fbpx

ისტორიული ხანძრები რიცხვებში


გააზიარე სტატია

ხანძრები რიცხვებში

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძარს ცხრა საათის განმავლობაში აქრობდნენ. გუმბათის შპილი ჩამოინგრა, თუმცა, საყოველთაო შიშის მიუხედავად, ტაძარი, მნიშვნელოვანი  ექსპონატები და რელიკვიები გადარჩა; განსხვავებით იმ ცნობილი ხანძრებისა, რომლებმაც საუკუნეების მანძილზე მთელი ქალაქები, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და ექსპონატები გაანადგურეს.

 

64 წლის 19 ნოემბერი, ძველი რომი

ერთ-ერთი პირველი დიდი ხანძარი, რომლის შესახებაც ცნობებმა ჩვენამდე მოაღწია, რომში იმპერატორ ნერონის მმართველობის პერიოდში გაჩნდა. ცეცხლმა მთელი ქალაქი მოიცვა, ხანძარი შვიდი დღე-ღამის განმავლობაში მძვინვარებდა. მოქალაქეთა დიდი ნაწილი დაიღუპა, უამრავი ადამიანი საცხოვრებლისა და ქონების გარეშე დარჩა. ამ საშინელი ტრაგედიის მიზეზი გახდა იმპერატორის ბრძანება, ქალაქისთვის ცეცხლი წაეკიდებინათ – მას სურდა, გრანდიოზული სანახაობით დამტკბარიყო.

 

1666 წლის 2 ნოემბერი, ლონდონის დიდი ხანძარი

„დიდ ხანძრად“ წოდებული ტრაგედია ლონდონში 1666 წლის 2 ნოემბერს,  ღამით  დაიწყო და ოთხი დღე გაგრძელდა. ცეცხლი პუდინგ-ლეინის ქუჩაზე თომას ფერინორის (Thomas Farriner)  სამეფო საცხობს გაუჩნდა. ამ ნაგებობიდან ხანძარი ახლომდებარე ხის სახლებზე გავრცელდა.  ლონდონში შენობების უმეტესობა ჩალით იყო გადახურული. ამიტომ ცეცხლმა ქალაქი ძალიან სწრაფად მოიცვა.  ცეცხლის ჩაქრობას ხელს მშრალი ამინდი და ძლიერი ქარიც უშლიდა. ხანძარმა 13 500 სახლი, 87 ეკლესია (მათ შორის წმინდა პავლეს ტაძარი) და ადმინისტრაციული ნაგებობების უმეტესი ნაწილი გაანადგურა. თითქმის მთლიანად დაიწვა ქალაქის ცენტრი – სიტი. საცხოვრებლის გარეშე 200 ათასი ადამიანი დარჩა, რაც იმხანად ლონდონის მოსახლეობის ნახევარს შეადგენდა.

 

 

1755 წლის 1 ნოემბერი, ლისაბონი, პორტუგალია

ყველა წმინდანის სახელობის დღეს ლისაბონში უძლიერესი მიწისძვრა მოხდა.  მიწისქვეშა ბიძგებთან ერთად, ქალაქს თავს საზარელი ცუნამი დაატყდა, შედეგად კი, გრანდიოზული ხანძარი გაჩნდა.  20 ტაძარი  ჩამოინგრა და  ქვეშ მოიყოლა სადღესასწაულო წირვაზე შეკრებილი ათასობით მლოცველი.

დედაქალაქის უდიდესი ნაწილი მიწასთან გასწორდა, 40 ათასი მცხოვრები დაიღუპა, 300 სასახლე (მათ შორის, სამეფო რეზიდენცია) და 110 ტაძარი განადგურდა.

