fbpx

2019 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი


გააზიარე სტატია

 

ავტორი: რამაზ გიგაური

 

მიუხედავად იმისა, რომ ნუმეროლოგიამ პოპულარობას შედარებით ახლახან მიაღწია, იგი ოკულტურ მეცნიერებათა შორის ერთ-ერთი უძველესია. შეიძლება ითქვას, რომ ციფრები საკუთარ ენას წარმოადგენენ. ეს ენა მრავალ პირველყოფილ ტომს ესმოდა და სწორედ მისი წყალობით ამყარებდნენ ერთმანეთთან  კონტაქტს. უძველეს ანბანებში ასოებს რიცხვითი მნიშვნელობებიც მიეწერებოდა (არამეული, ბერძნული, არაბული, ქართული “ასომთავრული” და ა. შ.).

თანამედროვე ნუმეროლოგია, რომელიც არ ღრმავდება კაბალისტიკური კოსმოლოგიისა თუ ეზოთერული დოქტრინების ლაბირინთებსა და სიღრმეებში, უპირატესობას გამარტივებულ რიცხობრივ და ალფაბეტურ კოდს ანიჭებს (იგი ისევ და ისევ პითაგორას თეორიებს ეყრდნობა). როგორც ცნობილია, პითაგორამ და მისმა მიმდევრებმა შეამცირეს რიცხვები 1-დან 9-ის ჩათვლით, ვინაიდან ისინი საწყის ციფრებად მიიჩნევიან და მათგან ყველა სხვა რიცხვი წარმოიქმნება.

 

რაც შეეხება ინდივიდუალურ ნუმეროლოგიურ კოდს, იგი ასე გამოითვლება:

მაგალითად, ადამიანი დაიბადა 1961 წლის 14 დეკემბერს. პირველ რიგში გამოვთვალოთ ამ ადამიანის ნუმეროლოგიური კოდი, ანუ შევკრიბოთ დაბადების წლის, თვისა და დღის რიცხვები:

1961 (წელი) + 14 (დღე) + 12 (თვე) = 1 + 9 + 6 + 1 + 1 + 4 + 1 + 2 = 25. თუ რიცხვი ორნიშნაა, მაშინ ის ერთნიშნა ციფრამდე უნდა დავიდეს, ანუ შეიკრიბოს. ამ შემთხვევაში კი ასე იქნება: 25 = 2 + 5 = 7. ე. ი. ამ ადამიანის ნუმეროლოგიური კოდი არის 7. ამ ციფრს დავუმატოთ ციფრი 3 (2019 წლის ნუმეროლოგიური კოდი არის 3, რადგან 2019 = 2 + 0 + 1 + 9 = 12 = 1 + 2 = 3).

7 (ადამიანის ინდივიდუალური ნუმეროლოგიური კოდი) + 3 (2019 წლის ზოგადი ნუმეროლოგიური კოდი) = 10. ეს რიცხვი დაგვყავს კვლავ ერთნიშნა ციფრამდე 10 = 1 + 0 = 1.

გამოდის, რომ 1961 წლის 14 დეკემბერს დაბადებული ადამიანის 2019 წლის ნუმეროლოგიური ციფრი იქნება 1.

 

