როგორ დავლიოთ არაყი – რჩევები Grey Goose-ის შემქმნელებისგან
არაყი – ტრადიციულ რუსულ სასმელად ითვლება. მის დალევას კარგად ჩაცივებული სახით და, როგორც წესი, პატარა ჭიქებით ამჯობინებენ. რაც შეეხება არყის დალევის მოდას ევროპაში, ის არცთუ ისე დიდი ხნისაა და ამ მოდის შემოტანას კონიაკის ოსტატ ფრანსუა ტიბოს – არაყ Grey Goose-ის ავტორს მიაწერენ. The Village-მა გამოჰკითხა ტიბო იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დავლიოთ არაყი ფრანგულად.
როგორ სვამენ არაყს საფრანგეთსა და რუსეთში?
რუსები არაყს “შოტებით” სვამენ, ძალიან გაცივებულს: დაბალი ტემპერატურა სასმელის ცუდ თვისებებს ნიღბავს – ასე კი ძალიან ბევრის დალევა შეიძლება იმის მიუხედავად, თუ როგორი ხარისხისაა სასმელი. ევროპაში სასმელის ამგვარად მოხმარებისთვის მზად არ არიან: ჩვენთან არ არსებობს არაყთან დაკავშირებული ტრადიციები, ხოლო ახალგაზრდა თაობამ ის პირველ რიგში საკოქტეილო კულტურიდან გაიცნო. საფრანგეთში სუფთა არაყი – დაიჯესტივია.
როგორ გავიგოთ არაყი კარგია თუ ცუდი?
არაყი არ უნდა იყოს ცივი. მიაქციეთ ყურადღება მის სურნელს – ის ასევე არ უნდა იყოს აგრესიული. გააჩერეთ სასმელი პირში ერთი-ორი წამით, რათა შეიგრძნოთ, კომფორტულია თუ არა ის სასისთვის, ან იწვევს თუ არა სპირტი უსიამოვნო წვის შეგრძნებას. სერიოზული დისკომფორტი არ უნდა შეგექმნათ და არაყი არ უნდა გწვავდეთ საყლაპავ მილს.
როგორ ისმევა არაყი სწორად?
არყისთვის იდეალური ტემპერატურა ოთხი გრადუსია. და არაა საჭირო მისი სასწრაფოდ გადაყლაპვა. იმისთვის, რომ არყის გემოვნებითი თვისებები სრულად შეიგრძნოთ, შეგიძლიათ მასში რამდენიმე მილილიტრი წყალი გაურიოთ. ეს ოდნავ შეამცირებს სასმელის გრადუსს, გამოათავისუფლებს ადგილს არომატისთვის და შეამცირებს პირში სპირტის გემოს.
არყის გასაცნობად იდეალური კოქტეილი “ვოდკა მარტინია”. ეს ჯერ არ არის “შოტი”, მაგრამ ჩვენ უკვე ვიმყოფებით მაგარი კოქტეილების კატეგორიაში, იმისთვის რომ შევეცადოთ ამ სასმელის სუფთა ვარიანტთან მიახლოებულის გასინჯვას.
რით შევცვალოთ არყის ჭიქები?
თუ სუფთა სასმელზეა საუბარი, არყის დასალევად ყველაზე კარგია ვიწროყელიანი, გამობურცულძირიანი ბოკალი – ე.წ. ტულიპი. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაავსოთ არაყი პირამდე, პირიქით, ბოკალის უმეტესი ნაწილი ცარიელი უნდა დარჩეს – ასე არაყი შეძლებს თავისი გემოს გაშლას.
რა მივაყოლოთ?
არყის დეგუსტაცია პურთან ერთად შეიძლება – გამომცხვარი პურის სუნი გემოს რეცეპტორებს გამოაცოცხლებს და სასმელში ხორბლის ნოტების ამოცნობაში დაგეხმარებათ. არაყს ასევე მოუხდება მსუბუქი მისაყოლებლები – ზეთისხილი ან ხილი, ფუა-გრა და ხამანწკები. და, რა თქმა უნდა – ხიზილალა.
როგორ მოვამზადოთ არყის კოქტეილი?
შენჯღრევა სჭირდება ისეთ კოქტეილებს, რომელთა ინგრედიენტებიც ერთმანეთისგან სიმკვრივითა და ტექსტურით ძალიან განსხვავდებიან. ყინული აქ სუფთა ფიზიკურ როლს ასრულებს: ის შლის ნაწილაკებს და კოქტეილში ჰაერის შეღწევის საშუალებას იძლევა. არყის შაქრის სიროფთან შერევა, რა თქმა უნდა, შეიკერში სჯობს, მაგრამ “ვოდკა მარტინისთვის”, რომელიც არყისა და ცოტაოდენი ვერმუტისგან შედგება, უბრალოდ მორევაც საკმარისია.
ორიგინალი: https://www.the-village.ru


