SIPA ფოტოკონკურსი
გააზიარე სტატია
სიენას საერთაშორისო ფოტოკონკურსის (SIPAContest) ისტორია 2015 წლიდან იწყება. მასში მონაწილეობენ როგორც პროფესიონალები, ასევე მოყვარულები და სტუდენტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ნამუშევრებს ცნობილი ფოტოგრაფები, გამომცემლები და თეორეტიკოსები აფასებენ.
წელს ჟიურიმ მსოფლიოს 156 ქვეყნის წარმომადგენლის 48 ათასამდე გამოსახულება გადაარჩია და საუკეთესონი გამოავლინა, რომელთა დაჯილდოება ქალაქ სიენის ძველ თეატრში (Teatro dei Rozzi) გაიმართება.
წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო ნამუშევარს.
- კონკურსის მთავარი პრიზი გადაეცა და „წლის ფოტოგრაფის“ სტატუსი მიენიჭა ბანგლადეშელ ავტორს კ.მ. ასადს ნამუშევრისათვის „ომის მსხვერპლი“. გოგონას პორტრეტი მან ბანგლადეშში, დევნილთა ბანაკში გადაიღო. გოგონას და მის ოჯახს, რომლებიც მუსულმანი როჰინჯას ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენენ, მიანმადან გაქცევა მოუხდათ. 2016 წლიდან დღემდე მიანმას პოლიცია და სამხედრო ძალები ავიწროებენ ქვეყნის ჩრდილოეთში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობას, რომელთაც 2016 წელს სასაზღვრო ბლოკპოსტზე თავდასხმის ფაქტებში ადანაშაულებენ. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ქვეყნის ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა მასშტაბურ დარღვევებზე საუბრობენ. მათ შორის, სიკვდილით დასჯის ფაქტებზე, ჯგუფური გაუპატიურების შემთხვევებზე, დასახლებული პუნქტების გადაწვასა და ბავშვების მკვლელობებზე. ბოლო ინფორმაციით, მიანმას დატოვება მილიონამდე მუსულმან როჰინჯას მოუხდა.
- კატეგორიაში „საოცარი სახეები და პერსონაჟები“ გაიმარჯვა ფოტოგრაფმა დევიდ ნამ ლიმ ლიმ. მან პატარა ბიჭის პორტრეტი, რომელიც სურის ტომის წარმომადგენელია, ეთიოპიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში გადაიღო. ტომი ჩაკეტილი ცხოვრების წესით ცხოვრობს და მაქსიმალურად გაურბის კომუნიკაციას დანარჩენ სამყაროსთან.
- „სათამაშო აგარაკები“ – ასე ჰქვია მოსკოველი ფოტოგრაფის, ფიოდორ სავინცევის ნამუშევარს, რომელმაც გაიმარჯვა კატეგორიაში „არქიტექტურა და ურბანული სივრცეები“. ფოტოზე გამოსახულია არხანგელსკის შემოგარენი.
- ვულკანის ამოფრქვევა ინდონეზიის კუნძულ იავაზე. ავტორი რიკშა დევანტარა. კატეგორია „მოგზაურობა და თავგადასავლები“.
- ინდური დღესასწაულის – ჰოლის ამსახველი კადრი. ავტორი ანურაგ კუმარი
- ფეხბურთის მოედანი ჰენინგსგვერში – მეთევზეთა პატარა სოფელში, ლოფოტენის კუნძულზე, ნორვეგია. ავტორი მიშა დე-სტროიევი.
- კუნძული პლენო – ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი ადგილია ანტარქტიდაში. ფოტოზე ასახულია ზღვის ლეოპარდის ნადირობა პინგვინზე. ავტორი ამოს ნაჰუმი. კატეგორია „ცხოველები მათ საცხოვრებელ გარემოში“
- კატეგორიაში „ცხოველები მათ საცხოვრებელ გარემოში“ მეორე ადგილი დაიკავა იტალიელმა მარკო გაიოტტიმ. მან სუმატრას ეროვნულ პარკში ორანგუტანგის გადაღება მოახერხა. ავტორის თქმით, სუმატრაზე მაიმუნებისთვის სულ უფრო ნაკლები სივრცე რჩება, რადგან პალმის ზეთის მოპოვების მიზნით ხეები მასიურად ნადგურდება.
- „მცურავი ბაზარი“. ავტორი სინა ფოლკერი. ფოტო გადაღებულია ინდონეზიაში. ლოკ ბაინტანის ბაზარი ერთ-ერთი უძველესია აზიაში და უნიკალურია იმით, რომ უკვე საუკუნეებია, რაც ადამიანები ტრადიციული ნავებით ვაჭრობენ.
- კატეგორიაში „ბუნების სილამაზე“ გაიმარჯვა ჩილელმა ფრანცისკო ნეგრონიმ. მან ვულკანი კალბუკოს ამოფრქვევა გადაიღო.
- „ყოველ ამოსუნთქვაზე“. ავტორი კლაუს ლენცენი. ფოტო გადაღებულია დიუსელდორფში, ტრიათლონისტების შეჯიბრებისას.
- კაბარე „ტროპიკანას“ მოცეკვავე ბებიასთან ერთად. ჰავანა, კუბა. ავტორი კატინკა ჰერბერტი
- „ნათლობა იორდანეში“. ავტორი აბირ სულთანი