#1. სასიკეთო წელია ახალი საქმეების წამოსაწყებად. თქვენ გაგიჩნდებათ არა მარტო სტიმული და მიზანი, არამედ მოქმედებებისთვის საჭირო კაპიტალი და შესაძლებლობები. ნუ დახარჯავთ დროს ფუჭად, გამოიყენეთ ყველა თქვენი ტალანტი და ცოდნა, თავს მოახვიეთ ისინი  გარშემო მყოფებს და ყველა კარი თქვენ წინაშე გაიღება. “ერთიანი” – ლიდერის ციფრია და მთლიანად უნდა გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები. აიღეთ ხელში მართვის სადავეები, თუნდაც ეს მხოლოდ თქვენს ოჯახს ეხებოდეს. რა თქმა უნდა, რთული იქნება ლიდერისთვის დამახასიათებელი ტენდენციების გამოვლენა, მაშინ როდესაც თქვენ ხელქვეითი ხართ, მაგრამ ნებისმიერ საქმიანობაში სათავო ფუნქცია უნდა შეასრულოთ. დიასახლისაც შეუძლია დაიმკვიდროს თავი, ოჯახს და მეუღლეს ხომ მზრუნველობა და რჩევები აკლია. თქვენ იოლად გამოავლენთ საკუთარ თვისებებს და ამით დაიმსახურებთ პატივისცემასა და ახლობლების აღტაცებას, რაც თქვენ ოჯახურ ცხოვრებას უფრო სასიამოვნოსა და ბედნიერს გახდის. ზედმიწევნით გადაამოწმეთ თქვენი სამომავლო გეგმები და იდეები, მოერიდეთ დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმას. არ ღირს დამხმარეებზე დაყრდნობა, უმჯობესია თვითონ გაუმკლავდეთ ყოველივეს. მოსალოდნელია ახალი მეგობრების, პარტნიორების, პერსპექტივებისა და შესაძლობების გამოჩენა. თქვენთვის ეს წელი უნდა იქცეს განახლებისა და სხვადასხვა სფეროში ფუნდამენტის ჩაყრის წლად. დაიკაპიწეთ ხელები და დაიწყეთ საკუთარი ბედის გამოჭედვა. აქტიურობა და კიდევ ერთხელ აქტიურობა მოგიტანთ გამარჯვებას. ნუ დაელოდებით ნურავის, გარისკეთ თამამად. დაე, თქვენ მიდით პირველი და დარეკეთ თვითონ. ლოდინი წაგების ტოლფასია.

 

#2. წინა წელი თქვენთვის ახალი წამოწყებების პერიოდად იქცა, ამიტომაც ახლა  თავისუფლად შეგიძლიათ მოეშვათ და დაელოდოთ გარკვეულ რეზულტატებს, რომლებიც თქვენთვის გაწეული ძალისხმევის შედეგად შეიქმნება. თქვენი შრომა ანაზღაურდება,  თუმცაღა დროის ფაქტორიც გარკვეულ როლს ითამაშებს. მაგრამ  ეს ყოველივე არ ნიშნავს, რომ გულზე ხელები დაიკრიფოთ, შესაძლოა, თქვენ მოულოდნელი წინადადებები მიიღოთ და ამას თანამდებობრივი წინსვლა მოჰყვება (რასაც   დიდი ხანია ელოდით). უპირველეს ყოვლისა, ეს თანამშრომლობის წელია და ამიტომაც მეტი ყურადღება გამოიჩინეთ პარტნიორების მიმართ, გადაწყვეტილებების მიღება კოლექტივში აჯობებს, გაითვალისწინეთ თანამშრომლების მსოფლმხედველობა და სურვილები, ამას შესაძლოა, სასარგებლო დახმარებებიც მოჰყვეს. ამ წელს თქვენი მომხიბვლელობა და მაგნეტიზმი მკვეთრად მოიმატებს, მეგობრების წრე გაიზრდება და თუ დაოჯახებული არ ხართ, მოსალოდნელია ქორწინებაც. ყური უგდეთ შინაგან ხმასა და ინტუიციას, რათა თქვენს მახლობლად საეჭვო რეპუტაციის ადამიანები არ გაჩნდნენ. მათი ნაცნობობა და მეგობრობა სახიფათო აღმოჩნდება თქვენი კარიერული წინსვლისთვის. დადებითი წელი იქნება მოგზაურობის წამოსაწყებად, უძრავი ქონების შესაძენად, სახლში რემონტის დასაწყებად ან დასამთავრებლად, ჯანმრთელობის გასამყარებლად, რუტინული სამუშაოს შესასრულებლად. ამ განლაგების დევიზია: “ვინც მოითმენს, ის მოიგებს”. ისწავლეთ ადაპტაცია და ნუ მოინდომებთ ყველაფრის ერთ დღეში შეცვლას. ამ წელს ყველაზე მეტად დიპლომატია და ტაქტი გამოგადგებათ.

