9 ორიგინალური დაპირება 2019 წლისთვის – TED Conference
ყველას უნდა ახალ წელს ცხოვრებაში სიახლეების შემოტანა, მაგრამ სულ რაღაც ერთ თვეში ეს სურვილი ქრება და ზუსტად იგივეს ვაკეთებთ, რასაც წინა წელს, ამას კი საკუთარი თავის დადანაშაულების სპირალი მოჰყვება და თებერვალი უკვე აღარ გვეჩვენება ისეთივე მიმზიდველად.
მაგრამ შესაძლოა პრობლემა შენში არაა. შესაძლოა უბრალოდ მოგბეზრდა საკუთარი თავისთვის ერთი და იგივე საახალწლო დაპირებების მიცემა – წონის დაკლება, უკეთესად კვება, მეტი ან ნაკლები მუშაობა, ვარჯიში… არცაა გასაკვირი, რომ ამ დაპირებების ასრულების ინსპირაცია არ გაქვს.
ამიტომ, ხომ არ აჯობებს წელს რომ ეს ტრადიცია დაარღვიო? სცადე ახალი დაპირებები. გააკეთე რამე სახალისო, ორიგინალური და საინტერესო.
TED Talks ასეთი დაპირებების რამდენიმე ვარიანტს გთავაზობს:
უყურე ქალი რეჟისორების გადაღებულ 10 კინოფილმს
თუ ძირითადად ამერიკულ ფილმებს უყურებ, მათი 95 პროცენტი მამაკაცი რეჟისორის გადაღებულია და მათი მთავარი გმირების 90 პროცენტი კაცები არიან. რატომ აქვს ამას მნიშვნელობა? “ამბები ისაა, რითაც ჩვენ ვაცნობიერებთ სამყაროს და ჩვენს ადგილს ამ სამყაროში. ესაა გზა სხვა ადამიანების მიმართ თანაგრძნობის გასაჩენად იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ჩვენგან განსხვავებული გამოცდილებები აქვთ, – ამბობს მსახიობი ნაომი მაკდუგალ ჯონსი, – და დღესდღეობით ყველაფერ ამას ერთი პერსპექტივიდან აღვიქვამთ.” კვლევები გვიჩვენებს, რომ ფილმები, რომლებსაც ვნახულობთ, გავლენას ახდენენ ჩვენს პროფესიულ არჩევანზე, პირად ურთიერთობებზე, ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და იდენტობაზე. ასე რომ, თუ ქალი რეჟისორების ფილმების ნახვის პირობას დადებ, დაინახავ, როგორ შეიცვლება შენი მსოფლმხედველობა. მოინახულე გვერდ moviesbyher.com-ის მარტივად საძებნი მონაცემთა ბაზა ქალი რეჟისორების ფილმებით.
აირჩიე ადამიანი, რომელსაც არ ეთანხმები და წადი მასთან ერთად ლანჩზე
ადამიანების უმრავლესობა ყოველთვის ადანაშაულებს იმას, ვინც მათგან განსხვავებულად ფიქრობს. შედეგად, ჩვენ მათ ადამიანებად აღარ აღვიქვამთ და მხოლოდ განსხვავებებზე ვკონცენტრირდებით. იცნობ თუ არა ვინმეს, ვისაც კიცხავ ან ნეგატიურად აფასებ მათი მსოფლმხედველობის გამო? მაშინ დაპატიჟე ისინი ლანჩზე. თუმცა, სანამ შეხვდებით, უნდა შეთანხმდეთ რამდენიმე ძირითად წესზე – რომ არცერთი თქვენგანი არ ეცდება მეორის დარწმუნებას და არ გააწყვეტინებს აზრს. იყავით ცნობისმოყვარე, კომუნიკაბელური და ნამდვილი. და აუცილებლად უსმინეთ ყურადღებით. როდესაც ელიზაბეტ ლესსერმა გამოიყენა ეს ხერხი, მან და მისმა თანამესუფრემ აღმოაჩინეს, რომ პატივს სცემდნენ ერთმანეთს. “არცერთ ჩვენგანს არ უცდია მეორეს აზრის შეცვლა, მაგრამ არც იმით მოგვიკატუნებია თავი, რომ ჩვენ შორის განსხვავებები აღარ არსებობს, – თქვა მან. – ამის ნაცვლად, ჩვენ ერთად გადავდგით პირველი ნაბიჯები და უკან მოვიტოვეთ უხეში რეაქციები”.
