fbpx

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ბობოქრობს!


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

გაივლის ათწლეულები, მაგრამ „მანჩესტერ იუნაიტედის“ გულშემატკივრებს კიდევ დიდხანს არ დაავიწყდებათ თავიანთი საყვარელი გუნდის დღევანდელი პერიოდის წარმატება, რომლის მსგავსიც მათ 2013 წელს, სერ ალექს ფერგიუსონის კლუბიდან წასვლის შემდეგ, არ ახსოვდათ და თურმე ვერც ინატრებდნენ იმ დიდი ეპოქის ერთ-ერთი წარმომადგენელის, ოლე გუნარ სულშერის გუნდის მთავარ მწვრთნელად მოსვლამდე.

ნორვეგიელი სპეციალისტის მიერ გაწეული სამუშაო და იმავდროულად პრესკონფერენციებზე ყოველგვარი ტრაბახის გარეშე გაკეთებული მშვიდი, გაწონასწორებული და დელიკატური განცხადებები კი იმდენად დროული და საჭირო აღმოჩნდა კლუბისთვის, რომ თვით სერ ალექს ფერგიუსონმაც კი მოისურვა ყოფილი შეგირდის მრჩევლად „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნება!

მაინც ვინ არის ოლე გუნარ სულშერი? მისი საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მაინცდამაინც დიდი დრო არ გასულა. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსებას ნორვეგიელი ფორვარდი 1996-2007 წლებში იცავდა, რომლის მაისურითაც მან 235 შეხვედრაში 91 გოლის გატანა მოახერხა.

შედეგი საკმაოდ შთამბეჭდავია, რადგან დუაიტ იორკთან, ენდი კოულთან, ტედი შერინგემთან, თუ სხვა მანჩესტერელ ვარსკვლავებთან კონკურენციის პირობებში, ასეთი შედეგის მოპოვება, მართლაც რომ გმირობის ტოლფასია.

და ვინ იყვნენ ეს „სხვები“? ვინ და, როი კინი და დევიდ ბექჰემი, პოლ სქოულზი, რაიან გიგზი და თვით უეინ რუნი – ანუ მანჩესტერელთა ხერხემალი და გოლეადორები, რომლებთანაც შედარებით, ოლე გუნარ სულშერი ერთი შეხედვით მეორეხარისხოვან ფეხბურთელად ჩანდა, მაგრამ ნურას უკაცრავად!

 

 ოლე გუნარ სულშერის გამარჯვების გოლი მიუნხენის „ბაიერნის“ კარში

 

აბა ვკითხოთ მიუნხენის „ბაიერნის“ გულშემატკივრებს,  ვინ არის ოლე გუნარ სულშერი მათთვის და ნორვეგიელის შესახებ ამომწურავ პასუხს სწორედ მათგან მივიღებთ, რადგან როგორ შეიძლება ფეხბურთის მოყვარულმა დაივიწყოს ჩემპიონთა ლიგის 1998/1999 წლების სეზონის ფინალი, როდესაც შეცვლაზე შემოსულმა ნორვეგიელმა მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე გაუტანა მეტოქეს და უდიდესი როლი შეასრულა სერ ალექს ფერგიუსონის ფორმაციის „მანჩესტერ იუნაიტედის“ მიერ  უეფას ევროპის ჩემპიონთა ლიგის პირველად მოგებაში.

საინტერესოა, რომ ოლე გუნარ სულშერმა ფეხბურთელის კარიერა ნორვეგიულ „მიოლდეში“ ჩატარებული ორი სეზონის შემდეგ, პირდაპირ „მანჩესტერ იუნაიტედში“ განაგრძო და არა რომელიმე სხვა, თუნდაც პრემიერლიგის მეორეხარისხოვან კლუბში.

რა თქმა უნდა, ეს სერ ალექს ფერგიუსონის გამორჩეულ ალღოს შეგვიძლია მივაწეროთ. ან როდის შემცდარა დიდი შოტლანდიელი, რომლის ხელმძღვანელობითაც „მანჩესტერ იუნაიტედს“  10-ჯერ(!) აქვს მოგებული პრემიერლიგა?

ოლე გუნარ სულშერი კი პრემიერლიგის ექვსგზის ტრიუმფატორია, თამაშის დროს მასზე არავის ახსოვს დაღვრემილი გამომეტყველება, ხოლო მოედანზე არაკორექტულ ქცევაზე (მაგალითად, უეინ რუნისგან განსხვავებით) კი ლაპარაკი ზედმეტია.

ალბათ სწორედ ამგვარმა პორტრეტმა გამოიწვია „მანჩესტერ იუნაიტედის“ მესვეურთა მიერ არჩევანის ნორვეგიელ სპეციალისტზე გაკეთება, რაც ბუნებრივია, რომ დიდ რისკთან იყო დაკავშირებული.

რატომ დიდ რისკთან? – იმიტომ, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ნორვეგიელი სპეციალისტი მთავარ მწვრთნელად კვლავ მშობლიურ „მიოლდეს“ დაუბრუნდა და მართალია კლუბი ორჯერ გახადა ქვეყნის ჩემპიონი, რატომღაც ის ამჯერადაც უყურადღებოდ დატოვა პრელიერლიგის თუნდაც რომელიმე მეორხარისხოვანმა გუნდმა…

იყო მხოლოდ ერთწლიანი უიღბლო სეზონი „კარდიფში“, როდესაც უელსურმა კლუბმა მისი ხელმძღვანელობით ბოლო ადგილზე დაასრულა სეზონი პრემიერლიგაში.

