fbpx

საქართველოს საფეხბურთო “ზამთრის თასს” ახალი ტრიუმფატორები გამოუჩნდნენ


გააზიარე სტატია


ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

სასიხარულოა, როდესაც საფეხბურთო სიახლე მაყურებელს დიდ სიამოვნებას ანიჭებს, ხოლო ორმაგად სასიხარულო, როდესაც ასეთი სიახლე ტრადიციულ ხასიათს იძენს და აგერ უკვე ზედიზედ მესამე წელიწადია, ნებისმიერი თაობის გულშემატკივარს ახარებს, რადგან დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასის გათამაშებაში სწორედ რომ ნებისმიერი თაობის ფეხბურთელები  მონაწილეობენ.

 

ერთგვარმა საფეხბურთო ფესტივალმა, რომელსაც 11, 12 და  13 იანვარს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა, გულშემატკივარს დარბაზის ფეხბურთის სამი ტურნირი შესთავაზა, რომლებიც შესაბამისად წარსულის, აწმყოს და მომავლის ფეხბურთად შეიძლება შევაფასოთ.

დასკვნით დღეს დარბაზში ვეტერანები გამოჩნდნენ. ამჯერად ტურნირის ორგზის გამარჯვებულის, საქართველოს ვეტერანთა ნაკრების მეტოქეები ფიფას, უეფას, ესპანეთის, თურქეთის და უკრაინის ვეტერანთა გუნდები იყვნენ.

 

ოლიმპიური სასახლის დარბაზი მსოფლიო ფეხბურთის კაშკაშა ვარსკვლავებმა –  ივან კამპომ, ხოსე ამავისკამ, ივიცა ოლიჩმა, პატრიკ ბერგერმა, ვლადიმერ შმიცერმა, ნუნუ გომეშმა თუ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონმა მარკო მატერაციმ დაამშვენეს.

ტურნირის ორგზის გამარჯვებულმა, საქართველოს ნაკრებმა კი სტუმრებს გამორჩეულად შემტევი და სანახაობრივი ფეხბურთი დაახვედრა. ამის შემხედვარე მაყურებელი გამუდმებით ელოდა ალექსანდრე იაშვილისა თუ კახი კალაძის მორიგ გოლს, რომელიც საბოლოოდ 10 ბურთით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირად იქცა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებმა ნახევარფინალური შეხვედრა დათმო პენალტების სერიაში ესპანელებთან.

საუკეთესო მეკარედ გიორგი ლომაია,  საუკეთესო ფეხბურთელად კი თურქი ჰასან კაბზე დაასახელეს.

 

ზამთრის თასის ვარსკვლავთა ტურნირი კი თურქეთის ნაკრებმა მოიგო, რომელმაც ფინალურ მატჩში „ფურია როხას“ ვეტერანები 2:1 დაამარცხა.

 

ზამთრის თასის გამარჯვებული თურქეთის ვეტერანთა ნაკრები

 

აღსანიშნავია, რომ იქამდე ჯგუფში ჩვენმა გუნდმა თურქები 5:3, ხოლო ფიფას ნაკრები კი მეტად უცნაური ანგარიშით – 11:6 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრები ამჯერად მესამე ადგილს დასჯერდა. ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილმა გუნდმა პენალტების სერიაში უკრაინელებთან იმარჯვა, რომელთაც ჯგუფურ ეტაპზე ქვა ქვაზე არ დატოვეს, გაანადგურეს რა ესპანეთის და უეფას ნაკრებები შესაბამისად 5:0 და 6:0.  

 

11 და 12 იანვარს კი ასპარეზობა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე გუნდებმა და 15 წლამდელმა ფეხბურთელებმა გახსნეს.

ამ ტურნირების გამარჯვებულებიც 13 იანვარს გამოვლინდნენ.

პირველი ფინალისტები გათამაშების პირველ დღეს გახდნენ ცნობილი. საბურთალოს 15 წლამდელთა გუნდმა ოთხი შეხვედრა ისე მოიგო, რომ საკუთარ კარში ერთი გოლიც არ მიუღია.

ჯგუფში საბურთალოელებმა გურიის, სამცხე-ჯავახეთის და იმერეთის გუნდები შესაბამისად 2:0, 7:0 და 5:0, ნახევარფინალში კი შიდა ქართლელები 2:0 დაამარცხეს.

თავის მხრივ, შიდა ქართლის 15 წლამდელებმა ნახევარფინალის საგზური კახეთის და სფფ აკადემიის გუნდებთან შედარებით უკეთესი ბურთების სხვაობით მოიპოვეს. არ უნდა დავივიწყოთ ამ ჯგუფის ბოლოადგილოსნის – აფხაზეთის 15 წლამდელთა გუნდის ასაკთან შეუთავსებელი გონივრული ფეხბურთი. მათ სამივე შეხვედრა ფრედ – 0:0 დაასრულეს.  

საბურთალოელების სხვა გუნდებთან შედარებით დამაჯერებელი ასპარეზობის მიუხედავად, არ შეიძლება არ აღინიშნოს მეტოქე გუნდების დასამახსოვრებელი თამაში და არაერთი საინტერესო მოთამაშის გამოჩენა, რომელთაც ვინ იცის, შეიძლება მომავალში ეროვნული ნაკრების მაისურიც კი მოირგონ.

