fbpx

„ბარსელონა“ – მცირეოდენი ისტორია და დღევანდელი დღე


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

„ბარსელონა“ რომ განსაკუთრებული კლუბია და მისგან არაკეთილმოსურნეებიც კი ყოველთვის საუცხოო საფეხბურთო სანახაობას ელიან, ეს ცნობილი ამბავია.

თუმცა, სანახაობრივი თვალსაზრისით აშკარაა, რომ დღევანდელი „ბარსელონა“ „საუცხოობისგან“ შორს დგას და აჩრდილია პეპ გვარდიოლას ძლევამოსილი გუნდისა, რომელიც ქვას ქვაზე არ ტოვებდა პრიმერადივიზიონის მეტოქეებთან შეხვედრებში და თამაშების უმრავლესობას დიდი ანგარიშით იგებდა.

მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გვარდიოლას წასვლის შემდგომ გუნდში რომ კრიზისი დაისადგურებდა, ამას მრავალი ექსპერტი ვარაუდობდა. არჩევანი მაშინ ლუის ენრიკეზე გაკეთდა, რომელსაც პეპ გვარდიოლას მსგავსად, „ბარსელონას“ მაისურით არაერთი შთამბეჭდავი სეზონი ჰქონდა ჩატარებული.

 

 პეპ გვარდიოლა და ლუის ენრიკე

 

ლუის ენრიკე „ბარსელონაში“ „სელტადან“ გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ახალ მწვრთნელს გუნდში მესის, ნეიმარის, სუარესის, ინიესტას, ჩავი ერნანდესისა თუ სხვათა სახით, საუკეთესო შემადგენლობა დახვდა, იგი მალევე მიხვდა, რომ ვიგოურ კლუბში მიღწეული მე-9 ადგილი და კატალონიურ გრანდში მუშაობა, ერთიმეორისგან სრულიად განსხვავებული ფენომენი იყო.

 

„ბარსელონამ“ უჩვეულოდ არათანაბრად დაიწყო 2014 წლის სეზონი. წარუმატებლობის გვირგვინად კი სწორედ რომ „სელტასთან“ 2014 წლის 11 ნოემბერს განცდილი მარცხი – 0:1 იქცა მაყურებლით გავსებულ „კამპ ნოუზე“.

ლუის ენრიკეს კლუბიდან გაშვებით ამ წაგებამდეც ემუქრებოდნენ, მაგრამ მას კიდევ ერთხელ და თანაც საბედისწეროდ, აპატიეს. საქმე ისაა, რომ სწორედ ამ მარცხის შემდეგ დაიწყო „ბარსელონას“ აღმასვლა, რასაც შედეგად 2014/2015 წლების სეზონში მოგებული 5(!) ტურნირი მოჰყვა.

მაისში „ბარსელონამ“ მადრიდის „რეალთან“ ორქულიანი სხვაობით მოიგო პრიმერადივიზიონის ტიტული და ჩემპიონთა ლიგის და ესპანეთის თასის ფინალებში ერთნაირი ანგარიშით 3:1 დაამარცხა შესაბამისად ტურინის „იუვენტუსი“ და ბილბაოს „ატლეტიკი“, რომელსაც მაშინ „ბარსელონას“ ამჟამინდელი თავკაცი – ერნესტო ვალვერდე წვრთნიდა…

 

ერნესტო ვალვერდე

 

მეოთხე ტიტული – ევროპის სუპერთასი „ბარსელონამ“ ჩვენთან – ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე, „სევილიასთან“ დაუვიწყარ ტრილერში – 5:4 მოიპოვა, ხოლო მეხუთე კი მსოფლიო ჩემპიონატში ფიფას კლუბთან,  „რივერ პლეიტთან“ 3:0 მოგებით.

