fbpx

ქართული კინოთეატრების ისტორია და მომავალი


გააზიარე სტატია

 

ქართული კინოთეატრების ისტორიის, მისი განვითარებისა და მომავლის შესახებ, at.ge-ს ესაუბრა კინომცოდნე ლევან გელაშვილი.

 

როდის იწყება ქართული კინოთეატრების ისტორია?

კინოთეატრი როგორც კინოპროდუქციის  წარმოდგენის ტექნოლოგიური ჩარჩო, კინოს დაბადების შემდეგ გაჩნდა. პირველი კინოსეანსის დროს კინო როგორც სახელოვნებო დარგი ჯერ კიდევ არ არსებობდა. ის თანდათანობით ჩამოყალიბდა. კინოთეატრებიც და მისი არქიტექტურაც ნელ-ნელა გამოიკვეთა.

ამდენად, კინოს დაბადებიდან, როცა კინოთეატრები ჯერ კიდევ  არ არსებობდა, ფილმებს საცირკო შაპიტოებში, სახლებსა და სასტუმროებში უჩვენებდნენ. თბილისი რამდენიმე თვით ჩამორჩა პარიზსა და პეტერბურგში გამართულ კინოჩვენებებს. ვინაიდან რიგ შემთხვევაში პირველი კინოთეატრები არ იყო საგანგებოდ კინოსეანსებისთვის აგებული შენობები და ამ შენობებში კინოსეანსების გარდა იმართებოდა საბავშვო პროჟექტორი, კონცერტები, ლიტერატურული საღამოები, საგასტროლოდ ჩამოსული მსახიობები კი თეატრალურ წარმოდგენებს დგამდნენ. ხშირად კინოთეატრი კინოპავილიონის ფუნქციასაც ითავსებდა.


პირველი ქართული ფილმის ოპერატორი ალექსანდრე დიღმელოვი იხსენებს, რომ ფილმების გადაღება კინოთეატრ “აპოლოს” ფოიეში,  კიბეებზე და ხანდახან თვით მაყურებლის დარბაზშიც მიმდინარეობდა, როცა ის თავისუფალი იყო

 

კინოთეატრი ”აპოლო”

კინოც იმ პერიოდში განვითარების ეტაპებს გადიოდა. ის უფრო ამოძრავებულ ფოტოგრაფიად (ან, როგორც მაშინ უწოდებდნენ, ფოტოგრაფიის საწყალი ბიძაშვილი, რომელიც ლიტერატურის ინსცენირებას ახდენდა) აღიქმებოდა და ამგვარად კლასიკური გაგებით კინოჩვენება ყოველთვის არ იმართებოდა.

1900 წლიდან მამა-შვილი დიღმელოვები “ჯენ მორისის” ფსევდონიმით საქართველოს ქალაქებში გასტროლებზე გაემგზავრნენ, სადაც ზიჩის ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციებს უჩვენებდნენ. როგორც მაშინდელი აფიშები იტყობინებოდნენ: “ბუნდოვან სურათებად ვეფხისტყაოსნის სინემატოგრაფია”.

1904 წელს თბილისში, რესტორან “დათვში” (გოლოვინის, დღევანდელი რუსთაველის გამზირზე) პირველი სტაციონარული კინოთეატრი “ილუზიონი” გაიხსნა. 1905 წელს კი სოფია ივანეცკაიამ მუშტაიდის ბაღში საზაფხულო კინოთეატრი გახსნა. 1907 წლიდან თბილისში კინოთეატრები აშენდა: “მუზა”, “აპოლო”, “კოლიზეი”, “ლირა”, “მინიონი”, “სინემა-დისკი”. მათ ხშირ შემთხვევაში პროჟექტორებს ან ელექტროთეატრებს უწოდებდნენ. პირველი ელექტროთეატრი “აპოლო” იყო. 

 

კინოთეატრი ”აპოლო”


ამ პერიოდში კინოთეატრები იქმნება და უკვე უჩვენებენ ფილმებს ქუთაისში და ბათუმშიც (“აპოლო”, “ლირა”, “ილუზიონი”, “რადიუმი”, “მონ-პლეზირი”). მსოფლიოში მოდერნის სტილის კინოთეატრის არქიტექტურა რამდენიმეა, მათ შორის ერთ-ერთია “აპოლო” (ევროპაში მოდერნისა და კინოს გავრცელება ერთმანეთს დაემთხვა).

