შობადობა ციფრებში


გააზიარე სტატია

 

ავტორი: თეა სხიერელი

მსოფლიოში ახალშობილთა რიცხვმა მნიშვნელოვნად იკლო. ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ქალები მთელ მსოფლიოში, საშუალოდ, ორჯერ უფრო ნაკლებ ბავშვს აჩენენ, ვიდრე 1950 წლამდე.

ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებული კვლევა მთელი მსოფლიოს ქვეყნების 19502017 წლების ტენდენციებს აანალიზებს. შობადობის კოეფიციენტის შემცირებამ მრავალი სახელმწიფო შობადობის კრიზისის (ე. წ. baby bust-ის) საშიშროების წინაშე დააყენა. ამ ქვეყნებში ახალდაბადებულთა რაოდენობა მოსახლეობის არსებული რიცხოვნობის შენარჩუნებას ვერ უზრუნველყოფს.

1950 წელს მსოფლიოში ყოველ ქალზე, საშუალოდ, 4,7 ახალშობილი მოდიოდა, გასული წლის მაჩვენებლების თანახმად, ეს ციფრი ორჯერ შემცირდა – 2,4. ამ რიცხვის უკან სხვადასხვა ქვეყნის მონაცემებს შორის უზარმაზარი განსხვავებაც იმალება.  

შობადობის კოეფიციენტი (Total fertility rates TFR) ნიგერში 7,1-ია, მაშინ როცა კვიპროსში ქალი, საშუალოდ, მხოლოდ 1 ბავშვს აჩენს, დიდ ბრიტანეთში – 1,7-ს, რაც დასავლეთ ევროპის ქვეყნების ზოგადი მაჩვენებელია.


2018 წლის საქართველოში შობადობის კოეფიციენტი  2-ს უტოლდება.

შობადობის რაოდენობრივი კოეფიციენტი – ეს არის იმ ახალდაბადებულთა საშუალო რიცხვი, რომლებსაც ყოველი ქალი სიცოცხლის განმავლობაში აჩენს. ეს მაჩვენებელი განსხვავდება შობადობის დონის განმსაზღვრელი მონაცემისაგან, რომელიც აღნიშნავს ახალშობილთა რიცხვს ყოველ 1000 ადამიანზე ერთი წლის განმავლობაში.

როცა ქვეყნის შობადობის რაოდენობრივი კოეფიციენტი ეცემა და ის 2,1-ს ქვემოთ რჩება, თანდათანობით მოსახლეობის რიცხოვნობა კლებას იწყებს. 1950 წელს ეს საშიშროება არც ერთ ქვეყანას  არ ემუქრებოდა.

მსოფლიომ იმ წყალგამყოფს მიაღწია, რომლის იქითაც ქვეყნების ნახევარში შობადობის რაოდენობრივი მაჩვენებელი მოსახლეობის ჩვეულებრივი აღდგენის დონეს ბევრად ჩამორჩება. თუ არაფერი შეიცვლება, ამ ქვეყნებში მცხოვრებთა რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდება.  

შობადობის დაბალი რაოდენობრივი კოეფიციენტი უმთავრესად ეკონომიკურად უკეთ განვითარებულ ქვეყნებში აღინიშნება. მათ შორისაა ევროპის სახელმწიფოთა უმეტესობა, აშშ, სამხრეთ კორეა და ავსტრალია.

შობადობის დონის ცვლილებას შესაძლოა მთელი ერთი თაობაც კი დასჭირდეს. მსოფლიო ქვეყნების ნახევარში კვლავაც იბადება იმდენი ბავშვი, რომ მოსახლეობა გაიზარდოს, თუმცა, რაც უფრო მეტი ქვეყანა აუმჯობესებს საკუთარი ეკონომიკური განვითარების დონეს, მით მეტგან კლებულობს შობადობის კოეფიციენტი.

არსებობს არსებული მდგომარეობის სამი საკვანძო ფაქტორი:

  • ახალშობილთა სიკვდილიანობის შემცირება, რის გამოც ქალები ნაკლებ ბავშვს აჩენენ;
  • კონტრაცეფციაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;
  • ქალთა განათლებისა და დასაქმების მაჩვენებლის ზრდა.

კვლევის დასკვნაში ნათქვამია, რომ მიგრანტების ტალღის გარეშე ქვეყნები დაბერებისა და მოსახლეობის კლების საშიშროების წინაშე აღმოჩნდებიან. მსოფლიო საზოგადოებას მოუწევს, მასშტაბური დემოგრაფიული ცვლილებებისათვის მოემზადოს. ქვეყნები, რომლებსაც ეს პროცესი შეეხება, იძულებულნი იქნებიან, მიგრანტების რიცხვი დაარეგულირონ, ანდა შობადობის წახალისების პოლიტიკას მიმართონ.  

