კინოპროფილი: ვაჟიკო ჩაჩხიანი
ვაჟიკო ჩაჩხიანი დაიბადა თბილისში, მოღვაწეობს ბერლინსა და თბილისში. ის თავდაპირველად სწავლობდა მათემატიკასა და ინფორმატიკას თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში, ხოლო შემდგომ სასწავლებლად გადავიდა ხელოვნების მიმართულებით ბერლინში, ხელოვნების უნივერსიტეტში (Universität der Künste (UdK)), სადაც დაასრულა პროფესორ გრეგორ შნეიდერის კლასი.
ჰქონდა სოლო გამოფენა Gegenwartskunst მუზეუმში, სიგენი, გერმანია (2014). მისი პერფორმანსი „ცოცხალი ძაღლი მკვდარ ლომებს შორის“, წარმოდგენილი იყო ვენეციის 57-ე ბიენალეზე, იტალიაში 2017 წელს. ასევე ჰქონდა გამოფენა Moment in and out of time, SCAI The Bathhouse გალერეაში, ტოკიო, იაპონია (2018).
ამ დროისთვის, ვაჟიკო ჩაჩხიანს 11 ფილმი აქვს გადაღებული. ფილმებზე მუშაობა მან 2005 წლიდან დაიწყო და ძირითადად მოკლემეტრაჟიან ნამუშევრებს მოიცავს. თბილისის კინოფესტივალზე ვაჟიკო ჩაჩხიანი წარმოდგენილ იქნება ორი ფილმით – „ზამთარი, რომელიც იქ არ იყო“ (2017) და „ბამბის ნაყინი“ (2018), რომლის ნახვის საშუალებაც მაყურებელს 7 დეკემბერს, 14:00 საათზე, კინოთეატრ “ამირანში” ექნება.