სილამაზის ფორმულა
ეძღვნება ლევან ბერძენიშვილს
ავტორი: სალომე დადუნაშვილი
დილას, ჩვეულებისამებრ, ღრიალმა გაგვაღვიძა. პეპეეეე… თავგანწირული ყვიროდა ვიღაც. პეპე აშკარად სახლში არ იყო, ან, ყველასგან განსხვავებით, საღათას ძილით ეძინა, რადგან ამ სასოწარკვეთილ ძახილს არ გამოეხმაურა. სამაგიეროდ მთელმა ქუჩამ მორჩილად მოიფშვნიტა თვალები და მყვირალას დასანახად აჭრიალებული დარაბების ხმაც გაისმა. პრობლემა არავის ჰქონია. ნეაპოლში დილის 8 საათზე ქუჩაში მყვირალი კაცი კი უბრალოდ მაღვიძარაა, რომელიც ტრადიციულად რატომღაც მხოლოდ ორმარცვლიანი სახელების მქონე ადამიანებს უხმობს, მაგალითად, ჯიჯის, ტოტოს ან პეპეს.
ცოტა ხანში კინემატოგრაფიულად ჩამწკრივებულ, პაპანაქება სიცხეში შავ, თვალწასულ წინდებში გამოწყობილი, სიგარეტის გამყიდველი ქალების მწკრივს მივუყვებოდით. გარშემო ლაღი, მსუქანი ბავშვები დარბოდნენ და მზე ნელ-ნელა ცხელდებოდა.
ვია ტრიბუნალეს დასაწყისში, პატარა ბარში, სადაც მხოლოდ ნეაპოლელები დადიან, მოღუშულმა ბარმენმა იდეალური ყავა დამისხა. მესამე დღე იყო ვფიქრობდი, ვის უფრო ჰგავდა ეს გაბრაზებული კაცი, რომაელ ცენტურიონს თუ მაფიოზს. ყავას კი კარგს აკეთებდა და…
გუშინწინდელი დამდნარი ჯელატოთი გაწეპილ და გასრესილი მტრედის ბუმბულით მორთულ ქუჩას სულთამხუთავი სიცხე გადაჰკვროდა. მიუხედავად ამისა, შეგუბებულ, სადეზინფექციო ხსნარის სუნით გაჟღენთილ ჰაერსაც კი არ შეეძლო ამ ქალაქის მომაკვდინებელი მშვენიერების დაკნინება. მუდამ უმიზეზო ოპტიმიზმით სავსე, სიცხისგან დაცარიელებული ნეაპოლი კიდევ უფრო, მტკივნეულად ლამაზი იყო.
ნეაპოლის არქეოლოგიური მუზეუმის შენობა მირაჟივით ლივლივებდა გახურებულ ჰაერში.
მდორედ მცოცავ რიგში ტურისტების სიცხისგან ჩამოღვენთილი, სევდიანი სახეების მწკრივს ჩვენი ფიზიონომიებიც მივუმატეთ. უცნაურია, რარიგ არასრულყოფილია ადამიანის სხეული, ისეთი უმნიშვნელო რამეც კი, როგორც რამდენიმე დამატებითი ხაზი თერმომეტრის სვეტზე, მას კიდევ უფრო მყიფეს და არამიმზიდველს ხდის. მხოლოდ ღვთიური სილამაზე უძლებს ღირსეულად ბუნების ასეთ გამოცდებს, უბრალო მოკვდავები კი სასწრაფოდ ყრიან ფარ-ხმალს და მათი შეკოწიწებული „პეწი“, ზეთოვანი ოფლის წვეთებთან ერთად, ტოვებს სხეულს.
იტალიურად ვარდისფერ შენობას შიგთავსი მარმარილოსი ჰქონდა. გრილი, თეთრი ქვა – იდეალური ღმერთების სხეულების საქანდაკებლად. სწორედ მათი ცივი, მშვენიერი, მარმარილოს სხეულები ისხლიტავდა სიცხეს და შიდა, ოთხკუთხედი ეზოს მწვანე კვადრატში დევნიდა.
ნეაპოლის არქეოლოგიის მუზეუმი ძლიერ საშიში ადგილია პესიმისტებისთვის. ეს სივრცე სავსეა მტკიცებულებებით, რომ კაცობრიობა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3000 წლის წინ მიღწეული სახელოვნებო სტანდარტების თვალსაზრისით აღარსად წასულა. თითქოს იმ წარმოუდგენელმა ძალისხმევამ, რომელიც „ფარნეზეს ხარის“ გამოქანდაკებას ან პომპეის ერთი ვილის მოხატვას დასჭირდა, მთლიანად მოიხმარა ადამიანის გენიის რესურსი და ხელოვანთა მომავალ თაობას ერთი ადგილის ტკეპნა გამოუწერა ღმერთების იდეალური სხეულების სიმაღლიდან მედიდურად მომზირალი მარმარილოს თავების ქვეშ.
