5 ივლისი დილიდან
დილა მშვიდობისა!
დღეს ისტორიული ახალი ამბავი გვაქვს – ქართველმა მთამსვლელებმა – არჩილ ბადრიაშვილმა და გიორგი ტეფნაძემ მწვერვალი ნანგა პარბატი დალაშქრეს.
პირველად ისტორიაში – ქართველებმა მთამსვლელებმა მწვერვალი ნანგა პარბატი დალაშქრეს
არჩილ ბადრიაშვილი და გიორგი ტეფნაძე პირველი ქართველი მთამსვლელები არიან, რომლებმაც ყარაყორუმის მთათა სისტემის მწვერვალი ნანგა პარბატი დალაშქრეს. “ექსპედიცია არც ისე მარტივი აღმოჩნდა კლიმატური პირობების გამო. წელს დიდი ოდენობით მოსულმა თოვლმა საგრძნობლად გაართულა და უფრო სახიფათო გახადა მთაზე გადაადგილება. ბიჭებს მოუხდათ მძიმე დღეების გადატანა, თოკების დაკიდება, ბილიკების თავიდან გაკვალვა და რაც ყველაზე დამღლელია, ლოდინი მანამ, სანამ ამინდი შესაძლებლობას მისცემდა გზა გაეგრძელებინათ. მიუხედავად არსებული სირთულეებისა, მათ მოახერხეს მთაზე ასვლა”, – აღნიშნულია საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის გვერდზე.
წყარო: https://www.facebook.com
თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალი აცხადებს 90-წამიანი ფილმების კონკურსს
კონკურსი „დეპიქტის“ (DepicT) სახელწოდებით უკვე რამდენიმე წელია ტარდება ბრისტოლის კულტურის ცენტრ „უოთერშედში“ საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში. თბილისის კონკურსი, რომელიც ბრისტოლის დუბლიკატია, „ბრიტანული სეზონის“ შემადგენელი ნაწილია. „დეპიქტის“ მიზანია აღმოაჩინოს რეჟისორები, რომლებიც ორიგინალურობით, მდიდარი წარმოსახვის უნარით და ახალი ხედვით გამოირჩევიან, და მისცეს მათ საშუალება იასპარეზონ კინოსამყაროს ყველაზე პრესტიჟულ კონკურსებში. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც პროფესიონალ რეჟისორებს, ასევე მოყვარულებს.
ფოტო: https://cdn.1tv.ge
5-6 ივლისს, 19:00 საათიდან 01:00 საათამდე საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი მსოფლიოში ცნობილ სინათლის ფესტივალს უმასპინძლებს, რომელიც საქართველოში პირველად ჩატარდება
თბილისის მერიის ცნობით, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი კომპანიები, რომლებიც დამთვალიერებელს განსაკუთრებულ სანახაობას ჰპირდებიან – სინათლით ხატვას, ჯადოსნურ ტყეს, მასშტაბურ „სინათლის შოუს“ და სხვა. პროექტის ორგანიზატორები არიან „ბოქს მედია ჯგუფი“ და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი, ხოლო მხარდამჭერია თბილისის მერია.
წყარო: https://www.youtube.com/
6 ივლისს, 17:00 საათიდან Lisi Wonderland-ში ფესტივალ-პიკნიკი “ზაფხულის დღის სიზმარი” გაიმართება
ღონისძიებაზე ცნობილი ქართული ჯგუფი Soft Eject დაუკრავს. კონცერტის გარდა იგეგმება წიგნის – “მაწანწალას” პრეზენტაცია, რომელშიც გაეცნობით ბენდის წევრების მიერ დაწერილ ამბებს, მათ შორის პეჩოს დღიურს, რომელსაც ის ევროპაში ჩატარებული პირველი ტურნეს დროს წერდა. კონცერტის დასრულების შემდეგ კი, სპეციალურად მოწყობილ პატარა სცენაზე, კოლექტივი ჰიტზე Please Just Carry On ახალ კლიპს გადაიღებს, რომელშიც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოხვდეს.
წყარო: https://www.facebook.com/
საქართველოს „ევრიმაჟში“ ახალი წარმომადგენელი ეყოლება
ევროსაბჭოს კინოს განვითარებისა და მხარდაჭერის ფონდში – „ევრიმაჟში“ საქართველოს ახალი წარმომადგენელი ეყოლება, რომლის ვინაობაც უახლოეს ხანში გახდება ცნობილი. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, „ევრიმაჟში“ საქართველოს წარმომადგენლის სტატუსით თამარ ტატიშვილმა საქმიანობა დღეს დაასრულა. ტატიშვილი 2010-2013 წლებში ხელმძღვანელობდა ეროვნულ კინოცენტრს, ხოლო 2011 წლიდან რვა წლის განმავლობაში იყო საქართველოს წარმომადგენელი ევროსაბჭოს პროგრამა „ევრიმაჟში“.
ფონდი ძირითადად აფინანსებს ერთობლივ წარმოებას ორ ან რამდენიმე ევროპულ ქვეყანას შორის. წარმოების გარდა, „ევრიმაჟი“ ხელს უწყობს ევროპული კინოს დისტრიბუციასა და კინოთეატრების განვითარებას.
ფოტო: https://mnf.hu/
ნეტფლიქსზე სერიალი The Last Czars გამოვიდა
ახალი შოუ რომანოვების შესახებ გვიყვება, რომლის მთავარი გმირიც რუსეთის უკანასკნელი იმპერატორი ნიკოლოზ მეორე გახლავთ. ტელეშოუ ექვსი სერიისგან შედგება და დაფუძნებულია რეპროდუქციებზე, დოკუმენტურ მასალასა და ინტერვიუებზე.
წყარო: https://www.youtube.com
The Little Mermaid-ის ეკრანიზაციაში არიელის როლზე ჰოლი ბეილი დაამტკიცეს
ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ჰოლი ბეილი მზად არის ქალთევზად გარდაისახოს და წყალქვეშა სამყაროში გვამოგზაუროს. ჰალისთან ერთად ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს მელისა მაკარტიც მოირგებს. ოსკარის ორგზის ნომინანტი მსახიობი The Little Mermaid-ის ეკრანიზაციაში მთავარ პერსონაჟს, ურსულას განასახიერებს.
წყარო: https://variety.com/