fbpx

„საბურთალო“ ჩემპიონია!


გააზიარე სტატია

 

 

ავტორი: აჩიკო  ბენაშვილი

ვინ იფიქრებდა შორეულ 1999 წელს, რომ დაარსებიდან 19 წლის შემდეგ, „საბურთალო“ საქართველოს საუკეთესო გუნდი და ქვეყნის საფეხბურთო ისტორიაში მეცხრე ჩემპიონი გახდებოდა…

ტრიუმფალური სვლა იოსებიძის ქუჩაზე, 161-ე სკოლის ეზოში მდებარე ერთი მცირე ზომის მოედნით დაიწყო, სადაც დღესდღეობით „საბურთალოს“ სხვადასხვა ასაკის  ჯგუფები ინტენსიურად ვარჯიშობენ, ხოლო 2006 და 2008 წელს დაბადებული ბიჭები კი ამ ორიოდე კვირის წინ ქვეყნის ელიტ ლიგის გამარჯვებულები გახდნენ, დაულოცეს რა უფროსებს გზა ჩემპიონობისკენ ეროვნული პირველობის  დასრულებამდე სამი ტურით ადრე, საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბ თბილისის „დინამოსთან“ შეხვედრაში.

გავიხსენოთ, შარშან ინგლისის პრემიერ ლიგაში, ანალოგიური დატვირთვის მატჩში, როგორ ჩაუშალა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ თანაქალაქურ „სიტის“ ოფიციალური გაჩემპიონება, რომელიც პეპ გვარდიოლას გუნდს ლამის იანვრიდან ჰქონდა განაღდებული.

ასეთი ფსიქოლოგიური დარტყმები კი ყოველთვის მოქმედებს გუნდზე, რადგან ფეხბურთს განა მილიონერი რობოტები, არამედ ჩვეულებრივი ადამიანები თამაშობენ თავიანთი ემოციებით, ტკივილებით და გრძნობებით…

ქვეყნის ახალბედა ჩემპიონ „საბურთალოსთვის“ კი გაცილებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თბილისის „დინამოსთან“ მოპოვებულ ტიტულს, თორემ დარჩენილ სამ მატჩში, გათამაშების პირველივე ტურში დაწინაურებული გუნდი, ჩემპიონობას მაინც არ დაუთმობდა მეტოქეს, რომელთანაც სეზონში სამი შეხვედრა მოიგო და მხოლოდ ერთში დამარცხდა.

 

 

სწორედ ამ მხრივ არის განსაკუთრებით დასაფასებელი უფროსი მწვრთნელის, გიორგი ჭიაბრიშვილის ღვაწლი, რომელმაც შესანიშნავი ფსიქოლოგიური ფონი შექმნა გუნდში. რაც მთავარია, “საბურთალომ“ სეზონის პირველივე ტურიდან ირწმუნა, რომ ჩემპიონობა შესაძლებელია.

მართალია, ამას ხმამაღლა გარეთ არავინ ამბობდა, მაგრამ გამოწვევა კლუბმა თავის კონკურენტებს პირველივე ტურიდან, სატურნირო ცხრილის გაანალიზებით შესთავაზა.

როგორც ვხედავთ, საკმაოდ მყარი ფუნდამენტით დახვდა „საბურთალო“ 2018 წლის სეზონს. მაგრამ რის ხარჯზე უნდა მომხდარიყო ეს, როდესაც კლუბმა შარშანდელი პირველობა მეოთხე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონატის დაწყების წინ გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა და კაპიტანმა გიორგი ხარაიშვილმა შვედეთის „გიოტებორგში“ გაიკვალა გზა?

მეტიც, 2015 წლიდან მოყოლებული, უმაღლეს ლიგაში ზედიზედ ჩატარებული სეზონების მიუხედავად, „საბურთალო“ საპრიზო სამეულშიც არ მოხვედრილა.

მიუხედავად ამისა, ამ წლების მანძილზე კლუბმა საქართველოს ჯიმი ტაბიძის, გიორგი თევზაძის, გიორგი ქოჩორაშვილის, ლაშა დვალის, ლაშა ფარუნაშვილის, დავით ხოჭოლავას, ვაკო ყაზაიშვილის, გიორგი ჭანტურიას დარი, შესანიშნავი ფეხბურთელები შესძინა.

გუნდი ერთი ოჯახივითაა, რადგან ყველა „საბურთალოელია“ – 7 წლის ნორჩი   ფეხბურთელით და მისი მშობლით დაწყებული, ძირითადი მოთამაშით თუ კლუბის პერსონალის რომელიმე წარმომადგენლით დამთავრებული.

