5 საინტერესო ფაქტი თბილისის ჯაზ-ფესტივალის საპატიო სტუმრის – პეტ მეთინის შესახებ


გააზიარე სტატია

 

პეტ მეთინი  22-ე ჯაზ-ფესტივალის განსაკუთრებული სტუმარია და ამას ისიც ადასტურებს, რომ მუსიკოსი თბილისში  ორ ღონისძიებას გამართავს – 1 მარტს “ივენთ ჰოლის” სცენას ლეგენდარული ჯაზ-გიტარისტი მუსიკოს დერეკ ოლეჟკიევიჩთან და ჯონათან ბარბერთან ერთად დაიკავებს; მომდევნო, ფესტივალის დახურვის დღეს კი თბილისის საკონცერტო დარბაზში პეტ მეთინისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტი შედგება. ამ პროექტის ფარგლებში  პეთ მეთინი მსმენელის წინაშე პროექტით – Missouri Skies and More წარდგება.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის – მუსიკალური ღონისძიებების სერია 28 თებერვალს კონსერვატორიის დიდ დარბაზში ახალი პროექტით  – Tbilisi Big-Band & New Jazz Generation დაიწყება, რაც ძველი და ახალი თაობის ჯაზ-მუსიკოსების შეხვედრას გულისხმობს. ფესტივალზე  ასევე მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი ვახტანგ კახიძის დირიჟორობით, თბილისის მერიის ბიგ-ბენდი და კონსერვატორიის ჯაზის ფაკულტეტის სტუდენტები რევაზ კიკნაძის ხელმძღვანელობით.

სტატიაში გაგაცნობთ  5 საინტერესო ფაქტს, რომლებიც მუსიკოსის ცხოვრებას და შემოქმედებით საქმიანობას უკავშირდება.

 

#1. უნიკალური შედეგი – 20 გრემის ჯილდო და 10  სხვადასხვა ნომინაცია

არტისტმა პირველი ჯილდო Pat Metheny Group-ის ფარგლებში 1983 წელს ალბომისთვის – Offramp მიიღო, ნომინაციაში  წლის საუკეთესო ჯაზ-ფიუჟენ შესრულება. ამის შემდეგ გრემის დაჯილდოებაზე მისი დომინაცია დაიწყო – მომდევნო 33 წლის განმავლობაში მუსიკოსს 10 სხვადასხვა კატეგორიაში 20 ქანდაკება ხვდა წილად, რაც უნიკალური შედეგია. მსგავსი შედეგისთვის არავის მიუღწევია, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ პეტ მეთინის მუსიკალური პალიტრა ბევრად სცილდება შემოქმედებით ჩარჩოებს.

გრემის უკანასკნელი ჯილდო გიტარისტმა 2013 წელს ალბომისთვის Unity Band მიიღო, რომლის ჩაწერაში მონაწილეობდნენ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან კრის პოტერი, ანტონიო სანჩეზი და ბენ უილიამი.

 

კომპოზიცია 2013 წლის ალბომიდან

 

#2. დევიდ ბოუისთან თანამშრომლობა

1984 წელს პეტ მეთინმა თავის ბენდთან ერთად ფილმისთვის „შევარდენი და თოვლის კაცი“ საუნდტრეკ ალბომი ჩაწერა. ალბომის ყველაზე წარმატებული კომპოზიციაა This Is Not America, რომელიც დევიდ ბოუისთან ერთად ჩაიწერა – მეთინი მოგვიანებით აღნიშნავდა, რომ ბოუის ტექსტი და სტილი ფილმს იდეალურად მოუხდა. არტისტი მუშაობის პროცესს შემდეგნაირად აღწერს: „როდესაც ინსტრუმენტული ვერსია შევქმენი, რეჟისორმა ჯონ შლესინგერმა დევიდ ბოუისთან თანამშრომლობა მირჩია, რათა ფილმის შემდგომი ტიტრებისთვის იდეალური სიმღერა შეგვექმნა. როდესაც ბოუი ფილმის სანახავად მოვიდა, მე მასთან ახლოს დავჯექი. ფილმის ყურებისას ის გამუდმებით რაღაცას იწერდა და ინიშნავდა. ფილმის დასრულების შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ მას სიმღერის სათაურის დაახლოებით 30 ვერსია ჰქონდა ჩამოწერილი. ერთ-ერთი მათგანი იყო This Is Not America.“ მეთინი ხაზს უსვამდა, რომ მისი ინსტრუმენტალი ერთ-ერთ საუკეთესო საპროტესტო სიმღერად სწორედ ბოუის დამსახურებით გახდა.

ფილმის გარდა, კომპოზიციამ წარმატებას ჩარტებშიც მიაღწია და ის როგორც ბრიტანული, ასევე ამერიკული ჩარტების ტოპ 40-ში მოხვდა. კომპოზიცია   ასევე გვხვდება დევიდ ბოუის საუკეთესო ჰიტების ალბომში, Best of Bowie-ში. 2001 წელს ამერიკელმა ჰიპ-ჰოპ არტისტმა P. Diddy-მ ფილმისთვის “საწვრთნელი დღე“ საუნდტრეკი სწორედ This Is Not America-ს მოტივებზე შექმნა. მის ვერსიას სახელად American Dream ჰქვია.

