fbpx

არდადეგებზე წასაკითხი 8 წიგნი თქვენი ბავშვებისთვის


გააზიარე სტატია

არდადეგები დიდწილად იმისთვის არის მოგონილი, რომ ბავშვებმა რაც შეიძლება კარგად დაისვენონ, თავისუფლად, რუტინის გარეშე იცხოვრონ და აკეთონ ის, რაც სიამოვნებთ. და თუკი ბავშვს წიგნებთან მეგობრობა სიამოვნებს, მაშინ სჯობს ის წაუკითხოთ ან ურჩიოთ, რაც კიდევ უფრო დააახლოებს ლიტერატურასთან. 

მაშ ასე: 

ხუთეული განძის კუნძულზე

ცნობილი ხუთეულის ამბების პირველი წიგნია და აქ მოვლენები ზუსტად ზაფხულში ვითარდება. ჯულიანი, დიკი და ენი საზაფხულო არდადეგებს  ბიძაშვილთან, ჯორჯთან ატარებენ. ჯორჯის ნამდვილი სახელი ჯორჯინაა, თუმცა ყველა ჯორჯს ეძახის, ვინაიდან ასე ითხოვს. ტიმი – ჯორჯის ძაღლი – ბავშვების განუყრელი მეგზურია. ადამიანებს ჯორჯი ტიმისადმი დამოკიდებულებით აფასებს – ვისაც ტიმი მოსწონს, კარგი ადამიანია, ვინც ტიმის ნდობას ვერ იმსახურებს, ეჭვს იწვევს და დიდი ალბათობით, მტერია. 

ხუთეული კუნძულ კირინის გამოკვლევას გადაწყვეტს და სწორედ აქ იწყება მათი დაუვიწყარი თავგადასავალი. კირინის ძველისძველი ციხესიმაგრე იდუმალებითაა მოცული და ბავშვებს წარმოდგენაც არ აქვთ, რას ან ვის აღმოაჩენენ სასახლის ბნელ დილეგში.

 

ჩვენც სალტკროკელები ვართ

ამბავი მამასა და მის ოთხ შვილზე, რომლებიც სტოკჰოლმიდან კუნძულ სალტკროკაზე მიდიან ზაფხულის გასატარებლად და ყველას – ძია მელკერს, მალინს, იუხანს, ნიკლასს და პელეს – იმედი აქვს, რომ ამ კუნძულზე შესანიშნავ დროს გაატარებენ. რა შეიძლება იყოს დედაქალაქში მცხოვრები ბავშვებისთვის კუნძულზე დასვენებაზე უკეთესი? 

ამბავი იმით იწყება, რომ სახლი, რომელიც ზაფხულისთვის მამამ შეარჩია, საკმაოდ შელანძღული აღმოჩნდა, მჭვარტლავი ღუმლით და დაზიანებული სახურავით, საიდანაც წვიმიან დღეებში წყალი ოთახებში თავისუფლად ჩამოდიოდა. მამა იმედგაცრუებული და სევდიანია, ბავშვები დაბნეულები, მაგრამ ყველაფერი იმაზე უფრო საუცხოოდ გაგრძელდება, ვიდრე ვინმე ამას ელოდა. 

 

კომეტა მუმინების ხეობაში

მუმინტროლი, სნუსმუმრიკი, ჰემული, სნიფი და უამრავი სხვა არსება, რომლებიც მუმინების ზღაპრულ ხეობაში ცხოვრობენ, კომეტის გამოჩენას ელიან. მანამ, სანამ კომეტა მათ ხეობას თავზე გადაუფრენს, მუმინტროლი მეგობრებთან ერთად ჯერ სახლიდან მიდის, მერე უკან ბრუნდება. 

მუმინების ამბები რამდენიმე ნაწილისგან შედგება და რთული სათქმელია, რომელია მათ შორის ყველაზე შთამბეჭდავი. ამ პაწაწუნა არსებების ისტორიებმა, რომლებიც არც ცხოველები არიან და არც ადამიანები, რთულია ვინმე გულგრილი დატოვოს და მით უმეტეს – ბავშვი, რომელიც ზაფხულში თვითონაც ახალ თავგადასავლებშია გახვეული. 

 

დედა, მამა, 8 ბავშვი და სატვირთო მანქანა” 

ცხოვრება ადვილი არ არის, თუკი ერთად ცხოვრობს დედა, მამა, 8 ბავშვი და სატვირთო მანქანა და მით უმეტეს, თუკი ზოგჯერ სატვირთო მანქანა იკარგება ან ფუჭდება, ბავშვებს კი ისედაც პატარა სივრცეში შინაური ცხოველის მოყვანა მოუნდებათ, მაგრამ არც ძალიან რთულია, თუკი ყველას ერთმანეთი უყვარს.  

წვეულება პაწაწუნა ოთახშიც შეიძლება დაუვიწყარი გამოვიდეს, დასვენება ტყის ან ზღვის პირასაც შეიძლება მარტივად მოეწყოს,  თუ მთელი ოჯახი ერთ მანქანაში ჩასხდება და შერჩეული ადგილისკენ გაემგზავრება, ტანსაცმელი შესაძლოა სხვისი ნახმარი გეცვას და შინაური ცხოველის მოვლასაც ყოველთვის მოახერხებ, თუკი მის ყოლას გადაწყვეტ.

