მსოფლიოს Top 5 ჯაზ-ფესტივალი
ავტორი: თამარ ჭინჭარაული
ჯაზი თანამედროვე მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, აღიარებული და პოპულარული მიმართულებაა.
მუსიკალური მიმდინარეობა, რომლის ოფიციალურ სამშობლოდაც 1920-იანი წლების ნიუ ორლეანი ითვლება, მალევე მოედო მთელ მსოფლიოს და მუსიკის სხვა ჟანრებზეც უდიდესი გავლენა მოახდინა.
თანამედროვე სამყაროში ასიათასობით მსმენელს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გამართული ჯაზ-ფესტივალები, დღეს კი მათგან ხუთ გამორჩეულს წარმოგიდგენთ.
მონრეალის საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი
მონრეალის საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი 1980 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად ტარდება კვებეკში, კანადაში.
აღსანიშნავია, რომ 2004 წელს ფესტივალი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც მსოფლიოს ყველაზე დიდი ჯაზ-ფესტივალი.
ფესტივალზე ყოველწლიურად დაახლოებით 3000 არტისტი იკრიბება მსოფლიოს 30-მდე ქვეყნიდან, ტარდება 600-ზე მეტი კონცერტი და 2 მილიონზე მეტი მუსიკის მოყვარული სტუმრობს. ფესტივალის განმავლობაში მონრეალში მოწყობილია როგორც გარე, ასევე შიდა საკონცერტო სივრცეები. კონცერტების უმეტესობა უფასოა.
მონრეალის საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალზე ისეთი მუსიკოსები გამოსულან, როგორებიც არიან – არეტა ფრანკლინი, ელა ფიცჯერალდი, დეივ ბრუბეკი და მრავალი სხვა.
2019 წელს ფესტივალი 25 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
ნიუ ორლეანის ჯაზის და მემკვიდრეობის ფესტივალი “ჯაზ ფესტი”
1970 წლიდან მოყოლებული ნიუ ორლეანის ჯაზის და მემკვიდრეობის ფესტივალზე ნებისმიერ მსურველს ეძლევა შესაძლებლობა შეიგრძნოს ნიუ ორლეანის კულტურა და მუსიკა მთელი თავისი ბრწყინვალებით.
1970 წელს ჩატარებულ პირველ ფესტივალს სულ 350 ადამიანი ესწრებოდა, ხოლო ფესტივალში მონაწილეობდნენ ისეთი მუსიკოსები და ბენდები, როგორებიც არიან – Mahalia Jackson, Preservation Hall Jazz Band, Duke Ellington, Fats Domino, The Meters და სხვები.
1980-იანი წლებისთვის სტუმრების რიცხვმა 300 000-სს მიაღწია, ხოლო 2001 წელს, როდესაც ლუი არმსტრონგის 100 წლის იუბილე აღინიშნებოდა, ფესტივალზე 650 000 ადამიანი მივიდა.
ფესტივალი ტარდება აპრილის ბოლო კვირას (პარასკევი, შაბათი და კვირა) და მაისის პირველ კვირას (ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი და კვირა) დილის 11-დან საღამოს 7 საათამდე.
ფესტივალი არ მოიცავს მხოლოდ ჯაზს – ბლუზიდან დაწყებული, გოსპელით გაგრძელებული და ფოლკით დამთავრებული – ნებისმიერი ჟანრის მუსიკოსების მოსმენაა შესაძლებელი ნიუ ორლეანში.
ფესტივალის მიმდინარეობისას ფუნქციონირებს თორმეტი სცენა, სადაც სხვადასხვა პერფორმანსები იმართება, ასევე დამატებით ორ სცენაზე ადგილობრივი სამზარეულოს შოუქეისი ტარდება.
2019 წლის ფესტივალი გაზაფხულზე ჩატარდა 25-28 აპრილს და 2-5 მაისს.
მონტრო ჯაზ-ფესტივალი
2019 წლის 28 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლის მონტროში, შვეიცარიაში, მონტრეს 53-ე ჯაზ-ფესტივალი ჩატარდება.
