ახალი გამოფენა Modern Madonnas – როგორ გვესმის თანამედროვე ხელოვნება დღეს


გააზიარე სტატია


 

4 დეკემბერს გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში კოკა ვაშაკიძის პერსონალური გამოფენა Modern Madonnas გაიხსნება. გამოფენა 11 დეკემბრამდე გაგრძელდება. გამოფენის კოორდინატორი ხელოვნების მკვლევარი ნიკა ნადირაშვილია.

ნიკა და კოკა დაახლოებით ერთი წელია გამოფენაზე მუშაობენ. პროექტის ავტორი კოკაა, რომელმაც ნიკას შესთავაზა ერთობლივი გამოფენის მოწყობა. კოკა ამ გამოფენაზე წარმოდგენილია არა მხოლოდ როგორც ხელოვანი, არამედ ჩართულია ექსპოზიციის აწყობაშიც, რის გამოც ნიკამ გადაწყვიტა, რომ თავს გამოფენის კოორდინატორი უწოდოს და არა კურატორი.

 

 

გამოფენაზე წარმოდგენილია თხუთმეტი ნამუშევარი, კოკა ვაშაკიძის ფოტოები, სადაც თანამედროვე ღვთისმშობლის იკონოგრაფიები სხვადასხვა ურბანულ გარემოშია გამოფენილი და ეს ყველაფერი იმდენად ბუნებრივი და ყოველდღიურია, რომ შეიძლება გამოფენა ეპატაჟურიც კი მოგეჩვენოთ, რადგან პარალელის გავლება ღვთისმშობელსა და ქუჩაში, ჩვილთან ერთად მოწყალების სათხოვნელად გამოსულ ადამიანს შორის შეიძლება უხერხულადაც ჩათვალოთ.

 

 

ნიკა ნადირაშვილი: როდესაც პროფესიაზე მეკითხებიან, მაბნევს ეს კითხვა, არ ვიცი, რა ვუპასუხო ხოლმე, თუმცა ახლა ვფიქრობ, ჩემს პროფესიას კარგი ფორმულირება მოვუძებნე  – ხელოვნების მკვლევარი. როდესაც ამბობ, რომ ხარ ხელოვნების კრიტიკოსი, ვფიქრობ, დღევანდელ საქართველოში ეს რაღაც უფრო ნეგატიურთან ასოცირდება, თითქოს რაღაცას უარყოფ. . ამიტომ, ასე არ ვუწოდებ ჩემს თავს; ასევე არ ვამბობ, რომ ვარ ხელოვნების ისტორიკოსი, რადგან ეს პროფესია უამრავი  ფაქტის ცოდნას მოითხოვს, რაც, ჩემი აზრით,  სრულყოფილად არ ვიცი.  ამიტომ ვიტყვი, რომ კულტურის  მკვლევარი ვარ, ეს რაღაცით თავის დაზღვევა და გამართლებაცაა.

 

ნიკა, გვესაუბრე გამოფენის კონტექსტზე და მისი მომზადების პროცესზე

 

პირველ რიგში ეს  კოკა ვაშაკიძის საავტორო პროექტია, შესაბამისად ამ გამოფენაზე მხოლოდ ერთი ხელოვანი გამოიფინება. ამ პროექტის მხატვრული მხარე არ არის მხოლოდ ფოტოების გადაღება, ექსპოზიციის აწყობა იგივე სირთულის მხატვრული სამუშაოა, რასაც თავად კოკა აკეთებს. მე ჩართული ვარ უფრო კვლევით მიმართულებაში. აქ   ნახავთ პუბლიკაციას გამოფენის შესახებ, ღვთისმშობლის იკონოგრაფიაზე, რომელიც მე მოვამზადე.

შარშან, დეკემბერში შევხვდით მე და კოკა ერთმანეთს და გამიზიარა თავისი იდეები, ძირითადად სოციალური თემატიკის, რომლებიც ძალიან საინტერესო იყო. Modern Madonnas-ის იდეა, რომელზეც თვითონ ბევრი წელია უკვე მუშაობს,   განსაკუთრებით მომეწონა და მაშინვე დავინახე ამ პროექტის თავიც, ბოლოც, როგორ განხორციელდებოდა ვიზუალურად ან ვინ დაგვეხმარებოდა დაფინანსების მხრივ. ვფიქრობ, თემა ძალიან აქტუალური და საინტერესოა.

