fbpx

მარიამ კაკაბაძე „დავით კაკაბაძის ფონდის“ შესახებ


გააზიარე სტატია


 

ავტორი: ნინი დარჩია

ფოტო: გიორგი მიქელაძე

 

გვესაუბრება დავით კაკაბაძის შვილიშვილი – მარიამ კაკაბაძე, რომელიც გაგაცნობთ დავით კაკაბაძეს, მის შემოქმედებას, ფონდსა და ოჯახს.

 

 

გაჩვენებთ ამირ კაკაბაძის სახლ-სახელოსნოს. ასევე მოგიყვებით ისეთ დეტალებსა და გატაცებებზე, რაც დავითის შესახებ არ იცოდით.

მე ვარ მარიამ კაკაბაძე, მხატვარ ამირ კაკაბაძის შვილი და მხატვარ დავით კაკაბაძის შვილიშვილი. გავიზარდე ამ სახლში, სადაც ასევე იყო მამაჩემის სახელოსნოც. ერთი წელი ოჯახთან ერთად ვიცხოვრე პარიზში, სადაც ბაბუაჩემის, დავით კაკაბაძის პარიზის პერიოდის შემოქმედებას ვიკვლევდით სხვადასხვა არქივში.

 

 

პარიზის შემდეგ დავბრუნდით თბილისში და მას მერე დიდი ხნით  არსად წავსულვართ. დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ვარ. ყოველთვის მაინტერესებდა თანამედროვე ხელოვნება 80-იანებიდან და შემდგომ.  მაგისტრატურის პროგრამა, თანამედროვე ხელოვნების განხრით, ლონდონში, “სოტბის” ინსტიტუტში დავამთავრე. მას შემდეგ თბილისში ვარ.  

 

 

2012 წელს ჩამოვაყალიბეთ “დავით კაკაბაძის ფონდი” და პირველი გამოფენა გავაკეთეთ, მისი გარდაცვალებიდან 60 წლისთავზე ქუთაისში. ეს გახლდათ  წლების შემდეგ პირველი გამოფენა დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის გალერეაში, სადაც ათი ნამუშევარი გამოიფინა. ძალიან სიმბოლური იყო ისიც, რომ გამოფენა ქუთაისში გაიმართა, რადგან დავითმა  სწორედ აქ დაამთავრა გიმნაზია, სანამ სასწავლებლად პეტერბურგში წავიდოდა. გამოფენის პარალელურად, ასევე გაიმართა მუსიკალური პერფორმანსი, სადაც რეზო კიკნაძემ მიხეილ კალატოზიშვილის ფილმი “ჯიმ შვანთე”, რომლის მხატვარიც დავითი გახლდათ, მუსიკალურად გააფორმა.

2013 წელს მოეწყო  უკვე დიდი გამოფენა, ესეც ჩვენი ფონდის ფარგლებში, “ცისფერ გალერეაში”, სადაც ორივე სართულზე, ყველა დარბაზში  იყო გამოფენილი ნამუშევრები. ერთ-ერთი ნამუშევარი, სარკეებიანი კოლაჟი, რომელიც ლისაბონში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, “ბერარდოში” მუდმივ ექსპოზიციაშია დაცული,  ამ გამოფენისთვის ჩამოვიტანეთ. ასევე, ყველა დარბაზს ჰქონდა საკუთარი ლოგო და ტექსტი, სადაც გაეცნობოდით ნებისმიერ მიმართულებას, რომელშიც დავითი მუშაობდა.

 

 

“ცისფერი გალერიის” გამოფენაზე ძალიან მცირე  გუნდმა ვიმუშავეთ: მე ვიყავი კურატორი, თეორიულ ნაწილში ქეთი კუნწურაშვილი იყო ჩართული და დიზაინერი გვყავდა დავით ჯანიაშვილი, ძალიან დაგვეხმარა მარინე მიზანდარი.

2014 წელს “სილქნეტის”, გიორგი რამიშვილისა და სახელმწიფოს თანადგომით, გამოფენა უკვე პარიზში, ძალიან პრესტიჟულ “მაიოლის” მუზეუმში გავაკეთეთ და მას “დაბრუნება” დავარქვით. გამოფენა გრძელდებოდა ხუთი თვე, წაღებული გვქონდა ორმოცი ნამუშევარი ჩვენი ოჯახის კოლექციიდან. ამ დროის განმავლობაში “მაიოლის” მუზეუმში პირველ და მეორე სართულზე ბორჯიას უძვირფასესი რენესანსის პერიოდის გამოფენა მიმდინარეობდა, სადაც წარმოდგენილი იყო მიქელანჯელოს, ტიციანის, კრანახის და სხვების  ნამუშევრები, მესამე სართულზე კი დავითის.

2017 წელს კი, კვლავ ფონდის სახელით, ისევ “ცისფერ გალერეაში” გვქონდა ამირ კაკაბაძის პერსონალური გამოფენა.

 

 

მოგვიყევი ფონდის შესახებ

როგორც გითხარით, ფონდი 2012 წელს ჩამოვაყალიბეთ და მისი მთავარი მიზანი კაკაბაძეების შემოქმედების მხარდაჭერაა.

ასევე ჩემთვის, როგორც თანამედროვე ხელოვნების მცოდნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია დავით კაკაბაძის შემოქმედების თანამედროვე ასპექტში განხილვა, სხვადასხვა პროექტების ხელშეწყობა და განხორციელება.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვითონ დავითს ჰქონდა თანამედროვე ხედვა და დღესაც ვფიქრობ, ის არ არის ამოვარდნილი თანამედროვე ხელოვნების კონტექსტიდან.