ყოველკვირეულად დაგეგმე დრო უმოქმედოდ ყოფნისთვის
თუ თქვენი ტვინი მუდმივად დაკავებულია, არის შანსი, რომ საუკეთესო იდეები ხელიდან გაგისხლტეთ. “როცა უმოქმედოდ ხართ, თქვენ ააქტიურებთ თქვენი ტვინის ქსელს, რომელსაც “საწყისი მდგომარეობა” ეწოდება, – ამბობს პოდკასტერი მონუშ ზომოროდი. – “‘საწყისი მდგომარეობის” დროს ჩვენ ცალ-ცალკე არსებულ იდეებს ერთმანეთთან ვაკავშირებთ, ვპოულობთ გამოსავალს ყველაზე შემაწუხებელი პრობლემებიდან, და ვაკეთებთ, რასაც ჰქვია, “ავტობიოგრაფიულ დაგეგმვას”. ესაა მდგომარეობა, როცა ვაფასებთ განვლილ ცხოვრებას, აღვნიშნავთ მნიშვნელოვან მომენტებს და ვქმნით პირად ნარატივს, რის შემდეგაც ვსახავთ ახალ მიზნებს, ისევე როგორც გზებს ამ მიზნების მისაღწევად. ასე რომ, გადადეთ გვერდზე თქვენი სმარტფონი, შეწყვიტეთ “ქენდი ქრაშის” თამაში და დაგეგმეთ დრო “არაფრის კეთებისთვის”.
დაიწყეთ მიმოწერა ვინმესთან, ვინც ციხეში იმყოფება
ცხოვრების შესაცვლელად ზოგჯერ ერთი წერილიც კი საკმარისია. როცა მარლონ პეტერსონი ციხეში იჯდა, მან სკოლის მოსწავლეებისგან ამბებისა და ნახატების მიღება დაიწყო. ამ წერილებმა მას აგრძნობინეს, რომ ის მნიშვნელოვანი იყო და მათ მარლონი ორ სხვა პატიმარსაც უზიარებდა. დღეს სამივე მათგანი მწერალი, ასევე იარაღით ჩადენილი დანაშაულის პრევენციის აქტივისტი და ახალგაზრდული პროგრამების ინოვატორია – და ამ ყველაფერს მარლონი ციხის მიმოწერის პროგრამას უკავშირებს. “ამ პროგრამამ ჩემი თვითშეფასება გაზარდა და დამაფიქრა იმაზე, თუ რის შემატება შემეძლო ამ პლანეტისთვის”, – განაცხადა მან. თვეში ერთხელ შეიკრიბეთ მეგობრები და გაგზავნეთ წერილები ადგილობრივ ციხეში. შენი სიტყვები შესაძლოა იქცეს ვინმეს იმედად ცხოვრების ახლიდან დაწყების წინ.
გააკეთე ერთი რამ, რაც გაშინებს – როცა წინასწარ იცი, რომ უარს მიიღებ
გსურს. რომ გადალახო უარყოფის შიში? ამისთვის შიშში თავით უნდა გადაეშვა. 30 დღის მანძილზე იპოვე ახალ-ახალი გზები უარის მისაღებად. შემდეგ ჯერზე, როცა რესტორანში იქნები, გააკეთე ის, რასაც ავტორი ჯია ჯიანგი აკეთებდა, “ბურგერის დამატების” მოთხოვნით. ან ეცადე უცნობს 100 დოლარი ასესხებინო. ბოლოს და ბოლოს, შენ მიაღწევ საკუთარი თავის განცალკევებას უარყოფის ტკივილისგან – რაც სინამდვილეში ხელს გიშლის მიზნების მიღწევაში. “უარყოფა მთელი ცხოვრება მაწუხებდა, იმიტომ რომ მას ყოველთვის გავურბოდი, – ამბობს ჯიანგი. – შემდეგ მე მისი შესისხლხორცება დავიწყე და ვაქციე ის ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდ საჩუქრად”.
