fbpx

Soundwave, ცოცხალი მუსიკის ექსპერიმენტებისთვის შექმნილი ღია სივრცე


გააზიარე სტატია

Soundwave, ცოცხალი მუსიკის ახალი ტალღა, რომელსაც ლიკანი და Velvet Session ყოველთვიურად წარმოგიდგენთ, ექსპერიმენტებისთვის შექმნილი ღია სივრცეა.

მან  არსებობა 31 იანვარს ჯეი ჯეი იოჰანსონის და KID Jesus-ის ლაივით დაიწყო. ამჯერად კი, მეორე სესიის ფარგლებში, ღონისძიებას Politika-მ უმასპინძლა და მსმენელის წინაშე ირანული აკუსტიკური დუეტი Num და ასევე ნატუკა ნაცვლიშვილი თავისი პროექტით Aine Merme წარსდგნენ.

„Soundwave-ის მთავარი მიზანია ყველანაირი ჩარჩოსგან გავთავისუფლდეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მუსიკა, ჟანრისა და სპეციფიკის შეზღუდვის გარეშე. ასევე  ძალიან საინტერესო პროცესია უკვე არსებული სივრცის ათვისება, მისი გარემოსა და ხასიათის რადიკალურად შეცვლა და არტისტზე, ლაივის სპეციფიკაზე მორგება“, – ამბობს პროექტის ორგანიზატორი ელენე გვეტაძე.

ღონისძიება Aine Merme-ის ლაივით დაიწყო, რომლის მსვლელობისას ნატუკა ნაცვლიშვილს კომპანიონობას ნიკა გაბაძე უწევდა. ნატუკა ძალიან საინტერესო მუსიკოსია, ის საკუთარ შემოქმედებას ყოველთვის უფრო ღრმა იდეებით  კვებავს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. მომავალ ალბომზე მუშაობის პროცესში მან 6  ქვეყანაში იმოგზაურა, სადაც საკუთარ მუსიკას ახალ და საინტერესო სივრცეებში აჟღერებდა. შესამჩნევი ექსპერიმენტული ხასიათის მიუხედავად, Aine Merme-ს მუსიკა არ არის ზედმეტად აბსტრაქტული, პირიქით, ის კონკრეტულ ემოციებზე რეფლექსირებს,  რაც Soundwave-ის ფარგლებშიც გამოჩნდა.

40-წუთიანი სესია მოკლე ინსტრუმენტული შესავლით დაიწყო, რის შემდეგაც არტისტმა აუდიტორიას ვოკალური კონტაქტი შესთავაზა.  ნოიზ ესთეტიკის მქონე ფონით და გიტარის აკორდებთან ერთად, ქართველმა არტისტმა ძალიან კომპლექსური და საინტერესო სესია მოაწყო, სადაც სხვადასხვა მუსიკალური პასაჟები ძალიან ორგანულად ერწყმოდა ერთმანეთს. სცენის გაფორმებაც და განათებაც კონცერტის მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო, რამაც შესრულებული კომპოზიციები  კიდევ უფრო გრძნობადი გახადა. ეს მსმენელის ემოციებიდანაც ადვილად იკითხებოდა.

ლაივის შემდეგ ნატუკა აღნიშნავდა, რომ მას დაკვრისგან  ასეთი  სიამოვნება იშვიათად მიუღია:  „ზოგადად  მაყურებელთან კომუნიკაცია მიჭირს. მიუხედავად ამისა, გარემოდან გამომდინარე, გამიჩნდა სურვილი, რომ გავერთიანებულიყავით. თუმცა, ის სიჩუმე და ყურადღება, რომელიც დაკვრის დროს მაყურებელმა ჩემთვის “გაიმეტა”, ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელი იყო.

სესიის მეორე აქტში მსმენელის წინაშე წარდგა თბილისში მოღვაწე ირანული დუეტი NUM, რომელიც ელექტროაკუსტიკურ მუსიკას ქმნის. NUM-ის მუსიკის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი ის არის, რომ ექსპერიმენტის პროცესში ისინი სხვადასხვა კულტურული კოდებით მანიპულირებას წარმატებით ახერხებენ. შესაბამისად, ირანული მუსიკალური მოტივების დუეტისეული ინტერპრეტაცია ძალიან საინტერესო და მიმზიდველი აღმოჩნდა.

„სწორი ლოკაცია, მყუდრო ატმოსფერო და მუსიკაზე კონცენტრირებული აუდიტორია“,  – აღნიშნავდნენ ირანელი მუსიკოსები და ხაზს უსვამდნენ იმ ფაქტსაც, რომ თბილისში ისინი თავს მშობლიურ გარემოში გრძნობდნენ, ხოლო Soundwave-ზე დაკვრა ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება იყო, რაც საქართველოში მიუღიათ.

Aine Merme-ის და NUM-ის ლაივით Soundwave-მა კვლავ გვიჩვენა, რომ პროექტი მუდმივად ტრანსფორმირდება და ერთ კონკრეტულ ჩარჩოს გაურბის.

“ვფიქრობ,ქალაქში შევქმენით სივრცე, სადაც უშუალო ატმოსფეროა, როგორც მუსიკოსებისათვის, ასევე მსმენელებისთვის.პროექტის ფარგლებში საინტერესო საღამოებს,ყოველი თვის ბოლო ხუთშაბათს გავმართავთ და მელომანებს კიდევ ბევრ საინტერესო კონცერტს ვპირდებით”-ამბობს ,,ლიკანის” ბრენდ მენეჯერი ტატა ქათამაძე.

შემდეგი ღონისძიება 28 მარტს გაიმართება და სავარაუდოდ, მორიგ ექსპერიმენტს უნდა ველოდოთ, რომლის პროგნოზირება ძალიან რთული იქნება. თუმცა, დარწმუნებით  შეიძლება ითქვას, რომ ცოცხალი მუსიკის მორიგი ტალღა ისეთივე საინტერესო გამოვა, როგორც უკანასკნელი.


რეკომენდებული სტატიები
Aphex Twin-ითა და Ruichi Sakamoto-თი შავ ზღვაზე შესაძლოა ფესტივალი „სუბტროპიკი“ დაბრუნდეს

Aphex Twin-ითა და Ruichi Sakamoto-თი შავ ზღვაზე შესაძლოა ფესტივალი „სუბტროპიკი“ დაბრუნდეს

Aphex Twin-ითა და Ruichi Sakamoto-თი შავ ზღვაზე შესაძლოა ფესტივალი „სუბტროპიკი“ დაბრუნდეს
„სუბტროპიკი“ 1999 წელს ბათუმში ჩამოყალიბდა. ფესტივალის მიზანი ალტერნატიული მუსიკალური სივრცის შექმნა იყო, სადაც სხვადასხვა სტილის მუსიკოსები და მათი მსმენელები შეიკრიბებოდნენ
"თბილი ორგია": ქართველი დიჯეებისა და მუსიკოსების ანონიმური პროექტი

"თბილი ორგია": ქართველი დიჯეებისა და მუსიკოსების ანონიმური პროექტი

"თბილი ორგია": ქართველი დიჯეებისა და მუსიკოსების ანონიმური პროექტი
ადამიანებს, რომლებიც  თავის მუსიკას ჯერ კიდევ ბაზრობებსა და კანტიკუნტად შემორჩენილ დისკების მაღაზიებში ყიდულობენ, სავარაუდოდ, ეჭვი არ გასჩენიათ, რომ დისკი Tbili orgia - ULTRA AFTER PARTY HITS სინამდვილეში თბილისში კარგად ცნობილი მუსიკოსების ტრეკებს შეიცავდა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.