 

 

1842 წლის 5 მაისი, ჰამბურგის დიდი ხანძარი

გრანდიოზულმა კატასტროფამ ქალაქის ტერიტორიის მეოთხედი – 71 ქუჩა და მოედანი, 120 პასაჟი და ეზო, 1992 სახლი გაანადგურა. დაინგრა წმ. პეტრესა და წმ. ნიკოლოზის ტაძრები, წმ. გერტრუდას სამლოცველო, სინაგოგა, ბანკი, რატუშა და ძვირად ღირებული სასტუმროების უმეტესობა. თუმცა, ხანძრის მასშტაბებთან შედარებით, დაღუპულთა რიცხვი მცირე იყო – 44 ადამიანი.  

 

1906 წლის 18 აპრილი, კალიფორნია

ამ დღეს კალიფორნიაში ჯერ 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომლის  ეპიცენტრი  სან-ფრანცისკოდან 3 კმ-ის დაშორებით მდებარეობდა. მიწისძვრით გამოწვეული ხანძრების შედეგად 3000 ადამიანი დაიღუპა, 300 000 თავშესაფრის გარეშე დარჩა. სან-ფრანცისკოში შენობების 80 პროცენტი განადგურდა.

 

1992 წლის აგვისტო, ბოსნია და ჰერცოგოვინის უნივერსიტეტის ეროვნული ბიბლიოთეკა

სარაევოს ალყის დროს ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა ტყვიის წვიმაში მოხვდა.  ხანძარმა 1 მილიონი ტომი გაანადგურა; წიგნები მას შემდეგაც დაიკარგა, რაც ხანძარი ჩაქრა – მათი ნაწილი მძარცველებმა მოიპარეს: დაახლოებით 700 ხელნაწერი და ინკუნაბულა, ანუ ის იშვიათი წიგნები, რომლებიც ევროპაში ბეჭდვის დაწყებიდან  1501 წლის იანვრამდე გამოიცა და რომელთაგანაც თითოეულის ტირაჟი მხოლოდ 100-300 ეგზემპლარს შეადგენდა. ბიბლიოთეკის აღდგენა  13 მილიონი ევრო დაჯდა და 18 წელიწადს გაგრძელდა.

 

1992 წლის ნოემბერი, უინძორის ციხესიმაგრე, დიდი ბრიტანეთი

უინძორის სამლოცველოში გაჩენილი და შემდეგ გავრცელებული ცეცხლი 15 საათის განმავლობაში ერთმანეთის მიყოლებით ანადგურებდა  ბრიტანეთის მონარქების რეზიდენციის დარბაზებს. უზარმაზარი შენობის მეექვსედი ნაწილი დაზიანდა, აღდგენითი სამუშაოები ხუთ წელს გაგრძელდა და მათზე 37 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაიხარჯა.

 

1994 წლის იანვარი, ლისეოს დიდი თეატრი ბარსელონაში, ესპანეთი

პირველად თეატრს  (Gran Teatre del Liceu)  უბედურება თავს 1893 წლის სეზონის გახსნისას დაატყდა: დარბაზში ორი ბომბი აფეთქდა, რომლებიც იქ ანარქისტმა სალვადორ სანტიაგომ შეიტანა. ნაგებობა გადარჩა, მაგრამ აფეთქებისას 20 ადამიანი დაიღუპა. 100 წლის შემდეგ, 1994 წელს შემთხვევითი ნაპერწკლის შედეგად ფარდა აალდა და ხანძარი გავრცელდა. რეკონსტრუქციას ხუთი წელიწადი დასჭირდა და 57 მილიონი დოლარი დაჯდა.

 

1996 წლის იანვარი, თეატრი  „ლა ფენიჩე“, იტალია

„ფენიჩე“ იტალიურად ფენიქსს ნიშნავს, სახელი ამ ვენეციური თეატრისთვის მართლაც სიმბოლური აღმოჩნდა – ის არაერთხელ აღდგა ფერფლისაგან. პირველი ხანძარი აქ ჯერ კიდევ 1836 წელს გაჩნდა და სამი დღე გრძელდებოდა. თუმცა, სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ La Fenice theatre აღადგინეს და მაყურებლისთვისაც გახსნეს.