 

მარიამ, გარდა საქართველოს მუზეუმებისა, მსოფლიოში სად და რომელი მუზეუმების მუდმივ კოლექციებშია დავით კაკაბაძის ნამუშევრების ნახვა შესაძლებელი?

როგორც აღვნიშნე, ერთი ნამუშევარი – სარკეებიანი კოლაჟი ლისაბონში, ბერარდოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციაშია წარმოდგენილი.

ასევე ამერიკაში, იელის უნივერსიტეტის კოლექციაშია კაკაბაძის ცნობილი ნამუშევარი “განგმირული თევზი” ან “ზეტი”.

ჩვენ რამდენჯერმე მიმოწერაც გვქონდა მათთან, გვინდოდა გამოფენაზე ჩამოტანა, თუმცა სამწუხაროდ უარი მივიღეთ, რადგან ისინი არ რისკავენ მის ტრანსპორტირებას, რომ რამე არ დაუზიანდეს.

ეს ნამუშევარი შექმნილია 1921 წელს  და არასდროს ყოფილა საქართველოში, პირდაპირ პარიზიდან შეიძინა კატრინ დრაიერმა და წაიღო ამერიკაში.

 

 

იელის კოლექციაშია ასევე თექვსმეტი აკვარელი, ფერადი ნავების სერიიდან, ოღონდ არა ბრეტანის. ასევე ძალიან ბევრია კერძო კოლექციებში.

 

გაქვთ ინფორმაცია კერძო კოლექციებთან დაკავშირებით?

ზოგზე მაქვს, ზოგზე საერთოდ – არა. 2013 წლის გამოფენას რომ ვაწყობდით, მაშინ დავუკავშირდი რამდენიმე გალერისტს და ზოგიერთმა კოლექციონერმა კონფიდენციალურად მოინდომა მონაწილეობა მიეღო გამოფენაში და გვათხოვეს ნამუშევრები.

 

გვესაუბრე დავით კაკაბაძეზე. როგორც ხელოვნებათმცოდნემ გვითხარი, რომელი სერია მოგწონს ყველაზე მეტად?

მართალი გითხრათ, ცოტა მიჭირს მასზე პროფესიული კუთხით საუბარი, თან იმ პერიოდს, როდესაც დავითი მოღვაწეობდა, კარგად არ ვიცნობ. თუმცა, ამ ეპოქიდან მას ნამდვილად გამოვარჩევდი.

 

 

დავით კაკაბაძის შემოქმედების ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია, პარიზში გატარებული 8 წელი. რა თქმა უნდა, იმერეთსაც თავისი დატვირთვა აქვს, და ძალიან მიყვარს კოლაჟები ბავშვობიდან.

ვფიქრობ,  საინტერესოა 20-იანი წლების ინსტალაციები, როდესაც სტერეო აპარატზე მუშაობდა, ფოტოგრაფიით რომ იყო გატაცებული. სტერეო აპარატიდან რა ნაწილებიც დარჩა, იმას იყენებდა კოლაჟების ასაწყობად. ყველაზე მეტად, როგორც პროფესიონალი, მაინც პარიზის პერიოდს გამოვარჩევდი.

 

 

გვესაუბრე ფონდის სამომავლო გეგმებზე

2019 წელს დავით კაკაბაძის დაბადებიდან 130 წლის იუბილეა. დაგეგმილი გვაქვს გავაკეთოთ არასტანდარტული ღონისძიება და არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ აკადემიური გამოფენით. ძალიან მინდა ეს ყველაფერი დაკავშირებული იყოს თანამედროვე სივრცესთან, თანამედროვე ტექნოლოგიებთან და თანამედროვედ მოაზროვნე ხალხთან.

ეს არ იქნება ხელოვნურად დაკავშირებული ხიდი, რადგან ნამუშევრებიდანაც ნათლად ჩანს, რომ დავითი და მისი ნამუშევრები დღემდე თანამედროვეა.

სამომავლოდ ასევე ძალიან გვინდა ფონდს ჰქონდეს საკუთარი  სივრცე, სადაც მუდმივი ექსპოზიციის გარდა იქნება სხვადასხვა მოძრავი გამოფენა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო მიმართულება და ის მედიუმები, რომლებიც დღეს ძალიან აქტუალურია, მაგალითად – გრაფიკული დიზაინი.

 

არის რაიმე, რაც ფართო საზოგადოებამ არ იცის დავით კაკაბაძის შესახებ?

არ ვიცი, არა მგონია,  რაიმე იყოს ისეთი… თუმცა მაინც გეტყვით, რომ ფოტოგრაფიით გახლდათ გატაცებული. გარდა იმისა, რომ თვითონაც იღებდა და 1917 წელს ფოტოაპარატიც შეიძინა, პეტერბურგიდან რომ ჩამოვიდა, ჰქონდა  პროექტი, რომლის მიხედვითაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ დოკუმენტური ფილმი უნდა შეექმნა. რაც, რა თქმა უნდა, არ დაუშვეს, რადგან ხუროთმოძღვრების ძეგლებს ეხებოდა, რომელთა ნაწილი საბჭოთა პერიოდში გაანადგურეს და ნაწილი დარჩა როგორც  ფოტომასალა. საქართველოს მასშტაბით დადიოდა ფოტოკამერით და იღებდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, მათ დეტალებს და ორნამენტებს.


რეკომენდებული სტატიები
კარლო კაჭარავა დღეს

კარლო კაჭარავა დღეს

კარლო კაჭარავა დღეს
კარლო კაჭარავამ პირველმა დაიწყო დასავლური ხელოვნების და მასთან მიმართებაში ქართული ხელოვნების შესწავლა და კვლევა. მანვე განსაზღვრა თანამედროვე ქართული ხელოვნების ორიენტაციაც
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.