18 აპრილი დილიდან
დილა მშვიდობისა!
დღევანდელი დილა ბევრი, თანაც მრავალფეროვანი ინფორმაციით იქნება დატვირთული – დაწყებული “სამეფო კარის თამაშებით”, ჟურნალ Time-ის 2019 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიით და დამთავრებული ბაუჰაუსელი ქალებით.
ჟურნალმა Time-მა 2019 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სია გამოაქვეყნა
Introducing the 2019 #TIME100 https://t.co/1WeH62z2pQ pic.twitter.com/iBKrhSl9D0
— TIME (@TIME) April 17, 2019
გავლენიანი ადამიანების სიაში წელს მოხვდნენ მსახიობები – სანდრა ო, დუეინ ჯონსონი, ემილია კლარკი, ბრი ლარსონი, რეჯინა კინგი, გლენ ქლოუზი, რემი მალეკი; მომღერლები – ტეილორ სვიფტი, არიანა გრანდე, ლედი გაგა და სხვები. 2019 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაშია აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამაც.
წყარო: https://twitter.com/
ლიტერატურის მუზეუმი გამოფენა „ბაუჰაუსელ ქალებს“ უმასპინძლებს
თბილისის ლიტერატურის მუზეუმში გამოფენა „ბაუჰაუსელი ქალები“ გაიხსნება. ღონისძიება ხორციელდება ჰაინრიხ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისისა და ერევნის გოეთეს ცენტრის თანამშრომლობით და ეძღვნება ბაუჰაუსის მოძრაობის დაფუძნების 100 წლის იუბილეს. გამოფენას 3 მაისს პროფესორი ულრიკე მიულერი გახსნის და წაიკითხავს ლექციას “ბაუჰაუსელი ქალები და ფემინისტების გამოსვლა თანამედროვე ეპოქაში”.
4 მაისს, 19:00 სთ-ზე, გამოფენის ფარგლებში ნაჩვენები იქნება ფილმი „ლოტე ბაუჰაუსში“, გერმანულ ენაზე, ქართული სუბტიტრებით. გამოფენა ლიტერატურის მუზეუმში 3 მაისიდან 11 მაისამდე გაგრძელდება.
წყარო: https://www.facebook.com/
GOT-ის ვარსკვლავმა, სანსა სტარკის როლის შემსრულებელმა სოფი ტერნერმა აღიარა, რომ წლების განმავლობაში დეპრესიას ებრძოდა და არაერთხელ უფიქრია თავის მოკვლაზე
მსახიობი ამბობს, რომ ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც პირველად გამოჩნდა “სამეფო კარის თამაშებში”. “ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი, რომ საკუთარ თავს ზიანს ვერ მივაყენებდი. საბოლოოდ კი დავიწყე იმის დაჯერება, რომ უნდა შევშვებოდი იმ უარყოფით გავლენას, რაც სოციალურ ქსელებს ჰქონდა. მივედი ფსიქოლოგთანაც და ახლა ყველაფერი რიგზეა. მივხვდი, რომ რაც უნდა უარყოფითი კომენტარი წაიკითხო, მთავარი გამოსავალი ამ ყველაფრიდან საკუთარი თავი შეყვარებაა”, – ამბობს სოფი ტერნერი.
ვიდეო: https://www.youtube.com
ვიქტორ ჰიუგოს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი Amazon-ზე ბესტსელერი გახდა
CNN-ის ცნობით, ვიქტორ ჰიუგოს რომანი “პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი” Amazon-ზე ერთ დღეში ყველაზე გაყიდვადი წიგნების ტოპ ასეულში მოხვდა. ფრანგულ ამაზონზე ასევე ასეულში შევიდა წიგნები ნოტრ-დამის ისტორიისა და არქიტექტურის შესახებ.
ნოტრ-დამში ხანძარი 15 აპრილის საღამოს გაჩნდა. შენობა სრულ განადგურებას გადაურჩა. ჩამოინგრა შპილი, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა. ერთ დღე-ღამეში კი ტაძრის აღდგენითი სამუშაოებისთვის თითქმის ერთი მილიარდი დოლარი შეგროვდა.
წყარო: https://edition.cnn.com/
Airbnb მოგზაურებს სთავაზობს ღამე ლუვრის მუზეუმში გაატარონ
შეთავაზება ლუვრის პირამიდის 30 წლის იუბილეს ეძღვნება. გამარჯვებული 30 აპრილს გამოვლინდება. შესარჩევ კონკურსში მონაწილეს უნდა ეპასუხა კითხვისთვის, თუ რატომ იქნებოდა ის მონა ლიზას სრულყოფილი სტუმარი.
წყარო: https://edition.cnn.com/travel/
ნახეთ ტრეილერი: ნაომი უოტსი და რასელ ქროუ ახალ სერიალში მთავარ როლებს ასრულებენ
შოუთაიმის ახალ სერიალს The Loudest Voice ჰქვია და ის Fox News-ის ყოფილი უფროსის, როჯერ აილსის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს. აილსი წლების წინ აშშ-ის პრეზიდენტების – რიჩარდ ნიქსონის, რონალდ რეიგანისა და ჯორჯ ბუშის მრჩეველი იყო მედია საკითხებში. სექსუალური შევიწროების გარდა აილსს არაერთხელ გაუკეთებია ჰომოფობიური განცხადებებიც.
სერიალის სიუჟეტი FOX-ის ყოფილი თანამშრომლის, გრეტჩენ კარლსონის გარშემო ვითარდება, რომელმაც როჯერ აილსი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. კარლსონის როლს ნაომი უოთსი ასრულებს, აილსისას კი – რასელ ქროუ.
წყარო: https://www.youtube.com/
ოსკარის მფლობელმა მსახიობმა ჯენიფერ ლოურენსმა ახალი ფილმი დააანონსა მსახიობმა კინოსამყაროში დასაბრუნებლად ახალ პროექტზე ისაუბრა.
ლოურენსი მონაწილეობას მიიღებს რეჟისორ ლილა ნიუგბაუერის ახალ ფილმში. ეს ნიუგბაუერის პირველი შეხებაა კინოსამყაროსთან, აქამდე ის თეატრის რეჟისორი იყო. მთავარი როლის გარდა ჯენიფერი ფილმის პროდიუსერობასაც შეითავსებს. გადაღებები, სავარაუდოდ, ივნისში ნიუ-ორლეანში დაიწყება. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რაზე იქნება ფილმი.
წყარო: https://variety.com/2019/
ამერიკულ ფილმში Hellboy რუსმა გამქირავებლებმა სტალინის პერსონაჟი “ამოჭრეს” და მის მაგივრად ჰიტლერი “ჩასვეს”
ფილმის ის სცენა, სადაც ფილმის პერსონაჟი ბაბა-იაგა ცდილობს, საიქიოდან საბჭოთა ლიდერის სული გამოიძახოს, რუსებმა გადაახმოვანეს და სტალინის ნაცვლად გამოიყვანეს, თითქოს რუსული ზღაპრების ბოროტი პერსონაჟი ჰიტლერის სულ უხმობდა.
წყარო: https://tjournal.ru/tv