fbpx

თბილისის საერთაშორისო გამოფენა „არტისტერიუმი“ დღეს იხსნება


გააზიარე სტატია

 

,,არტისტერიუმი”  იწყება

 

ავტორი: შორენა ტყეშელაშვილი

 

თანამედროვე ხელოვნების თბილისის საერთაშორისო გამოფენა „არტისტერიუმი“  წელს მეთერთმეტედ გაიმართება. 9-19 ნოემბრის ჩათვლით თანამედროვე ხელოვნების ძირითადი საექსპოზიციო ეპიცენტრი ტრადიციულად თბილისის ისტორიის მუზეუმში, ,,ქარვასლაში” იქნება. გამოფენა სახელწოდებით  ,,არტისტერიუმი, როგორიც ის არის” ცხრა ნოემბრის საღამოს გაიხსნება და მასში 50-მდე არტისტი მიიღებს მონაწილეობას.

 

ნათია ბენაშვილი, „ორნი“

 

წლევანდელი არტისტერიუმით სრულდება  ათწლიანი ციკლი, რომლის მიზანი იყო საქართველოში საგალერეო გამოფენების განვითარება. ათი წლის განმავლობაში ჩატარებულმა ღონისძიებებმა თანამედროვე ხელოვნების  ინფრასტრუქტურის განვითარებას და მსოფლიოს თანამედროვე ხელოვნების რუკაზე ქვეყნის ცნობადობის გაზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.

2008  წლიდან დღემდე არტისტერიუმის ფარგლებში იმართებოდა როგორც საგალერეო გამოფენები, სადაც წარმოდგენილი იყო მულტიმედია პროექტები, ასევე იმართებოდა არასაგალერეო გამოფენებიც ელიავას ბაზრობაზე, ,,აუდის” პროფილაქტიკაში და სხვადასხვა ურბანულ  სივრცეებში.

გამოფენის კურატორი მაგდა  გურული გვიყვება – რას იკვლევს წლევანდელი არტისტერიუმი და რით გამოირჩევა ის სხვა გამოფენებისგან:

,,წელს გადავწყვიტეთ უარი გვეთქვა  კონკრეტულზე და ვარჩიეთ თავისუფალი თემა, ამიტომ გამოფენას ასე დავარქვით: ,,არტისტერიუმი, როგორიც ის არის”.   გამოფენაში ბევრი საინტერესო თემა გამოიკვეთა, მათ შორის პოლიტიკური, ურთიერთობების, სიყვარულისაც კი… წლევანდელი არტისტერიუმი  წინა წლებისგან განსხვავდება იმით, რომ წელს გადავწყვიტეთ მეტწილად გამოგვეფინა ფერწერა, რადგან აქამდე არტისტერიუმის ფარგლებში ფერწერა აქტიურად არ ყოფილა წარმოდგენილი.   

მთელ მსოფლიოში ფერწერა ყველაზე ძლიერად ინარჩუნებს კომერციულ შემადგენელს და ელემენტს და ძალიან საინტერესო მედიუმია. ამიტომ ადამიანს მაინც საგნის ყიდვა ურჩევნია, და არა პროექტის, ან ვიდეოსი, ან ინსტალაციის, რომელიც შეიძლება იყოს ძალიან ეფემერული  და ვფიქრობ, საქართველოში ყველაზე დიდი პოტენცია აქვს ფერწერას. მართალია, ჩვენ არ ვაკეთებთ კომერციულ გამოფენას, მაგრამ ეს ელემენტიც საინტერესოა საკვლევად და ასევე საინტერესოა, რა ხდება დღეს ქართულ ფერწერაში, რა მომავალი აქვს მას. ამიტომაა არტისტერიუმის წლევანდელი გამოშვება ორიენტირებული ფერწერაზე, თუმცა გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება როგორც ფოტო,  ასევე ვიდეო ინსტალაციებიც”.

არტისტერიუმის ტრადიციული ნაწილი  საგანმანათლებლო პროექტებია. ათი დღის განმავლობაში არტისტერიუმი როგორც გამოფენებს, ასევე საგანმანათლებლო შეხვედრებს,  დისკუსიებს და კულტურულ პროგრამებს სთავაზობს დამთვალიერებელს.

წელს გამოფენა  თანამშრომლობს თავისუფალ  უნივერსიტეტთან არსებულ ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურის და   დიზაინის სკოლასთან. გამოფენაზე (VAADS ) რვა სტუდენტის ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი. მაგდა გურული ფიქრობს, რომ მათზე დაკვირვებით შესაძლებელი იქნება თანამედროვე ხელოვნების სამომავლო პერსპექტივების კვლევაც.

არტისტერიუმი სამხრეთ კავკასიაში ყველაზე ფართომასშტაბიანი გამოფენაა, სადაც თანამედროვე ხელოვნებაა  წარმოჩენილი. ათი წლის განმავლობაში არტისტერიუმის ფარგლებში 1000-მდე მხატვარი გამოიფინა, მათგან ორმოცი პროცენტი უცხოელი  იყო.

ღონისძიების ორგანიზატორია ასოციაცია „არტისტერიუმი“. გამოფენა ტარდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს და თბილისის მერიის  კულტურისა, განათლების , სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით.

 

აქ შეგიძლიათ ნახოთ  „არტისტერიუმის“ ათივე გამოფენის ვიზუალური არქივი

 


რეკომენდებული სტატიები
უცნობი აღმოსავლური ხელოვნების კოლექცია სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში

უცნობი აღმოსავლური ხელოვნების კოლექცია სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში

უცნობი აღმოსავლური ხელოვნების კოლექცია სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში
რა ხდის ამ კოლექციას დღესაც განსაკუთრებულს და გამორჩეულს? ალბათ ის, რაც ისევ განხილვის საგნად რჩება - ხელოვნების სოციალური როლი
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.