სინთეტიკური მასალის კომფორტულ სანდლებში გამოწყობილი პანამებიანი პატარა ადამიანების ჯგუფები, ხელში „გაჯეტებით“, რომლებიც თითქოს სულ ჩაგჩურჩულებენ: “არ იფიქრო, უბრალოდ დააჭირე ღილაკს თითი“, “ფარნეზეს ხარს” შემოხვეოდნენ – მარმარილოს მთის უზარმაზარ ნაგლეჯს, რომლის ყველა ზედაპირიც ყვიროდა: იფიქრე, იმუშავე, იბრძოლე.
ხელოვნებით ტკბობის მოყვარულთა სიმრავლის გამო, კონკურენტულ გარემოს გარე გალერეაში გავერიდე.
…და ვიპოვე
პორფირის პიედესტალზე მჯდომი, მშვენიერი, როგორც განთიადი, პორფირისვე მოსასხამში გამოხვეული, ხელში ქნარით, მაგრამ ვინ? აპოლონი?
წარწერა მამცნობდა, რომ ეს მშვენიერი, ქალწულის დარი ქმნილება სწორედაც რომ აპოლონი იყო. თუმცა აშკარად ის აპოლონი არა, რისხვით სავსე, შურისმაძიებელი, რომელმაც საბრალო მარსი რამდენიმე უადგილო სიტყვის გამო სიცოცხლესა და საკუთარ ტყავს გამოასალმა. არა, ეს მუზების მბრძანებელი ღვთაება იყო – ზეციური სილამაზის იმ განზომილებაში, რომელიც ადამიანისთვის მიუწვდომელია. ისეთი არქაული და გრძნეული არა, როგორც ეფესოს არტემიდეა. ეს უფრო თანამედროვე ადამიანისთვის გასაგების ზღვარზე მყოფი მშვენიერება იყო.
თეთრი მარმარილოს სახე, ხელები და ტერფები პორფირის ფონზე კიდევ უფრო ქათქათებდა. ნატიფ ხელებს ქნარი მსუბუქად ეპყრათ. მხოლოდ უზარმაზარი ტერფები გასცემდა მამაკაცურ ბუნებას. გრძელ თითებზე ტყავის სანდლების თასმები შემოხვეოდა – ბერძნული იდეალის მიხედვით გამოკვეთილ გრძელ ფეხის თითებზე, სადაც მეორე თითი კიდევ უფრო გრძელია, ვიდრე პირველი.
მაშინ არაფერი ვიცოდი მორტონის თითის შესახებ. არაფერი იცოდა სკულპტორმაც, რომელმაც აპოლონი ბერძნული სილამაზის სტანდატების მიხედვით გამოაქანდაკა. მეტსაც გეტყვით, დარწმუნებული ვარ, რომ თავად აპოლონმაც არაფერი იცოდა იმის შესახებ, რომ მეოცე საუკუნეში ვიღაც მოკვდავი მისი სრულყოფილი ტერფების თვალიერებისას გენეტიკურ ანომალიას იპოვიდა.
ექიმმა მორტონმა კი იპოვა და განსაზღვრა კიდეც, რომ ის, რაც ბერძნებს სილამაზის ეტალონად მიაჩნდათ, უბრალოდ დარღვევა ყოფილა. რომმა, ისევე როგორც ბევრი სხვა რამ, ზედმეტად გრძელი ფეხის თითების ფენომენიც სიხარულით გადაიღო ბერძნებისგან.
დრო გადიოდა, ფეხის წაგრძელებული მეორე თითის ამბავი საუკუნეების მტვერსა და მარმარილოს ტოგების ნაკეცებში დაიკარგა და მხოლოდ ესთეტების ტკბობის საგნად რჩებოდა, სანამ ექიმმა მორტონმა ყველაფერს „თავისი სახელი“ არ დაარქვა და ისიც დაამატა, რომ თუ მსგავსი თითები გაქვთ, საკუთარ თავში ძველი ბერძენი უნდა ეძიოთო, რადგან სწორედ თანამედროვე საბერძნეთის ტერიტორიაზეა ყველაზე მეტად გავრცელებული მსგავსი მოვლენაო.
ეს ამბავი პრინციპში არც ფეხის თითებზეა და არც ძველ ბერძნებზე.
ისტორიის მორალი ასეთია – იმედი არის.
ის, რაც ვიღაცისთვის დარღვევაა, სხვისთვის სილამაზის ეტალონია. ამიტომ ჩათვალეთ, რომ ყველანი სრულყოფილები ვართ.
ჰოდა, კიდევ ფეხებზე დაიხედეთ, შემთხვევით ბერძენი ღმერთი ხომ არ ხართ?