ეს პროექტი თავიდანვე ორი მიმართულებით მიმდინარეობდა, ერთი იყო ხელოვნების განზომილება, მეორე სოციალური. საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანია ორივე საკითხზე ღიად საუბარი, და ხელოვნების მიმართულებას თუ გადავხედავთ, გამოფენის სახელი – Modern Madonnas –  პირდაპირ კავშირშია ღვთისმშობლის იკონოგრაფიასთან.

კვლევის კონტექსტს რაც შეეხება, ჩემი მიზანი იყო, გამერკვია და მიმოხილვა გამეკეთებინა, როგორ ტრანსფორმირდა ღვთისმშობლის, ან დედის და შვილის ერთარსობის იდეა საუკუნეების განმავლობაში და საბოლოოდ დაგვესვა კითხვა, რამდენად ადეკვატურია, მოწყალების მთხოვნელები რომ შევადაროთ არა უშუალოდ ღვთისმშობელს, არამედ ღვთისმშობლის იდეას. ამ კითხვაზე, ბუნებრივია, პასუხი არ გვაქვს გაცემული და მნიშვნელოვანია, რომ  პასუხს ყველა დამთვალიერებელი თავისებურად გასცემს. ზოგმა შეიძლება ჩათვალოს, რომ საკითხი უტრირებულია.

 

 

ნიკა, რამდენად პასუხობს გამოფენა Modern Madonnas თანამედროვე ხელოვნების გამოწვევებს და რა ხდება დღეს ქართულ თანამედროვე ხელოვნებაში

 

საპროექტო განაცხადში ჩვენ გვეწერა, რომ საზღვარგარეთ არაერთი მაგალითია, როდესაც რელიგიური ხელოვნება ან ქრისტიანული რელიგიის ფორმები საკმაოდ კარგად არის ინტეგრირებული თანამედროვე სივრცეში და არაერთი მაგალითი გვაქვს დასავლეთიდან: ეკლესიები, ძირითადად პროტესტანტული,  იხურება და იქ იხსნება თანამედროვე ხელოვნების სივრცე. ან მეორე მაგალითი, როდესაც თანამედროვე ხელოვანები რელიგიურ მოტივებს იყენებენ. საქართველოშიც გვაქვს მსგავსი ტენდენცია, მაგალითად, სალომე ჯოხაძის ხატები, ან როკო ირემაშვილის ინსტალაციები… თუმცა, როდესაც ამ პროექტზე ვმუშაობდით, ჩავთვალეთ, რომ ჩვენი პროექტით ამ ხაზის გაძლიერებაც შეგვეძლო, ასე ვთქვათ, გამოფენა ჰარმონიულად ჯდება მსოფლიო თანამედროვე ხელოვნების ტენდენციებში.

 

კოკა, საიდან გაგიჩნდათ გამოფენის  – Modern Madonnas-ს იდეა

 

ერთი მხრივ, ჩვენ ყველას ხომ ხშირად გვესმის, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ. და თითქოს ღვთისმშობელი ჩვენთვის ძალიან ლოკალურია, თუმცა მეორე მხრივ ყველა ჩვენი ქმედება მისი საპირისპიროა. ქუჩაში სხედან ბავშვები და დედები, რომლებიც ღვთისმშობლის სახეები არიან და მოძრავ ხატებსაც კი გვანან, ხოლო საზოგადოება, იმის მაგივრად, რომ მოუაროს მათ, რაღაც გუმბათების და ოქროს ტაძრების შენებით არის დაკავებული. პრინციპში ეს არ არის ლოკალური პრობლემა და ნამდვილად გლობალურია, ამ ურბანული ხატების ნახვა მთელ მსოფლიოშია შესაძლებელი. რელიგია, რომლისაც ასე გვჯერა და ასე გვწამს, ამდენი წელია ასე ვუვლით, ოქროს კოშკებს ვუგებთ და ყველაფერი მასზე გვაქვს დაფუძნებული, სინამდვილეში რა მდგომარეობაშია და შეიძლება ეს “ხატები”, ქალები ბავშვებით, ნამდვილი,  განსხეულებული, ვიზუალური თარგმანი იყოს იმის, რაც ხდება რეალურად.