როგორც ჩანს, ამ შედეგმა განაპირობა ნორვეგიელი სპეციალისტის სამწვრთნელო კარიერის დროებით დასრულება ინგლისში და მისი კვლავ „მიოლდეში“ დაბრუნება.

 

ოლე გუნარ სულშერი

 

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მესვეურები კი, გაწეული რისკის მიუხედავად, ჯერჯერობით ბოლომდე მაინც ვერ ენდობიან ოლე გუნარ სულშერს, მოიხსენიებენ რა მას მწვრთნელის მოვალეობის დროებით შემსრულებლის რანგში.  

ამასობაში კი 22 დეკემბრიდან მოყოლებული ნორვეგიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით „მანჩესტერ იუნაიტედმა“ პრემიერლიგის ზედიზედ 6 მატჩი და ერთი სათასო შეხვედრა მოიგო.

ამ შედეგის შეფასებისას სკეპტიკოსები მანჩესტერელთა მიერ ძლეული გუნდების შედარებით დაბალ ხარისხზე მიუთითებენ. საქმე ისაა, რომ „ტოტენჰემის“ გამოკლებით, ოლე გუნარ სულშერის გუნდმა პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში დღესდღეობით მე-12 ადგილოსანი და უფრო დაბალ ადგილებზე მყოფი გუნდები დაამარცხა, რომელთა შორის „ნიუკასლი“ „კარდიფი“ და „ჰადერსფილდი“ ტურნირის აუტსაიდერები არიან.

განსაკუთრებით სერიოზული მეტოქე კი პრემიერლიგაში „იუნაიტედს“ 24 თებერვალს ეყოლება, როდესაც ის „ოლდ ტრაფორდზე“ „ლივერპულს“ უმასპინძლებს. კიდევ ერთ უმთავრეს მეტოქეს,  „მანჩესტერ სიტის“, ოლე გუნარ სულშერის გუნდი უკვე 16 მარტს შეხვდება.

აღსანიშნავია, რომ „იუნაიტედს“ სეზონის ამ პერიოდში კალენდარი ხელს მაინცდამაინც არ უწყობს, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე „პარი სენ ჟერმენის“ წინააღმდეგ 7 მარტს დანიშნული განმეორებითი შეხვედრიდან რამდენიმე დღეში, მას უშუალო კონკურენტ ლონდონის „არსენალთან“ გასვლაზე მოუწევს თამაში და ამგვარად, სულ რაღაც ერთი კვირის განმავლობაში მისი მეტოქეები ზედიზედ იქნებიან „პარი სენ ჟერმენი“, „არსენალი“ და „მანჩესტერ სიტი“.

ალბათ სწორედ ეს სამი შეხვედრა გადაწყვეტს დიდწილად „იუნაიტედის“ წლევანდელი სეზონის ავკარგიანობას და სამომავლო სტრატეგიას იმის მიხედვით – გავა თუ არა გუნდი ჩემპიონთა ლიგის გათამაშების მეოთხედფინალში.

სანამ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ბობოქრობს, გუნდის ყოფილი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ინტერვიუში აცხადებს, რომ მის კარიერაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმატება შარშანდელ სეზონში პრემიერლიგაში დაკავებული მეორე ადგილია…

მართლაც უცნაურია ასეთი განცხადება, რადგან სწორედ პორტუგალიელი სპეციალისტის „დამსახურებაა“, რომ წლეულს ანალოგიური შედეგის გამეორება „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ თითქმის წარმოუდგენელია, რადგან პირველადგილოსან „ლივერპულთან“ ჩამორჩენა 16-ს, ხოლო „მანჩესტერ სიტისთან“ კი 12 ქულას აღწევს.

აქედან გამომდინარე, პრემიერლიგაში ბოლო 6 ტურში მოპოვებულ ქულათა 100%-იანი მაჩვენებლის მიუხედავად, ოლე გუნარ სულშერისთვის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის უმთავრესი მიზანი „ტოტენჰემის“, „ჩელსის“ და „არსენალის“ ჩამოტოვება და მესამე ადგილის მოპოვება უნდა იყოს.   

 

 მანჩესტერელები „ბრაიტონთან“ გამარჯვებას ზეიმობენ

 

მოახერხებენ, თუ არა ამ მიზნის მიღწევას ოლე გუნარ სულშერის ბიჭები, მომავალი სულ მალე გვიჩვენებს; ახლავე კი იმის თქმა შეგვიძლია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ბობოქრობს და „პარი სენ ჟერმენს“ ეს  სასტიკად არ სიამოვნებს.

ფსიქოლოგიური ომი უკვე დაწყებულია. თუკი „მანჩესტერ იუნაიტედმა“ შაბათ საღამოს „ბრაიტონი“ მოკრძალებული ანგარიშით 2:1 დაამარცხა, „პარი სენ ჟერმენმა“ საფრანგეთის ჩემპიონატში აუტსაიდერი „გენგამი“ 9:0 გაანადგურა.

 


რეკომენდებული სტატიები
საქართველოს საფეხბურთო "ზამთრის თასს" ახალი ტრიუმფატორები გამოუჩნდნენ

საქართველოს საფეხბურთო "ზამთრის თასს" ახალი ტრიუმფატორები გამოუჩნდნენ

საქართველოს საფეხბურთო "ზამთრის თასს" ახალი ტრიუმფატორები გამოუჩნდნენ
“ზამთრის თასის”ასპარეზობას წელს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა და გულშემატკივარს დარბაზის ფეხბურთის სამი ტურნირი შესთავაზა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.