პირველი ფილმების სიურრეალისტი ქალი კოლორისტები
კინოხელოვნების პირველ ნიმუშებზე საუბრისას უმრავლესობას შავ-თეთრი გამოსახულებების ასოციაცია უჩნდება. სინამდვილეში კი, უძველესი ფილმების უმრავლესობა ფერადდებოდა, ტონები კი ისეთი უჩვეულო იყო, რომ სიურრეალისტურ ეფექტს ქმნიდა.
საკმაოდ თამამი და ზოგჯერ არარეალური ფერები ძველ კინემატოგრაფიაში ხშირად რჩება ყურადღების მიღმა და რაც საინტერესოა, მივიწყებულია ქალების როლი იმდროინდელი ფილმების გაფერადების საქმეში. გასული საუკუნის დასაწყისის კინოწარმოების ინდუსტრიაში ქალები მეტწილად ამ მიმართულებით საქმდებოდნენ და ფირის მოხატვის სფეროში დომინირებდნენ.
- კადრი ფილმიდან „ტიტები“, 1907 წელი. რეჟისორი: სეგუნდო დე შომონი
- კადრი ფილმიდან „ტიტები“, 1907 წელი. რეჟისორი: სეგუნდო დე შომონი
- კადრი ფილმიდან „ექსკურსია მთვარეზე“, 1908 წელი. რეჟისორი სეგუნდო დე შომონი (ჟორჟ მელიესის ფილმის, „მოგზაურობა მთვარეზე“ რიმეიკი)
ქალთა დომინირების მიზეზებზე ისტორიკოსი ჯოშუა იუმიბე საუბრობს თავის ნაშრომში „მამოძრავებელი ფერი“ (2012). „ისტორიულად ითვლებოდა, რომ ქალებს უფრო მეტად ესმოდათ ფერების ფსიქოლოგია, ფერების მეშვეობით მათ უკეთ შეეძლოთ ემოციების, განწყობის, განცდების გადმოცემა, განსხვავებით კაცებისგან, რომელთა დამოკიდებულება ფერებთან და ფერთა ტონებთან ზედაპირული იყო. გარდა ამისა, იმ ეპოქაში ფირის გაფერადება აღიქმებოდა, როგორც ხარვეზების შენიღბვის საშუალება, იგივდებოდა ერთგვარ ვიზაჟთან, კოსმეტიკის დატანის ხელოვნებაში კი ქალები უფრო გაწაფულნი იყვნენ“, – წერს ისტორიკოსი.
- კადრები ფილმიდან „ექსკურსია მთვარეზე“, 1908 წელი. რეჟისორი სეგუნდო დე შომონი (ჟორჟ მელიესის ფილმის – „მოგზაურობა მთვარეზე“ რიმეიკი)
- კადრები ფილმიდან „მოგზაურობა იუპიტერზე“, 1909. რეჟისორი სეგუნდო დე შომონი
ისტორიკოსი ჯოშუა იუმიბე ფირის გაფერადების სფეროში ქალთა დომინირების მიზეზებზე საუბრისას მე-19 საუკუნის სამუშაო ბაზარზე გენდერული უსამართლობისა და უთანასწორობის საკითხზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, იმ ეპოქაში ქალისთვის რთული იყო დასაქმება და მით უმეტეს, ღირსეული ანაზღაურების მოთხოვნა. შესაბამისად, ქალები დაბალ ხელფასს თანხმდებოდნენ, რასაც ფირის დამუშავების სტუდიები სთავაზობდნენ. თუმცა, გამონაკლისებიც არსებობდა. მაგალითად, ფრანგული კომპანია „ძმები პატე“ (Pathé ) კოლორისტებს კვირაში 21 ფრანკს უხდიდა, რაც 6 ფრანკით აღემატებოდა მეზობელ ფაბრიკებში მომუშავე კაცების საშუალო ხელფასს კვირაში. ამგვარი დამოკიდებულება კაცების გაღიზიანებას იწვევდა, რის გამოც სტუდიაში მომუშავე კოლორისტებს „პატეს ქათმებადაც“ მოიხსენიებდნენ.
- ფრანგული კინოსტუდია, „პატეს“ კოლორისტები. 1910
- „ლეგენდა ღმერთებზე“, 1911. კომპანია „პატე“.
რაც შეეხება ფირის გაფერადების სამუშაო პროცესს, უმძიმესი იყო და უდიდეს ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვდა. გამადიდებელი შუშით შეიარაღებული ქალები, მინიატიურული ფუნჯებით 35 მმ-იანი ფირის ყოველ კადრს საიუველირო სიზუსტით ამუშავებდნენ, რადგან მცირე უზუსტობას მთელი კადრის გაფუჭება შეეძლო. ისტორიულმა ჩანაწერებმა შემოინახა რამდენიმე მეთოდიც, რომლებიც ქალმა მხატვარ-კოლორისტებმა სლაიდების მოხატვისას მოიგონეს და განავითარეს.
- კადრები მოკლემეტრაჟიანი ფილმიდან „ლოი ფულერის ცეკვა“, ავტორი: ტომას ედისონის კომპანია. მთავარ როლში ბროდვეის მოცეკვავე ანაბელა მური
- Danse des Ouled-Naïls, 1902. რეჟისორი სეგუნდო დე შომონი
ფირის მოხატვის სერვისზე მზარდმა მოთხოვნამ, ბუნებრივია, ხელი შეუწყო მიწოდებასაც. ბევრი ქალი თავიანთ კერძო სტუდიას ხსნიდა, სადაც ახალგაზრდა მხატვრების დიდ ჯგუფებს ქირაობდა. ერთ-ერთი ასეთი ცნობილი კოლორისტი ფრანგი ელიზაბეთ ტიულიე იყო, რომლის სტუდიაც 1897-1912 წლებში რეჟისორ ჟორჟ მელიესის ფილმებს აფერადებდა.
თავად ტიულიე ღამე მუშაობდა, თვითონ არჩევდა ფერებსა და ფერთა ტონებს, ადგენდა შაბლონებს. დღისით კი, 220 დაქირავებული მის დავალებას ასრულებდა. მაგალითად, ჟორჯ მელიესის ფილმის, „მოგზაურობა მთვარეზე“ (1902), საერთო ჯამში 13 375 კადრი ხელით მოიხატა.
- „მოგზაურობა მთვარეზე“, ჟორჟ მელიესი. 1902
.