fbpx

რინგო – ძაღლი სოციალური პასუხისმგებლობით


გააზიარე სტატია

 

დაგსიზმრებიათ, თუ არა გენიალური პროექტი, რომელსაც სანამ არ განახორციელებთ, მანამდე არც მადა გაქვთ, თათებიც გექავებათ და ერთი სული გაქვთ, როდის ნახავთ თქვენ მიერ ხორცშესხმულ იდეას? აი, სწორედ ასე იყო ჩემთანაც, როდესაც განდის ფრაზამ შთამაგონა ყველაფერი – „ცვლილებები შენგან უნდა იწყებოდეს“. ძაღლების ფეკალიებით გატენილ ქუჩებს რომ ვუყურებ, გული მიწუხდება, ამას უკვე 11 წელია განვიცდი. მაგრამ რა ვქნათ ჩვენ, ძაღლებმა, რომ ეს პატრონების მოსაგვარებელია და ფეკალიების აწმენდა ფიზიკურად არ შეგვიძლია?!“

ეს არის ნაწყვეტი რინგოს ვიდეოდღიურიდან. რინგო 12 წლის ამერიკული კოკერსპანიელია, რომელსაც საკმაოდ საინტერესო ცხოვრება აქვს გავლილი პატრონთან, ნესტან მამაცაშვილთან ერთად. რინგომ იცხოვრა ევროპაში, ბევრი იმოგზაურა, ნახა როგორი დამოკიდებულება აქვს ცივილიზებულ საზოგადოებას ცხოველების მიმართ და გადაწყვიტა, სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს და   თბილისის სამსახურში ძალიან საინტერესო ფორმით ჩადგეს.

 

ვესაუბრებით ნესტან მამაცაშვილს, რინგოს პატრონს:

 

 

ნესტან, მოგვიყევით  თქვენი და რინგოს მეგობრობის,  თქვენი ერთობლივი პროექტის და რინგოს დღიურების ისტორიის შესახებ.

რინგო და მე 12 წელია ერთად ვართ და  ჩვენი შეგნებული ცხოვრების დიდი ნაწილი  ერთმანეთს უკავშირდება. მოხდა ისე, რომ რაღაც დროით იტალიაში გავემგზავრე  სასწავლებლად. რინგოს თბილისში დატოვება აზრადაც არ მომსვლია და ამ ხანგრძლივ მოგზაურობაში ერთად წავედით. სიმართლე გითხრათ, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე მეგონა, რომ უცხო ქვეყანაში ძაღლთან ერთად ბევრი რამ გამიჭირდებოდა.  მაგალითად, ბინის ქირაობა. სასიამოვნო მოულოდნელობა იყო ის, რომ პირიქით მოხდა და ევროპაში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ცხოველი და მისი პატრონი მაქსიმალურ კომფორტში იყვნენ. არაფერია პრობლემა – კაფეში შესვლა, გამოფენაზე თუ კონცერტზე დასწრება, მატარებლით მგზავრობა…

 

 

მე და რინგომ 5 წელი გავატარეთ იტალიაში, ბევრიც ვიმოგზაურეთ: საფრანგეთში, შვეიცარიაში… შემდგომ, უკვე საკუთარ ოჯახთან  ერთად, საქართველოში დავბრუნდით. ჩამოსვლისთანავე, მე და რინგომ გადავწყვიტეთ ცხოველების მიმართულებით რამე სასარგებლო პროდუქტი შეგვექმნა. ყველამ ვიცით, რამდენად შემაწუხებელი და თვალშისაცემია ძაღლის ფეკალიებით სავსე ქუჩები, რასაც ევროპაში ვერ ნახავთ. აქვე ვიტყვი, რომ თუკი ძაღლს აქვს შესაძლებლობა, ის მოსასაქმებლად აუცილებლად მოფარებულ ადგილს შეარჩევს, სადმე ბუჩქის, ან ხის ძირას. ის, რაც ჩვენი ქალაქის ტროტუარებზე ხდება, მხოლოდ უპასუხისმგებლო პატრონების ბრალია. მოკლედ, რინგომ და მე, ბაზრის შესწავლის საფუძველზე, არჩევანი პატარა ქისებზე შევაჩერეთ, რომელიც ძაღლის ფეკალიების ასაღები  პარკებისთვისაა განკუთვნილი. სწორედ პროდუქტის შექმნასთან ერთად დაიწყო რინგოს დღიურების ისტორიაც, სადაც რინგო ცდილობს ძაღლის თვალით აღქმული სამყარო გააცნოს ადამიანებს და მათ სოციალურ პასუხისმგებლობასა თუ უპასუხისმგებლობაზე გააკეთოს აქცენტები.

 

 

რამდენადაც ვიცი, ქისებს  მხოლოდ ბიოდეგრადირებადი პარკები მოჰყვება.

რინგოს ქისებს რამდენიმე დატვირთვა აქვს: ისინი ხელნაკეთია, დამზადებულია ქართული მასალით და მათში მხოლოდ ბიოდეგრადირებადი პარკები იდება. ეს გახლავთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი ძალიან სწორი და საჭირო ფუნქციით. გარდა ამისა,  ჩვენი ქისა პატარა, კომპაქტური და ძალიან პრაქტიკულია. ის მარტივად მაგრდება ძაღლის ყელსაბამზე, ჩანთებზე, ქურთუკებზე. ყველა ძაღლის პასუხისმგებლიანი პატრონი დამეთანხმება, რომ პარკებით გამოტენილი ჯიბეებით სიარული საკმაოდ მოუხერხებელია. ჩვენი ქისები კი, პრაქტიკულთან ერთად, მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა პარკებისთვისაა განკუთვნილი და გარემოზე ზრუნვას უწყობს ხელს.  