ყოველ კვირა ელაპარაკე უცნობს
ადვილია საკუთარ რუტინაში ჩაფლობა, რის შემდეგაც შეიძლება გარშემო ადამიანებს ვეღარც კი ამჩნევდე. დადე პირობა, რომ წელს უცნობებს დაელაპარაკები – სულ ერთია, ეს ადამიანი შენთან ერთად მაღაზიის რიგში დგას თუ ყოველ დილას ტრანსპორტით ერთად მგზავრობთ. შეიძლება ის შენი ბავშვის კლასელის მშობელია. მხოლოდ “გამარჯობა” ან “როგორ ხარ?” შესაძლოა საკმარისი იყოს იმისთვის, რომ დღის მანძილზე თავი უკეთესად იგრძნო და სხვას სიამოვნება მიანიჭო. “როცა უცხო ადამიანებს ელაპარაკები, შენ საკუთარი და სხვისი ცხოვრების წინასწარგანზრახულ განრიგში მოულოდნელი წყვეტები შეგაქვს”, – ამბობს კიო სტარკი. შეიძლება გაოცებულიც კი დარჩე ახალი და მოულოდნელი კავშირებით.
აღნიშნე წარუმატებლობები მეგობრებთან ერთად
წარმატებების უდიდესი ნაწილი სარისკო და გაბედული იდეებით იწყება, მაგრამ ხშირად წარუმატებლობის შიში ხელს გვიშლის ნაბიჯის გადადგმაში. შეეგებეთ შიშს. თუ რამეში მაგრად ჩაფლავდით – აღნიშნეთ ეს. იმაზე ფიქრის ნაცვლად, რას იტყვის ხალხი, თუ რამე არ გამოგივათ, ეს მოგცემთ კიდევ უფრო მეტი გიჟური იდეის ცდის სითამამეს. სცადეთ მეგობრების დაპატიჟება ვახშამზე თქვენი წარუმატებლობის აღსანიშნავად. აქციეთ ეს საღამო ზეიმად, იმხიარულეთ და ნახავთ, რამდენ რამეს მიაღწევთ მას შემდეგ, რაც წარუმატებლობის შიშს დასძლევთ.
თქვით “კი” ყველაფერზე ერთი თვის განმავლობაში
სცადეთ ასეთი ექსპერიმენტი: თქვით “კი” ყველაფერზე, რაც გაშინებთ. გამოიჩინეთ ინიციატივა სამსახურში ახალ პროექტში მონაწილეობისთვის. სათვისტომოს შეკრებაზე ილაპარაკეთ რამეზე, რაც მართლა გულით გაწუხებთ. წადით კიკბოქსინგის იმ შემაშინებელ წრეზე, სადაც თქვენი მეგობარი ამდენი ხანია გეპატიჟებათ. როცა ტელეპროდიუსერმა შონდა რაიმსმა გადაწყვიტა ეთქვა, “კი” ყველაფერზე, რაზეც მანამდე თავს იკავებდა, მან შეძლო თავისი კომფორტის ზონის ისეთ ზვრამდე გაჭიმვა, რაზეც ვერასდროს იოცნებებდა. “თავად ფაქტი, რომ ვაკეთებდი იმას, რისიც მეშინოდა, ის აღარ იყო საშიში, – ამბობს იგი. – “კიმ” მეც და ჩემი ცხოვრებაც შეცვალა”.
იყიდე ხილი და ბოსტნეული, რომელიც იდეალურად არ გამოიყურება
ალბათ გქონია შემთხვევა, როცა პროდუქტის შერჩევისას ყოველთვის უნაკლო ნაყოფს ირჩევ. იდეალური ხილ-ბოსტნეულის ყიდვის სურვილი ტონობით საკვების გადაყრას იწვევს. ჩვენი საჭმლის ზუსტად ერთი მესამედი ნაგავსაყრელზე მიდის. “აქ არაა ლაპარაკი დამპალ პროდუქტზე, – ამბობს აქტივისტი ტრისტრამ სტუარტი, – “ლაპარაკია კარგ, ახალ საჭმელზე”. წელს ეცადე, რომ აარჩიო ხილი და ბოსტნეული, რომელსაც შესაძლოა პატარა დეფექტი აქვს, მაგრამ ის სრულიად გამოსადეგია საკვებად – და შენ ამით საჭმლის დანაკარგების შემცირებაში მცირე წვლილს შეიტან.