fbpx

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მიმოხილვა


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

დასრულდა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო საფეხბურთო ტურნირის ჯგუფური ეტაპი და მერვედფინალურ ეტაპზე გასული გუნდებიც  მომავალი წლის მარტამდე შეისვენებენ, დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზე იზრუნებენ და რაც მთავარია, უძლიერესნი მხოლოდ თავ-თავიანთ  წარმატებებს ირწმუნებენ.

უძლიერესთა კრიტერიუმის დასადგენად კი ტურნირის საწყისმა ეტაპმა გულშემატკივრისთვის არაერთი კითხვა დატოვა, რომელთაგან ზოგიერთზე პასუხს ვერასოდეს მიიღებს, რადგან, მაგალითად, მილანის „ინტერი“ და „ნაპოლი“ ასპარეზობას ბოლო ტურში გამოეთიშნენ.

მართლაც უცნაურია: მეხუთე ტურის შემდეგ იტალიურ კლუბებს თავიანთი ინგლისელი მეტოქეები – „ტოტენჰემი“ და „ლივერპული“ ჯგუფებში მესამე ადგილებზე ჰყავდათ „მოტოვებული“, საბოლოოდ კი საქმე მათთვის სავალალოდ დასრულდა და ამიერიდან ორივე იტალიურ კლუბს ევროპის ლიგის ტურნირზე მოუწევს ძალების მოსინჯვა.

„ინტერი“ მერვედფინალს მიღმა თავმოყვარე და დიდი ტრადიციების მქონე ჰოლანდიურმა „პსვ“-მ დატოვა, რომელმაც ტურნირის ერთადერთი ქულით დასრულება არ ისურვა და კარი ისე მძლავრად გაიჯახუნა, რომ მისი ექო ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე კიდევ კარგა ხანს გაიჟღერებს.

აი „ნაპოლის“ „ლივერპულთან“ მარცხში კი, ინგლისური კლუბის ღირსეულ თამაშთან ერთად, არ შეიძლება კრიტიკის ქარცეცხლში არ მოვაქციოთ იტალიელთა მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის არჩეული ტაქტიკა, რომელმაც ზედმეტი სიფრთხილიდან გამომდინარე, საბოლოოდ მოთამაშეებს შორის აბსოლუტურად შეუთანხმებელი ქმედებები გამოიწვია.

 


“ლივერპული” – “ნაპოლის” მატჩში ერთადერთი გოლი მასპინძელთა ფორვარდმა მოჰამედ სალამმა გაიტანა

სწორედ ამ მიზეზით, განსაკუთრებით მატჩის დასასრულს, „ლივერპულმა“ მეტოქის კართან აურაცხელი საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ რატომღაც გაანიავა. ბოლოს კი კინაღამ დაისაჯა. მერსისაიდელთა ბრაზილიელმა გოლკიპერმა ალისონმა უკვე მატჩის დამატებულ წუთებზე საოცარი ბურთი აუღო „ნაპოლის“ პოლონელ ლეგიონერს, არკადიუშ მილიკს.

მეორე იტალიურ კლუბსაც ბრაზილიელმა მოუსწრაფა სიცოცხლე. შეხვედრის 85-ე წუთზე „ტოტენჰემის“ შემადგენლობაში „კამპ ნოუზე“ ლუკას მოურამ გაიტანა გოლი, რამაც „ინტერი“ მხოლოდ საკუთარი თავის იმედად დატოვა „პსვ“-თან შეხვედრაში…

„ბარსელონას“ მხრიდან „ტოტენჰემთან“ თამაშის აშკარად ჩაგდების მიუხედავად, თუკი დავფიქრდებით, „ინტერი“ ნამდვილად არ ყოფილა ჯგუფიდან გასვლის ღირსი, რადგან ჯერ კიდევ პირველ შეხვედრაში მას აშკარად გაუმართლა, როდესაც „ტოტენჰემი“ დაამარცხა, განმეორებით მატჩში კი წააგო იმ პერიოდში ლამის უშანსოდ დარჩენილ მეტოქესთან.

 

 

“ტოტენჰემის” ფეხბურთელები “ბარსელონას” კარში გატანილ გოლს ზეიმობენ

როგორც ჩანს, ბოლო ტურში „პსვ“-თან გამარჯვებაში დარწმუნებული „ინტერი“ სრული ძალისხმევით განეწყო ტურინის „იუვენტუსთან“ სერია A-ს მატჩისადმი, რამაც გავლენა იქონია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაზე.

აი „იუვენტუსმა“ და „მანჩესტერ იუნაიტედმა“ კი თავს გასეირნების უფლება მისცეს ბოლო ტურის მატჩებში.

რას იზამ, ვერც უსაყვედურებ, რადგან H ჯგუფში ყველაფერი გარკვეული იყო და გრანდებიც დამარცხდნენ თავ-თავიანთ შეხვედრებში – შესაბამისად „იანგ ბოისთან“ და „ვალენსიასთან“.