 

#3. საზოგადოებაში მხიარული და წარმატებული როლის შეთავსება თქვენთვის მომავლის გასაღები გახდება, ვინაიდან ეს წელი გართობის, ურთიერთობების დამყარებისა და ტკბობის პერიოდია. ადამიანებს მიიზიდავთ შინაგანი სიმდიდრითა და სიკაშკაშით. ასევე მოსალოდნელია სასარგებლო კონტაქტები და ვინაიდან ციფრი “სამი” თვითდამკვიდრებისა და გამოვლენის სიმბოლოა, გამოავლინეთ საკუთარი თავი და მოახდინეთ იდეების დემონსტრირება მათ წინაშე, ვისაც თქვენი გაბედნიერება ან თქვენთვის წარმატების მოტანა ძალუძთ. დადგა დრო დაფიქრდეთ ქორწინებაზე, ვინაიდან ამ წელს ძალიან მაღალია ბედნიერად და სარფიანად დაქორწინების ალბათობა. ასევე სარფიანი წელია რაიმეს გასაყიდად, თქვენ უდავოდ მოგებული დარჩებით. დაუკვირდით საკუთარ მეტყველებას, ვინაიდან ზოგჯერ თქვენ მიერ ნათქვამ სიტყვას თქვენივე წინააღმდეგ გამოიყენებენ. ყველა საქმე სიამოვნებით გააკეთეთ, მძიმე და დაძაბული სამუშაო კი უმჯობესია მომავალი წლისთვის გადადოთ. ეს წელი მოგიტანთ ამბიციების დაკმაყოფილების საშუალებას, ასე რომ, თამამად გაამჟღავნეთ საკუთარი თამამი ამბიციები (ნუ შეგრცხვებათ ამის), თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენი სურვილები უშრომლად შესრულდება. ყურადღება გაამახვილეთ გავლენიანი ადამიანების მიმართ (ისინი საჭირო დახმარებას გაგიწევენ). არ არის გამორიცხული, რომ მოგიწიოთ უცხოეთში ვიზიტი. მთავარია, იყოთ ინიციატივიანი და არ გაექცეთ პასუხისმგებლობას.

 

#4. დადგა სამუშაოსთვის განკუთვნილი მძიმე პერიოდი. “ოთხიანი” იმას ნიშნავს, რომ თქვენ დასვენების დრო თითქმის არ გექნებათ. შესაძლოა,  ვერ მიიღოთ სათანადო ანაზღაურება, მაგრამ უთუოდ შეიძენთ ცოდნას და შეუფასებელ გამოცდილებას, რომლებიც იდეების ასრულებაში შეგიწყობთ ხელს. იმისათვის, რომ საწადელს მიაღწიოთ, უპირველესად იდეა უნდა დაამუშაოთ და მხოლოდ ამის შემდეგ მოჰკიდოთ ხელი მის მატერიალიზაციას. დაისახეთ მიზანი და დაადგინეთ სამუშაო რეჟიმი, რომელსაც ოპტიმალურად შეადგენთ და იზრუნეთ იმაზე, რომ არაფერმა მოგაცდინოთ და მოგწყვიტოთ საქმეს. არ არის გამორიცხული იგრძნოთ, რომ ეს ყველაფერი ძალზე რთულია და დაიღალეთ, მაგრამ დარწმუნებული იყავით, არაფერია თქვენთვის შეუძლებელი და ეს თავდაუზოგავი შრომა საკმაოდ დიდ დივიდენდებს მოგიტანთ. თუმცაღა თქვენთვის ეს წელი მატერიალური სიმდიდრით არ გამოირჩევა. ციფრი “ოთხი” ეს არის ძალისა და მოზიდვის ვიბრაცია. ამ წელს თქვენ შესაშური ამტანობით იქნებით დაჯილდოებული, რაც ხელს შეგიწყობთ სასურველი მიზნის მიღწევაში. არ გირჩევთ, სერიოზული ცვლილებების განხორციელებას, განსაკუთრებით მოულოდნელ ცვლილებებს. ეს შეზღუდვებისა და მოულოდნელობების წელია, ასე რომ, მოერიდეთ იმპულსურ და სპონტანურ მოქმედებებს. უფრო სამსახურებრივ საქმეში გაგიმართლებთ, ვიდრე პირად ცხოვრებაში. ეს წელი შორეული მომავლის დაგეგმვისა და სამზადისის წელია. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ცვლილება დიდი სიფრთხილით უნდა განახორცილოთ, რათა მოულოდნელობებსა და გართულებებს თავი აარიდოთ.