ასეთები არიან გურიაში მოასპარეზე ირაკლი მისიეშვილი, სამცხელი თორნიკე სხილაძე, იმერელი გიორგი თოფურია, შიდა ქართლელი ზაურ კაპანაძე, სფფ აკადემიაში მოთამაშე, მოუსვენარი გიორგი ხარებავა და სხვანი და სხვანი, ხოლო საბურთალოელი ტყუპები ნიკა და გიორგი დავრაშელიძეები, გასული წლის საუკეთესო ბომბარდირი ლუკა მამულაშვილი და მათი თანაგუნდელები კი პირველი სათამაშო დღის გამორჩეული მოთამაშეები იყვნენ.

გათამაშების მეორე დღეს კი აშკარა ლიდერი უკვე „დინამო“ იყო, სადაც ძნელია რომელიმე ფეხბურთელის გამორჩევა. „დინამომ“ ოთხი თამაშიდან სამი მოიგო, ხოლო ნახევარფინალში ქვემო ქართლის 15 წლამდელები 8:0 დაამარცხა.

დინამოელთა აშკარა უპირატესობის მიუხედავად, მეორე დღის მოასპარეზეთაგან კარგი თამაშით თავი დაგვამახსოვრეს სამეგრელოს გუნდის მეკარე ლუკა ლატარიამ, ქართლელმა ტატო თედიაშვილმა, ლოკომოტიველმა ვანო შერმადინმა და სხვა მრავალმა. ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა, ჯგუფურმა ტურნირმა კი აშკარად რომ გაამართლა, „დინამოსა“ და „საბურთალოს“ შესანიშნავმა ფინალმა ცხადყო.

დინამოელებმა ფინალური შეხვედრა 4:2 მოიგეს და მისმა მოთამაშეებმა – ჯადული იობაშვილმა და  საბა გეგიაძემ შესაბამისად ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის და ბომბარდირისთვის განკუთვნილი პრიზები დაიმსახურეს.

 

დინამოელები გამარჯვებას ზეიმობენ

 

თამაშები პარალელურ რეჟიმში ორ სხვადასხვა დარბაზში ტარდებოდა და ამიტომ ფეხბურთის მოყვარულებს გარდა იმისა, რომ მრავალფეროვანი არჩევანი ჰქონდათ, ტურნირის დინამიკაც მათ უწყვეტ რიტმში სთავაზობდა ახალ სახეებსა და ლამაზ გოლებს, დიდი ფეხბურთისთვის დამახასიათებელ დრამატიზმსა და მსოფლიო საფეხბურთო წარსულთან კავშირში მყოფ ქართული ფეხბურთის აწმყოს, რომელმაც ტურნირის დასკვნით დღეს ეროვნულ ლიგაში მოასპარეზეთა შორის, „ცხინვალის“ სახით ახალი ჩემპიონი გამოავლინა.

„ცხინვალმა“ ფინალში თბილისის „დინამო“ 3:1 დაამარცხა და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა ტურნირში, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საიდუმლო შეინახა ახალი სეზონის დაწყების წინ, მწვრთნელებს ახალი ფეხბურთელების გამოცდის და ერთიმეორის დაზვერვის შესანიშნავი საშუალება მისცა.

ფინალურ შეხვედრამდე კი მესამე ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული თბილისის „ლოკომოტივი“ და „რუსთავი“ დაუპირისპირდნენ. დაძაბული მატჩის ძირითადი დრო ფრედ – 6:6 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში კი რუსთაველებმა 4:2 იმარჯვეს.

 

ტურნირის როგორც საუკეთესო მოთამაშე, ასევე ბომბარდირი „ცხინვალის“ წარმომადგენელი ლევან ქურდაძე გახდა.

გამორჩეული ფიგურა იყო მისი ძმა გიორგიც. აღსანიშნავია, რომ ლევანი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც ზამთრის თასის სამივე გათამაშების გამარჯვებულია, რადგან 2017 წელს ის „გაგრაში“, ხოლო შარშან კი „ლოკომოტივის“ შემადგენლობაში გამოდიოდა.

 

ზამთრის თასის გამარჯვებული „ცხინვალი“

 

ამ ტურნირის ორგზის გამარჯვებულები კი ლევანის თანაგუნდელები-  გიორგი ქურდიანი და გოლკიპერი გიორგი ნადირაძე არიან, რომლებმაც 2017-ში „გაგრაში“ ლევანთან ერთად მოიგეს ზამთრის თასი, რომელსაც როგორც ვხედავთ, წლეულს ახალი ტრიუმფატორები გამოუჩნდნენ.

შესანიშნავად მოწყობილი ტურნირის ორგანიზატორებმა გაითვალისწინეს ქართველ ფეხბურთის მოყვარულთა დიდი ინტერესი ეროვნულ და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებთან ფოტოების გადაღებასთან დაკავშირებით და სირთულეს სულაც არ წარმოადგენდა ფიფას, უეფას თუ უკრაინის რომელიმე ვეტერან ფეხბურთელთან ერთობლივი ფოტოს გადაღება.

ტურნირზე, რომელიც ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის სრული დაფინანსებით მოეწყო, დასწრებაც ტრადიციულად თავისუფალი იყო.

 


რეკომენდებული სტატიები
2018 წლის უმნიშვნელოვანესი საფეხბურთო მოვლენები

2018 წლის უმნიშვნელოვანესი საფეხბურთო მოვლენები

2018 წლის უმნიშვნელოვანესი საფეხბურთო მოვლენები
წლის საფეხბურთო მოვლენებს, ტრადიციულ ტურნირებთან ერთად, “უეფას” ერთა ლიგის დანერგვა განაპირობებდა, რომლის როგორც სადებიუტო გამარჯვება, ასევე გოლი, ქართველების ანგარიშზეა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.