fbpx

„სინესთეზია“ – პერფორმანსი რუსთაველის თეატრის მიწისქვეშა გვირაბში


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ხათუნა ხაბულიანი

ფოტო: გიორგი მელაძე

რუსთაველის თეატრის ჰოლში თანამედროვე მხატვრობა აგრძელებს ქართველი მოდერნისტების მიერ  საუკუნის წინ დაწყებულ პროექტს. ახალი ნამუშევარი ლევან სონღულაშვილს ეკუთვნის და ის 2018 წლის 26 ნოემბერს ახალი ქიმერიონის”  სივრცეში განხორციელებული პერფორმანსის შედეგად მიღებული არტეფაქტია.

პერფორმანსი სათაურით „სინესთეზია“  ბგერისა და გამოსახულების ურთიერთობის ისტორიული იდეის თანამედროვე განვითარებად შეიძლება ჩაითვალოს, რამდენადაც ფერთა თეორიის ყველა აქამდე არსებულ ვერსიაში არის საუბარი მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების სინთეზის შესახებ.

მოდერნისტული ხელოვნებისთვის ეს თემა ერთ-ერთ ცენტრალური მოტივია, – ვასილი კანდინსკის თეორიული ნაშრომი „სულიერების შესახებ ხელოვნებაში“ სწორედ მუსიკალური აკორდების ტილოზე გადმოცემის ექსპერიმენტებს ეხება და ამავე დროს საფუძველს უყრის აბსტრაქტულ მხატვრობას.

 

 

კანდინსკი ასევე ავტორი იყო სცენარებისა, რომელთა სათაურები ასე ჟღერდა: „ყვითელი ხმა“, „მწვანე ხმა“ და ა.შ.  განსაკუთრებულია მისი გამოცდილება სინესთეზიის ფენომენის კვლევასა და აღწერაში, რაც იმ მდგომარეობას ეხება, როცა აღქმა ერთდროულად შეითავსებს სხვადასხვა შეგრძნებებს, მაგალითად, გემო შეიძლება იყოს ლურჯი, ან ზარის ხმას ჰქონდეს თავისი ფერი: – „ჩვენი სმენა ფერების მიმართ ზედმიწევნით ზუსტია… ფერი – ეს არის საშუალება, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს სულზე. ფერი კლავიატურაა, თვალი – კლავიში. სული მრავალსიმიანი პიანინოა, რომელიც სულისავე ვიბრაციებს იწვევს ამა თუ იმ სანოტო გასაღების მეშვეობით…“

ზოგადად მოდერნისტული ძიებების თემა (მუსიკისა და მხატვრობის სინთეზი) და ქართულ მოდერნისტულ მხატვრობასთან დაკავშირებული ისტორიული ადგილი (კაფე “ქიმერიონი”) სრულიად საკმარისი პირობაა ისეთი მასშტაბური, მულტიმედიური პროექტის ინსპირაციისთვის, როგორიც ლევან სონღულაშვილის „სინესთეზია“ იყო.

Yesterday was held “SYNESTHESIA” at the Rustaveli Theatre underground space – New Kimerioni – a creative performance that united music and visual art.Big thanks to all of the perfomers for brilliant work: Levan Songulashvili, Giorgi Zagareli, Alexandre Kordzaia (Kordz), Sandro Chinchaladze (TeTe Noise). Performance lasted for four hours and was created a monumental artwork (2x2m), that will stay at the Rustaveli Theatre hall. The project was supported by E R T I#levansongulashvili#styx#kordz#zagareli#tetenouse#synesthesia#rustavelitheatre#performance#contemporaryart#tbilisi

Gepostet von ERTI Gallery am Dienstag, 27. November 2018

 

