საქართველოს კინოაკადემია – პროექტები “კინოს სახლში” და მის ფარგლებს გარეთ
საქართველოს კინოაკადემიამ, კინოს სახლში ჩატარებული რებრენდინგის ფარგლებში ლურჯი კინოდარბაზი განაახლა.
ასევე, 2019 წლის პირველი იანვრიდან, საქართველოს კინოაკადემიის ვიცე პრეზიდენტის, გიო მგელაძის ინიციატივით კინოს სახლს დაემატა ახალი – წითელი კინოდარბაზი და შეიქმნა ალტერნატიული სივრცეები კინოს და ხელოვნების მოყვარულთათვის.
ამგვარად, კინოს სახლმა აღიდგინა ფუნქცია და ამ ახალ სივრცეებში საზოგადოებას მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობს. კინოაკადემიის მთავარ მისია ქართული კინოს პოპულარიზაციაა.
გვესაუბრება ელენე რევიშვილი – კინო პროექტების მენეჯერი.
მოგვიყევით კინოაკადემიის შესახებ – რამდენი დარბაზი ფუნქციონირებს, როგორ ხდება ჩვენებებზე დასწრება და როგორ არჩევთ ფილმებს?
საქართველოს კინოაკადემია დღეს ქვეყანაში ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს ქართველი კინემატოგრაფისტების რამდენიმე თაობას და ემსახურება დამოუკიდებელი, საავტორო და რაც მთავარია ქართული კინოს პოპულარიზაციას.
საქართველოს კინოაკადემიის მფლობელობაში არსებული „კინოს სახლის“ შენობა მოიცავს მულტიფუნქციურ სივრცეებს, მათ შორის – დიდ და მცირე კინოდარბაზებს.
ლურჯ კინოდარბაზში რეგულარულად ვაჩვენებთ ქართულ ლიცენზირებულ ფილმებს. წითელი კინოდარბაზი დატვირთულია არა მხოლოდ კინოჩვენებებით, არამედ სალონური შეხვედრებით, დისკუსიებით, მატერკლასებით, ვორქშოფებით.
მოგვიყევით უკვე განხორციელებული პროექტების შესახებ
„კინოს სახლის“ ლურჯ კინოდარბაზში რეგულარულად ტარდება ჩვენებები ბავშვებისთვის, მათთვის შემუშავებულია სპეციალური პროგრამა და მუშავდება სისტემა, რომლის მეშვეობითაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მიუსაფარ ბავშვებს აქვთ საშუალება ინტეგრირებულ და ძალიან საინტერესო სეანსებს დაესწრონ.
კინოს სახლში ასევე ტარდება ჩვენებები, რომლებიც ეძღვნება სხვადასხვა ქართველი რეჟისორების და მსახიობების დაბადების დღეებს. რამდენიმე ასეთი ჩვენება უკვე ჩატარდა – მათ შორის ლევან აბაშიძის, ლევან ზაქარეიშვილის, დოდო აბაშიძის დაბადების დღის აღსანიშნავად.
ასევე ყოველ ხუთშაბათს მაყურებელს აქვს საშუალება კინოს სახლის წითელ კინოდარბაზში დაესწროს კინოაკადემიის და Gonzo Films-ის ერთობლივ პროექტს, სადაც ვაჩვენებთ საერთაშორისო კინოკლასიკის შედევრებს ინგლისური სუბტიტრებით.
მიშა კობახიძის საიუბილეო პროექტი როდის იწყება და რამდენ ჩვენებას მოიცავს? როგორ ხდება დასწრება?
საქართველოს კინოაკადემიამ 2019 წელი ცნობილი ქართველი რეჟისორის, მიხეილ კობახიძის წლად გამოაცხადა და ამასთან დაკავშირებით 11 ივლისიდან კინოს სახლის ლურჯ დარბაზში მიხეილ კობახიძის ფილმების ყოველკვირეული კინოჩვენებები გაიმართება.
ჩვენებების განრიგი გადაეგზავნა საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას და ტურისტებისთვის განკუთვნილ პროგრამაში შევიდა. ეს წამოწყება ხელს შეუწყობს ტურისტების მოზიდვას „კინოს სახლში“ და მათთვის ქართული კინოს გაცნობას. აღსანიშნავია, რომ ჟურნალ „კინოფორუმის“ განახლებული ვერსიის ნომერიც, რომელსაც საქართველოს კინოაკადემია უახლოეს მომავალში გამოსცემს, ასევე მიხეილ კობახიძეს მიეძღვნება.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ახლო მომავალში გვაქვს დაგეგმილი სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ჩასვლა და იქაური მცხოვრებლებისათვის კინოჩვენებების მოწყობა. ასევე ვაპირებთ ჩავიდეთ ოკუპირებული სოფლების მიმდებარედ და გავმართოთ სეანსები ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
საქართველოს კინოაკადემიამ აღადგინა და გააციფრულა 500-მდე უნიკალური ქართული კინოაფიშა და „კინოს სახლის“ სივრცეში ახლო მომავალში გაკეთდება აფიშების მუდმივი ექსპოზიცია.
„პერსონა“ ჩვენი კიდევ ერთი პროექტია. სექტემბრიდან „კინოს სახლის“ წითელი დარბაზი იწყებს სალონურ შეხვედრებს, რომლის ფარგლებშიც მოწვეული საინტერესო პერსონა თავისივე შერჩეული ფილმით დახვდება მოსულ სტუმრებს და ჩვენების შემდეგ მათთან დისკუსიას გამართავს.
სექტემბრიდან ვუმასპინძლებთ რამდენიმე კინოფესტივალს, ერთ-ერთია საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალი.
და ყველაზე მნიშვნელოვანი და ინოვაციური პროექტი – მხატვარი ვახო ბუღაძე და პროექტის ავტორი ლუკა მგელაძე ინტესიურად მუშაობენ რამდენიმე ვირტუალურ არტ-ობიექტზე კინოს სახლში არსებული ვირტუალური რეალობის შესაქმნელი აპარატურით.
მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვა მხატვრებთან და არტისტებთან, რათა შეიქმნას სხვა არტ-ობიექტებიც და კინოს სახლში გაკეთდეს ვირტუალური არტ-ობიექტების მუზეუმი.