fbpx

კოპა ამერიკის პირველი მატჩები


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

უკანასკნელ წლებში დიდ საფეხბურთო ტურნირებს ყველაზე ხშირად ბრაზილია მასპინძლობს ხოლმე. 2014 წელს აქ მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა, 2016-ში ზაფხულის ოლიმპიური ტურნირი, ხოლო ამჟამად კი კოპა ამერიკა მიმდინარეობს.

ბრაზილიელები, სადაც  უნდა თამაშობდნენ, ყოველთვის უმთავრეს ფავორიტებად ითვლებიან, მათ ოლიმპიადაც მოიგეს, მაგრამ რამდენად რეალურია „სალესაოს“ წლევანდელი ტრიუმფი და ხომ არ არის მსოფლიო ჩემპიონატის ფიასკოს განმეორების საშიშროება?

მიმდინარე კოპა ამერიკის პირველი მატჩი სან პაულუს „ესტადიო დუ მორუმბიზე“ გაიმართა და მას 47 000-მდე გულშემატკივარი დაესწრო. „სალესაოს“ პირველ ტურში მეტოქედ ბევრი ვერაფრით გამორჩეული ბოლივიის ნაკრები ერგო. ბრაზილიამ 3:0 მოიგო, მაგრამ რამდენად დამაჯერებელი იყო მსოფლიოს 5 და სამხრეთ ამერიკის 8 გზის ჩემპიონთა ასპარეზობა ამ შეხვედრაში?

რა თქმა უნდა, ერთი შეხვედრით არ იქნებოდა სწორი იმ გუნდის შესაძლებლობების განსაზღვრა, რომლის თუნდაც სათადარიგოთა სკამის ნებისმიერ წარმომადგენელს შეუძლია სიახლის შეტანა თამაშში; მაგრამ უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნეიმარის არყოფნა საგრძნობლად დაეტყო „სალესაოს“.

მეტიც, ტურნირის მასპინძლები შეტევაში საკმაოდ ერთფეროვნად გამოიყურებოდნენ და მეტოქემ შეძლო პირველ ტაიმში საკუთარი კარის მშრალად შენახვა.

შემდეგ იყო ვიდეორეფერი და წვალებით დანიშნული და გატანილი თერთმეტმეტრიანი. აქ ბოლივია გატყდა, კოუტინიომ კი ალბათ სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაიწერა აქტივში…

ბოლივიასთან შეხვედრა „სალესაოს“ გულშემატკივარს აუცილებლად გაახსენებდა შარშანდელი მსოფლიო ჩემპიონატის მატჩს კოსტა რიკის ნაკრების წინააღმდეგ, რომელშიც ბრაზილიელებს ასევე გაუჭირდათ გოლის გატანა.

იმ შეხვედრაშიც, ოღონდ ბოლივიისგან განსხვავებით მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე, კოუტინიომ იმარჯვა. მეორე გოლი კი უკვე იმედგაცრუებული მოწინააღმდეგის კარში 97-ე წუთზე ნეიმარმა გაიტანა.

რაშია საქმე? ჩვენ ვხედავთ, რომ ბრაზილიის ნაკრებს მსოფლიოს წამყვანი ფეხბურთელები ამშვენებენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, თუნდაც კლასით გაცილებით დაბალი მოწინააღმდეგის მკაცრი დაცვითი ზღუდეების შემთხვევაში, მას საკმაოდ უჭირს მეტოქის კარის აღება.

ასე იყო შარშან კოსტა რიკასთან, შვეიცარიასთან და რაც მთავარია – ბელგიასთან. ხელწერა კი, „სალესაოსთვის“ სამწუხაროდ, არც ბოლივიასთან მატჩში შეცვლილა.

 

რენატო აუგუსტოს გოლი დაგვიანებული აღმოჩნდა ბელგიასთან შარშანდელ მუნდიალზე

 

ყოველ შემთხვევაში, სადებიუტო მატჩის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, „სალესაოს“ პროგრესი ნამდვილად არ შეინიშნება იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ტიტეს მოსვლის შემდეგ ბრაზილიის ნაკრებმა ქვა ქვაზე არ დატოვა, შინ თუ გასვლაზე ზედიზედ და თანაც დიდი ანგარიშით დაამარცხა არგენტინა, ურუგვაი თუ ჩილე და ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე დიდი ხნით ადრე, წინასწარ გაინაღდა ჯგუფში პირველი ადგილი.

