fbpx

შეამოწმეთ, ხომ არ გაქვთ ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (OCD)?


გააზიარე სტატია

 

რა არის ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა?

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა არის შფოთვითი აშლილობა, რომელიც ხასიათდება არაკონტროლირებადი, არასასურველი ფიქრებით და რიტუალებით – იმ ქცევების განმეორებით, რომლის სურვილიც არ გაქვს, მაგრამ იძულებული ხარ, რომ შეასრულო.

OCD-ის მქონე ადამიანისთვის ობსესიური ფიქრები და კომპულსიური ქცევები/მოქმედებები არარაციონალურია, რასაც ამ აშლილობით დაავადებული ადამიანიც ხვდება, თუმცა, ამის მიუხედავად ვერ ახერხებს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ და გათავისუფლდეს.

ობსესია არის არანებაყოფლობითი ფიქრები, ხატები, იმპულსები, რომელიც ადამიანის გონებაში ჩნდება. პიროვნებას არ უნდა, რომ ეს ფიქრები ჰქონდეს, იტანჯება ამისგან, მაგრამ შეჩერება და თავიდან მოშორება არ შეუძლია.

OCD ტვინს “აიძულებს” შეპყრობილი იყოს კონკრეტული ფიქრით. მაგალითად, ძალიან გავრცელებულია დაბინძურების შესახებ აკვიატებული აზრები. ამის გამო, ბაქტერიების შიშით ადამიანი შეიძლება იმდენ ხანს იბანდეს ხელებს, სანამ კანი არ გადაექერცლება; ან ფიქრობდეს, რომ ოცამდე თუ არ დაითვლის, “რაღაც ცუდი მოხდება”.

 

 

ქუჩაში,  ფილაქანზე  სიარულისას ყველას გვიცდია გზა ისე გაგვეგრძელებინა, რომ ფეხი ფილაქნის ხაზებზე არ დაგვებიჯებინა. თუ ეს თამაშია და მისი არშესრულება პრობლემას არ გვიქმნის, არ გვაშფოთებს, მაშინ ეს ნამდვილად არაა აშლილობა, მაგრამ, თუ ვფიქრობთ, რომ ხაზებზე ფეხის დაბიჯების გამო შეიძლება  ჩვენ, ან ჩვენს ახლობლებს რაიმე უბედურება დაატყდეთ თავს და ამის გამო ზუსტად კვადრატებში ვცდილობთ ფეხის გულის მოხვედრებას, მაშინ ეს სერიოზული ნიშანია ობსესიურ-კომპულსიური აშლილობით დაავადების.

ობსესიური ფიქრები ხშირად ყურადღების გამფანტავი და ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელის შემშლელია. წარმოიდგინეთ, რომ ესწრებით ლექციას, საქმიან შეხვედრას, ან პაემანზე ხართ, ამ დროს კი მთელი თქვენი არსება მოცულია რაღაცა ცუდის მოხდენის შიშით, რაც ხელს გიშლით კონკრეტულ საკითხზე კონცენტრირებაში.

კომპულსია ის ქცევა, ან რიტუალია, რომელიც “ეხმარება” ადამიანს, რომ ობსესია “მოიშოროს”. მაგალითად, თუ ადამიანი შეპყრობილია აზრით, რომ მის სახლში ყველაფერი დაბინძურებულია და ამაში საფრთხეს ხედავს, მას უმუშავდება კომპულსიური ქცევები დასუფთავებასთან დაკავშირებით – მიუხედავად იმისა, რომ სახლი ან ოფისი შესაძლოა სუფთა იყოს, OCD-ით დაავადებული ადამიანისთვის ეს საკმარისი არაა და იძულებული ხდება არარაციონალური ქმედებები ჩაიდინოს დასუფთავების  მიზნით.

ან, თუ საქმე გვაქვს მორწმუნე ადამიანთან და ის  შეპყრობილია აზრით, რომ რაიმე ცუდი მოხდება, კომპულსიური ქცევა შეიძლება გამოიხატოს გამუდმებით პირჯვრის გადაწერაში. თუმცა, კომპულსიური ქცევა მხოლოდ ცოტა ხნით შველის ადამიანს და მოგვიანებით მისი შფოთვა უფრო მძაფრად ვლინდება ხოლმე.

 

განასხვავებენ OCD-ის რამდენიმე ძირითად ტიპს:

 

ობსესია – შემმოწმებელი (გაზის, სინათლის, კარის ჩამკეტის… )(Checking)

კომპულსია – მუდმივად შემოწმება, გადამოწმება, სამსახურიდან სახლში რამდენჯერმე მიბრუნება იმის შიშით, რომ კარი დარჩა ღია, ან ონკანი მოშვებული.

