fbpx

“არტისტერიუმი” გზაზე – ქუთაისში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა ჩატარდა


გააზიარე სტატია

 

ავტორი: თამარ ჭინჭარაული
ილუსტრაცია: ნიკო ცეცხლაძე, გალაკტიონ კინწურაშვილი / უსათაურო, 2019, 3D პროექცია შენობაზე

 

თანამედროვე ხელოვნების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა “არტისტერიუმი” 11 ივნისს დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში გაიხსნა.

გამოფენის შესახებ AT.ge კურატორ მაგდა გურულს ესაუბრა.

 

 

ვინ მონაწილეობს ქუთაისში გამართულ “არტისტერიუმში” და რა ნამუშევრებია აქ წარმოდგენილი?

მაგდა გურული: გამოფენაში მონაწილეობდნენ არტისტები როგორც საქართველოდან, ასევე საზღვარგარეთიდან. აქ შეგიძლიათ ნახოთ როგორც ფერწერული ნამუშევრები, ასევე ინსტალაციები, ვიდეო-არტი, ფოტო პროექტები და სხვა

 

სო იანგი.
სამხრეთ კორეა, ისროლე ღრუბელი, 2019.
ვიდეო ინსტალაცია

 

არტისტერიუმის ფარგლებში ლია უკლებას ნამუშევრები პირველად გამოიფინა  ნიკო ფიროსმანის ნახატთან ერთად.

 

ლია უკლება.
სერიიდან დიდი, პატარა ტყუილები, 2016-2019.
აკრილი, ტუში, ტილო, სხვადასხვა ზომა

 

აღსანიშნავია, რომ “არტისტერიუმი”, როგორც თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა, რომელიც 11 წელი თბილისში იმართებოდა, პირველად გავიდა დედაქალაქიდან რეგიონში.

 

გასული წლების “არტისტერიუმებს”, როგორც წესი, თბილისის მუზეუმები მასპინძლობდნენ. რამ განაპირობა გამოფენის თბილისის გარეთ გატანა?

მაგდა გურული: არტისტერიუმის რეგიონში გასვლის მიზანი კულტურული პროცესების დეცენტრალიზაცია და ახალი მაყურებლის მოზიდვა იყო.

ფესტივალის ქუთაისში ჩატარება ორგანიზაციული თვალსაზრისით  გარკვეულ რისკებსაც უკავშირდებოდა, თუმცა გადაწყვეტილებამ გაამართლა. როგორც გამოფენას, ასევე არტისტერიუმის ფარგლებში ჩატარებულ სხვა ღონისძიებებს უამრავი ადამიანი დაესწრო. ჩემთვის, როგორც გამოფენის კურატორისთვის, საინტერესო იყო ხელოვნების საშუალებით ქალაქთან ცოცხალი კონტაქტი.

 

როლანდ შალამბერიძე.
შავი სპილო, 2018, აკრილი, მარკერი, ბამბა, ქსოვილი, ძაფი

 

რა ნიშნით შეარჩიეთ ქუთაისი მეთორმეტე “არტისტერიუმისთვის”?

მაგდა გურული: წელს აღინიშნება დავით კაკაბაძის დაბადებიდან 130 წელი, ხოლო ქუთაისში დაბადებული ცნობილი მოდერნისტი მხატვრის, ფელიქს ვარლამიშვილის დაბადებიდან 115 წლის იუბილე.

ამდენად ქუთაისის შერჩევა საგამოფენოდ სრულიად ბუნებრივი იყო, გამომდინარე ქუთაისის უდიდესი როლიდან საქართველოში მოდერნისტული აზროვნების განვითარებაში. ჩვენ მიერ ჩატარებული ლექციების თემებიც ქართულ მოდერნიზმს ეხმაურებოდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დავით კაკაბაძის გალერეაში გამართულ გამოფენაში თანამედროვე მხატვრების ნამუშევრები ნაჩვენებია ფიროსმანის, კაკაბაძის და ვარლამიშვილის გვერდით.