მიუხედავად ამისა, მოწინააღმდეგე გუნდების საკმაო არასრულფასოვნებიდან გამომდინარე, სავსებით შესაძლებელია, რომ ბრაზილიელებს კოპა ამერიკის მოგებისთვის არსებული პოტენციალი ეყოთ.

მეოთხედფინალში „სალესაო“ წესით, სეირნობით რომ უნდა გავიდეს, ვენესუელასა და პერუს შორის „A“ ჯგუფის მეორე მატჩმა ცხადყო. გუნდებმა ბევრი იწვალეს, მაგრამ ერთიმეორის კარის აღება მაინც ვერ მოახერხეს.

არბიტრმა პერუს ნაკრებს ორი გოლი სრულიად სამართლიანად არ ჩაუთვალა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ კოპა ამერიკის ორგზის ტრიუმფატორი ამ მატჩში მაინცდამაინც გამარჯვებას იმსახურებდა.

კვლავაც თავი იჩინა მომენტების განიავების სამხრეთ ამერიკულმა სენმა, რაც პერუელთა მხრიდან განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო მსოფლიო ჩემპიონატზე გამართულ შარშანდელ მატჩში დანიის ნაკრების წინააღმდეგ.

თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ პერუს ნაკრებმა გასული მუნდიალის შესარჩევი ციკლის მატჩში არგენტინელებთან ასევე 0:0 ითამაშა და საბოლოოდ, დიდი ხნის პაუზის შემდეგ, საფეხბურთო სამყაროს საკუთარი არსებობა გაახსენა.

არგენტინის ნაკრები კი თურმე კვლავ მძიმე მდგომარეობაშია და მომავალშიც ასე თუ გაგრძელდება, მალე მას აღარავინ ჩათვლის ამა თუ იმ დიდი ტურნირის მოგების ფავორიტად.

კოლუმბიის ნაკრებთან წაგებამ დაგვანახვა, რომ ბრაზილიელთაგან განსხვავებით, რომელთაც პირველი გოლის გატანასთან დაკავშირებით ექმნებათ ხოლმე პრობლემები, არგენტინელები ზოგადად გოლის გატანას ვერ ახერხებენ და 90 წუთის განმავლობაში თავადაც წვალობენ და საკუთარ გულშემატკივარსაც სასტიკად ანერვიულებენ.

არგენტინელებმა თუკი ვინმესთან კარგად ითამაშეს შარშანდელი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, ეს კოლუმბიის ნაკრები იყო, რომელიც ორივე მატჩში შესაბამისად – 3:0 და 1:0 დაამარცხეს. რა ემართება გუნდს, რომელსაც მუდმივად მსოფლიოს საუკეთესო გუნდის ამბიციები გააჩნია, მაგრამ მწვრთნელების განუწყვეტელი ცვლილებების მიუხედავად, ვერაფრით აუმჯობესებს როგორც თამაშის ხარისხს, ასევე შედეგს?

ნიშანდობლივია, რომ კოლუმბიელთაგან ორივე გოლი ამ შეხვედრაში შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა გაიტანეს, პასუხად კი არგენტინელთა მწვრთნელმა მარცხი მინდვრის საფარის ხარისხს გადააბრალა, თითქოს კოლუმბიის ნაკრებს იმავე მოედანზე არ ეთამაშოს…

 

არგენტინის ნაკრების კარში პირველი გოლის ავტორი მარტინესი

 

განსხვავებული რა უნდა გვიჩვენოს არგენტინის ნაკრებმა მომდევნო მატჩებში პარაგვაისა და ყატარის წინააღმდეგ? გონს თუ ვერ მოეგებიან, სწორედ პარაგვაისთან შეხვედრა შეიძლება აღმოჩნდეს ფატალური მესისა და მისი თანაგუნდელებისთვის.

პარალელურ შეხვედრაში კოლუმბია დიდი ალბათობით დაამარცხებს ყატარის ნაკრებს და მეოთხედფინალის საგზურს გაინაღდებს. ამ შემთხვევაში კი სავსებით შესაძლებელია, რომ ბოლო ტურში პარაგვაელთა წინააღმდეგ არგენტინელთა გამბრაზებლებმა   ძალების დაზოგვაზეც იფიქრონ, რაც სასურველი ნამდვილად არ იქნება მესისა და მის თანაგუნდელთათვის.

