მეცნიერებმა აუტიზმსა და ნაწლავის ბაქტერიას შორის კავშირს მიაკვლიეს


გააზიარე სტატია



ავტორი: სერენა გორდონი

 

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ნაწლავის მიკრობიომი – ბაქტერიების ნაკრები, რომელიც საჭმლის მომნელებელ სისტემაშია – ზოგადად, ჯანმრთელობის  გარდა, შესაძლოა აუტიზმის სიმპტომებზეც ახდენდეს გავლენას.

მცირე მასშტაბის კვლევამ, რომელშიც 18 აუტისტი ბავშვი მონაწილეობდა, რომლებსაც ამავდროულად საჭმლის მონელების პრობლემაც ჰქონდათ, დაადგინა, რომ სპეციალური ბაქტერიის შეყვანამ (ფეკალურმა ტრანსპლანტმა) როგორც საჭმლის მოუნელებლობის, ასევე აუტიზმის სიმპტომებიც მნიშვნელოვნად შეამცირა.  გაუმჯობესებული მდგომარეობა შენარჩუნდა კვლევის შემდგომ ორწლიან პერიოდშიც.

“ჩვენ აუტისტ ბავშვებს მათი მომნელებელი სისტემის მიკროფლორის შეცვლით ვუმკურნალეთ. ყველა მათგანს ჰქონდა კუჭ-ნაწლავის პრობლემები – ფაღარათი, შეკრულობა, მუცლის ტკივილი – და იმის შემდეგ, რაც ამ სიმპტომებმა საგრძნობლად იკლო, მათი ქცევაც შესაბამისად გაუმჯობესდა”,  – განაცხადა არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოდიზაინის ინსტიტუტის პროფესორმა როზა კრაჯმალნიკ-ბრაუნმა.

“როცა  ბავშვები განმეორებით, ორი წლის შემდეგ შევამოწმეთ, ისინი უკეთ  იქცეოდნენ და კუჭ-ნაწლავის სიმპტომებიც, თავდაპირველთან შედარებით, ბევრად გაუმჯობესებული ჰქონდათ  – ისეთი კარგი არა, როგორც უშუალოდ მკურნალობის შემდეგ, მაგრამ მაინც.”

კრაჯმალნიკ-ბრაუნის განცხადებით, ჯერ დაუდგენელია, თუ როგორ აუმჯობესებს აუტიზმის სიმპტომებს მიკროფლორის გამრავალფეროვნება.

იმის გამო, რომ ბავშვებს საჭმლის მონელების მძიმე პრობლემები ჰქონდათ, შესაძლოა,  “მკურნალობის შემდეგ ისინი თავს უფრო კომფორტულად გრძნობდნენ და შეეძლოთ უკეთესად კონცენტრაცია და სწავლა.”

სხვა ვერსიით, შესაძლოა,  უფრო ჯანმრთელი მიკროორგანიზმები ქიმიურ ნივთიერებებს გზავნიან მუცლიდან ტვინში, რაც ბავშვებს სწავლასა და ურთიერთობების  დამყარებაში ეხმარება.

მკვლევრების განცხადებით, აუტიზმის სიმპტომის მქონე ადამიანების 30-50%-ს საჭმლის მონელების ქრონიკული პრობლემები აღენიშნებათ, რაც შესაძლოა მათ ხელს უშლიდეს ყურადღების კონცენტრაციაში, სწავლასა და ყოფა-ქცევაში.

ექსპერიმენტის დასაწყისში კვლევაში მონაწილე ბავშვებს კუჭ-ნაწლავის სისტემაში ბაქტერიების ნაკლები მრავალფეროვნება აღენიშნებოდათ. მკურნალობისას მათ ყოველდღიურად, რამდენიმე კვირის მანძილზე, ე.წ. ფეკალური ტრანსპლანტები შეუყვანეს, რამაც მათი მიკროფლორა სრულფასოვანი გახადა.

კვლევის დასაწყისში ბავშვების 83%-ს მძიმე ფორმის აუტიზმი აღენიშნებოდა. კუჭ-ნაწლავის სისტემის მკურნალობის შემდეგ კი ეს რიცხვი  17%-მდე შემცირდა, 39 პროცენტს საშუალომდე, ხოლო 44 პროცენტს სიმპტომები სუსტი ფორმის აუტიზმის ნიშნულამდე დაუქვეითდათ.

მთლიანობაში, საგანგებო შემოწმების დასკვნით, ბავშვების აუტისტური სიმპტომები ექსპერიმენტის დაწყებიდან  45%-ით შემცირდა.

კვლევაში მონაწილე ბავშვებს აღენიშნებოდათ რამდენიმე ფაქტორი, რომლებსაც შეიძლება გამოეწვია არასრული სახის მიკროფლორის არსებობა.

მაგალითად, ბევრი მათგანი საკეისრო მშობიარობით იყო დაბადებული, რასაც  ბაქტერიების ნაკლებობასთან აკავშირებენ. სხვა ფაქტორები იყო: ძუძუთი ხანმოკლე კვება, ანტიბიოტიკების გადაჭარბებული მოხმარება და საკვებში ნაკლები უჯრედისის გამოყენება.

ამ საინტერესო აღმოჩენის მიუხედავად, აღსანიშნავია, რომ საჭმლის მომნელებელი სისტემის კავშირი აუტიზმის სიმპტომებთან ჯერ კიდევ ხანგრძლივ კვლევას საჭიროებს. აღნიშნულ  კვლევას არ ჰყოლია პლაცებო ჯგუფი – მშობლებმა და ბავშვებმა იცოდნენ, რომ ისინი სამკურნალო საშუალებებს იღებდნენ.

ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ კვლევა ჩატარდა აუტისტური სპექტრის მხოლოდ იმ ბავშვებზე,  რომლებსაც საჭმლის მონელების მძიმე დარღვევები ჰქონდათ.

შესაბამისად, ჯერ არ ვიცით, გააუმჯობესებდა თუ არა ამგვარი  მკურნალობა იმ აუტისტი ბავშვების მდგომარეობას, რომლებსაც კუჭ-ნაწლავის პრობლემები არ აწუხებთ.

როზა კრაჯმალნიკ-ბრაუნის რეკომენდაციით, თუ მშობლებს თავიანთი შვილების მიკროფლორის გაუმჯობესება სურთ, უნდა სცადონ მათი შედარებით მრავალფეროვანი დიეტით კვება, მათ შორის უჯრედისის შემცველი ხილითა და ბოსტნეულით.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ექსპერიმენტის გამეორება სახლის პირობებში კატეგორიულად მიუღებელია, რადგან ეს საგანგებო ზედამხედველობას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მსგავსმა ექსპერიმენტმა შესაძლოა კუჭ-ნაწლავის ინფექციები გამოიწვიოს.

კვლევის შესახებ ინფორმაცია 2019 წლის აპრილში ჟურნალმა Scientific Reports-მა გაავრცელა.

ორიგინალი: https://www.webmd.com

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.