 

ქვეყნების ათეული შობადობის კოეფიციენტის მიხედვით

 

კვლევის ავტორი კრისტოფერ მიურეი (Christopher J L Murray) ამტკიცებს: „თუ ყველაფერი ამგვარი წესრიგით წარიმართება, მომავალში მოსახლეობაში ძალიან ცოტა ბავშვი და 65 წელს გადაცილებული ბევრი მოხუცი იქნება, ასეთი წონასწორობით მსოფლიო საზოგადოებას მდგრადობის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება. ამას  სერიოზული სოციალურ-ეკონომიკური შედეგები მოჰყვება სოციუმში, რომელშიც უფრო მეტი ბებია-ბაბუა ცხოვრობს, ვიდრე შვილიშვილი.

1950 წლის შემდეგ ჩინეთში მოსახლეობის რიცხვი  ნახევარი მილიარდიდან 1,4 მილიარდამდე გაიზარდა. თუმცა, ამ ქვეყანაშიც კი შობადობის კოეფიციენტი 2017 წელს 1,5-ს გაუტოლდა. ცოტა ხნის წინ ჩინეთმა უარი თქვა თავის ცნობილ პოლიტიკაზე: „ერთი ბავშვი ერთ ოჯახში“. ჩინეთში ყოველ 100 ახალშობილ გოგონაზე 117 ბიჭი მოდის, რაც „გენდერული ნიშნით აბორტის ძალიან ფართოდ გავრცელებასა და ახალშობილთა მკვლელობასაც კი ადასტურებს“, – წერენ კვლევის ავტორები.

მიზეზები, რომელთა გამოც განვითარებულ ქვეყნებს შობადობის კოეფიციენტის ამაღლება 2,1-ს ზემოთ სჭირდებათ, იმაშიც მდგომარეობს, რომ ყოველი ახალშობილი ზრდასრულ ასაკს ვერ აღწევს და, საშუალოდ,  ბიჭი უფრო მეტი იბადება, ვიდრე გოგონა. ასეთ პირობებში მოსახლეობის რიცხოვნობის შესანარჩუნებლად მეტი ბაშვის დაბადებაა საჭირო.

იაპონიაში დემოგრაფიული ვითარების გასაუმჯობესებლად რობოტი-ახალშობილი შეიქმნა. კომპანია Toyotaმ წარმოადგინა რობოტი-ახალშობილი კორიბო მინი, რომლის მიზანიცაა უშვილო იაპონელებს ჩვილთან ემოციური კავშირი აღუძრას.

კორიბო მინი ხელოვნური ინტელექტითა და კამერითაა აღჭურვილი. რობოტს შეუძლია ადამიანების ცნობა და ბავშვის ხმით პასუხის გაცემა. ჯდომისას ისიც ისევე ირხევა, როგორც უუნარო ჩვილი. მისმა სისუსტეებმა მშობლებში ემოციური კავშირის სურვილი უნდა აღძრას.  კორიბო მინი თავისი „აკვნით“ 390  დოლარი ღირს.

1960-იან წლებში იაპონიაში შობადობა ორჯერ შემცირდა და ახალშობილთა რიცხვი წელიწადში 1 მლნ ბავშვს გაუტოლდა, რამაც ქვეყანა შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობის შემცირებამდე მიიყვანა.

 

კორიბო მინი, რობოტი ახალშობილი @Toyota

 

2030 წელს პლანეტაზე დაახლოებით 8,6 მლრდ ადამიანი იცხოვრებს, თუმცა მოსახლეობა არათანაბრად გადანაწილდება: ზოგიერთ რეგიონში მცხოვრებთა სიჭარბე იქნება, ზოგი კი დაიცლება.

გაეროს მონაცემებით, დღევანდელი 7,6 მლრდ-იდან ის 2030 წელს 8,6 მლრდ-მდე და 2100 წელს 11,2 მლრდ-მდე მოიმატებს.

ამასთან, დედამიწის მოსახლეობის ნახევარი სულ ცხრა ქვეყანაში  იქნება თავმოყრილი. ესენია: ინდოეთი, ნიგერია, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, პაკისტანი, ეთიოპია, ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა, აშშ, უგანდა და ინდონეზია.

დანარჩენ სახელმწიფოებში ამჟამად უკვე აღინიშნება ადგილობრივ მცხოვრებთა რიცხვის შემცირების ტენდენცია, რომელიც დროთა განმავლობაში გაგრძელდება.

