fbpx

ჩემპიონთა ლიგა: კვლავ დიდი სენსაციის მოლოდინში?!


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალების პირველი წრის მატჩებმა ფეხბურთის მოყვარულთა მოლოდინი რომ გაამართლა, ამაზე როგორც თითოეული შეხვედრის სანახაობრივი მხარე, ასევე საპასუხო მატჩების ინტრიგა მეტყველებს, რადგან პირველი რაუნდის შემდეგ უიმედოდ არცერთი გუნდი არაა დარჩენილი და ნახევარფინალში გასვლის შანსს „პორტოც“ კი ინარჩუნებს.

თუმცა, ეს ალბათ უფრო თეორიის სფეროა, თორემ სინამდვილეში პორტუგალიური გრანდი ზედიზედ ორი წელიწადი ზედიზედ, სამ შეხვედრაში ვერცერთი გოლის გატანას ვერ ახერხებს „ლივერპულის“ კარში.

როგორც ვვარაუდობდით, ამჯერად ინგლისელებს პორტუგალიელებთან შარშანდლის მსგავსი იოლი გასეირნება თითქოს აღარ ელოდათ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ  „ლივერპულს“ „პორტომ“ ღირსეული წინააღმდეგობა ამჯერადაც ვერ გაუწია. უბრალოდ მერსისაიდელებმა რამდენიმე საგოლე მომენტი გაანიავეს, შეხვედრის დასკვნით ფაზაში კი ეტყობა, ცალი თვალით ლონდონის „ჩელსისთან“ პრემიერლიგის მომდევნო ტურის მატჩისკენ დაიწყეს ცქერა და საბოლოოდ პირველი ტაიმის შედეგი – 2:0 მატჩის ბოლომდე აღარ შეცვლილა.

 

„პორტოსთან“ მატჩში რობერტო ფირმინოს ანგარიშზე გოლი და საგოლე გადაცემაა

 

როდესაც საუბრობენ „მანჩესტერ სიტისა“ და „ლივერპულის“ პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგასთან დაკავშირებულ სტრატეგიაზე და ამ ორ ტურნირს შორის პრიორიტეტის შერჩევაზე, შესაძლოა პასუხი „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ პეპ გვარდიოლას საკმაოდ უცნაურმა შემადგენლობამ გაგვცეს.  

რატომღაც „მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელმა ამ შეხვედრაში კევინ დე ბრიუინისა და ლეროი სანეს დასვენება გადაწყვიტა და უმნიშვნელოვანესი დამრტყმელი დუეტი მოედანზე მატჩის ბოლოსწინა წუთზე შემოუშვა. რისთვის გააკეთა ეს გვარდიოლამ? იმისთვის ხომ არა, რომ მეტოქისთვის რომ ეჩვენებინა – ყველაფერი წინ არის და განმეორებით შეხვედრაში აუცილებლად მოგიგებთო?

ფსიქოლოგიურ ბრძოლაში გამარჯვება რომ უმნიშვნელოვანესია თანამედროვე ფეხბურთში, ამის არაერთი მაგალითი არსებობს, მაგრამ ზედმეტად ხომ არ რისკავს გვარდიოლა იმ გუნდის წინააღმდეგ პაექრობაში, რომელშიც ინგლისის ნაკრების 5 მოთამაშე ასპარეზობს?

შარშან „მანჩესტერ სიტიმ“ „ლივერპულთან“ პირველი მატჩი 0:3 დათმო, რამაც ფაქტობრივად ამ წყვილში გამარჯვებულის ვინაობა თავიდანვე გამოარკვია. სამაგიეროდ მანჩესტერულმა კლუბმა პრემიერლიგა ჩემპიონატის დასრულებამდე კარგა ხნით ადრე მოიგო.

წლეულს კი ვითარება განსხვავებულია, რადგან „მანჩესტერ სიტის“ პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა „ლივერპულთან“, დიდი ალბათობით უკანასკნელ ტურამდე მოუწევს.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში  „ტოტენჰემის“ ძლევა მანჩესტერელთათვის თითქოს სავსებით რეალურია, ოღონდ მცირეოდენი უპირატესობა ალბათ მაინც ლონდონური კლუბის მხარესაა, რადგან გოლის გატანა „მამლებს“ გასვლაზეც ხელეწიფებათ. ეს გოლი კი „მანჩესტერ სიტისთვის“ დამღუპველი შეიძლება აღმოჩნდეს.

