ტრიუმფალური თაღი – კრისტო
მომავალ გაზაფხულს პარიზის ტრიუმფალური თაღი ლამაზ, მოცისფრო-მოვერცხლისფრო ნაჭერში შეხვეული შეხვდება. ხელოვანმა, რომელმაც აქამდე წარმატებით შეფუთა რაიხსტაგი და მთელი კუნძულებიც კი, პარიზის ამ სიმბოლოსაც დაადგა თვალი.
პარიზის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო, არქიტექტორ ჟან შალგრენის მიერ დაპროექტებული ეს თაღი, სახელგანთქმული ვარსკვლავის ფორმით გაშლილი ქუჩების გზაგასაყარზე დგას, „ეტუალის“ ცენტრში.
ტრიუმფალური თაღი, რომელსაც 1806-დან 20 წელი აგებდნენ, ნაპოლეონის დიადი არმიის გამარჯვებების გვირგვინია. მისი მმართველობის 100 დღის აღსანიშნავად თაღს 100 გრანიტის ბოძი აკრავს გარს, რომლებიც რკინის ჯაჭვებით ერთდება. თაღს 4 მთავარი სკულპტურული კომპოზიცია ამშვენებს. აქვე ამოიკითხავთ იმ 128 ბრძოლის სახელს, როცა რესპუბლიკის არმიამ გამარჯვება მოიპოვა.
მას შემდეგ თავისუფლების, თანასწორობისა და ძმობის ამ სიმბოლომ დროისა და ადამიანური სიბრიყვის არა ერთ შემოტევას წარმატებით გაუძლო. ბოლო განსაცდელად თაღს ყვითელი ჟილეტების ზღვარგადასული პროტესტი მოევლინა, რომლის დროსაც თაღში განთავსებული მუზეუმი ვანდალებმა დაარბიეს. ამ დროს სახელგანთქმულ მარიანას, თავისუფლების სიმბოლოს სკულპტურა დაზიანდა.
სწორედ ამ განსაცდელის ჟამს დაემთხვა კრისტოს სურვილი ტრიუმფალური თაღი თავისი ცნობილი დრაპირებებით დაეფარა, რომელსაც 2500 კვადრატული მეტრი ქსოვილი დასჭირდება. ვერცხლისფერი ქსოვილის გარდა, თაღს 7000-მეტრიანი წითელი ლენტიც დაამშვენებს.
პარიზის მერიამ საჭიროდ ჩათვალა მოქალაქეებისთვის ეცნობებინა, რომ აღნიშნულ სამუშაოებს კრისტო მთლიანად საკუთარი თანხებით აწარმოებს. ამჟამად პროექტს პარიზის კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტი განიხილავს დასამტკიცებლად. კრისტოსა და ჟან კლოდისთვის ეს პარიზში შეფუთული მეორე ნაგებობა იქნება. 35 წლის წინ მათ პონტ ნოფი შეფუთეს.
ტრიუმფალური თაღის ამ მდგომარეობაში ხილვას 2020 წლის 6-დან 19 აპრილამდე შეძლებთ. ასე რომ დროა ბილეთები დაჯავშნოთ.