ფესტივალი მსოფლიოში მეორეა სიდიდით მონრეალის საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალის შემდეგ.
ჯაზ-ფესტივალი 1967 წელს დაფუძნდა და პირველად მონტროს კაზინოში ჩატარდა. ელა ფიცჯერალდი, მაილს დევისი, ნინა სიმონე, ბილ ევანსი, კით ჯარეტი – ეს იმ მუსიკოსების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც 1967 წელს ახლად დაფუძნებულ ფესტივალში მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალი სწრაფად განვითარდა, გაიზარდა როგორც დამსწრეთა რაოდენობა, ასევე ის მუსიკალური მიმდინარეობები თუ ჟანრები, რომლის წარმომადგენლებიც ფესტივალის პროგრამაში ხვდებიან. ფესტივალის ძირითად მიმართულებად ჯაზი რჩება, თუმცა იწვევენ როკ, ფოლკ, პოპ და სხვა მიმართულების შემსრულებლებსაც.
1967 წლიდან 2016 წლის ჩათვლით მონტროს ჯაზ-ფესტივალში 1300-ზე მეტმა შემსრულებელმა მიიღო მონაწილეობა. მათგან ყველაზე ბევრჯერ მიწვეული იყო ჰერბი ჰენკოკი (27-ჯერ) და ბი ბი კინგი (21-ჯერ).
აღსანიშნავია, რომ გარდა ზემოთ ჩამოთვლილებისა, ფესტივალში მონაწილეობდნენ ისეთი მუსიკოსები, როგორებიც არიან – ბობ დილანი, მარიან ფეიტფული, ჯონი ქეში, დევიდ ბოუი, ალანის მორისეი, Deep Purple, Pink Floyd და ბევრი სხვა.
მონტერეის ჯაზ-ფესტივალი
მონტერეის ჯაზ-ფესტივალი ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში და პირველად 1958 წელს ჩატარდა.
მას შემდეგ ყოველწლიურად მონტერეიში, კალიფორნიაში იმართება ფესტივალი, რომლის განმავლობაშიც, 500-ზე მეტი საუკეთესო ჯაზ შემსრულებელი 9 სცენაზე გამოდის და დაახლოებით 50 კონცერტს მართავს.
აღსანიშნავია, რომ მუსიკის და კონცერტების გარდა, ფესტივალი ატარებს საუბრებს ჯაზზე, საგანმანათლებლო პროგრამებს, ვორკშოპებს, პანელ დისკუსიებს, გამოფენებს.
მონტერეის ჯაზ-ფესტივალი არაკომერციული ორგანიზაციაა და ფესტივალის ჩატარების პირველივე წლიდან შემოსავალს მოახმარს მუსიკალურ განათლებას.
62-ე ჯაზ-ფესტივალი 2019 წლის 27-29 სექტემბერს ჩატარდება უცვლელ ადგილას, Monterey Fairgrounds-ზე.
კოპენჰაგენის ჯაზ-ფესტივალი
კოპენჰაგენის ჯაზ-ფესტივალი ყოველწლიურად ივლისის დასაწყისში იმართება და 10 დღის განმავლობაში 250 000 ადამიანზე მეტს მასპინძლობს.
კოპენჰაგენის ჯაზ-ფესტივალი ამჟამინდელი სახით 1979 წელს ჩამოყალიბდა, თუმცა, 60-იან წლებში კოპენჰაგენში იმართებოდა კონცერტების სერიები თელონიუს მონკის, მაილს დევისის, ბილ ევანსის, ჰერბი ჰენკოკის თუ მრავალი სხვა ჯაზის ლეგენდის მონაწილეობით.
დღეისთვის კოპენჰაგენის ჯაზ-ფესტივალი 100 ვენიუს, 1000-ზე მეტ კონცერტს და 260 000 მსმენელს აერთიანებს. სწორედ ამის გამო ითვლება ფესტივალი ერთ-ერთ უდიდეს მუსიკალურ ღონისძიებად ევროპაში.
2019 წელს კოპენჰაგენის ჯაზ-ფესტივალი 5-დან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება.