ნათია ბუნტურის ახალი ვიდეოპროექტი “სინათლე”
მე ვარ ნათია ბუნტური, 32 წლის. უკვე 22 წელზე მეტია ჩემი ცხოვრება სავსეა ბალეტით, სრულიად სავსე. ცეკვას 10 წლიდან ვსწავლობდი ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, შემდეგ კი სტიპენდიით ბოსტონის საბალეტო სკოლას შევუერთდი და 16 წლის ასაკში გავემგზავრე ამერიკაში.
მომდევნო წელს სიდელ გომბერგის სახელობის სტიპენდიით დამაჯილდოვეს. ამის შემდეგ კი ჯოფრის საბალეტო სკოლაში, ნიუ-იორკში, ასევე სტიპენდიით გავაგრძელე სწავლა და პარალელურად საბალეტო დასების ქასთინგებს გავდიოდი. პენსილვანიის საბალეტო დასმა ფილადელფიაში ჩემი პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გამიფორმა და ამ დასში ორი სეზონი ვიცეკვე.
შემდეგ უკან, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დავბრუნდი და მშობლიურ დასს შევუერთდი. ამ შემთხვევაში სახლში ყოფნის სურვილმა დასავლურ გეგმაზომიერ წარმატებას სძლია.
2012 წლიდან მარიამ ალექსიძის ბალეტებს ვასრულებ, რომელშიც შედის მისი, როგორც ქორეოგრაფის 10-წლიანი მოღვაწეობის თითქმის ყველა ნამუშევარი, და თითოეული ჩემი როლი, ჩემი კარიერის განმსაზღვრელი და ფასდაუდებელი გამოცდილებაა ჩემთვის – როგორც მოცეკვავისთვის, როგორც ბალეტის მსახიობისთვის და როგორც ადამიანისთვის. ასე იქნება ყოველთვის.
დღეს უკვე არსებობს გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის დასი, რომლის წამყვანი სოლისტი ვარ და ამ ეტაპზე უკვე დასის მესამე სეზონს ღირსეულად ვუძღვებით. ასევე, უკვე რამდენიმე წელია მაკა მახარაძის საბალეტო სტუდიის პედაგოგიც ვარ, სადაც დღემდე ბავშვებისთვის არა ერთხელ მე თვითონ დამიდგამს სპექტაკლები.
ჩემი საკუთარი პირველი დადგმა კი სამხრეთკავკასიური თანამედროვე ცეკვის ფესტივალს უკავშირდება, სადაც სემუელ ბეკეტის უსიტყვო პიესებიდან “უდაბნო” დავდგი, ასევე სოლო პიესა ეკატერინე ჭაბაშვილის სპეციალურად შექმნილ მუსიკაზე და თავადვე შევასრულე იგი. შემდგომშიც არა ერთხელ მომიხდა ქორეოგრაფიულ ექსპერიმენტებში ჩართვა.
გვესაუბრეთ თქვენი ახალი პროექტის, “სინათლის” შესახებ
რაც შეეხება “სინათლეს”, იგი საქველმოქმედო საღამოსათვის დავდგი და ჩემთვის უძვირფასესი მუსიკა შევარჩიე. სოლოში გამოყენებულია დები იშხნელების სიმღერა, “ორთავ თვალის სინათლე”, რომელიც 1949 წლით თარიღდება.
სიმღერის ახლებური, ორიგინალური და თანამედროვე ბალეტისთვის, ჩემს სურვილთან ყველაზე ახლო და ზუსტი ვერსია, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მესაყვირე გიორგი შამანაურმა შექმნა.
უზომოდ მადლიერი ვარ მისი ამ თანაწყობის და ზუსტი და ღრმა, ჩემთვის ყველაზე სწორი კუთხით წარმოჩენილი ნამუშევრისთვის.
ფილარმონიაში გამართულ საქველმოქმედო საღამოზე შესრულებული სოლოს შემდეგ, Silk Factory Studio-სთან ერთად დაიგეგმა მისი გადაღება, რაც დიდი საჩუქარი იყო ჩემთვის. უდიდესი შესაძლებლობა იმისა, რომ საკუთარი ნამუშევარი მსგავსი ვიდეომასალით შემეკრა და ერთგვარი სოლო ჩანახატი შემექმნა.
მადლობელი ვარ მთელი გუნდის.
რატომ ჰქვია პროექტს სინათლე”?
სოლოს “სინათლე” დავარქვი, რადგან ცხოვრებაში სწორედ ისეთ ეტაპზე აღმოვჩნდი, როდესაც ყველაფერმა ჩრდილიც კი დაკარგა და გადახუნდა, მიუხედავად უამრავი სხვა სამუშაოსი, ვალდებულების, თუნდაც დატვირთული შემოქმედებითი რეალობისა, მაინც ყველას ცხოვრებაში დგება დრო, როდესაც გარემოება გარკვეულწილად მოახერხებს და რაღაც ბნელით მაინც მოგიცავს.
სწორედ ამ დროს ვეძიე საკუთარში, საქმეში, მუსიკაში, მოძრაობაში და გარე სამყაროშიც ნათელი წერტილი, მის გარდა სხვას ვერც ვერაფერს მივაგნებდი. ამ აღმოჩენამ კი დამარწმუნა, რომ ეს ის სინათლეა, რომელიც მუდამ ენთო, ანთია და ყოველთვის იქნება ანთებული, ნებისმიერ დროს, როცა კი მას თვალს გაუსწორებ. ის დაგამშვიდებს. აი ეს არის ძიების, დადგმის, მცდელობის, გამბედაობის, რწმენის და ცეკვის სინათლეც…
გვესაუბრეთ დადგმაში გამოყენებულ მოძრაობებზე
მოძრაობები გამოხატავს ბევრს, ბევრ სიტყვას, გრძნობას და მოვლენას. მაგალითად, დასაწყისის ნაბიჯებში წინადადება იშიფრება. ამ წინადადების სიტყვები გადაკეთდა ციფრებად, ციფრები კი ჩემი ნაბიჯების გათვლებია. იქ არის სიყვარული, მაშინ როდესაც ის ადამიანი, ვინც გიყვარს, შენი თვალთახედვის წყაროა და მის გარეშე თითქოს ბრმა ხარ, ცეკვავ, რომ იპოვო სინათლე, იპოვო, რომ დაინახო და გაგინათოს, სანამ დროა. ცეკვის პროცესი თავადვე ძიებას გამოხატავს.
იქ არის დაღლაც, იქ არის გიორგის მუსიკის ფონი, რომელიც ირევა ამ მოძრაობებს მიღმა. მომდევნო მოძრაობები ადამიანის ცხოვრების მიმართ მცდელობებსაც გამოსახავს, შეჭიდებას, არშეგუებას და ასე შემდეგ.
იქ არის სინანული, შეცდომებისა და ნატკენი გულის გამოვლინებებიც. და ბოლოს ალბათ მაინც ერთი დიდი სიცარიელე, ხმა, რომელიც მიდის, მუსიკა, რომელიც მიდის, შენ, რომელიც ცეკვას ამთავრებ და სინათლე, რომელიც რჩება!..