გაეროს მონაცემების თანახმად, ყველაზე უფრო მეტად მოსახლეობისაგან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები იცლება:

  • ბულგარეთი: 2017 წელს ცხოვრობდა – 7,08 მლნ ადამიანი, 2050 წელს იცხოვრებს 5,42 მლნ; კლება -23%;
  • ლატვია: 1, 95 მლნ / 1,52 მლნ / -22%
  • მოლდოვა: 4,05 მლნ / 3,29 მლნ/ -19%
  • უკრაინა: 44,22 მლნ / 36,42 მლნ / -18%
  • ხორვატია: 4,19 მლნ / 3,46 მლნ / -17%
  • ლიეტუვა: 2,89 მლნ / 2,41 მლნ / -17%
  • რუმინეთი: 19,68 მლნ / 16,40 მლნ / -17%
  • სერბეთი: 8,79 მლნ / 7,45 მლნ / -15%
  • პოლონეთი: 38,17 მლნ / 32,39 მლნ / -15%
  • უნგრეთი: 9,72 მლნ / 8,28 მლნ / -15%

მეცნიერები ამგვარ თანაფარდობას სამი ფაქტორით ხსნიან: შობადობის დონის შემცირებით, მასობრივი მიგრაციითა და სიკვდილიანობის შედარებით მაღალი მაჩვენებლით.

დასავლეთის სხვა დანარჩენი ქვეყნებისათვის დამახასიათებელია ბოლო ორი ფაქტორის, ან ერთ-ერთი მათგანის არსებობა, მაგრამ ამ სახელმწიფოებში მოსახლეობის რაოდენობრივი მაჩვენებელი შენარჩუნებულია მიგრანტების ნაკადის ხარჯზე, მაშინ როცა ეს ნაკადი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მცირეა.  

17 ევროპულ ქვეყანაში სიკვდილიანობა შობადობას აღემატება. ასეთ სახელმწიფოებს შორისაა როგორც უფრო მრავალრიცხოვანი მოსახლეობის მქონე ქვეყნები (რუსეთი, გერმანია, იტალია), ისე უნგრეთი, ხორვატია, რუმინეთი, ბულგარეთი, ჩეხეთი, შვეცია და ბალტიის სახელმწიფოები, ასევე საბერძნეთი და პორტუგალია.

თუმცა, მოსახლეობის ბუნებრივი კლება ევროპის ყველა ქვეყანაში არ შეინიშნება. ბოლო წლებში ადგილობრივ მცხოვრებთა რიცხვი მატულობს ირლანდიაში, კვიპროსში, ისლანდიაში, ლიხტენშტეინსა და ლუქსემბურგში; საფრანგეთის, ბელგიის, ნიდერლანდების, შვეიცარიისა და ნორვეგიის მრავალ რეგიონში.

დედამიწის მოსახლეობას 1 მილიარდისთვის რომ მიეღწია, ამისათვის 200 000 წელი დასჭირდა, 7 მილიარდი რომ გამხდარიყო – სულ რაღაც 200 წელი.  თუ ასეთი ტენდენცია შენარჩუნდება, 2100 წელს პლანეტაზე 11 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს.

როგორ იზრდებოდა მოსახლეობა დედამიწაზე, შეგიძლიათ იხილოთ  ვიდეორგოლში, რომელშიც კაცობრიობის ისტორია 6 წუთშია ჩატეული.

 

 


რეკომენდებული სტატიები
საქართველოს მოსახლეობა 2050 წლისთვის შესაძლოა 3.1 მილიონამდე შემცირდეს

საქართველოს მოსახლეობა 2050 წლისთვის შესაძლოა 3.1 მილიონამდე შემცირდეს

საქართველოს მოსახლეობა 2050 წლისთვის შესაძლოა 3.1 მილიონამდე შემცირდეს
ბოლო 25 წელიწადში მსოფლიო მასშტაბით მოსახლეობის ყველაზე დიდი კლება პროცენტულად ბოსნია-ჰერცეგოვინაში (ძირითადად ომის დანაკარგები და შედეგად გამოწვეული მიგრაცია), ბულგარეთში და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში: ლატვიაში, ლიეტუვაში, მოლდოვაში და საქართველოში დაფიქსირდა
საით მიფრინავენ წეროები, ანუ როგორ გავხადოთ ქალაქი ბავშვებისთვის უფრო კომფორტული

საით მიფრინავენ წეროები, ანუ როგორ გავხადოთ ქალაქი ბავშვებისთვის უფრო კომფორტული

საით მიფრინავენ წეროები, ანუ როგორ გავხადოთ ქალაქი ბავშვებისთვის უფრო კომფორტული
დედაქალაქში  გაჩნდა ინიციატივა -  სახელწოდებით “წეროები მიფრინავენ”.  თბილისის არქიტექტურული ბიენალეს საბავშვო სექციის ფარგლებში,  მოქალაქეების ჩართულობით, მოკლევადიან წინადადებებს განიხილავენ და   შეეცდებიან ისინი  ურბანულ გარემოში განახორციელონ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.