fbpx

გადამწყვეტი მატჩების მოლოდინში


გააზიარე სტატია

 

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

გაივლის წლები და საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები კიდევ დიდხანს გაიხსენებენ იმ სასიამოვნო პერიოდს, რომელიც მათ ჩვენმა გუნდმა 2018 წლის სექტემბერ-ნოემბერში მიანიჭა.

ეს კი მოხდა უეფას ერთა ლიგის სადებიუტო გათამაშების D კატეგორიაში მონაწილე გუნდებს შორის საუკეთესო შედეგის ჩვენებით. შედეგით, რომლითაც არამცთუ საქართველოს, არამედ მსოფლიოს ნებისმიერი წამყვანი საფეხბურთო ნაკრები იამაყებდა.

აქედან გამომდინარე, დღესდღეობით ერთა ლიგის ისტორიაში პირველი გოლის გატანის, ჯგუფური ეტაპის დაძლევის, C კატეგორიაში მოხვედრის, ექვსიდან ხუთი მატჩის მოგების და ორად ორი გაშვებული გოლის შემდეგ, გულშემატკივარი მხოლოდ საუკეთესოს მოლოდინშია და ისღა დარჩენია, რომ მხნე განწყობით დაელოდოს გადამწყვეტ მატჩებს.

ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა  კი სავსებით რეალური რომაა, ამას ჩვენი გუნდის თამაშის აშკარად მზარდი ხარისხი და მოსალოდნელი მეტოქეების სიძლიერე მიგვანიშნებს.

 

 

მართალია, სკეპტიკოსები ყურადღებას მოწინააღმდეგე გუნდების დაბალ სათამაშო კლასზე ამახვილებენ, მაგრამ დღევანდელი აქსიომიდან გამომდინარე, რომ „თამაში უკვე ყველამ ისწავლა“, აღარავინ უარყოფს იმ სტაბილურობის შეგრძნებას, რასაც ნაკრები თამაშიდან თამაშამდე, სულ უფრო მეტად გვიტოვებს.

ამ თვალსაზრისით კი ნაკრების მწვრთნელ ვლადიმერ ვაისის მუშაობაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. საქართველოს ნაკრებმა თავისი 25-წლიანი არსებობის მანძილზე არაერთი მწვრთნელი გამოიცვალა და არაერთი შესანიშნავი მატჩით დაგვამახსოვრა თავი, მაგრამ მას ყოველთვის აკლდა შედეგის მომტანი აუცილებელი სტაბილურობა.

 

 

გავიხსენოთ ნაკრების გამოსვლა გასული მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე. მართალია, გუნდმა ერთი თამაშიც ვერ მოიგო, მაგრამ 5 მატჩი ფრედ ხომ დაასრულა, რომელთაგან, რომ არა უიღბლობა, ნებისმიერი შეიძლებოდა მოეგო.

იქამდე კი იყო მართალია, ამხანაგური,  მაგრამ საოცარი გასვლითი გამარჯვება ესპანეთის ძლევამოსილ ნაკრებთან.

მაგრამ მოდით, ხვალინდელის მოლოდინში, კვლავ დღევანდელ დღეს დავუბრუნდეთ. შედეგს ნებისმიერ სათამაშო რგოლში სტაბილურად ძლიერად მოთამაშე ფეხბურთელები განაპირობებენ. აქედან გამომდინარე, თითოეული მოთამაშის დახასიათებას არ შევუდგებით, რადგან შედეგი სახეზეა.

ვაისმა ერთა ლიგის 6 შეხვედრაში მინდორზე 25 ფეხბურთელი გამოიყვანა, რომლის მესამედი, სტაბილურად ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეა. 12 გოლი ნაკრების 6 წევრის ანგარიშზეა, ერთიც ყაზახმა ფეხბურთელმა საკუთარ კარში გაიტანა.

როგორც ვხედავთ, არასასურველი ტრავმების მიუხედავად, ნაკრებში თანაბარი დონის ფეხბურთელთა საკმაოდ ფართო არჩევანია. მარტო იმის თქმა რად ღირს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე „შახტარის“ მცველი დავით ხოჭოლავა, პირველი წუთიდან ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ორ მატჩში გამოჩნდა.

სტაბილურობის ნიმუში საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთის წინააღმდეგ უკანასკნელ შეხვედრაშიც გვიჩვენა, როდესაც არცთუ ისე დამაჯერებელი პირველი ტაიმის შემდეგ, D კატეგორიის საუკეთესო პირველი ადგილოსნის სტატუსის დაკარგვის საშიშროება წარმოიშვა.

მეორე ტაიმში ჩვენმა გუნდმა თამაში დაალაგა და ყოველგვარი ქაოსის გარეშე შეუდგა ჯგუფში დასკვნითი გამარჯვების მოპოვების გზების ძიებას.

 

 

ნავალოვსკის არყოფნამ მარცხენა ფრთიდან შეტევების სიმძლავრეზე აშკარა ზეგავლენა მოახდინა, მაგრამ სამაგიეროდ იქ ჩაკვეტაძე არ ასვენებდა მეტოქეს, რომელმაც მთელი მატჩის განმავლობაში ერთხელაც ვერ შეძლო მისთვის ბურთის ართმევა.

19 წლის ფეხბურთელი რომ გუნდის აშკარა ლიდერად ჩამოყალიბდა, ამაზე არა მარტო მის მიერ ტურნირზე გატანილი 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემა, არამედ ლატვიის ნაკრებთან შინაურ მატჩში მოპოვებული თერთმეტმეტრიანი და განვლილ ექვს შეხვედრაში შექმნილი არაერთი საგოლე მომენტი მეტყველებს.

თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ საბოლოოდ, ყურადღებას ერთ უარყოფით ტენდენციაზე მაინც გავამახვილებთ. ეს სტანდარტული სიტუაციების ეფექტურად გამოყენებაა, რის გარეშეც თანამედროვე ფეხბურთში წარმატების მიღწევა უბრალოდ წარმოუდგენელია.

ანდორას ნაკრების წინააღმდეგ შინაურ შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა კუთხური 12-ჯერ მოაწოდა, მაგრამ არამცთუ კარში დარტყმა, გამწვავება არცერთ მათგანს არ მოჰყოლია.

ამის საპირისპიროდ გავიხსენოთ ლატვიის ნაკრებთან ასევე შინაური შეხვედრა, რომლის ბოლო წუთებზეც მეტოქემ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე სულ რაღაც თითო კუთხურითა და საჯარიმო დარტყმით საკმაოდ ააღელვა როგორც ფეხბურთელები, ასევე გულშემატკივარი.

საყურადღებოა, რომ ყაზახებთან უკანასკნელ შეხვედრაში ერთ-ერთი კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ, კაშიას სულ ცოტა დააკლდა, რომ ანგარიში თავური დარტყმით გაეხსნა.

იმედია ჩვენი გუნდის სამწვრთნელო შტაბი გაითვალისწინებს ამ ხარვეზს და საქართველოს ნაკრები თავის გულშემატკივრებს სტანდარტული სიტუაციიდან გატანილი გოლებით ერთა ლიგის გადამწყვეტ მატჩებში მაინც გაახარებს.


რეკომენდებული სტატიები
ჩემპიონთა ლიგა სამი ტურის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგა სამი ტურის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგა სამი ტურის შემდეგ
ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო საფეხბურთო ტურნირი ყოველწლიურად ახალ-ახალ სიურპრიზებს გვთავაზობს და ეს უპირველეს ყოვლისა ჩემპიონთა ლიგის ახალ ტენდენციებში ვლინდება
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.