არგენტინელ გულშემატკივარს პარაგვაისთან მატჩის წინ აუცილებლად გაახსენდება გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფში ნიგერიის ნაკრების წინააღმდეგ შეხვედრა, როდესაც მსოფლიოს ორგზის ჩემპიონებმა რის ვაივაგლახით მოახერხეს აფრიკელთა წინააღმდეგობის დაძლევა, მაგრამ სულ მალე მერვედფინალში საფრანგეთის ნაკრებთან გამოვარდნენ…

დღევანდელი სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე კი სავსებით დასაშვებია, რომ ჯგუფური ეტაპის დაძლევის შემთხვევაში, მეოთხედფინალში არგენტინელთა მეტოქედ უკვე ბრაზილიის ნაკრები ვიხილოთ.

ეს მატჩი ნებისმიერ შემთხვევაში ტურნირის უმთავრესი დაპირისპირება იქნება და მისი ნახვის მსურველებმა არგენტინელთა განა მეორე, არამედ საუკეთესო მესამე ადგილი უნდა ინატრონ, რადგან ბრაზილია სავარაუდოდ არავის დაუთმობს ჯგუფში პირველ ადგილს.

კოპა ამერიკის  მეოთხე შეხვედრაში კი პარაგვაის ნაკრებმა ჯერჯერობით ტურნირის უსწრაფესი გოლი გაიტანა ყატარის კარში.  ეს მატჩი ლეგენდარულ „მარაკანაზე“ გაიმართა.

ყატარის ნაკრებს „ბარსელონას“ სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენელი ფელიქს სანჩესი ხელმძღვანელობს, რომელიც 2006 წლიდან ყატარში მუშაობს, ნაკრების თითოეულ ფეხბურთელს ბავშვობიდანვე იცნობს და მაქსიმალურად ცდილობს, რომ გუნდს „ტიკი ტაკა“ ათამაშოს.

ასეთი პროგრესული ტაქტიკის შედეგად ტურნირის მოწვეულმა სტუმარმა არაერთი საგოლე მომენტი შექმნა, მეორე ტაიმში სწორედ რომ „ტიკი ტაკას“ მეშვეობით გაათანაბრა ანგარიში და მატჩიც ფრედ – 2:2 დასრულდა.

ასეთი შედეგი არგენტინელებს მართალია, მდგომარეობას უმარტივებს, მაგრამ „ალბისელესტე“ ნებისმიერ შემთხვევაში ვალდებულია, რომ მეორე ტურში პარაგვაი დაამარცხოს.

 

პარაგვაისა და ყატარის შეხვედრაში პარაგვაელმა ოსკარ კადოზომ პენალტით გახსნა ანგარიში

 

პირველი მატჩის მიხედვით, ტურნირის ფავორიტთაგან საუკეთესო შთაბეჭდილება ურუგვაის ნაკრებმა მოახდინა, რომელმაც განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე მიწასთან გაასწორა ეკვადორის ნაკრები.

ამ მატჩში ედისონ კავანიმ ულამაზესი გოლი გაიტანა, ურუგვაის ნაკრებმა კი ფეხბურთის გულშემატკივარს კიდევ ერთხელ მოაგონა, რომ მას ისტორიულად კარგად აქვს დაცდილი ბრაზილიის სტადიონები და მათ შორის განსაკუთრებით – „მარაკანა“…

 


რეკომენდებული სტატიები
ევროტურნირებიდან კოპა ამერიკამდე

ევროტურნირებიდან კოპა ამერიკამდე

ევროტურნირებიდან კოპა ამერიკამდე
სავსებით შესაძლებელია, რომ ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებები ერთმანეთს უკვე მეოთხედფინალში დაუპირისპირდნენ - ჯგუფებში გუნდების გადანაწილების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ
სუპერთასისთვის „ ჩელსი“ და „ლივერპული“ იბრძოლებენ!

სუპერთასისთვის „ ჩელსი“ და „ლივერპული“ იბრძოლებენ!

სუპერთასისთვის „ ჩელსი“ და „ლივერპული“ იბრძოლებენ!
ნებისმიერი ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ ფეხბურთის გულშემატკივრები მარტივ შეკითხვას უსვამენ ხოლმე საკუთარ თავს - გაამართლა კი  მატჩმა მოლოდინი?
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.