fbpx

ჟოზე მოურინიო კვლავ ვერ ამართლებს


გააზიარე სტატია

Image result

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

მანჩესტერული დერბი რომ განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, ეს ჩვეულებრივი ამბავია. მით უმეტეს, რომ გასულ ოთხშაბათს ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილმა გუნდმა ფანტასტიურ სტილში დაამარცხა გასვლაზე ტურინის „იუვენტუსი“, რითიც გულშემატკივარს 1998/1999 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალი მოაგონა.

მაშინ სერ ალექს ფერგიუსონის მიერ მატჩის უკანასკნელ წუთებზე განხორციელებული ცვლილებების შედეგად, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მატჩი მოატრიალა და ლიგა მოიგო.

მას შემდეგ, რაც „იუვენტუსი“კრიშტიანუ რონალდუს საოცარი გოლით დაწინაურდა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ გულშემატკივარი უკვე ჩვეულმა უიმედობამ მოიცვა, რომ გუნდი მეორე მატჩშიც ვერ მოახერხებდა იტალიის ჩემპიონის კარის დალაშქვრას.

მაგრამ თურმე ყველაფერი წინ იყო. ჟოზე მოურინიომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ გულშემატკივარს ზემოთხსენებული ფინალი გაახსენა, რადგან მის მიერ განხორციელებულ ცვლილებებს, შედეგი მოყვა.


ფოტო: ხუან მატას გააქვს გოლი “იუვენტუსის” კარში

 

ჯერ იყო და ხუან მატამ სტანდარტული სიტუაცია გოლად აქცია, მატჩის უკანასკნელ წუთზე გატანილ ავტოგოლში კი თავისი წვლილი ფელაინმაც შეიტანა და ამგვარად მართალია საკმაოდ მოქანცული, მაგრამ სამაგიეროდ გამარჯვებულის სულისკვეთებით გამსჭვალული გუნდი, მანჩესტერული დერბისთვის მხნედ განაწყო.

გუშინდელ შეხვედრას ინტრიგას შარშანდელი მატჩის გახსენებაც მატებდა, როდესაც „იუნაიტედმა“ გასვლაზე მოახერხა „სიტის“ დამარცხება შეხვედრაში, რომლის მოგების შემთხვევაში „ქალაქელები“ ჩემპიონობას იზეიმებდნენ.

„სიტის“ ოფიციალურად გაჩემპიონება უკვე მომდევნო მატჩში მოუწია და ეს მისთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა, რადგან სეზონი პეპ გვარდიოლას გუნდმა საბოლოოდ 19 ქულიანი უპირატესობით იმავე „იუნაიტედთან“ მოიგო, მაგრამ „წითელ ეშმაკუნებთან“ გაჩემპიონებას ხომ სულ სხვა ეფექტი ექნებოდა!

 

ფოტო: პეპ გვარდიოლა და ჟოზე მოურინიო

 

შეიძლება ითქვას, რომ შარშანდელი დერბი გვარდიოლასა და მოურინიოს ხანგრძლივ დაპირისპირებებში ჯერჯერობით ერთადერთია, როდესაც მოურინიომ პეპ გვარდიოლას გამწარება შეძლო, რადგან ამ უკანასკნელის უპირატესობა პირად შეხვედრებში იმდენად აშკარაა პორტუგალიელ კოლეგასთან, როგორიც მისი პერიოდის „ბარსელონასი“ მადრიდის „რეალთან“…

თუმცა, ერთხელ დამატებით დროში კრიშტიანუ რონალდუს გოლის წყალობით, „რეალმა“ესპანეთის თასზე მოახერხა „ბარსას“ დამარცხება.

ნუთუ ამგვარი გამონაკლისების მოლოდინში უნდა ყოფილიყო მაყურებელი გუშინდელი მატჩის წინ?

შეხვედრას წინ მნიშვნელოვანი ინტრიგა უძღოდა. ხომ შეიძლებოდა რომ „მანჩესტერ სიტის“ დაუმარცხებელი სერია დასრულებულიყო და თანაც „იუნაიტედს“ გამარჯვების შემთხვევაში თანაქალაქელებთან ქულათა სხვაობა ექვსამდე შეემცირებინა?

დერბიში განვითარებულმა მოვლენებმა სრულიად საპირისპირო დაგვანახა. მოურინიოს ბიჭები იმდენად ბეჩავად გამოიყურებოდნენ, რომ თანაბარი მეტოქეების მატჩს, გუშინდელს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.