 

#5. ეს წელი ასრულებს შრომისა და გარჯის მძიმე პერიოდს და თქვენ იწყებთ გაწეული ძალისხმევის ნაყოფის მიღებას. “ხუთიანი” ცვლილებებისა და პროგრესის სიმბოლოა, ამიტომ მზად იყავით მრავალი საკვირველი და წარმტაცი მოვლენისთვის.  ამ წელს დადებითი იქნება მოგზაურობა, ამიტომ მეტი დრო მოგზაურობებსა და საქმიან შეხვედრებს დაუთმეთ. ამ წელს მატერიალური კეთილდღეობაც გელით და ნურაფერზე ეტყვით საკუთარ თავს უარს. გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს და საჭირო გამოცდილებასაც შეიძენთ. ამ წელში “სიტყვას” დიდი ძალა აქვს და აქედან გამომდინარე,  წარმატებას მიაღწევთ ყველა იმ სფეროში, რომელიც ვერბალურ ტალანტზეა დამყარებული. ეს, უპირველესად, ლიტერატურას, შემოქმედებას, საჯარო გამოსვლებს, ბიზნესს და რეკლამას ეხება. ყველაზე მეტად კი გაუმართლებთ პედაგოგებს, მსახიობებს, მომღერლებსა და ჟურნალისტებს, ვინაიდან ამ წლის ვიბრაცია პოზიტიურად მოქმედებს ამ სპეციალობებზე. “ხუთიანი” ასევე სიურპრიზების ციფრია და ცხოვრებამ შესაძლოა, მოულოდნელად სახეც იცვალოს, არავინ იქნება უარყოფითი მოვლენებისგანაც დაცული. ყველაფერს მშვიდად და გაგებით მოეკიდეთ და შეეცადეთ, არ დაიბნეთ. ეს კომუნიკაციისა და ურთიერთობების წელია, ასე რომ, ამოძრავდით და დაამყარეთ ახალი ურთიერთობები. ამ წელს გაგეხსნებათ ახალი და ამავე დროს პერსპექტიული შესაძლებლობები. კარგი წელია კომერციისთვის, გარიგებისთვის, ყიდვა-გაყიდვისთვის, სამუშაო ადგილის შეცვლისთვის. მთავარია, სწორად წარმართოთ კონტაქტები და დაასტაბილუროთ ურთიერთობები.

 

#6. ამ წელს თქვენ ყველაზე მეტად სახლი და შინაური გარემო დაგაინტერესებთ, თუ დაოჯახებული ხართ, მით უკეთესი, ეს ბედნიერი წელია მეუღლეებისა და ზოგადად ოჯახური ცხოვრებისთვის, ხოლო თუ მეორე ნახევარი არ გყავთ, ძალზე მაღალი იქნება ქორწინების ალბათობა. სიყვარული, მომხიბველობა, სინაზე, ეს თვისებები წინა პლანზე წამოიწევს და  გარშემო მყოფები თქვენთან უშუალო ურთიერთობებს დაამყარებენ. “ექვსიანი” – ოჯახური კერის ციფრია, ამიტომ მეტი დრო დაუთმეთ სახლში სიმყუდროვისა და სტაბილურობის დამყარებას. არ არის გამორიცხული, გაიზარდოს თქვენი უძრავი და მოძრავი ქონება, ხოლო თუ ამას ვერ შეძლებთ, მაშინ ეს წელი ასევე პოზიტიური იქნება სახლში რემონტის დასაწყებად და დიზაინის შესაცვლელად.  მოიმატებს თქვენი სულიერი კულტურა და არ არის გამორიცხული სერიოზულ წარმატებებს მიაღწიოთ ხელოვნების სხვადასხვა დარგში. ამ წელს თქვენს ხასიათში გაიზრდება პრაქტიკულობა და რეალიზმი, ხოლო თქვენი გადაწყვეტილებები მეტად პრაგმატულ სახეს შეიძენენ. ის კი არა, რჩევებისთვის ახლობელი ადამიანებიც კი მოგმართავენ.  ეს წელი მოგიტანთ ჰარმონიას ყველა კუთხით. დალაგდება და დასტაბილურდება საერთო მდგომარეობა, მოვლენები მიიღებენ დასრულებულ სახეს, რაც ცხოვრების შემდგომი დაგეგმვის საშუალებას მოგცემთ. მოსალოდნელია სასიყვარულო ურთიერთობების დაწყება და განახლება. მოსალოდნელია ახალი ფინანსური შემოსავლების მოძიება და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება.