„ბარსელონა“ 2015 წლის სეზონში მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. ესპანეთის სუპერთასზე ერნესტო ვალვერდეს გაწვრთნილმა ბილბაოს „ატლეტიკმა“ 4:0 გაანადგურა ლუის ენრიკეს ბიჭები…

2015 წლის საოცარი სეზონის შემდეგ, 2016-ში „ბარსელონა“  პრიმერადივიზიონის ტიტულის და ესპანეთის თასის შენარჩუნებით, დუბლს დასჯერდა, 2017-ში მოპოვებული მხოლოდ ესპანეთის თასი კი, რომლის ფინალშიც „ბარსელონამ“ კვლავ ბასკური კლუბი „ალავესი“ 3:1 დაამარცხა, ლუის ენრიკეს უკვე აღარ აპატიეს და 2017 წლის მაისში ზემოთხსენებული ვალვერდეთი ჩაანაცვლეს.

მას შემდეგ მაინცდამაინც დიდი ხანი არ გასულა, მაგრამ აშკარაა, რომ „ბარსელონაში“ ბევრი რამ შეიცვალა. შემადგენლობის როტაცია ფეხბურთში ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ 2015 წლის ფორმაციის „ბარსელონადან“ მის დღევანდელ ძირითად შემადგენლობაში კვლავ ვხედავთ მესის, სუარესს, პიკეს, ბუსკეტსს, ხორდი ალბას თუ რაკიტიჩს. მაგრამ როგორია  ამ ფეხბურთელების მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხი?

ერნესტო ვალვერდეს გუნდმა შარშან, უკვე ნეიმარის გარეშე, საკმაოდ მარტივად, მადრიდის „ატლეტიკოსთან“ 14 ქულიანი უპირატესობით ისე მოიგო პრიმერადივიზიონი, რომ ერთადერთი შეხვედრა სეზონის ბოლოს „ლევანტესთან“ დათმო, თასის ფინალში კი ანგარიშით 5:0 მიწასთან გაასწორა „სევილია“.

სამაგიეროდ ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონამ“ „ლივერპულთან“ ნახევარფინალის მოლოდინში მყოფი ნეიტრალური გულშემატკივარი „რომასთან“ მოულოდნელი გამოვარდნით, დიდად გაანაწყენა.

 

რა შეიძლება მოხდეს წლეულს? „ბარსელონას“ ამჟამინდელი თამაშის ხასიათი იმდენად ამოუცნობი და ამ კლუბისთვის უჩვეულოა, რომ რაიმე ტიპის პროგნოზის გაკეთება საკმაოდ რთულია.

თუმცა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე „ლიონთან“ მისი გამოვარდნა, ალბათ ვერ წარმოგვიდგენია…

„ბარსელონა“ პრიმერადივიზიონის მიმდინარე სეზონშიც გათამაშების ლიდერია და „ხირონასთან“ გუშინდელი მოგების შემდეგ, 5 ქულით უსწრებს მადრიდის „ატლეტიკოს“; მაგრამ თუკი თვალს გადავავლებთ კატალონური გრანდის მოგებული თამაშების სტატისტიკას, მას საკმაო ინერტულობას შევნიშნავთ.

„ბარსელონას“ 4 ბურთიანი სხვაობით და თანაც გასვლაზე ჰყავს განადგურებული თავისი დაუძინებელი მტრები „რეალი“ და „ესპანიოლი“, ხოლო „სოსიედადთან“, „ხეტაფესთან“ „ვალიადოლიდთან“ თუ „რაიო ვალეკანოსთან“ შეხვედრებში, იგი საკმაო გაჭირვებით, მინიმალური ანგარიშით მოგებებს დასჯერდა.

დავამატოთ ისიც, რომ „ბარსელონა“ განვლილ 21 შეხვედრაში 2 ჯერ – გასვლაზე „ლეგანესთან“ და შინ „ბეტისთან უკვე დამარცხდა. ნუთუ ასეთი ჩავარდნები ჩემპიონთა ლიგაზე მეტოქეების თვალის ასახვევად ხდება და ვალვერდე გარკვეულ სიურპრიზებს ამზადებს?

ამგვარი შეხედულება ალბათ სრულად გააქარწყლა  ესპანეთის თასზე მისი გუნდის „სევილიასთან“ უნიათო 0:2 მარცხმა, რადგან თუნდაც „რეალისგან“ განსხვავებით, კატალონური კლუბი ამ გათამაშებას ყოველთვის სერიოზულად ეკიდება და მისი ბოლო ოთხი სეზონის გამარჯვებულია.