ამ დროს მხოლოდ გულშემატკივარი გამოდის წაგებული, რადგან საკმაოდ ძნელია საათ-ნახევრის მანძილზე უმოტივაციოდ დარჩენილი ფავორიტის ცქერა, რომელმაც არ იცის, რა აკეთოს მოედანზე.

ამ მხრივ ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის „რეკორდი“ შესაძლოა მადრიდის „რეალმა“ დაამყარა, რომელმაც „ცსკა“-თან ორ შეხვედრაში ერთი გოლის გატანაც კი ვერ შეძლო და „სამეფო კლუბის“ ისტორიაში რუსულ კლუბთან „სანტიაგო ბერნაბეუზე“ განცდილი სასტიკი მარცხით, ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფურცელი გადაშალა.

 

 

“ცსკა” “სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩადენილი გმირობის მიუხედავად, ჯგუფში მაინც ბოლო ადგილზე გავიდა

„ცსკა“-ს ნამდვილ შესაძლებლობებზე კი უშუალო მეტოქესთან – ჩეხეთის „პლზენთან“ საკუთარ მოედანზე წაგებული მატჩი მეტყველებს, რამაც იგი საბოლოოდ ჯგუფში ბოლო ადგილზე ჩატოვა.   

ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო ტურის მატჩებს, ტრადიციულად გრანდების უმოტივაციობიდან გამომდინარე, უინტერესო ელფერი რომ სდევს, ეს ამ ტურნირის უარყოფითი მხარეა. გამოსავალი კი უბრალოდ არ არსებობს, რადგან ტურნირზე ყველაზე მეტი, ორი „სიკვდილის ჯგუფი“ თუ იკრიბება ხოლმე, რომლებიც  წლევანდელ სეზონში „პსჟ“-მ, „ლევერპულმა“, „ნაპოლიმ“ და „ბარსელონამ“, „ტოტენჰემმა“ და „ინტერმა“ შეადგინეს.

უინტერესო ელფერზე ნათლად მეტყველებს ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის მეორე სათამაშო დღე, როდესაც რვა მატჩიდან, მხოლოდ ერთში უნდა გარკვეულიყო მომავალი მერვედფინალისტის ვინაობა.

სამწუხაროდ, დავით ხოჭოლავას „შახტარმა“ ვერ შეინარჩუნა „ლიონთან“ პირველ ტაიმში მიღწეული ერთბურთიანი უპირატესობა და გაზაფხულიდან ევროპის ლიგაზე მოუწევს გადანაცვლება.

„ბაიერნმა“ და „აიაქსმა“ კი ფეხბურთის მოყვარულებს ნამდვილი ზეიმი მოუწყვეს. უხვგოლიან მატჩში არბიტრი მთლად უშეცდომო არ ყოფილა, მაგრამ მოწინააღმდეგე გუნდების მიერ გამოვლენილი თამაშის საოცარი ჟინის შემყურე გულშემატკივრისთვის  ეს ბევრს არაფერს ნიშნავდა.

„ბაიერნს“ ჯგუფში პირველი ადგილის შენარჩუნების გარდა, სურდა ეჩვენებინა, რომ „რეკორდმაისტერს“ ფარ-ხმალი არცერთ ფრონტზე არ დაუყრია და დორტმუნდის „ბორუსიასთვის“ ჯერ კიდევ ნაადრევია გერმანიის უძლიერესი გუნდობის ამბიციები…

„ბაიერნმა“ მატჩი ვერ მოიგო, მაგრამ ჯგუფში პირველი ადგილი შეინარჩუნა, რომელიც თავის მხრივ, ერთი დღით ადრე, „ბორუსიამ“ მადრიდის „ატლეტიკოს“ „ბრიუგესთან“ შეფერხების შედეგად მოიპოვა.

 

 

“აიაქსისა” და “ბაიერნის” ფეხბურთელებმა გულშემატკივრებს ნამდვილი ზეიმი მოუწყვეს

ლიგაზე საუკეთესო შედეგით კი ინგლისი დაიკვეხნის, რომელმაც გაზაფხულზე მერვედფინალში ოთხივე წარმომადგენელი – „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ლივერპული“ და „ტოტენჰემი“  შეინარჩუნა.

 


რეკომენდებული სტატიები
ესპანეთის ლა ლიგის საოცრებები

ესპანეთის ლა ლიგის საოცრებები

ესპანეთის ლა ლიგის საოცრებები
წლევანდელი ესპანეთის ჩემპიონატი რომ განსაკუთრებულია, ამას დიდი დაკვირვება არ სჭირდება. საკმარისია, მხოლოდ სატურნირო ცხრილში ჩახედვა და იმ სენსაციების დათვლა, რომელთა რიცხვი 2-3 სხვა ჩემპიონატსაც დააკმაყოფილებდა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.