 

#7. “შვიდიანი” კოსმოსის განჭვრეტისა და სულიერი ძიების ციფრია, ამიტომ ამ წელს თქვენ სულიერ სიმშვიდეს მოიპოვებთ. ყოველი გადაწყვეტილების მიღების წინ ხანგრძლივად იფიქრეთ და თითოეული მოვლენა წინდაწინ განსაჯეთ. თქვენ ასევე მიგიზიდავთ მარტოობა და ეს წელი თქვენთვის თვითშეცნობისა და სულიერი ტრანსფორმირების პერიოდი იქნება. მოიმატებს  ინტუიციურობა და “შინაგანი ხედვები”, თუმცა ეს ილუზიაში არ აგერიოთ. თქვენთვის ყველაფერი ძალიან ნელა მოხდება, საქმიანი და პირადი საკითხების გადაჭრაც შესაძლოა, ერთბაშად ვერ მოხერხდეს, ამის მიზეზი საკუთარ თავში უნდა მოიძიოთ. გაგიჭირდებათ სხარტი გადაწყვეტილებების მიღება. ინტერესების სფეროში წამყვან ადგილს რელიგია, მისტიკა, ოკულტური დისციპლინები და ხელოვნება (ოღონდ, ისიც მისტიკური კუთხით) დაიკავებს. ეს წელი არ გულისხმობს ფუჭ კონტაქტებსა და ზედაპირულ სასიყვარულო გატაცებებს, ამიტომაც გართობისა და ფლირტის ალბათობა მინიმუმამდე დაიწევს. ეს წელი სულიერებისა და განახლების წელია. განახლებაში მატერიალური ფორმები და ფინანსური მოტივები არ იგულისხმება. ეს არის საკუთარ თავში სულიერი მუხტის მოძიების, აღმოჩენისა და გაძლიერების წელი, სულიერი დახვეწის, ტრანსფორმაციის წელი. შესაძლოა, სწორედ ამ წელს მოხდეს თქვენში ახალი ტალანტების აღმოჩენა და მისი რეალიზება. შედარებით გაუმართლებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ხელოვნებას ემსახურებიან (განსაკუთრებით მათ, ვისი საქმიანობაც  ბგერას უკავშირდება – მუსიკოსებს, მომღერლებს, მწერლებს, კინემატოგრაფისტებს).

 

#8. “რვიანი” დიდებისა და ძალაუფლების სიმბოლოდ მოიაზრება. ეს წელი  მოგიტანთ ყველაფერს, რასაც კი დაისახავთ მიზნად, ვინაიდან “რვიანი” მატერიალური მიზნების მიღწევაზე მიუთითებს. თუმცა ეს გაურჯელად და იოლად არ მიიღწევა, ამისათვის ოფლისმღვრელი შრომა მოგიწევთ. თუმცა მეტი ყურადღება მიაქციეთ შემოსავლებს, რათა უყაირათობას არ ჰქონდეს ადგილი. შესაძლოა, მოულოდნელად “დიდი” თანხების მიღებაც,  თუმცა გახსოვდეთ – “ქარის მოტანილს, ისევ ქარი წაიღებს”, ამიტომ, გააკონტროლეთ ფინანსური საკითხები და შეზღუდეთ გასავლები. ამ წელს თქვენში გაიღვიძებს ორგანიზატორული ტალანტი და ნუ შეგეშინდებათ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების, ასევე ამ წელს უნდა გამოიჩინოთ ქველმოქმედებაც (რასაკვირველია, შესაძლებლობების ფარგლებში). შეეცადეთ, არ დაკარგოთ კონტროლი საკუთარ ქცევაზე და არ გადააბიჯოთ იმ ზღურბლს, რასაც მორალი და ეთიკა ჰქვია, გახსოვდეთ, რომ ამის ალბათობა მაღალი იქნება. ეს წელი შეზღუდვის წელიც არის, ამიტომ, ნუ მოინდომებთ ამბიციური პროექტების წამოწყებას. უმჯობესია მოახდინოთ წარსულის ანალიზი და გააკეთოთ დასკვნები.  შესაძლოა, გააქტიურდეს კარმული პრობლემები, ანუ თქვენი და თქვენი ახლობელი ადამიანების მიერ წარსულში დაშვებული შეცდომები მოსალოდნელია სწორედ ამ წელს “ამოტივიტივდეს” და ამის გამო პასუხისგება და თავის მართლება მოგიწიოთ. გამოასწორეთ ყველა ადრე დაშვებული შეცდომა, გადაიხადეთ ვალები, რათა მომავალი წელი “სუფთა ფურცლიდან” დაიწყოთ.