ბუნებრივია, რომ ვერც ჟოზეს ცვლილებებმა გაამართლა. აი ბერნარდუ და დავიდ სილვებმა კი „იუნაიტედის“ ნახევარდაცვა მარტივ მამრავლებად დაშალეს, ხოლო სტერლინგის სისწრაფესთან „იუვენტუსთან“ ნაბრძოლმა დაცვამ ვერაფერი გააწყო.

 

ფოტო: ბერნარდუ სილვა და დავიდ სილვა

 

ამ მარცხით ჟოზე მოურინიომ „ტოტენჰემთან“ შინ განადგურების შემდგომ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ დღეს მას ზურგს „იუვენტუსთან“ დიდებული გამარჯვება უმაგრებს.

მაგრამ როდემდე უნდა გაგრძელდეს არსებული სიტუაცია? უკვე მეორე წელიწადია, ჟოზე მოურინიო მოჯადოებულ წრეზე ტრიალებს და გაუთავებელი კრიტიკის ქარცეცხლშია.

პორტუგალიელს წარუმატებლობების ფონზე უკვე ნებისმიერ ღვაწლს უწუნებენ, რადგან უამრავი ფულია გადახდილი მოთამაშეებში, რომელთაგან არაერთი მსოფლიო ჩემპიონი და სხვადასხვა ტურნირის ტრიუმფატორია.

მოურინიოს ხელში ფეხბურთელები ფუჭდებიან და ვერ აჩვენებენ იმ სათამაშო ხარისხს, რასაც მაყურებელი მათ მიერ სხვა კლუბებში თუ ნაკრებებში ხედავდა.

ამის ნათელი მაგალითებია ალექსის სანჩესი, თუ გუშინდელ შეხვედრაში შეცვლაზე  შემოსული ლუკაკუ და არმყოფი პოლ პოგბა.

გუშინდელი მარცხის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 20 ქულით მე-6 – მე-8 ადგილებს იყოფს „ბორნმუთთან“ და „უოტფორდთან“ ერთად.

ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა კი გუნდს ძალიან გაუჭირდება, რადგან კონკურენცია უდიდესია და სატურნირო ცხრილში უფრო მაღალ ადგილებზე მყოფი „დიდი ექვსეულის“ წევრები „ჩელსი“ და „არსენალი“, წლევანდელი ლიგის გათამაშებაში არ მონაწილეობენ და აქედან გამომდინარე ძალების დაზოგვის საშუალება ეძლევათ. თანაც, დიდი ალბათობით ლიგაზე ასპარეზობას „ტოტენჰემიც“ გამოეთიშება და ეს ფაქტორი „იუნაიტედის“ პირველ ოთხეულში მოხვედრას კიდევ უფრო გაართულებს.

 

ფოტო: ჟოზე მოურინიო

 

შექმნილი ვითარება კი იმდენად არასასურველია მოურინიოსთვის, რომ ერთი მხრივ მას უკვე აღარ აპატიებენ ამდენ შეცდომას და იანვრის სატრანსფერო ფანჯარაში გაათავისუფლებენ. მაგრამ მეორე მხრივ ვის უნდა ჩაბარდეს კლუბი, რომელიც ასე თუ ისე სტაბილურობას ინარჩუნებს და „იუვენტუსთან“ გასვლაზე მოგებას ახერხებს?

ეტყობა, ეს ისეთივე თავსატეხია მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელობისთვის, როგორც რიგითი გულშემატკივრისთვის. პასუხი შესაძლოა 6 დეკემბრის მატჩმა გაგვცეს „ოლდ ტრაფორდზე“ „არსენალის“ წინააღმდეგ, მაგრამ იქამდე აცლიან კი მოურინიოს? სანაკრებო მატჩების გამო ამჟამად პრემიერ ლიგაში ხომ ორ კვირიანი პაუზაა…


რეკომენდებული სტატიები
ჩემპიონთა ლიგა სამი ტურის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგა სამი ტურის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგა სამი ტურის შემდეგ
ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო საფეხბურთო ტურნირი ყოველწლიურად ახალ-ახალ სიურპრიზებს გვთავაზობს და ეს უპირველეს ყოვლისა ჩემპიონთა ლიგის ახალ ტენდენციებში ვლინდება
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.