpx

მუსიკის ინდუსტრიის 40-წლიანი გაყიდვების ვიზუალიზაცია


გააზიარე სტატია

 

მუსიკის ინდუსტრიის გაყიდვების 40 წელი

მუსიკის ინდუსტრიამ წლების განმავლობაში მრავალი ცვლილება განიცადა.

ვინილმა სტერეო 8-ს დაუთმო ადგილი, ხოლო კასეტები დისკების გამოჩენასთან ერთად გაუჩინარდნენ. ევოლუციის ამ პროცესში მუსიკის ინდუსტრიის შემოსავალი მუდამ იზრდებოდა. თუმცა, ეს იქამდე, სანამ კაცობრიობა ციფრულ ეპოქაში შევიდოდა.

გასული ოთხი ათწლეულის გაყიდვის მონაცემები არა მხოლოდ ინდუსტრიის შემოსავლის ცვალებადობას ასახავს, არამედ ის ერთგვარი მემატიანეა იმ სეისმური ბიძგებისა, რომლებიც ტექნოლოგიასა და მომხმარებლის ქცევაში მოხდა.

 

Visualizing 40 Years of Music Industry Salesმუსიკის ინდუსტრიის შემოსავალი / წყარო: RIAA

 

ხანგრძლივი ეპილოგი

გარკვეული ასაკის ადამიანებისთვის ახალი მუსიკის მოსმენა მეკობრეობასთან ასოცირდება. მაღაზიაში მისვლა და 20$-იანი დისკის ყიდვა მათ თავში აზრადაც კი არ მოუვიდოდათ. ტორენტის პრინციპებზე მომუშავე პირველმა ფართოდ გავრცელებულმა ვებგვერდმა Napster-მა, ფიგურალურად რომ ვთქვათ, პატეფონიდან ნემსი ამოიღო და მუსიკის ინდუსტრიის საუცხოოდ მომგებიანი წლები დაასრულა.

 

Physical vs. Digital sales

 

Napster 2002 წელს დაიხურა, მაგრამ ჯინი ბოთლიდან უკვე ამოშვებული იყო. ინდუსტრიაზე მეკობრეობის ეფექტი იმწამიერი და ძლიერი აღმოჩნდა. გაყიდვებში, რომლებიც ყოველწლიურად სტაბილურად იზრდებოდა, დაღმასვლა დაიწყო, რაც 15 წელიწადს გაგრძელდა.

 

ზარების ეპოქა

მიუხედავად იმისა, რომ კომპიუტერში მუსიკის გადმოწერა მარტივი იყო, ამის გაკეთება იმდროინდელ ტელეფონებზე საკმაოდ ჭირდა.

ტექნოლოგიაში არსებულმა ამ დროებითმა სიცარიელემ – რომელიც სმარტფონების გამოჩენამ შეავსო – ზარების ეპოქა მოგვიტანა. მუსიკის დისტრიბუციას მობილური ოპერატორები აკონტროლებდნენ, ამიტომ ზარები მუსიკის ინდუსტრიისთვის კარგი საშუალება იყო, ციფრული წყაროდან მიღებული შემოსავლისთვის გემო გაესინჯა. მხოლოდ 2008 წელს, როცა პროგნოზი ავდარს მოასწავებდა, ამ გზით ინდუსტრიამ მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო.

 

ცურვა დინების საწინააღმდეგო მიმართულებით

მიუხედავად იმისა, რომ Spotify-მ, Pandora-მ და მსგავსმა აპლიკაციებმა მუსიკის ინდუსტრიას ისეთი შემოსავალი ვერ მოუტანა, როგორიც დისკების გაყიდვამ, პროგრესი სახეზეა. პირველად ოცდამეერთე საუკუნეში ინდუსტრიაში შემოსავლების ზრდა ზედიზედ ორი წლის განმავლობაში დაფიქსირდა (და სავარაუდოა, რომ ამას 2018 წელიც მიემატება).

მომხმარებლების მიჩვევას, მუსიკის მოსმენაში ფული გადაეხადათ, დიდი ხანი დასჭირდა, მაგრამ დღეს ოპტიმიზმის მყარი საფუძველი არსებობს. ამ დროისთვის სტრიმინგი აშშ-ში მუსიკის მოსმენის ყველაზე გავრცელებული ფორმატია: RIAA-ს მიხედვით, მას ბაზრის თითქმის ნახევარი უჭირავს.

 

Music Streaming Subscriptionsსტრიმინგი: შემოსავალი ფასიანი სტრიმინგიდან / წყარო: IRAA

 

ფიზიკური ფორმატის დასასრული?

ის დღეები, როდესაც ადამიანები ახლად გამოსული ალბომის შესაძენად მუსიკალური მაღაზიების რიგებში იდგნენ, წარსულს ჩაბარდა. გასულ ათწლეულში დისკების გაყიდვის მაჩვენებელი 80%-ით შემცირდა და დღეს ფიზიკური ფორმატით გაყიდვა ინდუსტრიის შემოსავლის მხოლოდ 17%-ს შეადგენს.

თუმცა,  ამ ფორმატის სეგმენტში ერთი ნათელი წერტილი არსებობს: ვინილი. 2017 წელს, ბოლო 25 წლის განმავლობაში ვინილების რეკორდული რაოდენობა გაიყიდა. ეს ნელი, მაგრამ მდგრადი პროგრესის დაგვირგვინება იყო.

„ვინილი უკვდავია. თუ 120 წელი იცოცხლა, ესე იგი მუდამ ჩვენ გვერდით იქნება“.

ჯეკ უაიტი

ავტორი: ნიქ რუთლი

ორიგინალი: http://visualcapitalist.com


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.