თქვენი მობილურის ეკრანი მანქანის საქარე მინაზე – EyeDrive
ავტოსაგზაო შემთხვევების რისკ-ფაქტორებს შორის უპირველეს ყოვლისა სისწრაფის გადამეტებას, შემდეგ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნას ასახელებენ. თანდათან იზრდება მობილური ტელეფონით გამოწვეული ყურადღების გაფანტვის გამო მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევები. აქედან გამომდინარე, ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანიები ცდილობენ, რომ ბაზარზე ისეთი ნოვაციური პროდუქტები შემოიტანონ, რომლებიც შეამცირებენ მობილური ტელეფონით სარგებლობის შედეგად გამოწვეულ უბედურ შემთხვევებს.
ერთ-ერთი ასეთი ტექნოლოგიაა – მძღოლის ჰოლოგრაფიული თანაშემწე EyeDrive. მისი მეშვეობით სმარტფონებში არსებული ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია წინა საქარე მინაზე პროეცირებს. მაგალითად, მომხმარებელი ხედავს მუსიკალური პლეერების, ნავიგატორების ჰოლოგრაფიულ გამოსახულებას, ასევე შემოსული ზარებისა თუ მოკლე ტექსტური შეტყობინებების ავტორების პროფილს.
EyeDrive-ის მწარმოებელთა განმარტებით, ტექნოლოგია Apple-ის ან Google-ის ხმოვანი თანაშემწეების დახმარებით იმართება, ასევე შესაძლებელია ხელის მარტივი მოძრაობებით მანიპულაცია, რისთვისაც EyeDrive-ის ინფრაწითელი სენსორები ავტომობილის სალონში მონტაჟდება.
EyeDrive-ის კომპლექტში გათვალისწინებულია ავტონომიური კამერა პარკირებისათვის, ხოლო გამოსახულება კამერიდან წინა საქარე მინას უსადენო კავშირით მიეწოდება. იმისათვის, რომ გამოსახულება იყოს მკვეთრი, განსაკუთრებით მზიან ამინდში, საქარე მინაზე სპეციალურ გამჭირვალე ბადეს აკრავენ.
EyeDrive-ის შეძენა შესაძლებელია პლატფორმაზე Indiegogo. საბაზისო პაკეტი 199$, პაკეტი ხელის მოძრაობის სენსორული სისტემით – 269$, ხოლო სრული კომპლექტი პარკირების კამერის ჩათვლით – 349$ ღირს.