 

 

რა მასალისგან მზადდება თქვენი ჩანთები?

არ დაგიმალავთ და მასალასთან დაკავშირებით ვორჭოფობდი… ცხოველისთვის განკუთვნილი აქსესუარი, რომელიც სხვა ცხოველის ტყავისგან მზადდება, ჩემში უხერხულობის განცდას იწვევდა. ინტერნეტში უხვადაა მსგავსი ტიპის პროდუქტი, რომელიც დამზადებულია პლასტმასის, ან დერმატინისგან. თუმცა ისინი ნაკლებად  ხარისხიანია და გარდა ამისა, ეს მასალები საქართველოში არ იშოვება. ბოლოს, მე და რინგო მივედით დასკვნამდე, რომ ჩვენი ქისებისთვის ცხოველებს არ ხოცავენ. მათ კლავენ ხორცის მოხმარების გამო და შემდგომ, ნარჩენის სახით, ტყავს ამუშავებენ და სხვა დანიშნულებისთვის იყენებენ. კონკრეტულად ჩვენი პროდუქტის დამზადებისთვის, არცერთი ცხოველი არ კვდება.

 

 

როდის გამოჩნდა თქვენი პროდუქტი ბაზარზე?

პირველი ქისები შარშან, მარტში დავამზადეთ, თუმცა პრობლემა იყო ბიოდეგრადირებადი, პატარა დიამეტრის პარკების შოვნა.  ისინი საქართველოში არ იწარმოება და პარკები ერთადერთია, რასაც უცხოეთიდან ვიწერთ.

 

 

როგორ მიიღო მომხმარებელმა თქვენი პროდუქტი?

გარდა კონკრეტული ფუნქციისა, ჩვენს ქისებს სოციალური პროექტის დატვირთვაც აქვს და ძალიან მიხარია, რომ მომხმარებელმა ის ძალიან კარგად მიიღო. არც კი მეგონა,  რომ „რინგოს“ მიმართ ამხელა ინტერესი გაჩნდებოდა. ჩვენი ქისები, პრაქტიკულთან ერთად, ხელნაკეთი, ადგილობრივი ნაწარმია და ალბათ ამიტომ, მათ მიმართ უცხოელების ინტერესიც საკმაოდ დიდია. მომხმარებლამდე ამბის მიტანის საქმეში, მედიასთან ერთად,  ძალიან დამეხმარა რინგოს დღიურები. რინგო სოციალურად პასუხისმგებლიანი ძაღლია, რომელიც დღიურების საშუალებით ადამიანებს მოუწოდებს იზრუნონ საკუთარ ქალაქზე. რინგომ იცის, რომ გარემო, სადაც ვცხოვრობთ, ჩვენ გვეკუთვნის და მასზე ზრუნვა, უკეთესობისკენ შეცვლა ყოველი ჩვენგანის მოვალეობაა.  

რინგოს ქისის შეძენა შეგიძლიათ:

  • ონლაინ: https://www.ringobags.store/ 
  • ზოოგალერეა, ფალიაშვილის N52
  • გალერეა 27, ბეთლემის N3
  • ზოომარტი, კარტოზიას ქ. N6; აბაშიძის N78; ცინცაძის N12
  • VetLife, ყოფილი ბუდაპეშტის 3ბ
  • ლალაჟი, აღმაშენებლის 73, ვარდების ბაღი
  • ფაბრიკა, ნინოშვილის N8
  • 17 კვადრატი, ჭანტურიას ქ.N8, პუშკინის ქ. N1, ქუთაისი
  • გრუმ-გრუმი, ნუცუბიძის N82

 


რეკომენდებული სტატიები
ძაღლის 5 ყველაზე პოპულარული ჯიში, რომლებსაც არასწორად ვექცევით

ძაღლის 5 ყველაზე პოპულარული ჯიში, რომლებსაც არასწორად ვექცევით

ძაღლის 5 ყველაზე პოპულარული ჯიში, რომლებსაც არასწორად ვექცევით
ძაღლის აყვანა ბევრ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული და უმეტეს შემთხვევაში, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას დაუფიქრებლად ვიღებთ.
რჩევები და მოვლის წესები შინაური ცხოველებისთვის სოციალური ქსელებიდან

რჩევები და მოვლის წესები შინაური ცხოველებისთვის სოციალური ქსელებიდან

რჩევები და მოვლის წესები შინაური ცხოველებისთვის სოციალური ქსელებიდან
რამდენად უცნაურადაც  უნდა მოგეჩვენოთ, ქართულენოვან “ფეისბუკში” თუთიყუშების, ზაზუნების, ზღარბების, თევზებისა და სხვა შინაური ცხოველების მოყვარულთა ჯგუფებიც კი არსებობს. თუ გყავთ შინაური ცხოველი ან მის ყიდვას აპირებთ, გირჩევთ აუცილებლად გაწევრიანდეთ ამ ჯგუფებში, სადაც უამრავ რჩევას და რეკომენდაციას მიიღებთ, როგორ გახდეთ თქვენი მეგობრის უკეთესი პატრონი
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.