 


თბილისში კინოთეატრების უმრავლესობა მიხეილის გამზირზე იყო განლაგებული. მხოლოდ “არფასტო” მდებარეობდა გოლოვინის გამზირზე (ახლანდელი შოთა რუსთაველის სახელობის  თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის შენობა). თბილისში გაიხსნა უცხოური კინოკომპანიების ფილიალებიც: “პატე”, “გომონი”, “ამბროზიო”, “ჩინეზი”.

თბილისის ქუჩებში 15 სარეკლამო ბოძი იდგა და მათზე სარეკლამო აფიშები იყო გაკრული. 1911-1915 წწ.-ში ვინმე გაბელიამ ფოთში 500-ადგილიანი კინოთეატრი ააშენა. 1915 წელს მიხეილის გამზირზე შვიდი კინოთეატრი ფუნქციონირებდა: “სატურნი”, “მოდერნი”, “ლირა”, “ოდეონი”, “მულენ-ელექტრიკი”, “მულენ-ელექტრიკის” საზაფხულო დარბაზი და “აპოლო”, ხოლო მუშტაიდის ბაღში – “ილუზიონი”.

კინოთეატრებში “სკიფი” და “ურანი” ფრანგულ ფილმებს უჩვენებდნენ. სასტუმრო “მაჟესტიკის” (თბილისი-მარიოტი) სარდაფში იყო კინოთეატრი “მინიონი”. 1918-1921 წლებში საქართველოში ოცზე მეტი კინოთეატრი არსებობდა: “აპოლო”, “პალასი”, “ოდეონი”, “კოლიზეი”, “მუზა”, “მულენ-ელექტრიკი”, “კინოტიტანიკი”, “ილუზიონი”, “ამირანი” და სხვ. თბილისის კინოთეატრებში საზღვარგარეთიდან ჩამოტანილ ამერიკულ, იტალიურ, ფრანგულ, გერმანულ და რუსულ ფილმებს უჩვენებდნენ.

 

რა როლი ითამაშა საზოგადოების განვითარებაში კინოთეატრებმა, რა დატვირთვა ჰქონდა მათ  და რამდენად დიდი იყო საზოგადოების ინტერესი კინოს მიმართ?

გარდა იმისა, რომ კინოთეატრი იყო ერთადერთი უალტერნატივო საშუალება, სადაც შეიძლებოდა ფილმის ნახვა, თვითონ ეკრანული გამოსახულება, როგორც ტექნოლოგიური სიახლე  გაკვირვებას და უდიდეს ინტერესს იწვევდა. მისი გაგება არ მოითხოვდა წინასწარ ინტელექტუალურ მომზადებას. ფილმის შინაარსის გაგება შეეძლო როგორც წერა-კითხვის უცოდინარს, ასევე ღრმად განსწავლულ ადამიანს. კინო იყო შემეცნებითი და გასართობი. ერთდროულად ბიზნესიც და ხელოვნებაც. ის აერთიანებდა დიდსა და პატარას. ამდენად, კინოს მიმართ ინტერესი განუსაზღვრელად დიდი იყო.

ნებისმიერი ეკრანული გამოსახულება კინო არ არის. ეკრანული კოდების ინტერსემიოტიკური ნარატივი ფსიქოტრონული იარაღია. მას უდიდესი ზეგავლენის, პროპაგანდის, აღზრდის და შემეცნების ფუნქციაც აქვს, რასაც პოლიტიკური იდეოლოგიები წარმატებით იყენებდნენ. ლენინს თავიდანვე მიაჩნდა, რომ საბჭოთა კინო უნდა ყოფილიყო იმ ხაზის გამტარებელი, რასაც საბჭოთა გაზეთები აკეთებდნენ.

 

როდის აღწევს კინოთეატრების პოპულარობა მწვერვალს?

განვითარების მწვერვალს ალბათ 60-იანი წლებიდან აღწევს, როდესაც კინოთეატრებმა თავისი განსაკუთრებული კულტურა შექმნეს. 80-იან წლებშიც კი კარგ ტონად ითვლებოდა, თუ ფილმს ეკრანებზე გამოსვლისთანავე, პირველ კინოსეანსზე ნახავდა ადამიანი. კრისის ჩაღუნული ფეხებით სიარული.

 


თბილისის კინოთეატრების მაყურებელთა აუდიტორიას, ფილმის ყურების დროს გავრცელებული ფოლკლორული შეძახილების რეპერტუარი ჰქონდა, რაც მხოლოდ  ფილმის კოლექტიური ყურებისთვისაა დამახასიათებელი.

