fbpx

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დიდი გამოცდის წინ


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

შეიძლება ითქვას, რომ  ისეთი დაძაბული სეზონი ქართულ სანაკრებო ფეხბურთს 2018 წელს  რომ ჰქონდა, აქამდე არასოდეს ჰქონია.

ბუნებრივია, რომ საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი არ არის, რადგან უეფას ინოვაციამ – ერთა ლიგის ტურნირმა – ევროპული ფეხბურთი სრულად მოიცვა. უბრალოდ ნახევარფინალში გასვლის შემდეგ, ჩვენი პატარა ქვეყნის გულშემატკივარი ხვალინდელ დღეზე განსაკუთრებულ იმედს ამყარებს და საქართველოს ნაკრები ცალი ფეხით უკვე ევროპის ჩემპიონატზე ჰგონია.

მაინც რა უცნაური ტურნირია ეს ერთა ლიგა,  ან სად გაგონილა გათამაშების ჯგუფურ და დასკვნით ეტაპებს შორის ლამის წელიწადნახევრიანი პაუზა? მაგრამ უეფას სხვა გზა უბრალოდ არც ჰქონდა. აბა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისა და ერთა ლიგის მატჩებს ერთმანეთს ხომ არ დაამთხვევდა?  

ევრო 2020-ის ტურნირის წესდებაზე საუბარს აქ არ შევუდგებით, უბრალოდ ერთს ვიტყვით: გუნდებს ორი სხვადასხვა გზით შეუძლიათ ჩემპიონატზე მოხვედრა. რამდენიმე დღის წინ გამართულმა კენჭისყრამ ნაკრებები უკვე ტრადიციული გზით საასპარეზოდ შეამზადა. საქართველოს ნაკრებს კი განგებამ მეტოქეებად შვეიცარიის, დანიის, ირლანდიის და გიბრალტარის ეროვნული გუნდები არგუნა.  

 

 

კენჭისყრის შემდეგ, რა თქმა უნდა, ალაპარაკდნენ სკეპტიკოსებიც. მათი მიდგომა მარტივი და ბანალურია – ერთა ლიგიდან თუ გავალთ, თორემ აბა სად გვაქვს შვეიცარიის, დანიის, ირლანდიის წინააღმდეგ თამაშის თავი. ირლანდია საერთოდ რა გუნდია, მაგრამ ნახეთ, რა საშინელი ბალანსი გვაქვს მათთანო…

კი ბატონო, ეს მართლაც არასასიამოვნოა, როდესაც ირლანდიის კატეგორიის გუნდთან ერთადერთი მატჩი გვაქვს ფრედ ნათამაშები და არაერთი შეხვედრა წაგებული. მეტიც, დღესდღეობით შვეიცარიის და დანიის ნაკრებები უფრო ძლიერნი არიან ირლანდიელებთან შედარებით და მათ შორის უძლიერესის გამორჩევა ნამდვილად გაგვიჭირდება.

ამ თვალსაზრისით საინტერესოა ირლანდიელთა ახლად დანიშნულ მთავარ მწვრთნელ მიკ მაკარტის აზრი, რომელმაც კენჭისყრის შედეგების შეფასებისას შვეიცარიის ნაკრები დღესდღეობით არამცთუ დანიის ნაკრებზე წინ, არამედ ევროპის უძლიერეს ნაკრებად დაასახელა.   

შეიძლება შეფასება გადაჭარბებულიცაა, მაგრამ ჩვენი მხრივ უბრალოდ დავამატებთ, რომ ევროპის მაღალი დონის ნაკრებთაგან, ჰოლანდიასთან და ინგლისთან ერთად, დღესდღეობით სწორედ რომ შვეიცარიის და დანიის ნაკრებები პროგრესირებენ, რასაც ვერ ვიტყვით ესპანეთის, პორტუგალიის, გერმანიის, იტალიის, ხორვატიისა თუ თვით მსოფლიო ჩემპიონ საფრანგეთის ნაკრების შესახებ.

ჩვენ არ ვიცით, თუ ვინ როგორ შეხვდება 2019 წლის მარტში  ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის მატჩებს, მაგრამ დღევანდელი გადასახედით, თუკი შვეიცარიელებს ერთა ლიგის B-დან A კატეგორიაში გადასულ დანიელებს და C კატეგორიაში აღზევებულ D კატეგორიის საუკეთესო გუნდს  საქართველოს ნაკრებს შევმატებთ, ალბათ ჩვენ ხუთგუნდიან ჯგუფს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უძლიერესადაც კი მივიჩნევთ…

რატომაც არა. დანიის ნაკრებს ხომ თამაში არ წაუგია მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც ფრანგებთან ფრედ ითამაშა, ხოლო ხორვატებთან კი პენალტების სერიაში დათმო მატჩი. შვეიცარიამ კი ამავე ტურნირზე თვით ბრაზილიელებთან მოახერხა შეხვედრის ფრედ დასრულება, ხოლო ერთა ლიგის დასკვნით მატჩში, გასვლაზე, თვით ბელგიის ნაკრები დაამარცხა დიდი ანგარიშით.

