fbpx

“შენთვის უფრო დიდხანს უნდა მეკოცნა” – ლევან მინდიაშვილი


გააზიარე სტატია


ავტორი: ნინი დარჩია

2019 წლის თბილისის ხელოვნების ბაზრობაზე, ERTI GALLERY-ს წარმოდგენილი ჰქონდა ლევან მინდიაშვილის ახალი პროექტი, “შენთვის უფრო დიდხანს უნდა მეკოცნა” –  კონსტრუქცია, რომელიც რამდენიმე მედიუმს და კონტექსტს აერთიანებს და რომელიც ავტორის სოლო გამოფენის ერთგვარი შესავალია.  AT.ge-მ პროექტის ავტორთან ინტერვიუ ჩაწერა.

 

ლევან, გვესაუბრე შენს ბოლო პროექტზე, კონსტრუქციაზე, რომელიც ERTI GALLERY-მ 2019 წლის თბილისის ხელოვნების ბაზრობაზე წარმოადგინა და აგვიხსენი პროექტის მთავარი ფრაზის, “შენთვის უფრო დიდხანს უნდა მეკოცნა” მნიშვნელობა

თითქმის ყოველთვის ასე ხდება:  მუშაობის პროცესში უცებ წავაწყდები ხოლმე ფრაზას – ან სადმე დაწერილს, ან ვიღაც იტყვის, ან ფილმის სუბტიტრს შევხედავ და უცებ ეს ფრაზა აღმოჩნდება  იმ ყველაფრის შემკვრელი, რაც იმ დროს მაინტერესებს და რაზეც ვმუშაობ.

ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ეს ფრაზა არ იყოს ჩემი მოგონილი, რადგან ყველაზე მთავარი ხელოვნებაში საკუთარი და საზოგადო გამოცდილებების გადაკვეთის ძიებაა.

ამ პროექტზე მუშაობის პერიოდში ჩემი მეგობრის ინსტაგრამზე შემთხვევით შემხვდა ფრაზა I should have kissed you longer, და უცბად თითქოს ყველაფერს ერთად მოუყარა თავი –  შეკრა პროექტი.

როდესაც სოფიას, მუსიკოსს, რომლის  მუსიკაც გამოვიყენე პროექტის ერთ-ერთ ნაწილად, ამ ფრაზის შესახებ ვუთხარი, ეს მასაც პირადად შეეხო და აღელდა. აღმოჩნდა, რომ ალბომის ბოლო ტრეკის დასასრული საყვარელი ადამიანის საუბრის ჩანაწერია, ასე რომ მისთვისაც ძალიან ორგანულად შეიკრა ამ ფრაზით ჩემი ბოლო პროექტი.

 

ეს პროექტი რამდენიმე მედიუმს აერთიანებს, მოგვიყევი მუსიკალური ნაწილის შესახებ

კონსტრუქციის მთავარი იდეა ეროვნული იდენტობის წარმოჩენაა. ამ შემთხვევაში ვეცადე მეჩვენებინა ჩვენი კულტურული იდენტობა და გამოვიყენე ის კომპონენტები, რითაც დასავლეთი ცდილობს ახალი ტერიტორიების აღქმას, და ამოვარჩიე სამი უმთავრესი ელემენტი, რითაც, ვფიქრობ, დღეს  საქართველო ყველაზე მეტად არის ყურადღების ცენტრში და იმკვიდრებს საკუთარ იდენტობას დასავლეთში – ესენია ქართული ენა და ანბანი, საბჭოთა პერიოდის ბრუტალისტური არქიტექტურა და მესამე, ჩემი აზრით ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი კატალიზატორი, ღამის ცხოვრება, იგივე კლუბური ცხოვრება, რომელიც საქართველოში ბოლო პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვან სოციალურ და მენტალურ ცვლილებებს უკავშირდება და რითაც ეს წლებია ყველაზე მეტად გავითქვით სახელი დასავლეთში.

ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ ღამის ცხოვრება მეჩვენებინა არა მხოლოდ როგორც გართობა, არამედ რამდენად მნიშვნელოვანია ის თუნდაც პოლიტიკურ ჭრილში. ეს სივრცეა, სადაც ჩვენ თავს ვიმკვიდრებთ,  თვითგამოხატვის ყველაზე აქტიურ გზებს ვეძებთ და შემდეგ ეს ყველაფერი ყოველდღიურ ცხოვრებაში გადაგვაქვს.

მუსიკის ავტორს, სოფიას, უკვე ორი წელია ვიცნობ და თავიდანვე გვქონდა კოლაბორაციის სურვილი და ძალიან კარგად დაემთხვა, რომ მუშაობდა სადებიუტო ალბომზე, რომელიც განსხვავებული იქნებოდა მისი შემოქმედებისგან  – მძიმე, საცეკვაო ტექნოს ნაცვლად, რითაც ცნობილია როგორც დიჯეი, ქმნიდა აბსოლუტურად სხვაგვარ ალბომს, სადაც მთავარი ხაზი ხმებია ბავშვობის მოგონებებიდან და ასევე კულტურული მემკვიდრეობა. ამიტომაც ჩავთვალე, რომ სოფიას ეს მუსიკა გამომეყენებინა, რადგან ზუსტად ის იყო, რასაც მე ვეძებდი.