 

ყაჩაღის ასული რონია”

თითქმის არავის დედამიწის ზურგზე ისე არ უყვარს ზაფხული, როგორც რონიას და მის ტყეში ერთადერთ სხვა ბავშვს, ბირკს. რონია და ბირკი წესით, ერთმანეთის მტრები უნდა იყვნენ, მაგრამ ერთმანეთის დად და ძმად თვლიან თავს, გაზაფხული რომ დგება, ყაჩაღების ციხესიმაგრეებიდან მიდიან და მთელ ზაფხულს გამოქვაბულში ერთად ატარებენ. 

 

მატილდა

ამბავი არაჩვეულებრივ გოგოზე, რომელიც ვუნდერკინდია და რომლის განსაკუთრებული უნარები არავის აინტერესებს, არც – ოჯახის წევრებს. მატილდას მშობლები უგულო და უყურადღებო ხალხია; არც გოგონას სწავლა-განათლებაზე ზრუნვით იკლავენ თავს და მის განსაკუთრებულ ნიჭსაც ეჭვით უყურებენ, უფრო სწორად, საერთოდ ვერ ამჩნევენ და ეს კიდევ უფრო გასაკვირია, როცა მატილდამ პირველ კლასში შესვლამდე არა მარტო წერა-კითხვა და ანგარიში იცის, არამედ სქელტანიან რომანებსაც კითხულობს.

“მას სურდა, აფრიკაში წასულიყო ერნესტ ჰემინგუეისთან ერთად და ემოგზაურა ინდოეთში რადიარდ კიპლინგთან. ის მოგზაურობდა მსოფლიოს გარშემო, როდესაც თავის პატარა ოთახში იჯდა, ინგლისურ სოფელში…”, – ასე გვაცნობს მწერალი მატილდას. 

მატილდას სკოლაში ვეება, პირქუშ და ბრაზიან ქალთან უწევს გამკლავება, რომელსაც ყველა ბავშვი სძულს. გონიერი გოგონა, კეთილი და გულისხმიერი მეგობრების დახმარებით მოძალადე დირექტორსაც ასწავლის ჭკუას და უსულგულო მშობლებისგანაც სამუდამოდ დაიხსნის თავს.

 

ჩემი ოჯახი და ცხოველები

კიდევ ერთი ოჯახის საზაფხულო ამბავი. ზაფხულის ერთ დღეს დარელების ოჯახი წვიმიანი ინგლისიდან აიყარა და საბერძნეთის მზიან კუნძულს, კორფუს მიაშურა; სახლის შეცვლას ბუნებრივია, ყველა ვნებათაღელვით ხვდება და პირველივე გვერდებზე შთამბეჭდავადაა აღწერილი მოლოდინი იმის შესახებ, თუ როგორ წარდგებიან ახალი მეზობლებისა და პოტენციური ნაცნობ-მეგობრების წინაშე; მღელვარება გადაივლის და 10 წლის ჯერისთვის მთავარი საქმე გარემოზე და ცხოველებზე დაკვირვება ხდება. 

ჯერის ოჯახის ექსცენტრიკული წევრები კი მისი “ზოოლოგიური დღიურის” განსაკუთრებულ “ეგზემპლარებად” იქცნენ. წიგნში “ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები” დარელების ოჯახის საბერძნეთის პატარა კუნძულზე ცხოვრების ხუთწლიანი ისტორიაა მოთხრობილი. 

 

არდადეგებზე წასაკითხი წიგნი

დაბოლოს,არდადეგებზე წასაკითხი წიგნი”, რომელიც რამდენიმე მოთხრობის ადაპტირებულ და შემოკლებულ ვერსიას აერთიანებს და იმ ასაკის ბავშვებისთვის არის რეკომენდებული, რომლებსაც ჯერ დამოუკიდებლად კითხვა არ შეუძლიათ.


რეკომენდებული სტატიები
რა წავიკითხოთ ზაფხულში

რა წავიკითხოთ ზაფხულში

რა წავიკითხოთ ზაფხულში
ნათქვამია, რომ წიგნი ყველაზე კარგად სწორედ ზაფხულში იკითხება, აქედან გამომდინარე რეკომენდაციის სახით გთავაზობთ რამდენიმე გამოცემას, რომელიც ზაფხულში განსაკუთრებით  შეგერგებათ.
20 საუკეთესო საზაფხულო ფილმი კინოკლასიკიდან

20 საუკეთესო საზაფხულო ფილმი კინოკლასიკიდან

20 საუკეთესო საზაფხულო ფილმი კინოკლასიკიდან
როცა ტემპერატურა ციებ-ცხელების დონეს აღწევს, გამოიკეტეთ გრილ ოთახში, ჩამოაფარეთ ფარდები და გაუხსენით გზა საკუთარ თავს ამ შეუცვლელი საზაფხულო კლასიკური ფილმების სამყაროში.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.