 

ობსესია – მწმენდავი (Contamination)

კომპულსია – დალაგება, წმენდა, ხელთათმანების ხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში, კარისთვის ხელის არმოკიდება და სხვა.

 

ობსესია – შემგროვებელი. ეშინია ძველი და არასაჭირო ნივთების გადაყრის. (Hoarding)

კომპულსია – ყოველგვარი არასაჭირო ნივთის შენახვა.

 

ობსესია აკრძალულ თემებზე მოფიქრალი (რელიგიური, სექსუალური ან აგრესიული). თავისთვის, ან სხვა ადამიანისთვის ზიანის მიყენების შიში, ან ამისკენ მიდრეკილება. (Ruminations)

კომპულსია – გადამოწმება, თავის არიდება, რიტუალები.

 

ობსესია – მომწესრიგებელი

კომპულსია –  ბარში ჭიქების სიმეტრიულად დაწყობა, ფერადი ფანქრების ფერების გრადაციის მიხედვით დალაგება, საყოფაცხოვრებო ნივთების ზომის ან ფაქტურის მიხედვით დახარისხება და სხვა.

სწორედ ამიტომ ეწოდება შფოთვითი აშლილობის ამ დიაგნოზს ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა. ობსესიური ფიქრები კომპულსიური ქცევების გამომწვევია, რომელიც ადამიანს ხელს უშლის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

 

 

ფაქტები:

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა ძალიან გავრცელებულია მთელ მსოფლიოში  და ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, მისით მოსახლეობის დაახლოებით 2% -ია დაავადებული. რაც ნიშნავს, რომ OCD ყოველ 50 ადამიანში ერთს მაინც ემართება.

OCD თანაბარი რაოდენობით ვლინდება როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში, თუმცა მოზარდობისას და ბავშვობისას ის უფრო ხშირად ბიჭებში გამოვლინდება ხოლმე.

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ის მწვავდება სტრესის, ტრაგიკული მოვლენის ან რაიმე სახის დაავადების დროს. ამ ტიპის აშლილობას ასევე აკავშირებენ ტვინში სერატონინის ნაკლებობასთან. აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის უახლოესი ნათესავი დაავადებულია OCD-ით, მისი დაავადების რისკიც იზრდება, თუმცა, მისი გამომწვევი მიზეზების პირდაპირი კავშირი გენეტიკასთან დადასტურებული არ არის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ OCD შეყვანილია იმ დაავადებების ათეულში, რომლებიც იწვევს ადამიანის ჩვეული ფუნქციონირების მკვეთრ შეზღუდვას და  უარყოფით გავლენას ახდენს ცხოვრების ხარისხზე.

და ბოლოს, თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სიმპტომს აღმოაჩენთ, გირჩევთ, მიმართოთ ფსიქოლოგს და არ ჩათვალოთ, რომ ეს უბრალოდ თქვენი ხასიათის თვისებაა. ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა ის დაავადებაა, რომელიც დროსთან ერთად შეიძლება უფრო გამწვავდეს და სხვა აშლილობაში გადაიზარდოს.

გეტყვით, რომ არსებობს მკურნალობის რამდენიმე გზა, თუმცა ყველაზე გამოცდილი და სანდო არის ფსიქოთერაპია და მედიკამენტური მკურნალობა.

 


რეკომენდებული სტატიები
როგორ გამოიყურება ციხის საკნები მსოფლიოს გარშემო

როგორ გამოიყურება ციხის საკნები მსოფლიოს გარშემო

როგორ გამოიყურება ციხის საკნები მსოფლიოს გარშემო
Bored Panda-მ მსოფლიოს გარშემო არსებული ციხის საკნების ფოტოები შეაგროვა, რათა ვნახოთ, თუ როგორ ეპყრობიან სხვადასხვა ქვეყნებში კრიმინალებს.
Snapchat და Instagram სილამაზის სტანდარტებით ფსიქიკურ აშლილობას განაპირობებს

Snapchat და Instagram სილამაზის სტანდარტებით ფსიქიკურ აშლილობას განაპირობებს

Snapchat და Instagram სილამაზის სტანდარტებით ფსიქიკურ აშლილობას განაპირობებს
იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომელთაც სხეულის დისმორფული აშლილობის სრულიად ახალი ფორმა დაუდგინეს. ამას კი თანამედროვე მობილური პროგრამების, აპლიკაციების, ფოტო-რედაქტორების ფილტრები იწვევს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.