 


მაგალითად, ფირი თუ გაწყდებოდა დარბაზში, რომელიმე მაყურებელი კინომექანიკოსის  მისამართით აუცილებლად შესძახებდა: “საპოჟნიკ!“ ან “მეხაშე!” ფილმის ყურების დროსაც  ყველაზე დაუდევარი მაყურებელიც კი იოლად შეამჩნევდა ე. წ. “გულაბკით” გადაბმულ კადრებს.  თუ ფილმში ხანგრძლივი კოცნის სცენა იყო, ვინმე აუცილებლად წამოიძახებდა ხოლმე: “сорок”, რაც მომდინარეობდა სიგარეტის დასახელებიდან, ამ სიტყვას ამბობდნენ სიგარეტის თხოვნის დროსაც: “დამიტოვე сорок-ი”.

კინოთეატრ “ისანში” ფილმის დაწყების წინ,  ნახევარი საათი ფოიეში სასულე ორკესტრი უკრავდა. კინოშატალოზე წასული სკოლის მოსწავლეები კედლებზე ძვრებოდნენ და იქიდან უყურებდნენ ფილმს. ცალკე კულტურა იყო კინოთეატრის უკანა რიგი, სადაც როგორც წესი, შეყვარებული წყვილები სხდებოდნენ.

 

რა ვითარებაა დღეს? რამდენად დაეცა კინოთეატრების მიმართ ინტერესი და რა არის ამის მიზეზი?

კინოთეატრები გართობის, მეგობრების წრეში დროის გატარების და სხვა უამრავი ნაცნობების და უცნობების შეკრების კულტურული კერა იყო.  ფილმის ნახვა კინოთეატრის გარდა მხოლოდ ტელევიზორში შეიძლებოდა და ისიც ჩამორჩებოდა ტექნოლოგიური სრულყოფილებით დიდ ეკრანზე ნახვის ესთეტიკურ სიამოვნებას. დღეს უკვე სხვა რეალობაა. ფილმის ნახვა შესაძლებელია ათამდე ტექნოლოგიური პროგრესის საჩხარუნოთი.

 

 

ეს ცვლის ფილმის აღქმის სპეციფიკასაც. თუ კინოთეატრში ფილმს მაყურებელი ერთი ამოსუნთქვით ნახულობდა და მას ჰქონდა ორი ალტერნატივა – ან დაეძინა, ან დაეტოვებინა დარბაზი, დღეს შეიძლება ერთ ფილმს მაყურებელმა დაპაუზებით,  რამდენიმე დღე უყუროს, დროის თავისუფალ მონაკვეთებში, თავის ლეპტოპში. ამდენად, შეიცვალა არა მხოლოდ ტექნოლოგიური მოხმარების ჩარჩო, არამედ აღქმის კონტექსტიც. ყველაზე მნიშვნელოვანი ისიც არის, რომ თავშეყრის ადგილები, როგორც ასეთი, შეიცვალა, კინოთეატრს, ისევე როგორც თავად კინოსაც, უამრავი კონკურენტი გამოუჩნდა.

 

კინოთეატრ “რუსთაველის” დახურვამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია საზოგადოებაში. რამდენად გამართლებულია პრაქტიკულად ისტორიული კინოთეატრის დახურვა და მის სანაცვლოდ “გალერიაში”  კინოდარბაზების გახსნა?

კინოთეატრების აგებიდან ათწლეულები გავიდა. ამ შენობებმა განსაკუთრებული კულტურული მნიშვნელობა შეიძინეს. ცხადია, მათი დანგრევა, გადაკეთება ან ფუნქციის შეცვლა ძალიან მტკივნეულია. კინოთეატრ “რუსთაველის” დახურვა ჩემთვის ძალიან გულსატკენი მოვლენაა. ამაზონის ჯუნგლებში არსებობს ერთადერთი კანონი: ძლიერი ჭამს სუსტს. ეს რეალობა რომ ავიცილოთ, უნდა არსებობდეს რეგულაციები. ბიზნესი კომერციულ მოგებაზეა ორიენტირებული. ძალიან რთულია შეაჩერო ის პროცესი, რაც უკვე დაიწყო. სანამ პროცესი დაიწყება, მანამდე უნდა შეიქმნას რეგულაციები. ბაზარი დაარეგულირებს მაშინ, როდესაც წინასწარ განსაზღვრული თავისუფლების ფარგლებში ექნებათ რეგულაციები.

