სიზმარი – ახალი მულტიმედია ინსტალაცია, რომლის ნახვასაც 13-16 ივნისს შეძლებთ
ფოტო: სოფო მელიქიძე და ლელი ბლაგონრავოვი
13-16 ივნისს თბილისში, კინოსტუდიის ყოფილ პავილიონში, მულტიმედია პროექტი “სიზმარი” ჩატარდება, რომელიც მნახველებს უჩვეულო ემოციების მოზღვავებასა და სასიამოვნო შთაბეჭდილებებს ჰპირდება.
“სიზმარი” არის შეგრძნებების მულტიმედია ინსტალაცია, რომელიც ხმასა და გამოსახულებას აერთიანებს და ადამიანებს სრულიად ახალი შეგრძნებების აღმოჩენის საშუალებასაც აძლევს – პროექტი სხვადასხვა პროფესიის ხელოვანი ადამიანების კოლაბორაციაა.
ამ ეტაპზე „სიზმარი“ ბოლო მოსამზადებელ პერიოდს გადის, გუნდი კი მაქსიმალურად ცდილობს ყველა დეტალი გათვალოს და პავილიონში მისულ დამთვალიერებელს „სიზმრის“ სრულყოფილი ვერსია შესთავაზოს.
“ძალიან საინტერესო პროექტია, საქართველოში ძალიან იშვიათად კეთდება მსგავსი რამეები. ფანტაზიის განსავითარებლად ასეთი ფუფუნება ხშირად არ გვაქვს. ამ პროექტს აქვს ის, რაც ჩვენს ემოციებს, ქვეცნობიერს უფრო წინ წამოწევს და ვფიქრობ, რომ ეს გამოცდილება ყველამ უნდა მიიღოს.
სამუშაო პროცესი რთულია, რადგან, როცა ინსტალაციაზე მუშაობ, არ იცი რა როგორ გამოვა – საბოლოო შედეგამდე მისვლას კი ბევრი მცდელობა და ვერსია სჭირდება. მუშაობისას ბევრ რამეს სწავლობ შენ თვითონაც და ბოლოს კულმინაციამდე მიდიხარ. ეს ყველაფერი ძალიან ინტერაქტიულია. შენი ყოფნა ცვლის კონტენტს, ინსტალაციას და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამ დიდი მთლიანობის ნაწილი ხდები.
არქიტექტორი და კონცეფციის ავტორი გიორგი ზაუტაშვილი:
“სიზმარი ჩემთვის არის ადამიანის ტვინის აბსტრაგირებული მოდელი. ნეირონების, სინაპსების ქსელი რომელიც ჩამქრალი და არააქრიური არის სანამ მასში ელექტროიმპულსი არ გაივლის. იმპულსი რომელიც პასუხისმგებელი არის ჩვენ ყოველ გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელ ქმედებაზე, შეგრძნებაზე და აზრზე. სწორად ამ იმპულსის როლი უნდა შეასრულოს დამთვალიერებელმა და თავისი არსებობით გააცოცხლოს ლაბირინთი.”
კომპოზიტორი ზვიად მღებრიშვილი:
“ვფიქრობ, სიზმარი არის რეალობის პარალელური მონტაჟი კანონების გარეშე. ადამიანის გონება ყველაზე ბევრს ხომ მაშინ ფიქრობს, როცა არაფერს აკეთებს?! თანამედროვე სამყაროში კი უკვე აღარ გვაქვს არაფრის კეთების ფუფუნება. სიზმარიც ამისთვის არის, ადამიანები აქ თავისი გონების გადატვირთვას შეძლებენ”
პროექტზე მუშაობისას ორგანიზატორებმა მართლაც ხელოვნებაში არსებული ყველა მიმართულება გამოიყენეს, რათა ლაბირინთებით დაკავშირებული მულტიმედია ინსტალაცია ღამით ნანახ სიზმარს დამსგავსებოდა. მათი შედარებით შორს მიმავალი გეგმები კი საქართველოში მულტიმედია ხელოვნების განვითარება და გართობის/სოციალიზაციის ახალი ფორმის დანერგვაა.
“მსგავს პროექტებზე მუშაობისას ყოველთვის გიწევს გამოხვიდე კომფორტის ზონიდან და რაიმე ახალი შექმნა. სიზმარში ადამიანმა, პირველ რიგში, თავისი თავი უნდა იპოვოს. გაუჩნდეს კითხვები, რომელსაც ხშირად ვერც უპასუხებს, მაგრამ, მთავარია, რომ ფიქრი დაიწყოს. ძალიან მინდა, რომ ისტორია გადმოვცე ხმის მეშვეობით, ამიტომ ეს პროექტი ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. აუდიო ვიზუალური ინსტალაცია ყოველთვის არის ექსპერიმენტული, რადგან ზუსტად ვერასდროს იტყვი, რა და როგორ უნდა იყოს. აქ საინტერესო და კრეატიული ადამიანებთან კოლაბორაციაც გამოდის.
სამუშაო პროცესი ძალიან შრომატევადია. ვფიქრობ, დასრულებული პროექტი ადამიანებმა თავისებურად უნდა აღიქვან, თუ ყველაფრის დეტალურად ახსნა გახდება საჭირო, ესე გი საქმეს ვერ გავართვი თავი. ყოველი ინსტალაცია არის ექსპერიმენტული და, რა თქმა უნდა, სრულიად ახალ გამოცდილებას უკავშირდება, რადგან ყოველთვის გიწევს ახალი გზების ძებნა საუკეთესო ინსტალაციის შესაქმნელად.
ხმის დიზაინერი ბესო კაჭარავა:
“ხშირად ყველაფრის წაშლა და თავიდან დაწყება გიხდება, ძალიან ცოცხალი პროცესია, რომელიც გახსნის ბოლო დღემდე მიმდინარეობს. ჩემი აზრით, ადამიანებმა აქ ან უნდა იპოვონ საკუთარი თავი, ან დაკარგონ”
ასე რომ, თუ გსურთ დროებით მაინც გაექცეთ რეალობას, გადატვირთოთ გონება და იპოვოთ ან დაკარგოთ საკუთარი თავი, ადამიანების ძალიან საინტერესო ჯგუფმა ამაზე უკვე იზრუნა და 13 ივნისიდან კინოსტუდიის ყოფილ პავილიონში სიზმრების სამყაროში სამოგზაუროდ გელიან.
მულტიმედია ინსტალაციაზე მუშაობდნენ: ბესო კაჭარავა, გიორგი კობერიძე, გიორგი ზაუტაშვილი, გიორგი მურღულია, დოდო ჩხეიძე, თემო მაჭავარიანი, ლევან აბრამიშვილი, ლიზა რომანოვსკაია, ნიკოლოზ კაპანაძე, ზვიად მღებრიშვილი, ჯარა მამალაძე.