ამის შესანიშნავი მაგალითი იყო თბილისის „დინამოსთან“ საჩემპიონო შეხვედრაში „საბურთალოს“ აღსაზრდელებით გავსებული მიხეილ მესხის სტადიონის ტრიბუნები, მთელი მატჩის განმავლობაში მომავალ საბურთალოელთა გამამხნევებელი შეძახილები და მატჩის შემდგომი საბავშვო ფოტოსესიები ჩემპიონებთან…

 

 

სწორედ რომ უმაღლეს დონეზე აწყობილი აღმზრდელობითი მუშაობა იქცა ზემოთ ხსენებული მყარი ფუნდამენტის მიზეზად, რადგან 2010 წლიდან მოყოლებული, წელიწადი ისე არ გავიდოდა, რომ „საბურთალოს“ რაიმე ნომინაციაში არ გაემარჯვა – წლის საუკეთესო საფეხბურთო სკოლით თუ საუკეთესო მწვრთნელით დაწყებული, რომელიმე ასაკოვან ჯგუფში საუკეთესო გუნდის ტიტულის მოპოვებით დამთავრებული.  

დღევანდელი „საბურთალო“ შემტევი ფეხბურთის მიმდევარია და ამიტომ მისი თამაში სანახობრივი თვალსაზრისით ყოველთვის გამორჩეულია. ტაქტიკურ მონახაზში შესანიშნავადაა შერწყმული ინდივიდუალური ქმედებები გუნდურ თამაშთან და აქედან გამომდინარე, „საბურთალოს“ მისთვის სასურველ რიტმში თამაშის ტემპის ცვლის განსაკუთრებული უნარი გააჩნია.

შედეგად კი მიმდინარე ჩემპიონატში მეტოქეს, არაერთგზის არაქათგამოცლილს, დაუტოვებია ხოლმე მინდორი მასთან შეხვედრაში.

ძალიან ძნელია საჩემპიონო რბოლაში რომელიმე ფეხბურთელის გამორჩევა, მაგრამ თუნდაც ჩატარებული მატჩების რაოდენობიდან გამომდინარე, არ შეიძლება არ აღინიშნოს მეკარე ლაზარე კუპატაძის, მცველ გაგი მარგველაშვილის, თბილისის „ლოკომოტივიდან“ სეზონის დასაწყისში გადმოსული ენერგიული გიორგი რეხვიაშვილის, ნახევარმცველების – გეგა დიასამიძის, თორნიკე გორგიაშვილის, ლეგიონერ ვაგნერ გონსალვესის, ფორვარდ გიორგი კოხრეიძის წვლილი.

 

 

სეზონი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ “საბურთალომ” ორივე ძირითად მეტოქესთან – როგორც თბილისის „დინამოსთან“, ასევე ქუთაისის „ტორპედოსთან“ – პირადი ანგარიშსწორება დადებითი ბალანსით დაასრულა.   

მაგრამ ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი ტრადიციულად ევროპისკენ იცქირება. ქვეყნის მეცხრე ჩემპიონს კი დღევანდელი გადასახედით, ევროპულ სარბიელზე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებით გამოსვლის საკმაოდ კარგი შანსი შეიძლება აღმოაჩნდეს.

შემდგომი ოპტიმიზმის საფუძველი კი ისაა, რომ კლუბი სავარაუდოდ მოთამაშეების ძირითად ბირთვს შეინარჩუნებს და გაძლიერებაზეც იზრუნებს. თანაც,  „საბურთალოს“ გაჩემპიონებას ორი დღის შემდეგ, 2006 და 2008 წელს დაბადებულთა მსგავსად, 2004 წელს დაბადებული ბიჭებიც გამოეხმაურნენ, რომელთაც ასევე გაიმარჯვეს ელიტ ლიგაში, ხოლო 19 წლამდელები კი მესამე საპრიზო ადგილს დასჯერდნენ.

 


რეკომენდებული სტატიები
ესპანეთის ლა ლიგის საოცრებები

ესპანეთის ლა ლიგის საოცრებები

ესპანეთის ლა ლიგის საოცრებები
წლევანდელი ესპანეთის ჩემპიონატი რომ განსაკუთრებულია, ამას დიდი დაკვირვება არ სჭირდება. საკმარისია, მხოლოდ სატურნირო ცხრილში ჩახედვა და იმ სენსაციების დათვლა, რომელთა რიცხვი 2-3 სხვა ჩემპიონატსაც დააკმაყოფილებდა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.