როგორი უნდა იყოს ფავორიტთა ასეთი დახასიათების შემდეგ ევრო 2020-ზე საქართველოს ნაკრების მოხვედრის შანსი? მიუხედავად ზემოთქმულისა, მდგომარეობის საფუძვლიანი შეფასების შემდეგ, სულაც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ჩვენმა ნაკრებმა დიდი სენსაცია მოახდინოს და ერთა ლიგის დასკვნითი ეტაპის მატჩებამდე ევრო 2020-ის საგზური შესარჩევი ციკლის გავლის გზით მოიპოვოს. როგორ? – სწორედ იმ ფსიქოლოგიური მუხტის შენარჩუნებით, გამარჯვებული გუნდის სულისკვეთებიდან რომ გამომდინარეობს.

დღეს, ერთი მხრივ, ყველამ ისწავლა ფეხბურთის თამაში, მეორე მხრივ კი აშკარაა მაღალი კლასის სანაკრებო ფეხბურთის დეფიციტი. შვეიცარიიას და დანიის ასეთი  წინსვლა კი ალბათ მაინც იმ ზემოთ ჩამოთვლილი ტოპ კლასის გუნდების დასუსტებას უნდა მივაწეროთ, რომლებიც დღესდღეობით ვერ პროგრესირებენ, ან უკან-უკან მიდიან.

ამგვარად, ჩვენი ნაკრების სამწვრთნელო შტაბი და თითოეული მოთამაშე, თუკი ისე განეწყობა, რომ საკუთარ თავს ჯგუფის ფავორიტების ტოლსწორად მიიჩნევს, რაც ისლანდიის ნაკრებმა უდიდესი წარმატებით შეასრულა ჯერ წინა ევროპის, ხოლო შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, სავსებით შესაძლებელია, რომ ვაისის გუნდმა ფსიქოლოგიურ ომში დაამარცხოს ამბიციური მეტოქეები, რომელთაგან თითოეული ერთიმეორესთან ქულების მოპოვებით იმდენად იქნება დაინტერესებული, რომ ჩვენ მიმართ ყურადღება შეიძლება მოადუნონ…

აი კიდევ ერთი იარაღი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, თორემ როდესაც ფავორიტად ჩაგვთვლიან, მაშინ შეიძლება ისლანდიის ნაკრების ერთა ლიგის გათამაშებაში ფიასკოს მსგავსად, ჩვენც ვეღარ შევძლოთ რომელიმე დიდ ტურნირზე გასვლა…

 

 

მაგრამ იქამდე დიდი გზაა დასაძლევი და გულშემატკივრებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იფიქრონ, რომ ევრო 2020-ზე მოხვედრის ერთადერთი შანსი ერთა ლიგის ტურნირზე დარჩენილი ორი შეხვედრის მოგებაა, თორემ ასეთი წამგებიანი პოზიცია აუცილებლად აისახება გუნდის ფსიქოლოგიურ განწყობაზე იმავე ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის წინ.

დასასრულ, წარმოვიდგინოთ ასეთი სურათიც. ვთქვათ, ნაკრებმა შესანიშნავად იასპარეზა ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში და ქულა დააკლდა მეორე ადგილამდე…

ამ შემთხვევაში ხომ ერთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრამდე უდიდესი ფსიქოლოგიური ბრძოლა გვექნება მოგებული ბელარუსის ნაკრებთან, რომელიც ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჯგუფში დღესდღეობით პროგრესირებად ჰოლანდიის და სავარაუდოდ, მარტიდან ასევე პროგრესირებად გერმანიის ნაკრებთან ერთად აღმოჩნდა?

ასე რომ, აუცილებელია სრული საბრძოლო ძალისხმევის გამოჩენა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში და 2020 წლის მარტამდე ერთა ლიგის ტურნირის არსებობის დავიწყება.

ეს კი პრესისა თუ გულშემატკივრების მხრიდან ჩვენი ახალგაზრდული გუნდის მუდმივი მხარდაჭერით და გამხნევებით მიიღწევა. განა ჩვენი სტადიონი უფრო მეტად არ შეივსება შვეიცარიის, დანიის თუ ირლანდიის სტადიონებთან შედარებით?

 

 

თუკი ფეხბურთელები, გულშემატკივრები და ჟურნალისტები ერთიანი  სულისკვეთებით განეწყობიან, შესაძლოა ბელარუსთან შეხვედრას მართლაც აღარ ჰქონდეს აზრი საქართველოს ნაკრებისთვის და დიდი გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, ერთა ლიგის ტურნირის დარჩენილმა ორმა შეხვედრამ ჩვენთვის მნიშვნელობა დაკარგოს…

 


რეკომენდებული სტატიები
ესპანეთის ლა ლიგის საოცრებები

ესპანეთის ლა ლიგის საოცრებები

ესპანეთის ლა ლიგის საოცრებები
წლევანდელი ესპანეთის ჩემპიონატი რომ განსაკუთრებულია, ამას დიდი დაკვირვება არ სჭირდება. საკმარისია, მხოლოდ სატურნირო ცხრილში ჩახედვა და იმ სენსაციების დათვლა, რომელთა რიცხვი 2-3 სხვა ჩემპიონატსაც დააკმაყოფილებდა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.