ალტერნატიული გართობის რამდენიმე საინტერესო სივრცე თბილისში
ავტორი: ნინო იმერლიშვილი
სწორად დაგეგმილი უქმე დღეები კვირის განმავლობაში ჩვენს განწყობასა და პროდუქტიულობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. თუ განტვირთვა და გართობა თქვენთვის მხოლოდ კლუბში ან ბარში წასვლასთან სულაც არ ასოცირდება, ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე სივრცეს, რომლებმაც შესაძლოა დაგაინტერესოთ.
Tsibakha Game Club
Tsibakha Game Club – სამაგიდო თამაშების კლუბია. ნინოშვილის 8 ნომერი, “ფაბრიკა” და ანა პოლიტკოვსკაიას 3 ნომერი – ეს ის მისამართებია, სადაც წიბახას სამაგიდო თამაშების კლუბს შეგიძლიათ ესტუმროთ.
Tsibakha Game Club აერთიანებს სათამაშო სივრცეს და სამაგიდო თამაშებისა და თავსატეხების მაღაზიას. მნიშვნელობა არ აქვს მარტო მიხვალთ თუ მეგობრებთან ერთად, თქვენ ამ სივრცეში ყოველთვის შეძლებთ დროის სახალისოდ და, რაც მთავარია, საინტერესოდ გატარებას.
კლუბში სამაგიდო თამაშების დიდი არჩევანია: კლასიკური სამაგიდო თამაშები – ჭადრაკი და ნარდი; სტრატეგიული, ეგრეთწოდებული როლური თამაშები, ლოგიკურ აზროვნებაზე დამყარებული, მისტიკური და ზღაპრული თამაშები, ასევე ე.წ. Party Games. მოკლედ რომ ვთქვათ, არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია.
იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად საინტერესო გამოცდილება მიიღოთ, საჭიროა თვალი ადევნოთ კლუბის Facebook გვერდს, სადაც ყოველ ახალ ღონისძიებასა და დაგეგმილ ტურნირებზე ინფორმაცია მუდმივად ქვეყნდება.
Tsibakha Game Club-ის სამუშაო საათებია: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 16:00 – 01:00, ხოლო შაბათსა და კვირას – 13:00 – 01:00. კლუბში მოქმედებს მხოლოდ ასაკობრივი შეზღუდვა და ის 15 წლამდე პირებს ეხება.
Tsibakha Game Club-ში სამაგიდო თამაშების გარდა სამზარეულო და პატარა ბარიც მუშაობს. ასე რომ, Tsibakha Game Club სლოგანით – “იპოვე შენი თამაში” ნებისმიერი გემოვნების ადამიანს თავს კომფორტულ და მეგობრულ გარემოში აგრძნობინებს.
Tbilisi Retro Gaming
Tbilisi Retro Gaming – არის პროექტი/სერვისი, რომელიც 80-90-იანი წლების კლასიკად ქცეული ვიდეოთამაშებით და რეტრო კონსოლებით ალტერნატიულ გართობას გთავაზობთ. რეტრო გეიმინგი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ტრენდულ სუბკულტურად მიიჩნევა. Tbilisi Retro Gaming – კი პირველი პროექტია საქართველოში, რომელმაც ბავშვობის მოგონებები ხელშესახებ სერვისად აქცია.
იმისათვის, რომ Tbilisi Retro Gaming-ის სერვისით სარგებლობა შეძლოთ, პროექტის Facebook გვერდს უნდა ადევნოთ თვალი, სადაც მუდმივად ქვეყნდება ივენთები. ასე თქვენ შეძლებთ მარტო ან მეგობრებთან ერთად რეტრო კონსოლებით სახალისოდ და ორიგინალურად გაატაროთ დრო.
Ballroom
Ballroom – ეს არის სივრცე, რომელიც ბოულინგს, ბარს და რესტორანს ერთ სივრცეში აერთიანებს. დაწესებულება მაღალი სტანდარტების ინფრასტრუქტურით გამოირჩევა – აქ ბოულინგის 7 პროფესიონალური, ულტრათანამედროვე ბილიკი და კომფორტული გარემოა, სადაც სურვილის შემთხვევაში ბოულინგის პროფესიონალი ინსტრუქტორები თამაშის წესებში გაგარკვევენ და თამაშის კარგად ათვისებაში დაგეხმარებიან.
- Ballroom ქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო ცენტრ “გალერია თბილისშია” განთავსებული. Ballroom მუშაობს ყოველდღე, 11:00-დან 02:00-მდე.