სამაგიეროდ, ლიგაზე მორიგი ფიასკოს შემდეგ, თუკი „სიტი“ დაამარცხებს „ტოტენჰემს“ 20 აპრილს პრემიერლიგის მატჩში, არაერთი საფეხბურთო ექსპერტი ისაუბრებს პეპ გვარდიოლას მიერ ჩემპიონთა ლიგასა და პრემიერლიგას შორის პრიორიტეტის ამ უკანასკნელისადმი  მიმართ მინიჭებაზე…

 

„მანჩესტერ სიტისთან“ შეხვედრაში გოლის ავტორი ჰინგ-მინ სონი და ტრიპიერი

 

რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ვარაუდია, მაგრამ რას ვიტყვით „მანჩესტერ იუნაიტედის“ და „ბარსელონას“ განმეორებითი შეხვედრის თაობაზე?

რამდენადაც ოლე გუნარ სულშერის გუნდი სიმპათიას იმსახურებს პრემიერლიგის გათამაშებაში, იმდენად უშინაარსო და ფანტაზიას მოკლებულ ფეხბურთს უჩვენებს ის ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე.

მიუხედავად იმისა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ სასწაული მოახდინა „პარი სენ ჟერმენის“ წინააღმდეგ განმეორებით მერვედფინალურ მატჩში, თამაშის თვალსაზრისით რაიმე დასამახსოვრებელი ინგლისელებს არაფერი დაუტოვებიათ ფეხბურთის გულშემატკივრისთვის.

„ბარსელონა“ „მანჩესტერ იუნაიტედზე“ ერთი თავით მაღლა რომ დგას, შეხვედრის დებიუტშივე გამოჩნდა, როდესაც პირველი სამი წუთის განმავლობაში მასპინძლები ბურთს საერთოდ არ შეხებიან.

მთელი მატჩის განმავლობაში „მანჩესტერ იუნაიტედი“ ცდილობდა, რომ მეტოქისთვის სისწრაფეში ეჯობნა, მეტოქე კი, გაცილებით მაღალი ტექნიკის ხარჯზე, მასპინძლებს თამაშის თავისთვის სასურველ რიტმს ახვევდა თავს.

საბოლოოდ, ერთადერთ გოლში მონაწილეობა მატჩის გმირმა – მესიმ, ბრწყინვალე შემსრულებელმა ლუის სუარესმა და ავტოგოლისტმა ლიუკ შოუმ მიიღეს. ერთხელაც რაკიტიჩის უძლიერესი დარტყმული დე ხეამ ფეხით მოიგერია. მეტოქის მეტ შეწუხებაზე კი „ბარსელონამ“ ეტყობა, მაინცდამაინც აღარ იზრუნა, რადგან ამ შემთხვევაში დაცვაში მისი ყურადღება შეიძლებოდა მოდუნებულიყო.

თამაშში სიახლის შემოტანის ინიციატივა მეორე ნახევარში ვალვერდემ სულშერს გადაულოცა, მაგრამ ნორვეგიელმა სპეციალისტმა ორიგინალური ვერაფერი შესთავაზა „მანჩესტერ იუნაიტედის“ გულშემატკივარს. ინგლისელთა სამწუხაროდ, ცვლილებებმაც ვერ გაამართლა მაინცდამაინც.

ხსნა ისევ ვალვერდეს მიერ გაკეთებული ცვლილებიდან შეიძლებოდა წამოსულიყო, რადგან მატჩის 65-ე წუთზე კოუტინიოს ნაცვლად მოედანზე შემოსული ვიდალი გარდა იმისა, რომ წამდაუწუმ არღვევდა სტუმრების საოცრად ორგანიზებულ ქმედებას ნახევარდაცვის ცენტრში, ასევე უხეშობდა კიდეც.

საბოლოო შედეგით „ბარსელონა“ კმაყოფილი უნდა იყოს, რადგან როგორც სპორტულ, ასევე ფსიქოლოგიურ ბრძოლაში, პირწმინდად დაამარცხა თავისი მეტოქე, მაგრამ რას შეიძლება ველოდოთ საპასუხო შეხვედრაში?

„პარი სენ ჟერმენმა“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ პირველი მატჩი 2:0 მოიგო, მაგრამ ხომ გვახსოვს საბოლოო შედეგი. ნუთუ კიდევ ერთი დიდი სენსაციის მოლოდინში უნდა იყოს ფეხბურთის გულშემატკივარი „მანჩესტერ იუნაიტედი“ -– „ბარსელონას“ განმეორებით შეხვედრაში?

რატომაც არა – თუკი ინგლისური კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე „ოლდ ტრაფორდზე“ ყველა თამაშს აგებს, ისე რომ ერთი გოლიც ვერ გააქვს, რატომ უნდა გაგვიკვირდეს, რომ გოლები მან კვლავაც სტუმრად გაიტანოს და ისე გაიკვლიოს გზა ნახევარფინალისკენ?

