5 ივნისი დილიდან
დილა მშვიდობისა!
დღევანდელ დილას კვენტინ ტარანტინოზე საუბრით ვიწყებთ და გაუწყებთ, რომ რეჟისორმა ახალი ფილმი დააანონსა. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ტარანტინოს მეათე სურათის სიუჟეტი ერთდროულად ზოროსა და ჯანგოს თავგადასავალზე მოგვითხრობს.
კვენტინ ტარანტინომ ახალი ფილმი დააანონსა
როგორც გამოცემა Collider იტყობინება, ტარანტინო ჯანგო/ზოროს ქროსოვერზე ფიქრობს. ამგვარ ქროსოვერზე კომიქსიც არსებობს და სწორედ მას დაეყრდნობა ფილმი. ფილმის სიუჟეტი Django Unchained-ში მომხდარი ისტორიიდან რამდენიმე წლის შემდეგ ვითარდება. ჯანგო ჯილდოს მისაღებად კვლავ ნადირობს კრიმინალებზე. ერთ-ერთი მოგზაურობის დროს ის შემთხვევით დიეგო დე ლა ვეგას, იგივე ზოროს შეხვდება და ერთად დაიწყებენ ყაჩაღებზე ნადირობას.
წყარო: https://www.empireonline.com/
ტურიზმის და კულტურული მემკვიდრეობის გამოწვევები საფრანგეთსა და საქართველოში
2019 წლის 7 ივნისს, პარასკევს, 12 საათზე ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია და მრგვალი მაგიდა, რომელიც მიეძღვნება ტურიზმის გამოწვევებს, ასევე საფრანგეთსა და საქართველოში მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და განვითარებას. დისკუსიამდე გაიმართება ახალი ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ტურიზმის სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია.
წყარო: https://www.facebook.com
საქართველოში პირველად კინომცოდნეობის საერთაშორისო სკოლა გაიხსნება
კინომცოდნეობის საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლის პროექტის ორგანიზატორები ალექსანდრე გაბელია, ნინო მხეიძე და გიორგი გაბელია არიან. პროექტის მიზანია არსებული პრობლემების უფრო ფართო კონტექსტში განხილვა და კონკრეტული კითხვების დასმა: რა მდგომარეობაშია დღეს ამ დარგის თეორიული მხარე, თავად კინოს თეორია; სწავლების რა დონეა ამ მიმართულებით აკადემიურ სასწავლებლებში; რა ძირითადი გამოწვევები დგას დისციპლინის წინაშე მსოფლიოში.
ამ და სხვა საკითხებზე ერთი კვირის განმავლობაში იმსჯელებენ კინომცოდნეობის საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლაში, რომელიც გაიმართება ივლისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, მის ერთ-ერთ სამთო სასტუმროში, ყაზბეგში.
პროექტი ითვალისწინებს საერთაშორისო მკვლევარ-ექსპერტების ჩამოყვანას და ამ დარგის ქართველი ლექტორ-პროფესორების მოწვევას, რომლებიც სკოლის მონაწილეებს საკუთარ ხედვებს გაუზიარებენ და სხვადასხვა თემის შესახებ გამართავენ ლექციებს.
წყარო: https://www.facebook.com
მარტინ სკორსეზემ Netflix-ისთვის გენიოსი მუსიკოსის, ბობ დილანის მოღვაწეობის შესახებ დოკუმენტური ფილმი Rolling Thunder Revue გადაიღო.
ფილმი აერთიანებს დოკუმენტურ კადრებს, კონცერტს და სიზმარს. სურათში დილანის იშვიათი ინტერვიუებია გამოყენებული. მოგეხსენებათ, მომღერალი პრესასთან ენამჭევრობით არასდროს გამოირჩეოდა.
წყარო: https://www.youtube.com/
ელენ პეიჯმა ლგბტ პრაიდის თვე ცოლთან ერთად გადაღებული შიშველი ფოტოთი აღნიშნა.
როგორც იცით, ივნისი აშშ-ში ლგბტ სიამაყისა და პრაიდის თვედ არის გამოცხადებული. სწორედ ამიტომ, ემამ და ელენმა გადაწყვიტეს ეს თავისებურად აღენიშნათ და ინსტაგრამზე ნახევრად შიშველი ფოტო გამოაქვეყნეს.
წყარო: https://www.instagram.com/
2019 წლის 9 აგვისტოს ეკრანებზე ახალი საშინელებათა ფილმი Scary Stories to Tell in the Dark გამოვა
ფილმის პროდიუსერი ოსკარის მფლობელი რეჟისორი გილერმო დელ ტოროა, რეჟისორი კი ანდრე ოვერდალი. ფილმის სიუჟეტი 1968 წელს ვითარდება და იმ თინეიჯერების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც საზარელი მკვლელობებისა თუ მეგობრების გაუჩინარების ფონზე ცდილობენ, იდუმალებით მოცულ არსებებს, სულებსა და მოჩვენებებს გაექცნენ.
წყარო: https://www.youtube.com/
დისნეიმ მეფე ლომის ახალი ტრეილერი გამოაქვეყნა.
ფილმის პრემიერა აშშ-ში 19 ივლისს შედგება.
წყარო: https://www.youtube.com/