 

გურამ წიბახაშვილი.
ვიპარავ მაგრიტს, 2000, შავ-თეთრი ფოტო სერია, 35×80 სმ

 

თქვენი აზრით, რა შედეგები შეიძლება მოიტანოს რეგიონებში სახელოვნებო პროცესების ხელშეწყობამ?

მაგდა გურული: ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ქალაქებში ადამიანებმა თვითონ დაიწყონ პროექტების კეთება. ჩვენ კი შეგვიძლია მათ  გამოცდილება გავუზიაროთ, რაც ხელს შეუწყობს იმ დეცენტრალიზაციას, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ.

 

აქედან გამომდინარე, უნდა ველოდოთ თუ არა შემდეგი “არტისტერიუმის” ისევ საქართველოს რომელიმე რეგიონში გამართვას?

მაგდა გურული: ჯერჯერობით მომდევნო “არტისტერიუმის” დეტალები უცნობია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მეცამეტე გამოფენა აუცილებლად ისევ თბილისის გარეთ, რეგიონში ჩატარდება.

 

ენრიკე მუნიოს გარსია.
მძინარენი ბელემში, 2018, ფოტო სერიიდან

 

საერთაშორისო გამოფენის ძირითადი ნაწილი დღეს, 16 ივნისს სრულდება მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმში გამართული შეხვედრით, მაგრამ გამოფენა ქუთაისში 30 ივნისამდე გაგრძელდება.  

 

როკო ირემაშვილი

 

“არტისტერიუმი” არ სრულდება ქუთაისში, რადგან ის ასევე მოიცავს იქ  ჩატარებული პროექტების ფოტო-ვიდეო მასალის პრეზენტაციას თბილისის ისტორიის მუზეუმში, რომელიც 19-20 ივნისს გაიმართება.

“არტისტერიუმის” ტრადიციული მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეა, ასევე  ქუთაისის მერია – გამომდინარე იქიდან, რომ გამოფენა მოიცავდა გარე ინსტალაციებს და ნამუშევრებს ქალაქის სხვადასხვა სივრცეში, რაც მერიასთან თანამშრომლობით განხორციელდა.

 


რეკომენდებული სტატიები
თბილისის საერთაშორისო გამოფენა „არტისტერიუმი“ დღეს იხსნება

თბილისის საერთაშორისო გამოფენა „არტისტერიუმი“ დღეს იხსნება

თბილისის საერთაშორისო გამოფენა „არტისტერიუმი“ დღეს იხსნება
9-19 ნოემბრის ჩათვლით „ქარვასლაში“ თანამედროვე ხელოვნების თბილისის საერთაშორისო გამოფენა „არტისტერიუმი“ მეთერთმეტედ  გაიმართება
MAGNUM-ის ფოტოგრაფ იონას ბენდიკსენის გამოფენას "ქოლგა თბილისი ფოტო" 17 ივნისს გახსნის

MAGNUM-ის ფოტოგრაფ იონას ბენდიკსენის გამოფენას "ქოლგა თბილისი ფოტო" 17 ივნისს გახსნის

MAGNUM-ის ფოტოგრაფ იონას ბენდიკსენის გამოფენას "ქოლგა თბილისი ფოტო" 17 ივნისს გახსნის
19 წლის რომ ვიყავი, ერთწლიანი სტაჟირება გავიარე „მაგნუმის“ ლონდონის ოფისში. ვაკეთებდი ყავას და  ჩაის, დავრბოდი ფოსტაში, ვპასუხობდი ტელეფონის ზარებს და ვალაგებდი ფოტოებს არქივში. სწორედ ამ საკულტო არქივში გატარებული ეს ერთი წელი იყო  საუკეთესო განათლება, რაზეც კი შეიძლებოდა მეოცნება.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.