 

#9. დადგა დრო ბოლო მოუღოთ ყველა გაუმართლებელ და არაფრის მომცემ ურთიერთობას (როგორც პირადს, ისე საქმიანს). თქვენ უნდა მოემზადოთ ახალი ციკლის დაწყებისთვის, იმიტომ რომ მომდევნო წელი ახალ, ცხრაწლიან ციკლს “გახსნის”. შეიძლება ითქვას, რომ დამდეგი წელი შეჯამების პერიოდია, თუ შეძლებთ ყველა დაწყებული საქმის დამთავრებასა და პრობლემების მოწესრიგებას, მომდევნო ციკლი ბედნიერებისა და წარმატების მომტანი აღმოჩნდება. წარსულზე მიჯაჭვა  კარგს არაფერს მოგიტანთ, ამიტომ მომავლის დაგეგმვისას “ცივსისხლიანობა” გამოიჩინეთ, ოღონდ ეს აგრესიაში არ აგერიოთ, უბრალოდ ცივი გონებით იმოქმედეთ. შესაძლოა, აღმოაჩინოთ, რომ ადრინდელ გატაცებებსა ან ადამიანებს, რომლებთანაც ბევრ დრო ატარებდით, ამ წელს უკვე ნაკლებ ყურადღებას უთმობთ. იზრუნეთ ჯანმრთელობის გამყარება-სტაბილურობაზე და ამ კუთხით პრობლემების იგნორირებას ნუ მოახდენთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მომავალში უფრო სერიოზული პრობლემების წინაშე დადგეთ. ეს წელი შთაბეჭდილებების მოხდენის წელიც არის, ამიტომ იფიქრეთ იმიჯის შეცვლასა და გაუმჯობესებაზე. ეს წელი ასევე იმპულსური და ფეთქებადი იქნება და ამასთან ყველაფერი შეიძლება მოხდეს – თავბრუდამხვევი კარიერიდან დაწყებული, მიღწეული მდგომარეობის დაკარგვით დამთავრებული. ასე რომ, ნუ იქნებით რადიკალური, უხეში, იმპულსური და აგრესიული. მოსალოდნელია შეგექმნათ ექსტრემალური სიტუაციები, იმატებს მოტყუების, გაქურდვისა და ტრამვების ალბათობა. გაუფრთხილდით ფულს, საბუთებსა და ქონებას. ცხოვრება აჩქარებულ ტემპს შემოგთავაზებთ და თქვენც ფეხი უნდა აუწყოთ მას.

 


რეკომენდებული სტატიები
წლის ნომინაციები
Play Video

წლის ნომინაციები

წლის ნომინაციები
“წლის ნომინაციებში” წარმოგიდგენთ იმ  მოვლენებსა და ადამიანებს, რომლებმაც 2018 წელს სიახლე შეიტანეს ქვეყნის საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში და ჩვენი მკითხველის განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურეს
საახალწლო საჩუქრები სოციალური საწარმოებისგან

საახალწლო საჩუქრები სოციალური საწარმოებისგან

საახალწლო საჩუქრები სოციალური საწარმოებისგან
ტრადიციული საახალწლო შოპინგის ნაცვლად, გთავაზობთ რამდენიმე სოციალურ საწარმოს, რომლებიც ორიგინალური საჩუქრების პოვნის შანსთან ერთად კეთილი საქმის გაკეთების საშუალებასაც გაძლევენ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.