 

სავაჭრო ცენტრებში გახსნილი დარბაზები რამდენად შეიძლება ჩაითვალოს კინოთეატრებად და არის თუ არა ამ ორს შორის სხვაობა?

თვისობრივად შეიცვალა თავშეყრის ადგილები. კინოთეატრის, როგორც თავშეყრის ადგილების კულტურულმა კერამ დაკარგა ცენტრის სტატუსი. ამდენად, კინოთეატრების ფუნქცია რომ არ გაუქმდეს, ისინი მიისწრაფვიან იქ, სადაც თავშეყრის ადგილები უკვე მათ გარეშე არსებობს და იმ სოციალურ კონტექსტში ეწერებიან.



 

ცხადია, სავაჭრო ცენტრებში გახსნილი კინოდარბაზები სრულიად სხვა მოვლენაა. ჩემთვის სხვაობა იმდენად დიდია, რომ იმასაც ვფიქრობ, მსგავსება საერთოდ რა აქვთ. წარმოიდგინეთ, მიდიხართ კინოთეატრში, შედიხართ, გაივლით ჰოლს და შეხვალთ დარბაზში. სულ სხვა რამ ხდება სავაჭრო ცენტრში, შედიხართ, გაივლით მილიონიანი კომპანიების მიერ შემოთავაზებული პროდუქციის ატრაქციონს, ნებისმიერი გემოვნების და ფანტაზიის შესაბამის საცდურს, სანამ მიაღწევთ კინოდარბაზამდე, უკვე “განწყობის თეორიის” თანახმად, არ ხართ მზად ნახოთ ე.წ. სერიოზული კინო.

 

ინტერნეტის ეპოქაში როგორ ხედავთ ზოგადად კინოთეატრების  მომავალს?

1967 წელს მონრეალში, კანადის კონფედერაციის ასი წლისთავზე, World Expo-67-ზე უჩვენეს ჩეხოსლოვაკიის კინოპროდუქტი Kinoautomat. მაყურებელი აღფრთოვანებული იყო ფილმით. ამერიკელებს სურდათ ფილმის და ტექნოლოგიის ლიცენზიის ყიდვა, მაგრამ ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტია წინააღმდეგი იყო.




ფილმი აკრძალეს პირველი კინოსეანსის შემდეგ. ეს იყო ერთ-ერთი პირველი ინტერაქციული კომედია, რომლის მსვლელობის დროს, როდესაც მთავარი გმირი სასაცილო მდგომარეობაში ჩავარდა, ზუსტად ამ მომენტში ფილმი დაპაუზდა და სცენაზე გამოვიდა მთავარი როლის შემსრულებელი. მან ჰკითხა დარბაზს, თუ როგორ მოიქცეს; შესთავაზა მოქმედების განვითარების ორი ვარიანტი. სავარძლებთან დამონტაჟებული იყო ხმის მისაცემი ორღილაკიანი მოწყობილობა, ხმის მიცემის შემდეგ მოქმედება ფილმში არჩეული გეზით ვითარდებოდა.

ტექნიკის განვითარებასთან ერთად კინემატოგრაფისტებმა დაიწყეს პირველი ექსპერიმენტები. 90-იან წლების დასაწყისში გამოვიდა რამდენიმე ექსპერიმენტული ფილმი –  I’m Your Man (1992) და MR. payback (1995).

 

 

ფილმის სიუჟეტის მართვა დარბაზში პულტით შეიძლებოდა, მაგრამ ამას არ მოჰყოლია წარმატება. მაყურებელს უფრო ხმის მიცემის პროცესი მოსწონდა, ვიდრე მოქმედების განვითარების ყურება. Kinoautomat-ის წარმატების გამეორება ვერ შეძლეს და ექსპერიმენტები შეწყდა.

დღეს უკვე აპრობირებული პრაქტიკაა კინოთეატრში, შესაბამის მომენტში, გამოსახულების ადეკვატური სურნელის გაშვება. ფართო დანერგვის კუთხით კინოარომატი 2011 წელსაც სცადეს, მაგრამ ამ იდეამ ვერ იცოცხლა. იაპონიაში ჰოლივუდის ფილმის, “ახალი სამყაროს”  პრემიერაზე გამოსცადეს სუნის გენერატორი, რომელიც 32 არომატს შეიცავდა. მაყურებელი არა მხოლოდ თვალის და ყურის მეშვეობით იაზრებს ფილმს, არამედ ყნოსვითაც. სასიყვარულო სცენების დროს ყვავილების არომატი იფრქვეოდა დარბაზში, როზმარინის და პილპილა-პიტნის სურნელის დროს მაყურებელს ცრემლი მოსდიოდა, რომანტიკული მომენტების დროს ციტრუსის სუნი იდგა, პერსონაჟების მიერ ბოღმის გამოხატვისას კი ევკალიპტის სუნი ვრცელდებოდა დარბაზში.