1996 წლის ხანძარმა ნაგებობა მეორედ გაანადგურა. ცეცხლი იმ ელექტრიკოსების დაუდევრობის გამო გაჩნდა, რომელთაც სამუშაოს დასრულება განსაზღვრულ ვადაში ვერ შეძლეს და ჯარიმისთვის თავის არიდების მიზნით პრობლემის გადაწყვეტის იოლი გზა აირჩიეს. ამის გამო ორივე მათგანს, ხანძრის გაჩენის ბრალდებით, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. თეატრის კარი მაყურებლისთვის რვა წლის შემდეგ, 2004 წელს გაიღო, ხოლო რეკონსტრუქცია 108 მილიონი დოლარი დაჯდა.  

 

1997 წლის აპრილი, ტურინის საკათედრო ტაძარი, იტალია

XVII საუკუნიდან  ტურინის მთავარი ტაძრის  სამლოცველოში ინახებოდა სუდარა, რომელშიც, გადმოცემის თანახმად, აკლდამაში დასვენების წინ ჯვარცმული ქრისტეს სხეული გაახვიეს. მართალია, ოფიციალური კათოლიკური ეკლესია ტურინის სუდარის, როგორც რელიკვიის, სტატუსს არ აღიარებს, მაგრამ უამრავ ღვთისმსახურსა თუ მორწმუნეს სჯერა, რომ ის აუთენტურია. 1997 წელს სამლოცველოს შენობას აღდგენითი სამუშაოების ჩატარებისას ხის ხარაჩოები შემოარტყეს, რომლებსაც შემთხვევით გაჩენილი ნაპერწკლის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა. სუდარა ხანძრისაგან მეხანძრე-მაშველმა იხსნა; მან ჩაქუჩის დარტყმით დაამსხვრია ტყვიაგაუმტარი ვიტრინის მინა, რომელშიც რელიკვია ინახებოდა.

 

2018 წლის სექტემბერი, ბრაზილიის ეროვნული მუზეუმი

ხანძარმა მუზეუმის  20 მილიონი ექსპონატი გაანადგურა. დაიწვა სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე ნაპოვნი უძველესი ადამიანის („ლუსია“) ჩონჩხი, რომლის ასაკიც 12 ათასი წლით განისაზღვრებოდა; განადგურდა პომპეის ფრესკები; კოლუმბამდელი ეპოქის  უნიკალური ექსპონატები; ძველეგვიპტური რელიეფების ფრაგმენტები; ასევე, ბრაზილიის ძირძველი მოსახლეობის სამეტყველო ენების შესახებ შეკრებილი მასალების არქივი. თავად ნაგებობაც – პორტუგალიის სამეფო ოჯახის ყოფილი რეზიდენცია –  კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენდა.


რეკომენდებული სტატიები
ნოტრ-დამის ეფექტი - პარიზის კათედრალი ხელოვნებაში
Play Video

ნოტრ-დამის ეფექტი - პარიზის კათედრალი ხელოვნებაში

ნოტრ-დამის ეფექტი - პარიზის კათედრალი ხელოვნებაში
ჩვენს კულტურაში ნოტრ დამის განსაკუთრებულ ადგილზე ყველაზე მეტად მხატვრობაში, კინოსა და ფოტოგრაფიაში მისით ინსპირაციით შექმნილი ნამუშევრების სიხშირე მიუთითებს
რელიგიები რიცხვებში

რელიგიები რიცხვებში

რელიგიები რიცხვებში
2050 წლისთვის დედამიწის მოსახლეობა 9,3 მილიარდს მიაღწევს (35%-ით გაიზრდება). როგორც ვარაუდობენ, 2050 წელს მუსლიმური რელიგიის მიმდევართა რაოდენობა 73%-ით მოიმატებს და 2,8 მილიარდს მიაღწევს (რაც მსოფლიო მოსახლეობის 30% იქნება) და თითქმის გაუტოლდება ქრისტიანთა რიცხვს (2,9 მილიარდს – 31%), ეს კაცობრიობის ისტორიის მანძილზე პირველად მოხდება
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.