 

როგორი იყო ფოტოების გადაღების პროცესი

 

პრაქტიკულად, ყველა კადრი ბევრი სიარულის შედეგია და, რა თქმა უნდა, ყველა მათგანი შემთხვევითია. ვცდილობ, კამერა სულ თან მქონდეს, თუმცა ხანდახან მრჩება ხოლმე. როდესაც რაღაც საინტერესო გამოსახულება მხვდებოდა, მივდიოდი და უფლებას ვიღებდი ამ ადამიანისგან, ვუყვებოდი პროექტის შესახებ, ძირითადად მაინც სოციალური მუშაკი ვეგონე უმეტესობას – ეშინოდათ, არ უნდოდათ არავითარი კონტაქტის დამყარება, ფულიც შემითავაზებია გადაღების სანაცვლოდ და მაინც უარი უთქვამთ. ძალიან ბევრი, პირიქით, ინტერესით მისმენდა, გავიცანი და დღემდე მოკითხვის დონეზე ვიცნობ.

 

კოკა, ამ გამოფენის მიღმა, გვესაუბრეთ თქვენს ხელოვნებაზე, ვიცით, რომ სხვადასხვა მედიუმში მუშაობთ, სად გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად

 

OXYGEN-ზე წარმოდგენილი მქონდა ჩემი პროექტი – “არგონავტის დღიური”, რომელიც სხვადასხვა სათამაშო სახლებში შეგროვებული ჩანაწერების და ჩანახატებისგან შედგება. აქ უამრავი ხალხი დადის, ხშირად წლობით ერთი და იგივე ხალხი ერთ ადგილას იკრიბება, თუმცა ერთმანეთთან არავითარი კომუნიკაცია არ აქვთ. კალამი და ფურცელი იქ ჩვეულებრივი ამბავია, ყველა მაგიდაზე დევს და ფსონის გაკეთების შემდეგ, როდესაც მოლოდინის რეჟიმში არიან, იწყებენ ხატვას. შეიძლება რამე აბსტრაქტული დახატონ, შეიძლება პირიქით, კონკრეტული, მაგალითად, ტელეფონი ან მანქანა.

 

 

კიდევ ასეთი პროექტი მქონდა: ადამიანები მოსაწევს რომ ეწევიან, მუყაოსგან უკეთებენ ფილტრს და ამის შემდეგ იწყებენ მოწევას. მგონია, რომ საერთო ღერის მოწევისას, რაღაც საერთო აზრის ქვეშ ერთიანდებიან ადამიანები, თუმცა ყველა თავისებურად იქცევა. ბევრი მნიშვნელოვანი მომენტია, რომელთა გადმოცემაც ძალიან რთულია, თუნდაც მათი ვიდეოზე გადაღება – ზოგი ნერვიულობს, ზოგიც პირიქით, ყველას თავისი ფიქრები აქვს, რაღაც ფსიქოლოგიური კავშირები ყალიბდება.  ამ სიტუაციის თარგმანის ფორმა აღმოვაჩინე – ყველა ადამიანი სხვადასხვა ძალით ექაჩება (ნაფაზს არტყამს), რაც ფსიქოტიპთან არის უშუალო კავშირში – ფილტრზე რჩება ნაფაზის ცეცხლის სიმხურვალე, სხვადასხვა ინტენსივობა სხვადასხვა გამოსახულებას ტოვებს. შევაგროვე ამის 80 სხვადასხვა მაგალითი, რამაც შესაძლებლობა მომცა ამ ურთიერთობების სისტემატიზაცია მომეხდინა, კარტოთეკა დავარქვი. ეს გამოფენა არტარეას გალერეაში იყო წარმოდგენილი.

 

 

ყველაზე მეტად ახლა რასაც ვაკეთებ იმის კეთება მომწონს – იდეებისთვის ვიზუალური განსხეულებების მოძებნა და მერე ამათი საზოგადოებამდე მოტანა. ასევე მათი კვლევა, რა მოხდა ან რატომ მოხდა, ერთ ფორმამდე დაყვანა და შემდეგ საკითხის ამ ფორმით გაზიარება.

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.