სუნის გენერატორი იაპონურმა კომპანიამ Miraprom გააკეთა. მისი შემქმნელები თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ მოწყობილობა შესაძლებელი იქნებოდა გამოეყენებინათ რესტორანში, კლიენტების მოსაზიდად. კინოთეატრში კი მსგავსი რამ პირველად 1960 წელს გამოსცადეს. შვეიცარიელმა სწავლულმა ჰანს ლაუბემ შეიმუშავა ტექნოლოგია smell-o-vision, მაგრამ ამ გამოგონებამ ჯერ-ჯერობით არ იმუშავა.

 



sony-ის მეცნიერები უკვე ხუთ წელზე მეტია სრულიად საიდუმლოდ მუშაობენ ახალი ტექნოლოგიის შესაქმნელად. ეს იქნება ტელევიზორი, რომელსაც შეეძლება გამოსცეს არომატები. შემქმნელების თქმით, სურნელი ეკრანზე ტრანსლირებული გამოსახულების ასოციაციური იქნება და ამავდროულად სრულიად უსაფრთხო ჯანმრთელობისთვის.

ასევე ვითარდება 4D კინოთეატრები სიმულაციური სისტემებით: ნიავი, წყლის შხეფი, ვიბრაცია, ვარდნის ეფექტი, ელვა, კვამლი, წვიმის ეფექტი, საპნის ბუშტების სპეციალური არომატები და სხვა. ეს ყველაფერი ქმნის 4D კინოთეატრს. ამასთან ცილინდრული ეკრანი გამოსახულებას რეალისტურ განცდას აძლევს.

D-Box  სისტემა წარმოდგენილია ევროპის ბევრ კინოთეატრში, აზიასა და ამერიკაში. ესაა მოძრავი სავარძელი, რომელიც სინქრონიზირებულია იმასთან, რაც ხდება ეკრანზე და უზრუნველყოფს უფრო მეტ ჩართულობას და მძაფრ შეგრძნებებს ეკრანზე განვითარებულ მოვლენებთან.

 

 

მაგრამ რთული დასაჯერებელია, რომ კინოთეატრების მომავალი მხოლოდ ესაა. მსგავსი პროექტები ამჟამად ხორციელდება მუზეუმებში ინსტალაციისთვის, რომელსაც საცნობარო ფუნქცია აქვს. ორბის კინოთეატრი ჰაი-ტეკ-პარკი მულტიფუნქციური შესაძლებლობებისაა. შეგიძლია “ჩაერთო” საგანმანათლებლო პროგრამაში: მულტიმედიური მოგზაურობა ცხოველების და ბუნების შესასწავლად. გაემგზავრო ვირტუალურ მოგზაურობაში. მოინახულო მსოფლიოს ღირსშესანიშნავი ადგილები. არა მხოლოდ  გამოსახულებით, არამედ აღიქვა ხმით, სუნით და შეხებითაც კი. ტექნოლოგია Time Lab ჰენრიხ ჰერცის სახელობის ინსტიტუტში შემუშავდა. ეს აკუსტიკის და სტერეოსკოპული გამოსახულების იმგვარი სინთეზია, რომ მაყურებელი ერთ-ერთი მონაწილეა მომხდარის. ეკრანზე ყურების დროს მაყურებელს აქვს განცდა, რომ ის იცვლის ადგილს, მიუხედავად იმისა, რომ სავარძელში, ერთ ადგილზე ზის.

ყოველწლიურად კომპიუტერული თამაშების მზარდ ინდუსტრიაში უფრო მეტი და მეტი ფინანსების და ადამიანური რესურსების მობილიზება ხდება. ის დრო, როცა ვიდეოთამაშების გარეგნული იერსახე ისეთი იქნება, როგორც კინოსი,  შორს არ არის. Heavy rain (ფრანგული სტუდიის, quantic dream-ის 2010 წლის გამოშვება). დევიდ ფეიქმა შეძლო ორჯერ ზედიზედ გაეოცებინა მომხმარებელი.