- https://www.facebook.com/BallroomBowling/
- http://www.ballroom.ge/ka
Astra Park Tbilisi
Astra Park Tbilisi – გასართობი ცენტრია, სადაც სხვადასხვა ტიპის სერვისები ნებისმიერი ასაკის მომხმარებელზეა გათვლილი. კარტინგი, 7D კინოთეატრი, ბილიარდი, გასართობი ვიდეოთამაშები, პინგ-პონგი – აქტიური გართობის ის მიმართულებებია, რომლებსაც სივრცე გთავაზობთ.
- Astra Park Tbilisi დიღომში, ჩაჩავას 8 ნომერში მდებარეობს და ღიაა დღის 12-დან ღამის 12 საათამდე.
- https://www.facebook.com/AstraPark/
Brain Drain Tbilisi
Brain Drain Tbilisi – თუ სააზროვნო და ამავდროულად მოქმედი თამაშები მოგწონთ და ამასთან წარმოსახვის კარგი უნარიც გაქვთ, მაშინ ეს დაწესებულება ნამდვილად დაგაინტერესებთ. გასართობ სივრცეში სათამაშო ოთახებია განლაგებული, რომლებიც სხვადასხვა კონცეფციის მიხედვით არის შექმნილი.
თითოეულ მათგანში მოხვედრისას თქვენ ირგებთ როლს და გაქვთ დავალება, ეგრეთწოდებული ქვესთი – რომელიც რებუსების ამოხსნით, მინიშნებების ამოცნობით და ლოგიკური გადაწყვეტილებებით უნდა გადალახოთ. ეს ყველაფერი ერთად კი სათავგადასავლო ჟანრის ფილმის ან ვიდეოთამაშის გმირად გაგრძნობინებთ თავს.
ადგილი საუკეთესოა მათთვის, ვისაც მეგობრების ან ახლობლების დიდ გარემოცვაში უყვარს გართობა, რადგან სათამაშო ოთახები სწორედ გუნდებისთვის არის განკუთვნილი. გარდა ამისა, Brain Drain Tbilisi-ის სივრცეში სამაგიდო თამაშების კლუბი და ვირტუალური რეალობის ვიდეოთამაშების ზონაც დაგხვდებათ.
- Brain Drain Tbilisi ოპერის მიმდებარედ, მარი ბროსეს ქუჩის 2 ნომერში მდებარეობს. სივრცე მუშაობს ყოველდღე, 12:00-დან 23:00-მდე.
- https://www.facebook.com/braindrainescape/
- http://www.braindrain.ge/ka
Airsoft Arena Georgia
Airsoft Arena Georgia – სათამაშო/საბრძოლო პოლიგონია, სადაც Airsoft-ის თამაშია შესაძლებელი. Airsoft გუნდური საბრძოლო სპორტული თამაშია, რეალისტური იარაღებით და ცხადია, სიცოცხლისათვის სრულიად უსაფრთხო სათამაშო ტყვიებით, რომლებიც ვიზუალურად ნამდვილი ტყვიების ასლია.
სათამაშო რუკა აწყობილია ვიდეოთამაშ Counter Strike-ის რუკის ბაზაზე. Airsoft გუნდური თამაშია. პროცესი განსაკუთრებით დინამიკურია როგორც 3-კაციან გუნდებს შორის, ასევე 5-კაციანი გუნდებით. ამიტომაც, Airsoft Arena Georgia იდეალური ადგილია მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად.
თამაშის წესებსა და უსაფრთხოების ნორმებს ინსტრუქტორები ადგილზე გაგაცნობენ. თამაშის დაწყების წინ სპეციალურ ფორმას ჩაგაცმევენ – თვალების და სახის მთლიანად დაცვას უზრუნველყოფს სპეციალური ნიღაბი, ხოლო სხეულს დაზიანებებისაგან ეგრეთწოდებული “განტვირთვის ჟილეტი” იცავს. თუმცა, მზად უნდა იყოთ, რომ ტყვიის მოხვედრა ზოგჯერ მწარეა და შესაძლოა მცირე ჩალურჯებებიც დაგიტოვოთ.
Airsoft Arena Georgia სავაჭრო ცენტრ “თბილისი მოლის” მესამე სართულზეა განთავსებული.
- სათამაშო არენა ღიაა კვირის შვიდივე დღეს, 10:00-დან 22:00-მდე.
- https://www.facebook.com/airsoftarenage/