 

ლევან, გვესაუბრე პროექტის მესამე ობიექტზე, დაფებზე, რომლებზეც ქართული წარწერებია

დაფების სერია – ასე ვეძახი მე –  სწორედ იმ ნამუშევრით დაიწყო, რომელიც ERTI GALLERY-ის TAF-ზე ჰქონდა წარმოდგენილი და ჰქვია “აქ რომ გეცხოვრა, სახლში იქნებოდი”. დაფების სერიით მინდა ისტორიის, წარსულის და კანონიკური ცოდნის და გარდამავლობის ხაზგასმა, რასაც დღეს ყველა განვიცდით არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.

ამ ნამუშევრის იდეა სამი წლის წინ დაიბადა და შემდეგ რაღაც პერიოდი გაჩერებული იყო,  ახლა ისევ მომინდა გამეგრძელებინა და ახალი ნამუშევრებიც შემექმნა. ცოტა პერფორმანსული ფერწერაა, ასე ვთქვათ, წინასწარ ვამზადებ შავ ცარიელ დაფას და შემდეგ ნამუშევრის სახელწოდებას ინგლისურიდან ვთარგმნი ქართულად, ამ შემთხვევაში  ფრაზას – “აქ რომ გეცხოვრა, სახლში იქნებოდი”, და ვაჩვენებ ჩემს რომელიმე უცხოელ მეგობარს, რომელმაც ქართული კითხვა არ იცის და აქვს 10-15 წუთი, რომ დაიმახსოვროს, როგორ გამოიყურება ეს წარწერა და შემდეგ დაწეროს ისე, როგორც დაამახსოვრდება.  

ანუ, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის, როგორ იქცევა ენა გრაფიკულ, აბსტრაქტულ ნიშნად. ვიზუალურად  ეს ნიშნები ჰგავს ქართულ ანბანს, თუმცა შეუძლებელია მათი წაკითხვა. თხევადი სარკით შესრულებული პატარა ნამუშევრებიც შარშან დავიწყე. ჩემთვის ამოსავალი წერტილი ხშირად ხდება ხოლმე მასალა, ჩემი ფოკუსი არასდროს ყოფილა მედიუმი. მაგალითად, არასდროს მაინტერესებდა ფერწერა, სკულპტურა ან ინსტალაცია ცალ-ცალკე. ჩემთვის ეს ყველაფერი არის  მასალა, რომელიც იდეების ვიზუალიზაციაში მეხმარება, შესაბამისად, აქცენტს ყოველთვის მასალაზე ვაკეთებ და არა მედიუმზე.

როდესაც მასალა და იდეა თვისობრივად შეესაბამება ერთმანეთს, მაშინ იწყება ხოლმე ჩემთვის ყველაზე საინტერესო პროცესები. თხევადი სარკე არის ინდუსტრიული საღებავი, რომელიც სარკეზე უკნიდან იხატება და სარკედ იქცევა. ჩემთვის ეს ძალიან სიმბოლური გარდატეხა იყო, რადგან, როგორც აღვნიშნე,  ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი პირადი და საზოგადო გამოცდილებების გადაკვეთის წერტილის პოვნა, რადგან შემდეგ მნახველს შეუძლია ამის მიხედვით საკუთარი ისტორია ააგოს. ამიტომ, ეს სარკე და შუშა გახდა ერთგვარი სიმბოლო ჩემს პირად ისტორიებსა და მნახველს შორის – ეს თითქოს დღევანდელობის მუდმივად განახლებადი არქივია.

 

როგორც ვიცით, ეს პროექტი შესავალია შენი სოლო გამოფენის, რომელიც მალე ERTI GALLERY-ში იგეგმება

დიახ, ახლა სწორედ მუშაობის პროცესში ვარ და ჯერ სახელწოდებაც არ ვიცი. თუმცა, რაც ზუსტად ვიცი, არის ის, რომ ამ საკითხებს უფრო მეტად გავშლი. მინდა უფრო ღრმად ვაჩვენო ის ფასეულობები, რასაც ბოლო 30 წელია ვაშენებთ და ასევე ის, როგორ ჩანს ეს პროცესები დასავლეთიდან.

აქ უკვე მინდა, რომ არსებულ სამ ელემენტს დავამატო მეოთხეც, მოდა, რომელიც ჩვენი დღევანდელი კულტურის ერთ-ერთი აქტუალური ელემენტია. და არსებობენ ქართველი დიზაინერები, რომლებიც მოდას პოლიტიკურ განაცხადად  იყენებენ.

 


რეკომენდებული სტატიები
გურამ წიბახაშვილის წიგნი და გამოფენა, რომელიც ეპოქას ასახავს

გურამ წიბახაშვილის წიგნი და გამოფენა, რომელიც ეპოქას ასახავს

გურამ წიბახაშვილის წიგნი და გამოფენა, რომელიც ეპოქას ასახავს
წიბახაშვილის წიგნი 90-იან წლებზე 250-მდე ფოტოს აერთიანებს. მათ თან ახლავს ესეებიც, რომელთა ავტორი ანა კორაია-სამადაშვილია. წიგნში შესული ფოტოების გამოფენა „ბარნოვის ხელოვნების სახლში“ 31 მაისს იხურება
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.