Hundred Tapes –  100 მესიჯი


გააზიარე სტატია

 

“ყველას ენატრება ის დრო, როდესაც ხელოვნების თითოეულ ნიმუშს თავისი ფიზიკური გამოხატულება ჰქონდა – როდესაც მისი გაზიარება და თხოვება ურთიერთობების მნიშვნელოვანი ასპექტი იყო.“ – დიდი ხნის მეგობრებმა – ლევან ასათიანმა და სანდრო ჩინჩალაძემ (მუსიკის მსმენელი მას იცნობს სახელით -Tete Noise) გადაწყვიტეს, რომ მუსიკის ფიზიკური გამოხატულებისადმი სიყვარული და ნოსტალგია საინტერესო პროექტად ექციათ. Propaganda.network-ის დახმარებით მათ  Hundred Tapes შექმნეს, რომელიც სტანდარტულ მუსიკალურ ლეიბლზე მეტად კონცეპტუალური სახელოვნებო პლატფორმაა.

 

 

„ფიზიკური სახით მუსიკის ქონა ძვირფასი ქვების ფლობას ჰგავს. ამ შემთხვევაში, ჩვენი კასეტაც ძვირფას ქვას ჰგავს, ის შეზღუდული რაოდენობით არსებობს და წლების მერეც ამ სახით დარჩება. არსებობს იმის შანსი, რომ ყველა ეგზემპლარის დაკარგვის შემთხვევაში მუსიკაც გაქრეს, მაგრამ ამ რისკსაც თავისი ხიბლი აქვს“. ლევანი მიიჩნევს, რომ იმ სუბკულტურული ღირებულების შენარჩუნება, რომელიც კასეტას გააჩნდა, თანამედროვე, ციფრულ სამყაროშიც შესაძლებელია. Hundred Tapes სწორედ ამ მიზანს ემსახურება – პლატფორმის ამოცანაა ადამიანების ციფრულ ცნობიერებაში ჩაკარგული განცდები ცოცხალ ემოციად აქციოს. ამ მიზნისკენ გადადგმული პირველი კი Tete Noise-ს ექსპერიმენტული ალბომი არის Standing at the bottom of the imaginary mountains. სანდრო ყოველთვის ექსპერიმენტატორი იყო, შესაბამისად გასაკვირი არც არის, რომ ამ ალბომშიც მსგავს მიდგომას ვხვდებით.

 

 

Standing at the bottom of the imaginary mountains ექსპერიმენტის პროცესში შექმნილი ერთიანი ჩანაწერია, რომელიც სპეციალურად კასეტისთვის ორ ნაწილად დაიყო. თუმცა მისი მოსმენა  ერთიანი 50-წუთიანი სეტის სახით შეგვიძლია. სანდრო აღნიშნავს, რომ ექსპერიმენტის პროცესის პირდაპირ ფირზე ჩაწერა ექსკლუზიურობის განცდას ქმნის, რომელიც არ განმეორდება. მუსიკის და ბგერების ხელით გამოძერწვის პროცესი კი ის მთავარი ხიბლია, რომელიც Tete Noise-ს შემოქმედებას მუდმივად თან სდევს.

სანდრო ხაზს უსვამს, რომ ლეიბლისთვის გაკეთებული ყველა ჩანაწერი არტისტის შინაგანი, პერსონალური მესიჯის მატარებელი უნდა იყოს. მესიჯის, რომელიც შეიძლება მხოლოდ 50 ადამიანს მისწვდეს, მაგრამ ღირებულება და მთავარი ფასეულობები არ დაკარგოს. პლატფორმის მუსიკალური იდეაც ისეთი ინტიმური ჩანაწერების შეკრებაა, რომელსაც სხვა საკომუნიკაციო არხების საშუალებით შეიძლება მსმენელამდე ვერც მიეღწია. რაც შეეხება ჟანრობრივ ორიენტაციას, ამ კუთხით  Hundred Tapes საკმაოდ გახსნილია – სანდრო და ლევანი თვლიან, რომ ჟანრი ან მუსიკალური მიმართულება მნიშვნელოვანი არ არის, მთავარია, თავად ექსპერიმენტის პროცესი და ის გულწრფელი შედეგი, რაც ამ პროცესს მოჰყვება. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი თავად ის ფაქტია, რომელსაც ლეიბლის სახელიც გვეუბნება: 100 ჩანაწერის შემდეგ პლატფორმა არსებობას შეწყვეტს. შესაბამისად 99 მესიჯი ჯერ კიდევ გასაგზავნი დარჩა.

 

 

იდეის ავტორებისთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ რელიზს მუსიკალურის გარდა სტილისტური ავტონომიურობა და განსაკუთრებული ვიზუალური მხარი ჰქონდეს. ლევანი, რომელიც ამავდროულად გრაფიკული დიზაინერია, ამბობს, რომ ყოველი მომდევნო ჩანაწერი სხვადასხვა ვიზუალური შტრიხით და ტექსტურით შეიქმნება, რაც მუსიკის მიღმა არსებული კონცეპტის კიდევ უფრო სრულყოფილად გადმოცემას მოემსახურება. პირველ ჩანაწერთან ერთად დაიგეგმა მუსიკალური ღონისძიებაც, სადაც როგორც კასეტების, ასევე დაპრინტული მაისურების და ჰუდების შეძენაც შეიძლებოდა. ეს ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება და ახალი ჩანაწერებით Hundred Tapes სავარაუდოდ მომავალი წლიდან დაბრუნდება.


რეკომენდებული სტატიები
ახალი გამოფენა Modern Madonnas - როგორ გვესმის თანამედროვე ხელოვნება დღეს

ახალი გამოფენა Modern Madonnas - როგორ გვესმის თანამედროვე ხელოვნება დღეს

ახალი გამოფენა Modern Madonnas - როგორ გვესმის თანამედროვე ხელოვნება დღეს
გამოფენაზე წარმოდგენილი სერიული ნამუშევრები დედისა და შვილის ერთარსობის - ღვთისმშობლის მარადიული იდეის თანამედროვე ციტირებებია
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.