ინიციატორებისა და მხარდამჭერების – “ახალი ქიმერიონისა” და გალერეა “ერთის”თანამშრომლობაც საზიარო ხედვებსა და პოზიციებზე აიგო, რომლის პირველი შედეგიც აქ ხსენებული პერფორმანსია. გალერეა “ერთი” მუდმივად მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებში და პოპულარიზაციას უწევს თანამედროვე ქართველ ხელოვანებს, მის სივრცეში 2018 წლის მაისში განხორციელდა ლევან სონღულაშვილის მულტიმედიური გამოფენა „სტიქსი“. “ახალი ქიმერიონი” კი რუსთაველის თეატრის სარდაფში ახლად გახსნილი სახელოვნებო სივრცეა, რომლის ინიციატორები –  თათა პოპიაშვილი და ნუცა ქირიკაშვილი ამბობენ, რომ ეს იქნება სივრცე, სადაც გაგრძელდება მოდერნისტული ტრადიცია და ახალგაზრდა ხელოვანებს – მხატვრებს, მუსიკოსებს, რეჟისორებსა თუ მსახიობებს ექნებათ შესაძლებლობა ერთმანეთს შეხვდნენ და ერთად იმუშაონ. ეს ორი ორგანიზაცია თავისთავად სასიამოვნო სიახლეა ქართული არტ სივრცისთვის და მათი თანამშრომლობაც ასევე იმედის მომცემი ამბავია.

 

 

რაც შეეხება უშუალოდ პროექტს, ანუ პერფორმანსს  სათაურით – „სინესთეზია“, – ის ოთხი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა “ახალი ქიმერიონის”  სივრცეში – რუსთაველის თეატრის შენობის მიწისქვეშა სართულზე მდებარე გვირაბში. ლევან სონღულაშვილი მუშაობდა დიდ ტილოზე ხმოვანი იმპროვიზაციების პარალელურად, რომელსაც მონაწილე მუსიკოსები – სანდრო ჩინჩალაძე (TETE NOISE), ალექსანდრე კორძაია (KORDZ), გიორგი ცაგარელი (ZAGARELI) –  იქვე ქმნიდნენ. პერფორმანსს თავისი აუდიტორია ჰყავდა თეატრის მცირე დარბაზში შეკრებილი დამსწრეების სახით, რომლებიც ლაივ პროექციას ადევნებდნენ თვალს. ისინი, ვინც პერფორმანსის დასასრულამდე დარჩა, გვირაბში მიიწვიეს და იმპროვიზაციის ნაწილად იქცნენ.

პერფორმანსში მხატვრისა და მუსიკოსების თანამშრომლობის მიზანი მათი შემოქმედებით ველში შეხვედრა, პარალელური დინებების ერთ სივრცეში თავმოყრა იყო, სადაც არ არსებობდა დაწერილი სცენარი, იყო მხოლოდ შეთანხმება ამოცანაზე, რომლის გააზრება მოსამზადებელ პერიოდში ხდებოდა.

 

 

„პროექტის დაწყებამდე მუსიკოსებს ვხვდებოდი, ერთმანეთთან ვსაუბრობდით როგორც ვერბალური, ისე მუსიკალური თუ ვიზუალური ენით. სანამ უშუალოდ შემოქმედებით პროცესზე გადავიდოდით, აუცილებელი იყო ერთმანეთის უკეთ გაცნობა, იდეების გაცვლა, ხედვების გაზიარება და საერთო ხაზის მონახვა, რაც ოთხ, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ინდივიდს გაგვაერთიანებდა,“ – ამბობს ლევან სონღულაშვილი.

ხელოვანთა თანამშრომლობა არ იყო მიმართული შედეგზე, თითოეული მათგანისთვის საინტერესო თვითონ პროცესი და გამოცდილების შესაძლებლობა აღმოჩნდა.  ლევან სონღულაშვილის აზრით, ამ იდეას საუკეთესო ფორმით იტალო კალვინო გამოთქვამს: “ხელოვნება იმით არის მნიშვნელოვანი, რომ მასზე სასიცოცხლო ენერგია იხარჯება, და არა იმ შედეგით, რომელსაც მისგან მოველით”.