„ბარსელონას“ შარშანდელი გმირობაც ხომ კარგად გვახსოვს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „რომას“ წინააღმდეგ შეხვედრაში…

თუკი „ბარსელონამ“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ბოლო სამ შეხვედრაში ზედიზედ დაამარცხა, „აიაქსს“  ჩემპიონთა ლიგის ტურნირში „იუვენტუსისთვის“ არასოდეს მოუგია.

რა უნდა ითქვას ამ უაღრესად საინტერესო წყვილის შესახებ განმეორებითი მატჩის წინ? პირველი შეხვედრა ორივე გუნდმა საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა. ნეიტრალური გულშემატკივარი მოუთმენლად ელის ლუი ვან გაალის პერიოდის ზღაპრული „აიაქსის“ აღმაფრენას, მაგრამ საკმარისია ამისთვის ის პირველი კონტურები, რასაც ვხედავთ?

„აიაქსის“ გულშემატკივრებისთვის ყველაზე უარესი ისაა, რომ ვან გაალის პერიოდში გუნდის შემადგენლობის შენარჩუნება რამდენიმე წლის განმავლობაში მაინც ხერხდებოდა ხოლმე, ახლა კი ყველასათვის ნათელია, რომ თუკი „აიაქსი“ წლეულს ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს, მომავალ სეზონში ამას ნამდვილად ვეღარ მოახერხებს, რადგან სეზონის ბოლოს დიდი ალბათობით კლუბის ყველა წამყვანი ფეხბურთელი გაიყიდება.

 

 „აიაქსი“ – „იუვენტუსის“ მატჩში საბოლოო შედეგი მასპინძელთა ბრაზილიელ ლეგიონერ დავიდ ნერესის გოლის შემდეგ დაფიქსირდა

 

ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი ტურნირის მოგების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად კი სწორედ რომ ტურინის „იუვენტუსი“ მოიაზრება. „ბებერმა ქალბატონმა“ ბოლოს ამ წარმატებას 1996 წელს ხომ სწორედ ამსტერდამის „აიაქსთან“ ფინალურ მატჩში მიაღწია.

„იუვენტუსმა“ ალბათ ყველაზე მეტი გააკეთა იმისთვის, რომ წლეულს ჩემპიონთა ლიგა მოიგოს, რადგან მადრიდის „რეალიდან“ თვით ამ ტურნირის გამარჯვების სიმბოლო – კრიშტიანუ რონალდუ გადაიბირა.

რონალდუმ ამჟამადაც გაიტანა და თანაც „აიაქსისთვის“ მეტად უხერხულ დროს – ტაიმის უკანასკნელ წუთზე. მაგრამ ჰოლანდიელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი წამითაც არ დაბნეულან ბრძოლებში გამოწრთობილ ყველა დროის ერთ-ერთ ძლიერ ორგანიზებულ გუნდთან და საკმაოდ მოულოდნელად მეორე ტაიმის დასაწყისშივე მათ აღადგინეს წონასწორობა. იყო კიდევ ერთი გოლი, რომელიც ნამდვილად არ იყო ჩასათვლელი, მაგრამ ამ გოლის გატანას თავხედობა ხომ სჭირდებოდა!

„აიაქსს“ სწორედ სათამაშო ხალისი თუ გაიყვანს ტურნირის ნახევარფინალში, თორემ პრაგმატული გამოცდილების თვალსაზრისით უპირატესობა, რა თქმა უნდა, „იუვენტუსის“ მხარესაა.

„აიაქსისთვის“ მთავარია, რომ ოდნავადაც არ დათრგუნოს ისინი გასვლითი შეხვედრის სირთულეებმა. თუკი სტუმრები თავს მინდორზე „მფრინავი ჰოლანდიელებივით“ იგრძნობენ, შეიძლება იღბალიც მათ მხარეს იყოს; მაგრამ მეორე მხრივ, ხომ გვახსოვს, მთავარი იღბლიანი სად თამაშობს? განმეორებით მატჩში ის უკვე „ჰეთ-თრიქის“ შესრულებას ეცდება…


რეკომენდებული სტატიები
მეოთხედფინალების მოლოდინში

მეოთხედფინალების მოლოდინში

მეოთხედფინალების მოლოდინში
წინასწარი სურათის მიხედვით, ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გამარჯვებული დიდი ალბათობით ინგლისური კლუბი უნდა გახდეს, რადგან დარჩენილი 8 გუნდიდან 4 ინგლისურია
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.