 

წინ განმეორებითი შეხვედრაა და „ბარსელონას“ ალბათ ძალუძს დიდი გოლთაცვენის მოწყობა, მაგრამ რამდენად დასაჯერებელია ეს დღეს?

„ბარსელონა“ თასის მერვედფინალის პირველ შეხვედრაშიც თითქოს ძალდატანებით თამაშობდა „ლევანტეს“ წინააღმდეგ, რომელიც დათმო კიდეც.

განმეორებით მატჩში მოგების შემდეგ კი „ბარსელონა“ კვლავ ინერტული იყო უკვე „ლეგანესთან“ პრიმერადივიზიონის მატჩში, რომელსაც მესის გარეშე, სავარაუდოდ ვერც მოიგებდა.

 

ლუის სუარესს გოლი გააქვს „ლეგანესის“ კარში

 

არგენტინელმა მინდორზე შესვლიდან 7 წუთში მოულოდნელად  შორეული დისტანციიდან გაისროლა, „ლეგანესის“ მეკარე ივან კუელარმა ბურთი უხერხულად მოიგერია, იქვე აღმოჩნდა სუარესი, რომელიც მართალია მეკარეს დაეტაკა, მაგრამ „ბარსელონას“ დაწინაურება მაინც შეძლო. საეჭვო ეპიზოდზე არბიტრს რეაგირება არ მოუხდენია, დამაგვირგვინებელი გოლი კი მატჩის უკანასკნელ წუთზე მესიმ შეაგდო.

 

„ბარსელონას“ დღევანდელი შემადგენლობიდან გამორჩეული ფიგურა ალბათ უსმან დემბელეა, მაგრამ თუკი მოედანზე მესი არ იმყოფება, წარმატების მისაღწევად მისი ძალისხმევაც არასაკმარისია.

„ბარსელონაში“ აშკარად მოიკოჭლებს გუნდური თამაში და არასაიმედოდ გამოიყურება დაცვითი ხაზი. შეცდომებს უშვებს პიკე. თანაც ესპანეთის ნაკრების  დაცვის ბურჯს მეტოქე გუნდების მოთამაშეები საკმაოდ ხშირად ფეხებს შორის უტარებენ ხოლმე ბურთს…

საოცარი ისაა, რომ ასეთი ნაკლოვანებების ფონზე, „ბარსელონამ“ პრიმერადივიზიონის  ზეიზედ რვა უკანასკნელი შეხვედრა მოიგო. სანახაობრივ ცეცხლს კი მიმდინარე სეზონში კატალონური გრანდი მხოლოდ ეპიზოდურად დაანთებს ხოლმე, როგორც ეს მოხდა კრიზისში მყოფი მადრიდის „რეალის“და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ გასვლით შეხვედრებში.

 

როდის გაახარებს „ბარსა“ გულშემატკივარს „კამპ ნოუზე“ გრანდიოზული სანახაობით?

3 მარტს კატალონური გრანდი „რეალს“ უმასპინძლებს, ხოლო 7 აპრილს კი „ატლეტიკოს“.

იქნებ ამ მატჩებში მაინც ვიხილოთ ხალისიანი „ბარსელონა“ პეპ გვარდიოლას დანერგილი განუმეორებელი ხელწერით, რომლის მეშვეობითაც დღეს „მანჩესტერ სიტი“ „ბარსელონასთან“ შედარებით, უფრო შინაარსიან ფეხბურთს თამაშობს…

 


რეკომენდებული სტატიები
ესპანეთის ლა ლიგის საოცრებები

ესპანეთის ლა ლიგის საოცრებები

ესპანეთის ლა ლიგის საოცრებები
წლევანდელი ესპანეთის ჩემპიონატი რომ განსაკუთრებულია, ამას დიდი დაკვირვება არ სჭირდება. საკმარისია, მხოლოდ სატურნირო ცხრილში ჩახედვა და იმ სენსაციების დათვლა, რომელთა რიცხვი 2-3 სხვა ჩემპიონატსაც დააკმაყოფილებდა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.