 

 

#3. სტივ რაიხის საეტაპო ნაწარმოები  Electric Counterpoint სწორედ პეტ მეთინმა ჩაწერა

ელექტრონული ჟღერადობის ან ზოგადად მუსიკაში მინიმალიზმის მოყვარული ადამიანები დაგვეთანხმებიან, რომ სტივ რაიხის Electric Counterpoint ეპოქალური ნაწარმოებია, რომელიც თავისი ტექნიკური თუ შინაარსობრივი მახასიათებლებით სრულიად უნიკალური კომპოზიციაა. 1987 წელს ზემოთ ხსენებული ნამუშევრის გიტარის პარტია  პირველად პეტ მეთენმა ჩაწერა. მან მაშინ ე.წ. ოვერდაბინგის ტექნიკა გამოიყენა, რომელიც ერთი და იგივე მუსიკალური პასაჟის რამდენჯერმე ჩაწერას გულისხმობს.

მიუხედავად იმისა, რომ სტივ რაიხს და პეთ მეთინს ერთად არცთუ ისე ხშირად უმუშავიათ, ისინი ურთიერთგავლენას მუდმივად განიცდიდნენ. მაგალითისთვის, რაიხის ტექნიკის და შემოქმედებითი მიდგომის გავლენას ადვილად შევამჩნევთ მეთინის ორ ალბომში  – The Way Up (2005) და Orchestrion (2010).

 

#4. თინეიჯერობისას დაწყებული აკადემიური კარიერა

პეტ მეთინზე საუბრისას ხშირად უსვამენ ხაზს იმ ფაქტს, რომ მისი გავლენა და მნიშვნელობა მის მუსიკას სცდება – ის ამავდროულად აკადემიკოსიცაა, რომელიც წლების განმავლობაში ჰოლანდიის სამეფო კონსერვატორიით დაწყებული, თელონიუს მონკის ჯაზის ინსტიტუტით დამთავრებული, ძალიან ბევრ პრესტიჟულ სასწავლებელში მუშაობდა.

ეს ყველაფერი კი მან თინეიჯერობის წლებში დაიწყო: 18 წლის ასაკში პეტი მაიამის უნივერსიტეტის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა ლექტორი გახდა. 19 წლის ასაკში კი ასეთი პატივი ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში ერგო. მუსიკისადმი და მუსიკალური ინსტრუმენტებისადმი მისი ინოვაციური მიდგომა ხშირად დროს უსწრებდა, რამაც საბოლოოდ განსაზღვრა მისი, როგორც მუსიკის პიონერის სტატუსი.

 

#5. მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო

1974 წლის შემდეგ პეტ მეთინი თავისი მუსიკით მსოფლიოს ყველა წერტილს ესტუმრა – იყო დრო, როდესაც ის წელიწადში საშუალოდ 150 კონცერტს ატარებდა და ეს დეკადების განმავლობაში გრძელდებოდა. ეს ნიშნავს, რომ ის საშუალოდ 3 დღეში ერთხელ ატარებდა კონცერტს, რაც ერთი შეხედვით წარმოუდგენელია. თუმცა, ის რაც შეუძლებელია სხვებისთვის, შესაძლებელია მეთინის მსგავსი გენიოსისთვის.

მისი ასეთი თავდადება არტისტს საშუალებას აძლევდა საკუთარი შემოქმედება მსმენელისთვის უფრო ახლოს მიეტანა.

მუსიკოსის  ნაყოფიერი ტურნეების მიუხედავად, მეთინის საქართველოში მოსმენა წლების განმავლობაში აუსრულებელი ოცნება იყო. ამჯერად კი ქართველი მსმენელი მის მოსმენას თბილისის ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში ორჯერ შეძლებს, მათ შორის – პროექტით Missouri Skies and More.


რეკომენდებული სტატიები
თბილისის 22-ე ჯაზ-ფესტივალი თებერვლის ბოლოს გაიხსნება
Play Video

თბილისის 22-ე ჯაზ-ფესტივალი თებერვლის ბოლოს გაიხსნება

თბილისის 22-ე ჯაზ-ფესტივალი თებერვლის ბოლოს გაიხსნება
 თბილისის 22-ე ჯაზ-ფესტივალზე მსმენელს განსაკუთრებული პატივი ერგება - ქალაქს დიდი ხნის სასურველი სტუმარი პეტ მეთინი ეწვევა
ჯაზ-ფესტივალები საქართველოსა და მსოფლიოში
Play Video

ჯაზ-ფესტივალები საქართველოსა და მსოფლიოში

ჯაზ-ფესტივალები საქართველოსა და მსოფლიოში
დღევანდელ მსოფლიოში ქვეყნის მუსიკალური კულტურა შეგვიძლია იქ მიმდინარე ფესტივალებითაც შევაფასოთ. საქართველოს ამ მხრივ აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია, რადგან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფესტივალების პრაქტიკას, განსაკუთრებით ჯაზში, აქ საფუძველი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ჩაეყარა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.