 

 

თუმცა, შედეგი მხატვრის შემთხვევაში განსხვავებულია მუსიკალური მოცემულობისგან,  მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერი, როგორც მოვლენის დოკუმენტაცია, არსებობს და ყოველთვის შეიძლება მისი ნახვა/მოსმენა. ლევან სონღულაშვილის ტილო, რომელზეც მან მუშაობა პერფორმანსის დროს დაიწყო და რომელზეც დასაწყისში მხოლოდ რამდენიმე პირობითი აბსტრაქტული ლაქა არსებობდა, ოთხი საათის შემდეგ გამოსახულებად გადაიქცა და მუსიკალური იმპროვიზაციებისაგან განსხვავებით მატერიალური ობიექტის სახე მიიღო. თუმცა, რაც მასზეა ასახული, რა თქმა უნდა, შორდება მატერიალური სამყაროს საზღვრებს და აგრძელებს ამ მხატვრის ძიებების ერთ-ერთ ძირითად თემას – სიცოცხლის მრავალშრიანობის, მისი მუდმივი ცვალებადობისა და ფორმადქმნადობის უწყვეტ ნაკადს, რომელიც რამდენიმე თვის წინ რთული სტრუქტურის ინსტალაციაში წარმოადგინა გალერეა “ერთის” სივრცეში.

 

 

მთავარი მეტაფორა იქ მედუზა იყო, – ლევან სონღულაშვილის საყვარელი თემა, რომლისადმი ინტერესი მან 2016 წელს ჟურნალ “ინდიგოსთვის” მიცემულ ინტერვიუში განმარტა: – „Turritopsis Nutricula – უკვდავი მედუზა ჰიბრიდია, ერთადერთი ორგანიზმი, რომელსაც რეგენერაციისა და გაახალგაზრდავების უნარი აქვს. მედუზა ფორმას მხოლოდ რამდენიმე თვე ინარჩუნებს, სანამ კვლავ პოლიპის მდგომარეობას არ დაუბრუნდება. ეს ციკლი უსასრულოდ გრძელდება ოკეანის სიღრმეში, მარადისობაში, სადაც კაშკაშა უჯრედები წყვდიადს ანათებენ.“

ტილო, რომელიც პერფორმანს „სინესთეზიის“ დროს შეიქმნა, დიდი ზომისაა  (260X200) და მასში ლევან სონღულაშვილის სახასიათო საავტორო სტილი სრულად შენარჩუნებულია. ეს არის ძირითადად შავ-თეთრის ურთიერთობით განსაზღვრული აბსტრაქცია, რომლის ძლიერ დინამიკაში  ჩართულია ფიგურალური მოტივები.

ამ დეტალების გაერთიანებით მიღებული ექსპრესიულობა განსაზღვრავს ლევან სონღულაშვილის, როგორც მხატვრის, სტილს, რომელსაც კიდევ რამდენიმე მახასიათებელი აქვს: პირველ რიგში, ეს არის ფერწერისა და გრაფიკის თანაბარუფლებიანი თანამშრომლობა, სადაც ისინი ერთიანდებიან მთავარი იდეის გადმოსაცემად და ძალიან ეფექტურ გამოსახულებას ქმნიან, – განზოგადებული, ტონირებული მრავალშრიანი მოცულობები და ძაფისებური „აგრესიული ნაკაწრები“, რომელთა სინთეზი უცხო, ამოუცნობი ორგანიზმის ეფექტს ქმნის.

ეს განწყობა თავის მხრივ მომავლის სურათების წარმოდგენას გულისხმობს და თავად ლევან სონღულაშვილი „სინესთეზიაზე“ საუბარში აქცენტს აკეთებს თანამედროვე სამყაროს ტექნოლოგიურ საშუალებებზე, რაც აღქმის ველს განსაკუთრებით აფართოებს და ამდიდრებს, თუმცა, მას თავისი პრობლემატიკა მოაქვს შეკითხვით: – „სად არის ზღვარი რეალურ მოვლენასა და სიმულაციას შორის?“

 


რეკომენდებული სტატიები
ახალი გამოფენა Modern Madonnas - როგორ გვესმის თანამედროვე ხელოვნება დღეს

ახალი გამოფენა Modern Madonnas - როგორ გვესმის თანამედროვე ხელოვნება დღეს

ახალი გამოფენა Modern Madonnas - როგორ გვესმის თანამედროვე ხელოვნება დღეს
გამოფენაზე წარმოდგენილი სერიული ნამუშევრები დედისა და შვილის ერთარსობის - ღვთისმშობლის მარადიული იდეის თანამედროვე ციტირებებია
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.