 

 

2006 წელს გამოვიდა თამაში Fahrenheit, რომელიც გამოირჩეოდა ნოვატორული იდეებით და უნიკალური კინოსცენარით. შემდეგი იყო heavy rain – ასევე კინემატოგრაფიული ტიპის თამაში. სპეციალურად ამ თამაშის ფიზიკის შესაქმნელად ახალი ტექნოლოგია შეიმუშავეს. ეს იმდენად  სპეციფიკური ხაზია სხვა თამაშებისგან განსხვავებით, რომ თამაშების ინდუსტრიაში გაჩნდა ახალი ჟანრი – ინტერაქტიული კინო, რაც ადრე პრიმიტიული პროექტებით იყო წარმოდგენილი. მალე კინოინდუსტრია და ვიდეოთამაშების ინდუსტრია ერთმანეთს გადაეჯაჭვება.

განსხვავება ვიდეოთამაშსა და კინოს შორის იშლება კომპიუტერული გრაფიკის განვითარებასთან ერთად. ვიდეოთამაშების ინდუსტრია სწრაფი ტემპებით ეწევა კინემატოგრაფიას. ახალი ციფრული ტექნოლოგიები ცვლის არა მხოლოდ მაყურებელს, არამედ მსახიობებსაც. ციფრული მსახიობები უკვე არსებობენ.

ყველა ველოდებით მომავალს, თითქოს ის ჩუმად მოვა და ყველაფერს მოაწესრიგებს. ვერ ვამჩნევთ, რომ ტექნოლოგიები უკვე არსებობს. თვისობრივად ახალი ტიპის კინოთეატრი გაჩნდება მას შემდეგ, რაც მეცნიერები შეძლებენ მაყურებლის გრძნობების მანიპულირებას უშუალოდ მათი ტვინის მეშვეობით. ეს მოხდება მას შემდეგ, რაც კინოს შეეძლება რეალობის ჩანაცვლება, მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიგრძნობთ რეალისტურად ფილმიდან მიღებულ შთაბეჭდილებებს.

ახალ, გაფართოებულ კინორეალობაში ადამიანებს შეეძლებათ ჩაყვინთონ ოკეანის ფსკერზე, მოინახულონ სხვა პლანეტები და იმოგზაურონ დროში. ყველაფერი ეს შესაძლებელი იქნება პროგრამული უზრუნველყოფით, რომელიც შეძლებს გადასცეს შეგრძნებების მთლიანი სპექტრი და რომელიც განხორციელდება ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

კინოთეატრი, როგორც საბალაგანო – ნაცნობების და უცნობების თავშეყრის ადგილია, სადაც ფილმის ყურების გარდა, ზოგი თავის შეყვარებულს ეხუტება და ზოგს სძინავს. კინომოყვარულებს კინოთეატრში შესვლისას აღელვებთ, რომელ ადგილზე აიღონ ბილეთი და რამხელა ჭიქით იყიდონ პოპკორნი. მომავალში ტექნოლოგიები სრულიად შეცვლის კინოთეატრის გარემოს. როგორი იქნება ის, ზუსტად ამის თქმა რთულია, მაგრამ ერთი რამ ნათელია, კინოს განვითარება ტექნოლოგიების განვითარებაზეა დამოკიდებული და ის აუცილებლად შეიცვლება.


რეკომენდებული სტატიები
Romantic Love Was Invented to Manipulate Women - ჯენი ჰოლცერი და ტრუიზმები

Romantic Love Was Invented to Manipulate Women - ჯენი ჰოლცერი და ტრუიზმები

Romantic Love Was Invented to Manipulate Women - ჯენი ჰოლცერი და ტრუიზმები
ჯენი ჰოლცერის ემოციური სლოგანები მთელ მსოფლიოში შეგხვდებათ მაისურებზე, პოსტერებზე, ნეონის განათებებზე და პრეზერვატივებზეც კი
„სინესთეზია“ - პერფორმანსი რუსთაველის თეატრის მიწისქვეშა გვირაბში
Play Video

„სინესთეზია“ - პერფორმანსი რუსთაველის თეატრის მიწისქვეშა გვირაბში

„სინესთეზია“ - პერფორმანსი რუსთაველის თეატრის მიწისქვეშა გვირაბში
პერფორმანსი სათაურით „სინესთეზია“ ოთხი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა „ახალ ქიმერიონში“, რომელიც  თბილისის ერთ-ერთი ახლად გახსნილი სახელოვნებო სივრცეა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.